საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-571-542-2015 10 სექტემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ა-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ. მ-მა მოითხოვა ნ. ა-ის უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, დ-ის ქ#...-ში მდებარე 72,51 კვ.მ #... ბინის გამოთხოვა.
2. მოპასუხის პოზიცია:
ნ. ა-ემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა, ნ. ა-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, დ-ის ქუჩა #...-ში მდებარე 72,51 კვ.მ #... ბინა და მოსარჩელეს გადაეცა თავისუფალ მდგომაროებაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ა-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით ნ. ა-ეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. სასამართლოს განმარეტბით, განსახილველი დავა წარმოშობილია ვინდიკაციური სარჩელის საფუძველზე, შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.
5.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ.თბილისში, დ-ის ქუჩა #...-ში მდენარე #... ბინა, რეგისტრირებული იყო მ. მ-ის საკუთრებად. ამავე ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე მ. მ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი იყო ვალდებულების შესრულება უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემით (დამოწმების თარიღი:28/09/2013, ნოტარიუსი ე. შ-ი და N... გადაწყვეტილება, დამოწმებული 08/11/2013, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ).
5.1.3. მ. მ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი გაბათილებული არ არის, რის გამოც, წინამდებარე სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში ვერ იქნებოდა განხილული მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერების საკითხი.
5.1.4. ნ. ა-ე ფლობდა მ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ქონებას.
5.1.5. მოპასუხეს არ ჰქონდა სადავო ნივთის ფლობის უფლება.
5.1.6. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ნივთის მოპასუხის ფლობის უფლებაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ იყო და ასეთის არსებობაზე მოპასუხე ვერ უთითებდა, როგორც ნ. ა-ის შესაგებელი, ისე სააპელაციო საჩივარი, ძირითადად შეიცავდა მსჯელობას, უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებებზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო, რაც შეეხებოდა უშუალოდ მოპასუხის ფლობის მართლზომიერებასა და აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მათზე ნ. ა-ე ვერ უთითებდა.
5.1.7. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 20.03.1952წ. დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, 312-ე მუხლით და ჩათვალა, რომ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:
სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგანაც სადავო ბინის მესაკუთრე, რეალურად ნ.ა-ეა. ფინანსური პრობლემების გამო მოსარჩელესთან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და რადგანაც ვალი დროულად ვერ დაიფარა, მოსარჩელემ ისარგებლა შექმნილი მდგომაროებით, დაარწმუნა კასატორი, რომ, თუკი ბინას მის სახელზე გადააფორმებდა, ნ.ა-ე იცხოვრებდა ამავე ბინაში, ქონების რეალიზაციით გაისტუმრებდნენ ვალებს. საკუთრების უფლების მოტყუებით მიღების შემდგომ მ.მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დაადასტურა როგორც სადავო ნივთზე საკუთრების უფლება, ისე მოპასუხის მიერ ამ ნივთის ფლობის ფაქტი, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ გააჩნია ნივთის ფლობის მართლზომიერი უფლება.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის მიხედვით კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის შესახებ, რომ მ. მ-ი წარმოადგენს ნივთის მესაკუთრეს. ამ კუთხით ის უთითებს ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების კანონთან შეუსაბამობაზე.
1.5. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ნამდვილობა, სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგიტრირებული მონაცემებით დასტურდება, რომელთა მიმართაც, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქმედევს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ანუ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (მოპასუხე), მართალია, არ დაეთანხმა მოსარჩელის უფლების ნამდვილობას ნივთზე, თუმცა მას არც შეგებებული სარჩელით მიუმართავს სასამართლოსათვის რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერის უსწორობის თაობაზე და არც სხვა მტკიცებულება წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა ამ ჩანაწერის გაუქმებას ან სხვა გზით შეცვლას.
1.6. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების თაობაზე დამიიჩნევს, რომ, რადგანაც მოპასუხემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ვერ დაადასტურა ნივთის ფლობის მართლზომიერი უფლების არსებობა, ამასთან, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით განსაზღვრული ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, სააპელაციო პალატამ მართებულად უთხრა უარი აპელანტს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
1.7. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ა-- ა-ის (ნ. ა-ის) მიერ 2015 წლის 18 ივნისის N2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ. ა-ეს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა-- ა-ის (ნ. ა-ის) მიერ 2015 წლის 18 ივნისის N... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე