Facebook Twitter

საქმე №ას-571-542-2014 10 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ო. დ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. დ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანამესაკუთრედ აღიარება, ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სავალდებულო წილის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. დ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. დ-ას მიმართ და მოითხოვა ქ.ბათუმი, ბ-ის ქ.№11-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრედ გარდაცვლ. დედის _ ე. (ლ.) დ-ას ცნობა; ნ. დ-ას მიერ 1995 წლის 17 ივლისს გაცემული ანდერძის 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა; 2000 წლის 4 თებერვალს მოპასუხე გ. დ-ას სახელზე გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა; მშობლების დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღების ფაქტის დადგენა; მამის _ ნ. დ-ას დანაშთი სამკვიდროს ქონებიდან (1/2 ნაწილი) სავალდებულო წილის მისთვის და აწ გარდაცვლილი დედისათვის მიკუთვნება, დედის კუთვნილი სავალდებულო, ასევე მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გამომდინარე ½ წილიდან ნახევრის მესაკუთრედ ცნობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის, ასევე ხანდაზმულობის გამო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. დ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დადგენილ იქნა ო. დ-ას მიერ აწ გარდაცვლილ მამის ნ. დ-ას დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღების ფაქტი, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2000 წლის 4 თებერვალს გ. დ-ას სახელზე გაცემული ანდერძისმიერი სამემკვიდრეო უფლების მოწმობა, ო. დ-ა ცნობილ იქნა ნ. დ-ას დანაშთი სამკვიდროს ქონების, 1/2 ნაწილის 1/6-ის მემკვიდრედ, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ო. და გ. დ-ების სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება ახალი გადაწყვეტილებით ო. დ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ (1/2 ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 4 თებერვალს ნ. დ-ას მიერ გ. დ-ას სახელზე გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა და ო. დ-ა ცნობილი იქნა ქ.ბათუმში, ბ-ის ქუჩა №11-ში მდებარე, გ. დ-ას სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის 1/4-ის მესაკუთრედ, შესაბამისი ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მოწმობაში.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე და მოპასუხე არიან და - ძმა;

მხარეთა დედა იყო ე. დ-ა, ხოლო მამა ნ. დ-ა;

ქორწინების მოწმობის თანახმად, ე. დ-ა და ნ. დ-ა დაქორწინდნენ 1954 წლის 12 დეკემბერს;

ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ბ-ის ქ№11-ში მდებარე სადავო სახლი აღირიცხა ნ. დ-ას სახელზე (აღმასკომის 1956 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილება);

დასახელებული ქონება შეძენილია მეუღლეთა ე. დ-ასა და ნ. დ-ას თანაცხოვრების დროს და, როგორც მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი, წარმოადგენდა მათ საერთო საკუთრებას;

ნ. დ-ა გარდაიცვალა 1997 წლის 26 აგვისტოს;

ნ. დ-ას გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო გაიხსნა ამ უკანასკნელის წილ ქონებაზე, (სადავო სახლის ½ ნაწილზე);

ნ. დ-ამ ანდერძით საკუთარ სახელზე აღრიცხული მთელი ქონება უანდერძა შვილს _ გ. დ-ას;

ე. დ-ა გარდაიცვალა 2011 წლის 8 თებერვალს;

ე. დ-ას, გარდა თანასაკუთრებაში არსებული სახლისა, საკუთრებაში გააჩნდა ქ.ბათუმი, შ-ს ქ№10-ში მდებარე სახლი, რომელიც სრულად უანდერძა ქალიშვილს ო. დ-ას;

გარდაცვალების შემდეგ ე. დ-ას დარჩა პირველი რიგის ორი მემკვიდრე: ქალიშვილი _ ო. დ-ა და ვაჟიშვილი _ გ. დ-ა;

2012 წლის 1 მარტის სამკვიდრო მოწმობის მეშვეობით ო. დ-ამ მიიღო ქ.ბათუმი, შ-ს ქ№10-ში მდებარე დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება, რომელიც მას დედამ უანდერძა, ხოლო სავალდებულო წილის სახით, გ. დ-ამ მიიღო ამავე ქონების ¼;

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით საპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. დ-ა ცხოვრობდა ქ.ბათუმი, ბ-ის ქ№11-ში მდებარე მშობლების სახლში, სადაც გაზარდა შვილები, ის ასევე პერიოდულად ცხოვრობდა ქ.ბათუმი, შ-ს ქ№10-ში, ასევე სხვადასხვა მისამართზე.

პალატამ აღნიშნა, რომ ო. დ-ას სარჩელთან დაკავშირებით დავის საგანი ნ. და ე. დ-ების სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნება იყო.

ნ. დ-ას გარდაცვალების დროისათვის მოქმედებდა საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსი (1964 წლის რედაქცია). 1997 წლის 26 აგვისტოს, ანუ ანდერძის შედგენისას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად (1964 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსი), ო. დ-ა (მიუხედავად იმ ფაქტისა ის დაეუფლა თუ არა მამის სამკვიდროს) არ წარმოადგენდა მამის, ნ. დ-ას სამკვვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მიმღებ სუბიექტს, რის გამოც მისი მოთხოვნა, მამის სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღების თაობაზე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, ხოლო დედის _ ე. დ-ას სამკვიდროდან წილის მიკუთვნების ნაწილში პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, რადგანაც სადავო ქონება, იყო ე. დ-ასა და ნ. დ-ას თანასაკუთრება, ამასთან, ო. დ-ა დაეუფლა დედის სამკვიდროს, რაც მოწმობდა, რომ მოსარჩელეს ქ.ბათუმში, ბ-ის ქ№11-ში მდებარე მშობლების თანასაკუთრებაში არსებული ბინიდან უნდა მიკუთვნებოდა დედის კუთვნილი ½ წილიდან ½ ნაწილი, ანუ მთლიანი სახლთმფლობელობის ¼ ნაწილი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლით და რადგანაც მხარეთა შორის ურთიერთობები წარმოშობილი იყო როგორც 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ისე, მას შემდეგ, მიიჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო, როგორც 1964 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ისე 1997 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო კოდექსი.

პალატამ მიუთითა საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის მე-19, 21-ე, 22-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სადავო ქონება, როგორც მეუღლეთა _ ე. და ნ. დ-ების ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი, წარმოადგენდა მათ საერთო საკუთრებას.

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 539-ე, 540-ე, 542-ე, 547-ე მუხლების შესაბამისად, ო. დ-ა და ე. დ-ა (მიუხედავად იმ ფაქტისა ის დაეუფლა თუ არა მამის სამკვიდროს) არ წარმოადგენდნენ, ნ. დ-ას სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მიმღებ სუბიექტებს, (რადგან ისინი არ აკმაყოფილებდნენ სამოქალაქო კოდექსის 547-ე მუხლის დათქმას სავალდებულო წილის მიმღებ სუბიექტებთან დაკავშირებით) აღნიშნულის გამო ო. დ-ას მოთხოვნა, მამის სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღების თაობაზე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

რაც შეეხება დედის სამკვიდროს მიღებას, პალატამ მიიჩნია, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის არსებობდა მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1433-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. დ-ამ, მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:

არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ო. და ე. დ-ები არ წარმოადგენდნენ ნ. დ-ას სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიმღებ სუბიექტებს, თანახმად სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლისა, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი ქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობების თანახმად, ნ. დ-ას გარდაცვალების დროისათვის ე. დ-ა იყო 66 წელს გადაცილებული, პენსიონერი და შრომისუუნარო, მართალია ამ დროისათვის ო. დ-ა არ აკმაყოფილებდა კანონის ამავე მოთხოვნებს, მაგრამ აღნიშნული ურთიერთობები გრძელდებოდა 1997 წლის 25 ნოემბრის შემდეგაც და ახალი სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლით მემკვიდრეობის გზით უძრავი ნივთის სავალდებულო წილის მიღების ახალი წესი იქნა შემოღებული და ძველი კოდექსისაგან განსხვავებით, სავალდებულო წილი მიეკუთვნა ყველა მემკვიდრეს, მიუხედავად მათი შრომისუნარიანობისა, რაც ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე ურთიერთობის ახალი კოდექსით მოწესრიგებას განაპირობებდა.

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლი და არასწორად გამოიყენა იგი სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, გარდა აღნიშნულისა, მოქმედი სამოქალაქო კოდექსის გამოყენების აუცილებლობას ადასტურებს ამავე კოდექსის მე-6 მუხლი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა, ო. დ-ას საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა და კასატორი სადავოდ არ ხდის, რომ:

მოსარჩელე და მოპასუხე არიან და-ძმა;

მხარეთა დედა იყო ე. დ-ა, ხოლო მამა _ ნ. დ-ა;

ე. დ-ა და ნ. დ-ა დაქორწინდნენ 1954 წლის 12 დეკემბერს, შესაბამისად, ქ.ბათუმში, ბ-ის ქ№11-ში მდებარე სახლი შეძენილია მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში და როგორც მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი, ეს ქონება წარმოადგენდა მათ საერთო საკუთრებას, თუმცა, აღმასკომის 1956 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილების საფუძველზე, იგი აღირიცხა ნ. დ-ას სახელზე;

ნ. დ-ა გარდაიცვალა 1997 წლის 26 აგვისტოს, რის გამოც სამკვიდრო გაიხსნა ქ.ბათუმში, ბ-ის ქ№11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მხოლოდ ½ ნაწილზე, ანუ იმ წილ ქონებაზე, რომელიც ეკუთვნოდა მამკვიდრებელს;

ნ. დ-ამ, თავის სახელზე აღრიცხული მთელი ქონება უანდერძა შვილს _ გ. დ-ას;

ე. დ-ა გარდაიცვალა 2011 წლის 8 თებერვალს;

ე. დ-ას, გარდა ქ.ბათუმში, ბ-ის ქ№11-ში მდებარე სახლის ½ ნაწილისა, გააჩნდა ქ.ბათუმში, შ-ს ქ№10-ში მდებარე სახლი, რომელიც სრულად უანდერძა ო. დ-ას;

ე. დ-ას გარდაცვალების შემდეგ დარჩა პირველი რიგის ორი მემკვიდრე: ქალიშვილი _ ო. დ-ა და ვაჟიშვილი _ გ. დ-ა;

ო. დ-ამ, 2012 წლის 1 მარტის სამკვიდრო მოწმობით, მიიღო ქ.ბათუმში, შ-ს ქ№10-ში მდებარე დედის დანაშთი სამკვიდროს ¾, ხოლო სავალდებულო წილის სახით, გ. დ-ამ მიიღო ამავე სამკვიდროს ¼;

ო. დ-ა ცხოვრობდა ქ.ბათუმში, ბ-ის ქ№11-ში მდებარე მშობლების სახლში, სადაც გაზარდა შვილები, ის ასევე პერიოდულად ცხოვრობდა ქ.ბათუმში, შ-ს ქ№10-ში, ასევე სხვადასხვა მისამართზე.

წინამდებარე საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ქ.ბათუმში, ბ-ის ქN11-ში მდებარე ქონებაზე (საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილზე) ნ. დ-ას თანამესაკუთრედ ე. დ-ას ცნობა; ნ. დ-ას ანდერძისა და, შესაბამისად, გ. დ-ას სახელზე გაცემული ანდერძისმიერი სამემკვიდრეო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა; მამის სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის ო. და ე. დ-ებისათვის მიკუთვნება და ე. დ-ას სავალდებულო, ასევე მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გამომდინარე ½ წილიდან ნახევრის მოსარჩელისათვის მიკუთვნება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ ო. დ-ას სარჩელი ნ. დ-ას სახელზე რიცხული ქონების ½-ის მესაკუთრედ ე. დ-ას ცნობისა და ამ ქონების ½-ის ანუ მოპასუხის სახელზე რიცხული ქონების ¼-ის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის ნაწილში დააკმაყოფილა, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, ნ. დ-ას სამკვიდროდან (სახლთმფლობელობის ½-დან) ო. და ე. დ-ებისათვის სავალდებულო წილის მიკუთვნების, ასევე ე. დ-ასათვის მისაკუთვნებელი სავალდებულო წილის ½-ის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის თაობაზე, პალატამ იგი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ ო. და ე. დ-ები არ წარმოადგენდნენ ნ. დ-ას სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიმღებ სუბიექტებს, რადგანაც ნ. დ-ას ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) მოქმედების ფარგლებში და მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ურთიერთობაც სწორედ იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით უნდა დარეგულირებულიყო. 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლის შესაბამისად კი, სამკვიდროდან სავალდებულო წილი ეკუთვნოდა სამკვიდროს დამტოვებლის არასრულწლოვან ან არაშრომისუნარიან შვილებს, აგრეთვე გარდაცვლ.ს არაშრომისუნარიან მეუღლეს. რადგანაც ო. და ე. დ-ები ნორმაში მითითებულ სავალდებულო წილის მიღების წინაპირობებს არ აკმაყოფილებდნენ, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის დათქმიდან გამომდინარე, მათ სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება არ წარმოშობიათ.

კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მისთვის, ასევე გარდაცვლ. ე. დ-ასათვის სავალდებულო წილის მიკუთვნებაზე და ე. დ-ასათვის მისაკუთვნებელი სავალდებულო წილიდან ნახევრის კასატორისათვის მიკუთვნებაზე. თავის მხრივ, ო.დ-ა მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლი, ასევე არ გაითვალისწინა, რომ ნ. დ-ას გარდაცვალების დროისათვის ე. დ-ა იყო 66 წელს გადაცილებული პენსიონერი და შრომისუუნარო, რაც დასტურდება საქმეში არსებული ქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობებით, ამასთანავე, საკასაციო საჩივარს დაურთო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის ცნობა, რომ ლ. (ე.) დ-ას 1986 წლის 24 თებერვლიდან დანიშნული ჰქონდა ასაკის პენსია.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას მამის სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიკუთვნებაზე უარის არასწორად თქმის შესახებ და თვლის, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი, კანონის დროში მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე, ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ მათი წარმოშობის დროს მოქმედი კანონმდებლობის გამოყენებას ითვალისწინებს.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მსჯელობას, რომ ო.დ-ას კუთვნილი სავალდებულო წილის თაობაზე სამემკვიდრეო ურთიერთობების ახალი სამოქალაქო კოდექსის მოქმედების ფარგლებში გაგრძელების გამო დავა ახალი კოდექსის ნორმებით უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, პალატა თვლის, რომ სამართლის ნორმის არასწორად გამოყენების თვალსაზრისით კასატორის პრეტენზია სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალიწინებულ დასაბუთებულ შედავებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის დებულება, რომლითაც კანონმდებელი ძველი სამოქალაქო კოდექსის მოქმედების ფარგლებში წარმოშობილი ურთიერთობების ახალი კოდექსით რეგულირების შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მოდავე სუბიექტებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ.

ო. დ-ას სარჩელის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი დასაბუთების შესწავლით უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელე მოთხოვნას მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე ამყარებდა. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით ნ. დ-ამ არა თუ სადავო გახადა ურთიერთობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით დარეგულირება, არამედ, თავადაც ამ კოდექსის ნორმაზე დაყრდნობით უარყო სასარჩელო მოთხოვნები და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც იძლევა უალტერნატივო დასკვნის საფუძველს, რომ ო. დ-ას მოთხოვნები სწორედ მოქმედი სამოქალაქო კოდექსით უნდა მოწესრიგებულიყო.

როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო პალატამ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დადგენილად ცნო, რომ ნ. დ-ას გარდაცვალების შემდეგ ო. დ-ა ცხოვრობდა მშობლების სახლში და აქ გაზარდა შვილები, ანუ იგი ფაქტობრივად დაეუფლა მამის სამკვიდროს, რაც მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებად განიხილება (ო.დ-ას მიერ მამის, ნ.დ-ას სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი ასევე დადგენილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რის თაობაზეც მოპასუხეს დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია). ამავე კოდექსის 1371-ე მუხლით, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი). ამდენად, უდავოა, რომ ახალი სამოქალაქო კოდექსის რეგულაციის ფარგლებში, ო. დ-ა, როგორც ნ. დ-ას პირველი რიგის მემკვიდრე _ შვილი, წარმოადგენს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მოთხოვნა მისთვის სავალდებულო წილის სახით 1/6-ის მიკუთვნებაა.

სამოქალაქო კოდექსის 1374-ე მუხლის თანახმად, თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. დ-ას დარჩა პირველი რიგის 3 მემკვიდრე: მეუღლე _ ე. დ-ა და შვილები: გ. და ო. დ-ები;

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია, რომ ნ. დ-ას დანაშთი ქონება ქ.ბათუმში, ბ-ის ქN11-ში მდებარე სახლთმფლობელობის ½ ნაწილი იყო და კანონით მემკვიდრეობის ფარგლებში თითოეული მემკვიდრე მიიღებდა ამ ქონების (1/2-ის) 1/3 ნაწილს, სავალდებულო წილის თვალსაზრისით კი, მისაღები სამკვიდრო ამ წილის ნახევარია, რაც შეადგენს დანაშთი ქონების 1/6-ს, ხოლო მთელი საცხოვრებელი სახლის 1/12-ს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც სახეზე არ არის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, პალატა უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს დავა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მამის სამკვიდროდან ო. დ-ას სავალდებულო წილი უნდა განისაზღვროს ქ.ბათუმში, ბ-ის ქN11-ში მდებარე სადავო ქონების 1/12-ით და კასატორს სულ უნდა მიეკუთვნოს მოპასუხის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის 1/3 (1/4+1/12), სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად კი, ამ ნაწილში უნდა იქნას ბათილად ცნობილი გ. დ-ას სახელზე გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა.

რაც შეეხება ნ. დ-ას სამკვიდრო ქონებიდან ე. დ-ს მიერ სავალდებულო წილის მიღებისა და ამ წილის ½-ის მოსარჩელისათვის მიკუთვნების მოთხოვნას, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. მართალია, სააპელაციო პალატამ, სამართლის ნორმის არასწორად გამოყენების გამო, მსგავსად მოსარჩელისა, ე. დ-ა არასწორად მიიჩნია სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების არმქონედ, თუმცა, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ო. დ-ას აწ გარდაცვლილი დედა ნ. დ-ას გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლა ქ.ბათუმში, ბ-ის ქN11-ში მდებარე მეუღლის სამკვიდროს პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია, უფრო მეტიც, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ლ. (ე.) დ-ას ნ. დ-ას დანაშთი ქონების მიღების სურვილი არ გამოუხატავს, არ სარგებლობდა ამ ქონებით და მას თავისად არ მიიჩნევდა (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, 6.3 პუნქტი). ამ ფაქტობრივი გარემოების თაობაზე ო.დ-ას სააპელაციო საჩივარში დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია. ე. დ-ას მიერ მეუღლის სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ ფაქტობრივი გარემოება არც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაუდგენია სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო საჩივარში კასატორი შემოიფარგლა იმის მტკიცებით, რომ ე. დ-ა იყო 66 წლის ასაკს გადაშორებული შრომისუუნარო პენსიონერი, რაც მის სავალდებულო წილის მიმღებ მემკვიდრედ მიჩნევას განაპირობებდა.

საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს ეს არგუმენტი, რადგანაც ე. დ-ას ასაკისა და მის შრომისუუნარობის თაობაზე მხარემ პირველად მხოლოდ საკასაციო საჩივარში მიუთითა. ამ ფაქტზე თუნდაც ირიბ მითითებას არ შეიცავს არც სარჩელი და არც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტების მითითება დაუშვებელია და ამ ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა შემოიფარგლება მხოლოდ ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში არსებული განმარტებებით. საპირისპირო ვითარებაშიც კი, საგულისხმოა, რომ მოქმედი სამოქალაქო კოდექსი სავალდებულო წილის მიმღებად პირის მიჩნევას მის შრომისუუნარობას არ უკავშირებს, არამედ გადამწყვეტია 1371-ე მუხლის სუბიექტმა დადგენილი წესით გამოხატოს სამკვიდროს მიღების ნება.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დართულ ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის ცნობას, იგი, როგორც საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება, ვერ იქნება შეფასებული პალატის მიერ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული მტკიცებულება 1 (ერთი) ფურცლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ო. დ-ამ საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 130 ლარი, სააპელაციო საჩივრის გამო _ 200 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივრის გამო _ 570 ლარი, სულ მოსარჩელის მიერ გადახდილია 900 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (1/3(0.333)X900:3/8(0.375)), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. დ-ას ო. დ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯიდან 799.20 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ო. დ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

2.1. ო. დ-ას სარჩელი მამის _ ნ. დ-ას სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2.2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი გ. დ-ას სახელზე გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.

2.3. ო. დ-ა ცნობილ იქნას ქ.ბათუმში, ბ-ის ქN11-ში მდებარე გ. დ-ას სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის (ს/კ N05.08.27.007) 1/3-ის (1/12+1/4) მესაკუთრედ.

2.4. ო. დ-ას სარჩელი ე. დ-ას მიერ ნ. დ-ას სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღებისა და ამ წილის ½-ის მესაკუთრედ ო.დ-ას ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. გ. დ-ას (პ/N61001006881) ო. დ-ას (პ/N61001028758) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯებიდან - 799.20 ლარის ანაზღაურება.

4. ო. დ-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის ცნობა 1 (ერთი) ფურცლად.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური