Facebook Twitter

№ 330210014532990

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-533-506-2015 10 სექტემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე: 1. ვ. ლ-ა (მოსარჩელე)

2. სს „ბ-ი ს-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, მიუღებელი ხელფასის, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ვ. ლ-მ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა სს „ბ--ი ს-ის“ (შემოდგომში _ მოპასუხე) სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რის საფუძველზეც მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან;

1.2. მოპასუხე საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა ან მოპასუხისათვის, იმავე საწარმოში ტოლფასი სამუშაოს შეთავაზების დავალდებულება;

1.3. 2014 წლის 10 მარტიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიური ხელფასის - 12 100 ლარის გათვალისწინებით, იძულებითი განაცდურის დაკისრება, ასევე, 2014 წლის თებერვლისა და მარტის 10 დღის მიუღებელი ხელფასის მოპასუხისათვის დაკისრება;

1.4. 2014 წლის გამოუყენებელი საშვებულებო ანაზღაურების _ 12 100 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო დარჩენილი მოთხოვნების წინააღმდეგ წარადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, კერძოდ, ხანდაზმულობის, ასევე, სარჩელში მითითებული ფაქტების უსაფუძვლობის გამო, ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის თებერვლისა და მარტის 10 დღის მიუღებელი ხელფასის _ 12 100 ლარისა და 4 030 ლარის გადახდა, ხოლო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტის სხდომაზე მოსარჩელის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის, ტოლფასი სამუშაოს შეთავაზებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება განაცდური ხელფასის, ასევე, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა ნაწილობრივ და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა განაცდური ხელფასისა და გამოუყენებელი შვებულების თაობაზე დაკმაყოფილდა შემდეგი სახით: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების სახით დაეკისრა 12 100 ლარის გადახდა, ხოლო განაცდური ხელფასის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა ორი თვის შრომის ანაზღაურების _ 24 200 ლარის გადახდა. დირექტორის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მოპასუხე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების ბათილობაზე, დირექტორის თანამდებობაზე აღდგენასა და ტოლფასი სამუშაოს შეთავაზებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. სააპელაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ წლების განმავლობაში (დაახლოებით 10 წელი) მოსარჩელე დანიშნული იყო და მუშაობდა მოპასუხე საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება ამ თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 12 100 ლარს;

5.1.2. მოპასუხე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს წარმოადგენენ: ე. ჭ-, ა. გ-ი და გ. ბ-ე;

5.1.3. სააქციო საზოგადოების წესდების მე-16 მუხლის თანახმად, აქციონერთა საერთო კრებებს შორის პერიოდში, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოს სხდომა მოიწვევა ყოველთვიურად. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი. გადაწყვეტილება საბჭოს სხდომებზე მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. 17.1 მუხლის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს დირექტორს საზოგადოების საქმიანობის ანგარიში, მეკავშირე საწარმოებთან ურთიერთობის ჩათვლით, დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულების დადება და გაუქმება;

5.1.4. 2014 წლის 10 მარტს გაიმართა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელსაც ასევე ესწრებოდა მოსარჩელე. სხდომის მიმდინარეობის დროს, მას შემდეგ, რაც საწარმოს დირექტორისაგან საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია კონკრეტულ კონტრაჰენტთან (შპს „რ-თან“) არსებული ურთიერთობის დეტალების შესახებ, დღის წესრიგში დადგა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი, სხდომის ოქმის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

5.1.5. მოპასუხეს არ წარმოუდგენია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად, დირექტორისათვის შეტყობინების განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულება. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ საზოგადოებას დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განაცხადის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენამდე, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მოსარჩელისათვის შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით არ უცნობებია;

5.1.6. არ იქნა გაზიარებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს, როგორც დირექტორსა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი ურთიერთობა წარმოადგენს კორპორაციულ ურთიერთობას, რომელზეც შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების გავრცელება დაუშვებელია. პალატის მოსაზრებით, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გაჯერებულია, როგორც კორპორაციული, ასევე შრომითი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ელემენტებით და ამ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებას განსაზღვრავს სწორედ ეს სამართლებრივი ორბუნოვნება. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირაა მოწესრიგებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმებით, მის მიმართ, ცხადია, ვეღარ გავრცელდება შრომის კოდექსის მოწესრიგება, თუმცა, მთელი რიგი საკითხები, რაც არ არის მოწესრიგებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით, საზოგადოების წესდებით ან თავად დირექტორთან გაფორმებული ხელშეკრულებით, შეიძლება გახდეს შრომის კანონმდებლობით მოწესრიგების საგანი. ამ მხრივ ნიშანდობლივია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის 72 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ვალდებულების განხორციელებას შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული გაფრთხილების წესის გამოყენების გზით.

5.1.7. პალატის მოსაზრებით, დირექტორის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისათვის მნიშნველოვანია, გაირკვეს, თუ რამდენად იყო დამოკიდებული მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება შრომის კოდექსის 37-ე მუხლით განსაზღვრული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის რომელიმე საფუძველის არსებობაზე. სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტზე, 55–ე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რამდენადაც დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი პირდაპირ იყო გათვალისწინებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით, ასევე, თავად საზოაგდოების წესდებით, ამასთან, საწარმოში კანონმდებელი შესაბამის ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს) დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებდა ნებისმიერ დროს, ამ შემთხვევაში შრომის კოდექსის 37-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის კვლევის წინაპირობა არ არსებობდა, ხოლო ის გარემოება, რომ მოპასუხემ დაარღვია დირექტორის ინფორმირების წესი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, არ წარმოადგენდა სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტს მიღებული გადაწყვეტილების არაკანონიერად ცნობის საფუძველს. მოპასუხე საწარმოს მიერ გაფრთხილების წესის შესახებ ვალდებულების დარღვევა წარმოშობდა მეორე მხარის უფლებას ზიანის ანაზღაურებაზე, რის გამოც აპელანტის პრეტენზია გათავისუფლების შესახებ სადავო გადაწყვეტილების ბათილობის შესახებ დაუსაბუთებელი იყო. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება კანონიერად იქნა მიღებული.

5.1.8. განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში პალატამ აღნიშნა, რომ განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა დაკავშირებულია არაკანონიერი გათავისუფლების გამო ანაზღაურების მიუღებლობის გარემოებასთან, რა შემთხვევაშიც მთელი იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის დასაქმებულს უნაზღაურდება მიუღებელი ხელფასი. ვინაიდან მოსარჩელის არაკანონიერი გათავისუფლება არ დგინდებოდა, არც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი იყო სახეზე. თუმცა, რამდენადაც მოსარჩელის გათავისუფლებისას მოპასუხე მხარემ დაარღვია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა კანონით გათვალისწინებული ზიანის სახით შრომის კოდექსის 38–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ორი თვის ხელფასის ანაზღაურება. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 და 72 პუნქტებზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა კანონმდებელმა დაუკავშირა რეგისტრაციის მომენტს. კანონი ადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ვალდებულებას (შკ 38-ე მუხლი), რომლის დაუცველად რეგისტრაციის შეწყვეტის განხორციელება შრომის კოდექსის 38–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაქმებულისათვის 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის დაკისრებას ითვალისწინებს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

5.1.9. მიუხედავად შესაგებელში მოპასუხის მიერ მითითებული პოზიციისა, რომ დირექტორის გათავისუფლების მიზეზი გახდა მისი მხრიდან დაკისრებული მოვალეობის დარღვევა, არ დადასტურებულა, მოპასუხეს ამ გარემოების დამტკიცების მიზნით არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები. იგი შემოიფარგლა მხოლოდ 2014 წლის 10 მარტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმზე მითითებით. პალატის შეფასებით, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლის კვლევა შრომის კოდექსის 37–ე მუხლით გათვალისწინებულ ჭრილში მნიშვნელოვანი იყო შეტყობინების ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის განსაზღვრის თვალსაზრისით. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მოსარჩელის მიერ მისი, როგორც დირექტორის მოვალეობების დარღვევა, გამოირიცხებოდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნტით ამ გარემოების კვალიფიკაცია. ამასთანავე, რამდენადაც მოსარჩელის გათავისუფლება სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 10 მარტის სხდომაზე მოყვა დირექტორისაგან ინფორმაციის მიღებას, ეს გარემოება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით უნდა დაკვალიფიცირებულიყო, ხოლო მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით თანხის გადახდის ვალდებულება.

5.1.10. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. პალატის განმარტებით, შვებულების, ასევე, გამოუყენებელი შვებულების უფლება შრომით ურთიერთობაში წარმოადგენს დასაქმებულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებას, რომელსაც შრომის კოდექსი არეგულირებს. მოსარჩელე, როგორც დირექტორი და ამავე დროს, როგორც დასაქმებული უფლებამოსილია, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, დგინდებოდა, რომ გათავისუფლებამდე მოსარჩელეს შვებულებით არ უსარგებლია, იგი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან, ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ გამოუყენებელი შვებულების სახით მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ერთი თვის ხელფასის ანაზღაურება.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

6.1. პირველი საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არასწორად იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებით და არასწორად არ გამოიყენა შრომის კოდექსის შესაბამისი დებულებები.

6.1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს სადავო ოქმით დასტურდება, რომ მოსარჩელის გათავისუფლებამდე მოისმინეს მისი მოხსენება კონტრაჰენტთან ურთიერთობის თაობაზე და შემდეგ გადაწყდა დირექტორის გათავისუფლება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საბჭომ დაადგინა შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის არსებობა, თუმცა ეს გარემოება გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში არაა ასახული, რაც მისი გაუქმების წინაპირობაა.

6.2. მეორე საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.2.1. სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას, რადგანაც მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, შესაბამისად, დავის საგანი ვერ იქნებოდა შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის დაკისრება, რამდენადაც მხარე სადავოდ ხდიდა გათავისუფლების მართლზომიერებას. ამდენად, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და 248-ე მუხლის მოთხოვნები.

6.2.2. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა სასამართლო ხარჯები. პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა უფლებრივად მიიჩნია და მოსარჩელის მიერ გადახდილი 100 ლარი საკმარისად ჩათვალა, სააპელაციო პალატამ კი _ 150. გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს ბაჟი გადახდილად უნდა ჩაეთვალა ან ემსჯელა უკვე გადახდილი ბაჟის მხარეთა შორის განაწილებაზე. მართალია, სასამართლო უთითებს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად ხარჯის განაწილებაზე, თუმცა მას მხოლოდ მოპასუხეს აკისრებს, ამასთანავე, მოსარჩელე ბიუჯეტის მიმართ არ არის გათავისუფლებული, ამდენად, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი.

6.2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია დასაქმებულის ინფორმირების წესი, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე თავად ესწრებოდა საბჭოს სხდომას, შესაბამისად, მას არ წარმოშობია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

6.2.4. არასწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მოსარჩელე შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გათავისუფლდა თანამდებობიდან, რადგანაც თავად საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი ზემოხსენებული ნორმის „ზ“ ქვეპუნქტია, ეს გარემოება ცნობილი იყო დასაქმებულისათვის და მას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. დაკისრებული მოვალეობის დარღვევის გამო პირის გათავისუფლების შემთხვევაში, მას შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობა, ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში მიღებული აქვს ყოველი თვის ხელფასი და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის კვლავ ერთი თვის ხელფასის დაკისრებით გამოდის, რომ დასაქმებულმა ერთ თვეში მიიღო ორი თვის შრომის ანაზღაურება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ძირითადად ემყარება იმ გარემოებებს, რომ სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის გათავისუფლების საკითხის რეგულაციის ფარგლებში სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შრომის კოდექსთან შესაბამისობის დადგენა და ამ გზით შრომითი ურთიერთობიდან გასვლა სამართლებრივად გაუმართლებელია, ამასთან, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება სპეციალური კანონის _ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მითხოვნებს, შესაბამისად, დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ გამოვლენილი ნების ბათილად მიჩნევისა და პირვანდელი მდგომაროების აღდგენის ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელი იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, რადგანაც საზოგადოებამ დაარღვია უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დირექტორის ინფორმირების ვალდებულება, პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩვრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას სააქციო საზოგადოების დირექტორის გათავისუფლების საკითხის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციის ფარგლებში შემოწმების თაობაზე და თვლის, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა ამავე კანონის მე-9 მუხლის 72 და 73 პუნქტებით, ასევე 55-ე მუხლის მე-6 პუნქტით.

1.5. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევის თაობაზე, პალატა მას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მოთხოვნის ფარგლების დარღვევა მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა, სწორედ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარეობს სასამართლოს დასკვნა კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, რადგანაც დადგინდა, როგორც დასაქმებულის ინფორმირების წესის დარღვევა, ისე სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობა (ამ ნაწილში მოპასუხეს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის შედავებით). პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარის ვალდებულება, სასამართლოს მოახსენოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც თავის მოთხოვნას ამყარებს და მოთხოვნის შინაარსი. მიზანშეწონილია, თუ მხარეები მოთხოვნის იმ სამართლებრივ საფუძველზეც - ნორმაზე მიუთითებენ, რომელსაც მათი მოთხოვნა ან, შესაბამისად, შესაგებელი ემყარება (პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი: სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს), თუმცა საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ეს არ არის შემზღუდავი სასამართლოსათვის და არც გავლენას ახდენს დავის შედეგზე. მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციებს ირჩევენ, თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით და სხვაგვარი დასაბუთებით კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ Nას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქვემდგომმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 21-ე და 38-ე მუხლებით და სწორად დააკისრა მოპასუხეს, როგორც კომპენსაციის, ისე გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება (ეს უკანასკნელი ვალდებულება, გარდა შრომის კოდექსის 21-ე მუხლისა, აღიარებულია ასევე „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 22.02.1995 დადგენილებით, ძალაშია 22.06.1997 წლიდან)).

1.6. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს მეორე კასატორის მოსაზრებას სასამართლო ხარჯების თაობაზე, თუმცა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:

1.6.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. დასახელებული ნორმის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში (მიუღებელი ხელფასი, იძულებითი განაცდური და გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია) მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, რაც შეეხება მის მოთხოვნებს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეადგენს 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში, შესაბამისად 150 და 300 ლარს.

1.6.2. მიუღებელი ხელფასის დაკისრების ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა გამოუყენებელი შვებულების თანხა _ 12 100 ლარი და კომპენსაცია, ორი თვის შრომის ანაზღაურება _ 24 200 ლარი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილებულა.

1.6.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით 435 ლარის, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით _ 580 ლარის გადახდა.

6.1.4. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების წინაპირობა არ არსებობს, შესაბამისად, სასამართლომ მართებულად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, რადგანაც მოსარჩელის ის მოთხოვნა, რომლის გამოც მან გაწია ხარჯი, არ დაკმაყოფილდა, რაც შეეხება ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებას, აღნიშნული მოწესრიგებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, რომლითაც დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: 1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 2. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. 3. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

6.1.5. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი მართებულად დატოვა ბიუჯეტში, განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის იმ ნაწილში (რომელშიც მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია), რომელიც არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ხარჯების გადახდა არ დაკისრებია, ხოლო დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მას უნდა დაკისრებოდა სარჩელის გამო ამ თანხის 3% _ 1 035, ხოლო სააპელაციო საჩივრის გამო 4% _ 1 380 ლარი, თუმცა, რადგანაც საპროცესო კანონმდებლობით საუარესოდ შებრუნების პრინციპი დაუშვებელია, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არ არსებობს საქმის არსებითად განსახილველად დაშვების წინაპირობები.

1.7. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არ აქვთ წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ ვ. ლ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 5 მაისის #... საგადახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი, ხოლო კასატორ სს „ბ- ს-ს“ _ ც. მ-ის მიერ 2015 წლის 14 მაისის #... საგადახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარისა და მის მიერვე 2015 წლის 4 ივნისის #... საგადახდო დავალებით გადახდილი 1 515 ლარის, სულ 1 815 ლარის 70% _ 1 270,5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ლ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. სს „ბ-ი ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. კასატორ ვ. ლ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 5 მაისის #... საგადახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

4. კასატორ სს „ბ- ს-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ც. მ-ის მიერ 2015 წლის 14 მაისის #... საგადახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარისა და მის მიერვე 2015 წლის 4 ივნისის #... საგადახდო დავალებით გადახდილი 1 515 ლარის, სულ 1 815 ლარის 70% _ 1 270,5 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური