№ას-557-528-2015 30 სექტემბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. თ-ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1.1. გ. თ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა;
1.2. მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 9026,24 ლარის 0.07%-ის გადახდა, სულ - 6065,28 ლარის ოდენობით.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5. 2001-2010 წლებში მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხესთან. 2008 წლის ივლისიდან - 2010 წლის თებერვლის ჩათვლით მოპასუხის სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 9026.24 ლარს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 9026.24 ლარის ანაზღაურება. ეს გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდა 2012 წლის 31 ოქტომბერს.
7. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს სახელფასო ანაზღაურების - 9026.24 ლარის დაყოვნებისათვის, დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 9026,24 ლარის 0,07%-ის მოპასუხისათვის დაკისრებას.
8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, ხოლო, მესამე ნაწილის მიხედვით კი, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
9. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილი იყო როგორც სახელფასო დავალიანების არსებობის, ასევე ხელფასის დაყოვნების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
10. სამოქალაქო საქმეთა პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ წინამდებარე დავა უნდა განხილულიყო არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა გამომდინარეობდა კერძო სამართლებრივი (შრომის) კანონმდებლობიდან. მათი ურთიერთობა იყო შრომითი სახელშეკრულებო სახის და შესაბამისად, უნდა დარეგულირებულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესებით. გარდა აღნიშნულისა, საქმესთან დაკავშირებით არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილი იყო ამავე მხარეებს შორის ძირითადი დავალიანების საქმეზე და ეს საქმე განხილული იყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები: მოპასუხე ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას, ხოლო მასთან დასაქმებული პოლიციელი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, შესაბამისად, მოცემული დავა განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემული საქმე განხილულ უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემული დავა გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან და იგი მართებულად იქნა განხილული სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის პირველადი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. აქედან გამომდინარე, მეორადი მოთხოვნაც (ხელფასის დაყოვნებისათვის პროცენტის გადახდა) ასევე განხილულ უნდა იქნეს იმავე სამართალწარმოების წესით.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (303.27 ლარი) 70% – 212.28 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (303.27 ლარი, გადახდის თარიღი – 2015 წლის 19 მაისი, საგადახდო დავალება №---) 70% – 212.28 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი