საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-542-514-2015 10 სექტემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. ს-ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ბ-ნი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დ. ს-ნმა (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა ე. ბ-ნისათვის (შემდგომში _ მოპასუხე) გადაცემული ბინის გარემონტების ხარჯის _ 39 000 ლარის ე. ბ-ნისათვის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ს-ნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ე. ბ-ნს დ. ს-ნის სასარგებლოდ დაეკისრა 35 100 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.ბ-ნმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ე. ბ-ნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით დ. ს-ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისის, მთაწმინდის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1995 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე ე. ბ-ნის ხუთსულიან ოჯახს ქ.თბილისში, ნ-ის ფ-ის მე-4 მ/რ, 34-ე კორპუსის მე-4 სადარბაზოში გადაეცა N... ბინა და გაიცა შესაბამისი ორდერი;
5.1.2. არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის განმარტება, რომ სადავო ბინას იგი ფლობდა 1997 წლიდან და ამ დროიდან განხორციელდა ბინაში სარემონტო სამუშაოები, რადგანაც, საქმის მასალების თანახმად, დ. ს-ნი, დ. კ-ი, რ. კ-ი, ლ. კ-ი იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ისინი სადავო ბინას ფლობენ 2001 წლის აპრილიდან. აღნიშნული გარემოება დადასტურებული იყო საქართველოს შსს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს მე-3 განყოფილების მიმართ 2002 წლის 24 აგვისტოს რ. კ-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით, სადაც რ. კ-ი აღნიშნავდა, რომ ჰყავს მეუღლე დ. ს-ნი და შვილები. 2001 წლის აპრილში საცხოვრებლად გადავიდა ქ.თბილისში, ნ-ის ფ-ის მეოთხე მიკრორაიონის მშენებარე 34-ე კორპუსში, ბინა №...-ში. ბინაში დაიწყო სარემონტო სამუშაოების ჩატარება ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით. შემდგომში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მასთან მისულა ე. ბ-ნი და განუცხადებია, რომ იყო ბინის მესაკუთრე;
5.1.3. 2002 წლის სექტემბერში ე. ბ-ნმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა რ. კ-ის გამოსახლება თანმხლებ პირებთან ერთად მის საკუთრებაში არსებული ბინიდან. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ბ-ნის სარჩელი და მოპასუხე რ. კ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ.თბილისში, ნ-ის ფ-ის მე-4 მ/რ, 34-ე კორპუსში მდებარე №... ბინიდან. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ე. ბ-ნის შუამდგომლობა და ამავე სასამართლოს 2003 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5.1.4. 2004 წლის 18 აგვისტოს ხელწერილის თანახმად, რ. კ-მა იკისრა ვალდებულება, 2004 წლის 20 აგვისტოს, 16 საათამდე ნებაყოფილობით გამოეთავისუფლებინა სადავო ბინა და გადაეცა იგი ე. ბ-ნისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის ცნობილი იყო, რომ 2004 წლის 20 აგვისტოს, 16 საათზე მოხდებოდა იძულებითი გამოსახლება;
5.1.5. 2013 წლის 19 თებერვლის განცხადების პასუხად, ე. ბ-ნს აღსრულების ეროვნული ბიურის მიერ ეცნობა, რომ მითითებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოება დაწყებული იყო 2006 წლის 21 დეკემბერს. რაიმე კონკრეტული მიზეზი, რის გამოც გაჭიანურებული იყო გადაწყვეტილების აღსრულება, გამორკვეული ვერ იქნა. ძირითად მიზეზად სახელდებოდა ის გარემოება, რომ ბიურო ფრთხილად ეკიდებოდა იმ საქმეებზე აღსრულებას, სადაც გამოსახლებას ექვემდებარეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები;
5.1.6. 2013 წლის 21 მარტს დ.- ს-ნი, დ. კ-ი, რ. კ-ი, ლ. კ-ი და ე. გ-ი სადავო სახლიდან გამოსახლდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით;
5.1.7. აუდიტორ გ. ლ-ას დასკვნის მიხედვით, 2013 წლის 20 მარტის მდგომარეობით ქონების ღირებულება შეადგენდა 72 000 ლარს, მათ შორის შავი კარკასიდან ბინის მიმდინარე მდგომარეობამდე მისაყვანი სარემონტო სამუშაოების ღირებულება _ 39 000 ლარს.
5.1.8. სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად, პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. თუ გაირკვა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს.
5.1.9. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს ე.წ დანახარჯების კონდიქციას, რომლითაც განისაზღვრება იმ პირის უფლებები, ვინც სხვის ქონებაზე გასწია ხარჯები. ამ ნორმის უმთავრესი დებულება არის ის, რომ სხვა პირის ქონებაზე შეგნებულად ან შეცდომით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა, ხოლო თუ გამდიდრების ფაქტი არ არსებობს, მაშინ მხოლოდ ხარჯების გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. კანონი ითვალისწინებს ისეთ კონკრეტულ გარემოებებს, რომელთა არსებობა გამორიცხავს სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯების მოთხოვნის უფლებას, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოთხოვნა გამორიცხულია, თუ პრეტენზიის წარმდგენმა პირმა ბრალეულად დააყოვნა შეტყობინება ხარჯების მოთხოვნის შესახებ, ანდა პირმა, რომელსაც წაეყენება პრეტენზია, სადავო გახადა ხარჯები მათ განხორციელებამდე.
5.1.10. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ნივთის ღირებულება გაიზარდა მასში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, თუმცა მნიშვნელოვანი იყო, თუ როდის წარუდგინა მესაკუთრემ მფლობელს პრეტენზია ნივთის ფლობასთან დაკავშირებით. მოსარჩელე სადავო ბინას ფლობდა 2001 წლის აპრილიდან. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელით მოპასუხემ სასამართლოს მიმართა 2002 წლის სექტემბერში. სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელის მეუღლის რ. კ-.ისათვის ცნობილი იყო ბინის მესაკუთრის ვინაობა და მისი პრეტენზია ბინის უკანონო ფლობასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ სარემონტო სამუშაოებისათვის ხარჯი გაწეულ იქნა 2002 წლის სექტემბრამდე, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენამდე. 2002 წლის 24 აგვისტოს შედგენილ ახსნა-განმარტებაში რ. კ-ი განმარტავდა, რომ მითითებულ დროს მისი ოჯახი ცხოვრობდა ქუთაისში, თვითონ კი, ღამეს ათევდა ნათესავის ბინაში ამავე მისამართზე. სადავო ბინა იყო დაკეტილი და მას არემონტებდა ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად. 2004 წლის 18 აგვისტოს რ. კ-მა იკისრა ვალდებულება, 2004 წლის 20 აგვისტოს ნებაყოფილობით გამოეთავისუფლებინა ბინა. აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა, ამდენად, მესაკუთრე შეეცადა გამოეთხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთი, რაც განხორციელდა 2013 წლის 31 მარტს, იძულებითი აღსრულების გზით. შესაბამისად, მოსარჩელის ქმედება ნივთზე გაწეულ დანახარჯებთან დაკავშირებით, ემსახურებოდა მისივე ინტერესებს, რომ დროებით უზრუნველეყო ნივთის საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენება. საქმის მასალებით არ დგინდებოდა მოპასუხის განზრახი მოქმედება (უმოქმედობა), რომელიც ხელს შეუწყობდა მის სასარგებლოდ ქონების შეძენას ან დაზოგვას. პრეტენზიის წარდგენის პირობებში, სარემონტო სამუშაოების ჩატარება ვერ განიხილებოდა მესაკუთრის ინტერესების შესაბამის მოქმედებად და ნივთზე გაწეული ხარჯები, პალატის შეფასებით, უნდა შეფასებულიყო, როგორც მესაკუთრისათვის თავს მოხვეული გამდიდრება. სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-ნმა, მისი გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნები და არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, ამასთან, შეფასება მისცა იმგვარ ფაქტებს, რომლებსაც კონკრეტულ დავასთან შემხებლობა არ აქვთ. კერძოდ, სასამართლომ შეაფასა მოპასუხის სახელზე 1995 წლის 26 ივლისს გაცემული ორდერი, როდესაც 1991 წლიდან აღმასკომები და საქალაქო საბჭოები აღარ არსებობდა გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თანახმად.
6.1.2. მოპასუხემ უკანონოდ მიიღო ბინის ორდერი, ისევე, როგორც 2003 წლის 24 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება და ამავე თარიღით გამოტანილი განჩინება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის გამო, ე.ბ-ნმა გაყალბებული ორდერი და გადაწყვეტილება დამალა და სააღსრულებო ბიუროს მხოლოდ 2006 წლის 21 დეკემბერს მიმართა და კასატორის გამოსახლება აღსრულდა 2013 წლის 21 თებერვალს.
6.1.3. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, დაუსაბუთებელია, რადგანაც საქმეში არ მოიპოვება ქორწინების მოწმობა, რომლითაც კასატორისა და რ. კ-ის ქორწინების ფაქტი დადასტურდებოდა, შესაბამისად, რ.კ-ნის მიერ პოლიციაში მიცემული ახსნა-განმარტება დ.ს-ნის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ჩატარებული სარემონტო სამუშაობის შედეგად ბინის ღირებულების გაზრდას სადავოდ არ მიიჩნევს, თუმცა არასწორად ასკვნის, რომ ამგვარი ხარჯები მოპასუხისათვის თავს მოხვეული გამდიდრებაა.
6.1.4. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები: მოპასუხის გამდიდრების ფაქტი; ხარჯების გაწევა მოსარჩელის მიერ; ე.ბ-ნის მიერ ამ გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძირითადად იმ დასაბუთებას ეყრდნობა, რომ უფლებამოსილმა პირმა ხარჯების გაწევა სადავოდ გახადა მათ განხორციელებამდე, შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ არსებობდა დანახარჯების კონდიქციის თაობაზე წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას კონდიქციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა და სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. კასატორის მიერ გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთების ნაწილში გამოთქმული პრეტენზიების წინააღმდეგ საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინამდებარე დავის საგანს ე.ბ-ნისა და მისი ოჯახის წევრების მიერ სადავო უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვების მართლზომიერება არ წარმოადგენს, ამ კუთხით წარმოდგენილი პრეტენზიები სცდება წინამდებარე დავის ფარგლებს, გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს 2003 წლის 24 ივნისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ე.ბ-ნის, როგორც ორდერის მქონე დამქირავებლის უფლება კანონიერადაა მიჩნეული, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია, ამდენად, ამ გადაწყვეტილოებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობაზე მხოლოდ მხარის ნეგატიური დამოკიდებულება გავლენას ვერ იქნონიებს. რაც შეეხება თავად ამ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყების საკითხს, საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტებით დასტურდება ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა თუ გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების მიზნით ბ.კ-ისა და სხვა პირთა სასამართლოსათვის არაერთი მიმართვა. ხოლო პოლიციაში რ. კ-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების ნამდვილობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ეს დოკუმეტი წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წერილობით მტკიცებულებას, რომელიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ და საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელეს მისი სიყალბის თაობაზე არ განუცხადებია (სსსკ-ის 137-ე მუხლი), შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ საქმეში არ მოიპოვება დ. ს-ნისა და რ. კ-ის ქორწინების დამადასტურებელი მოწმობა, დოკუმენტში არსებული ინფორმაციის შეფასებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, სხვა კუთხით კი, კასატორს შედავება არ წარმოუდგენია.
1.5. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიგფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ს-ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური