საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-575-546-2015 10 სექტემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნოტარიუსი ლ. ჭ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ა (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები _ ც. ა-ი, გ. და თ. კ-ები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნასყიდობის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, ასევე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მ. კ-ამ მოითხოვა მას და მოპასუხეებს: გ. და თ. კ-ებს შორის 2012 წლის 18 ივნისს 40 000 აშშ დოლარზე დადებული იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.2. ქ.ბათუმის ნოტარიუს ლ. ჭ-ას მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს გაცემული №...სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა;
1.3. მოსარჩელესა და ც. ა-ს შორის 2012 წლის 5 დეკემბერს ქ.ბათუმში ი.ჭ-ის ქ№...-ში მდებარე №... ბინის თაობაზე დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
თ. და გ. კ-ებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, წარდგენილი შესაგებლით სარჩელს არც ნოტარიუსი ლ. ჭ-ა დაეთანხმა, ხოლო ც. ა-მა მის მიმართ წარდგენილ ნაწილში (ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის) სარჩელი ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
3.2. ბათილად იქნა ცნობილი მ. კ-ასა და ც. ა-ს შორის 2012 წლის 5 დეკემბერს ქ.ბათუმში, ი.ჭ-ის ქ№...-ში მდებარე №... ბინაზე დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
3.3. მ. კ-ას სარჩელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ამ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ლ. ჭ-ას მიერ კრედიტორ თ. კვინიკაძის სასარგებლოდ 2012 წლის 13 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
5.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 18 ივნისს მ. კ-ამ გ. და თ. კ-ებისაგან, 6 თვის ვადით, თვეში 5% სარგებლის გადახდის პირობით 40 000 აშშ დოლარი ისესხა. მსესხებელმა, სესხის ხელშეკრულების დადებისთანავე, გამსესხებლებს გადაუხადა ერთი თვის პროცენტი, თითოეულს 1 000-1 000 აშშ დოლარი. პროცენტის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელი გადაიხდიდა გადაუხდელი თანხის 0.3%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო სესხის ძირი თანხის დაბრუნების ვადის დარღვევის შემთხვევაში - 0.2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
5.1.2. მითითებული ხელშეკრულება დაამოწმა ნოტარიუსმა ლ. ჭ-ამ. სანოტარო აქტის შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ ნოტარიუსმა განუმარტა მხარეებს სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილებისა და სამართლებრივი შედეგების თაობაზე, თუმცა, თვითონ ხელშეკრულების ტექსტი ნოტარიუსის ამგვარ უფლებამოსილებაზე მხარეთა შეთანხმებას არ შეიცავს;
5.1.3. სესხი, აგრეთვე, მის დაბრუნებასთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯები და ზიანი უზრუნველყოფილ იქნა მ. კ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვით;
5.1.4. თ. კვინიკაძის წარმომადგენელმა ც. ა-მა 2012 წლის 13 ნოემბერს განცხადებით მიმართა ნოტარიუს ლ. ჭ-ას და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, იმ საფუძვლით, რომ მ. კ-ამ დაარღვია 2012 წლის 18 ივნისის სესხის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები. იმავე დღეს, ნოტარიუსმა ლ. ჭ-ამ კრედიტორ თ. კვინიკაძის სასარგებლოდ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სულ 23 465.56 აშშ დოლარითა და 124.36 ლარით, დადგინდა იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია;
5.1.5. 2013 წლის აგვისტოში სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარედგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს;
5.1.6. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე მუხლებით, 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 და 134-ე მუხლის პირველი ნაწილებით და ჩათვალა, რომ სესხის ხელშეკრულების ჩანაწერი „...რის შესახებაც მხარეები შეადგენენ მიღება-ჩაბარების აქტს...“ მიუთითებდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ კრედიტორებს (გამსესხებლებს) შეეძლოთ მოეთხოვათ მსესხებლისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელ, დამატებით (და არა ძირითად, ერთადერთ) მტკიცებულებად შეედგინათ მიღება-ჩაბარების აქტი, რადგან თანხის გადაცემის უპირველესი მტკიცებულება თავად 2012 წლის 18 ივნისის ხელშეკრულება იყო. ამდენად, აპელანტის მტკიცება, რომ მას სესხი არ მიუღია, სასამართლომ არ გაიზიარა. ამასთანავე, რადაგნაც სესხის გადაცემა დასტურდებოდა, პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების მოტყუებით დადების თაობაზე პრეტენზიაც არ გაიზიარა.
5.1.7. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილში წარდგენილი პრეტენზიის თაობაზე პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით და მიიჩნია, რომ 2012 წლის 18 ივნისის სანოტარო აქტი, რომლითაც დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შეიცავდა მხოლოდ ნოტარიუსის განმარტებას, სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგების შესახებ. უშუალოდ ხელშეკრულების ტექსტი, სადაც ჩამოყალიბებული იყო ხელშეკრულების არსებითი პირობები, ნოტარიუსის ასეთი უფლებამოსილების თაობაზე პირობას არ შეიცავდა. პალატის მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში, უნდა ჩათვლილიყო, რომ მხარეები არ შეთანხმებულან ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ, რის გამოც, არსებობდა სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნოტარიუსმა ლ. ჭ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით, სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია მტკიცებულებები. მოსარჩელე სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას არა შეთანხმების არარსებობას, არამედ ნოტარიუსის მიერ ამ სააღსრულებო ფურცლის გაცემისას მხარეთა ვალდებულების შესრულების ფაქტის გამოურკვევლობაზე ამყარებდა. ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ არასწორად არ დაადგინა მხარეთა შეთანხმების არსებობა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნოტარიუს ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპის _ უფლების სასამართლოს წესით დაცვის საპროცესო რეალიზაციას წარმოადგენს და დადგენილია, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
1.3. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, განიხილოს პირის მოთხოვნა დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების თაობაზე და უპირველესად ადგენს მოთხოვნის მქონე პირის უფლების ნამდვილობას. კანონის ეს უზოგადესი ნორმა ასახულია მთელ რიგ სპეციალურ საპროცესო ნორმებში, თუმცა სპეციალური რეგულაცია არსობრივად მე-2 მუხლისაგან არ განსხვავდება. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
1.4. მას შემდეგ, რაც სასამართლო დარწმუნდება, რომ დაცულია კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნის ფორმალური მხარე, ხდება იმის შემოწმება, მოთხოვნის წარმდგენ პირს გააჩნია თუ არა ნამდვილი იურიდიული ინტერესი წარდგენილი მოთხოვნის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სადავო ურთიერთობის უშუალო ადრესატს მხარე არ წარმოადგენს და ეს ურთიერთობა რაიმე გავლენას არ ახდენს მის სამოქალაქო უფლებათა განხორციელებაზე, სასამართლო მხარეს უარს ეტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმგვარად, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი პრეტენზიის საფუძველზე სადავო სამართალურთიერთობის კანონშესაბამისობას აღარ შეამოწმებს.
1.5. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, კანონის ფორმალური მიზნებისათვის ნოტარიუსი წინამდებარე დავაში მოპასუხის სტატუსით სარგებლობდა, თუმცა საქმის მასალების შესწავლით პალატა ასკვნის, რომ სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგის ადრესატებს გარიგების მხარეები წარმოადგენენ და ამას რაიმე უფლება-მოვალეობები ნოტარიუსის მიმართ არ წარმოუშვია. ამსათანავე, ამგვარი გარემოების არსებობაზე არც კასატორს, მიუთითებია საკასაციო საჩივარში.
1.6. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო სამართალურთიერთობის უშუალო მხარეებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებით, პალატა მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის მიერ წარდგენილი პრეტენზია, თუნდაც საფუძვლიანი იყოს, გავლენას ვერ იქონიებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე.
1.7. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნოტარიუს ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 6 ივლისს #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის, 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნოტარიუს ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ. ჭ-ას (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2015 წლის 6 ივლისს #... საგადახდო დავალებით გადახდილი _ 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური