საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-583-554-2015 10 სექტემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჟ. ძ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. ს-ე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე _ დ. ნ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ც. ს-ემ მოითხოვა მოპასუხე ჟ. ძ-ისათვის ნასესხები თანხის _ 10 000 აშშ დოლარის დაკისრება, თანხის დაუბრუნებლობის გამო მიყენებული ზიანის სახით 3 130 ლარის დაკისრება, ასევე მოპასუხე დ. ნ-ას სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე ქ.ქუთაისში, ვ-ის ქ#...-ში) რეალიზაცია.
2. მოპასუხის პოზიცია:
ჟ. ძ-ემ და დ. ნ-მ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ ვალდებულება შესრულებული ჰქონდათ, ხოლო სესხის ხელწერილზე მოსარჩელემ ჟ.ძ-ეს ხელი მოტყუებით მოაწერინა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ც. ს-ის სარჩელი ჟ. ძ-ისა და დ. ნ-ას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
3.2. ჟ. ძ-ეს ც. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის _ 10 000 აშშ დოლარისა და მიყენებული ზიანის _ 941.33 აშშ დოლარის გადახდა;
3.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული, დ. ნ-ას სახელზე რიცხული ქ.ქუთაისში, ვ-ის ქ.#...ში მდებარე #... ბინა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ძ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ც. ს-ემაც და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით ჟ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი, ასევე, ც. ს-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 25 ივნისს, ც. ს-ესა და ჟ. ძ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 10 000 აშშ დოლარზე, სამი თვის ვადით, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც იპოთეკით დაიტვირთა ჟ. ძ-ის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.ქუთაისში, ვ-ის ქ#...-ში;
5.1.2. ხელშეკრულების შესაბამისად, სესხზე პროცენტის გადახდა არ ყოფილა გათვალისწინებული.
5.1.3. 2012 წლის 2 აგვისტოს ჟ. ძ-ემ მის საკუთრებაში რიცხული, იპოთეკით დატვირთული სახლი აჩუქა დ. ნ-ას;
5.1.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჟ. ძ-ის შვილს, დ. ნ-ას, თ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 260 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა იყო 9 000 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი _ 1 080 აშშ დოლარი;
5.1.5. დ. ნ-ამ სრულად გადაიხადა 2013 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა;
5.1.6. მტკიცებულებათა არარსებობის გამო, სააპელაციო პალატამ, მსგავსად პირველი ინსტანციის სასამართლოსი, არ გაიზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ დ. ნ-ასა და თ. ჩ-ეს შორის არსებული დავა და წინამდებარე დავა ერთსა და იმავე სესხს 10 000 აშშ დოლარს შეეხებოდა.
5.1.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოპასუხეებს უკვე დაეკისრათ სასამართლო გადაწყვეტილებით, როცა დავა მიმდინარეობდა ჟ. ძ-ის შვილს დ. ნ-ასა და ც. ს-ის მეუღლე თ. ჩ-ეს შორის. წინამდებარე დავის საფუძველი ც. ს-ესა და ჟ. ძ-ეს შორის 2012 წლის 25 ივნისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იყო, სადაც გადახდილი თანხა 10 000 აშშ დოლარი, გადახდის ვადა კი, 3 თვე იყო.
5.1.8. საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, დასტურად იმისა, რომ დ. ნ-ას მიერ თ. ჩ-ისათვის გადახდილი თანხით შესრულდა ჟ. ძ-ის ვალდებულება ც. ს-ის მიმართ.
5.1.9. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით კრედიტორს მიადგა ზიანი, კერძოდ, სადავო თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსებით კრედიტორი გარკვეულ ფინანსურ სარგებელს ნახავდა. ამ თვალსაზრისით გაზიარებულ იქნა გასაჩვრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში, ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტით საშუალოდ წელიწადში 5%-ს შეადგენდა. ამასთანავე, ქვემდგომმა სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, ეს გარემოება საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მართებულად მიიჩნია და მხარე გაათავისუფლა მისი მტკიცების ტვირთისაგან, შესაბამისად, ზიანის 941.33. აშშ დოლარით განსაზღვრა გონივრულ და სამართლიან ოდენობად იქნა მიჩნეული.
5.1.10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, 289-ე მუხლის პირველი ნაწილით, 301-ე მუხლის პირველი ნაწილით და ვინაიდან მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული ჟ. ძ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, ხოლო იპოთეკის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არ გაუქმებულა, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნა კანონშესაბამისად ჩათვალა.
5.1.11. რადგანაც ც. ს-ესა და ჟ. ძ-ეს შორის 2012 წლის 25 ივნისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს სესხის ძირი თანხა _ 10 000 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია, პალატამ ჩათვალა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 623-ე მუხლის თანახმად, საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანად დააკმაყოფილა, ამასთანავე, რადგანაც ჟ. ძ-ესა და ც. ს-ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით მხარეები პროცენტზე არ შეთანხმებულან, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა მოპასუხისათვის, სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელობის გამო, პროცენტის დაკისრების შესახებ.
5.1.12. პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის (2012 წლის 25 სექტემბრიდან, ვალდებულების წარმოშობის დღიდან 2014 წლის 12 აგისტომდე) წლიური 5%-იანი სარგებლით განსაზღვრის თაობაზე, რადგანაც გადაწყვეტილება მართებულად ემყარებოდა, როგორც სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლს, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (საქმეზე №ას-992-950-2013).
5.1.13. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა მის მიერ მითითებული გარემოებები, რაც მოპასუხემ ვერ განახორციელა, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ძ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლოს განინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რის გამოც, არსებობს ამ განჩნების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
6.1.2. სასამართლოს დავა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეეწყვიტა, რადგანაც არსებობს ამავე მხარეებს შორის, ამავე საგანზე და ამავე საფუძვლით მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ამასთანავე, გაურკვეველია, თუ სასამართლომ რომელი ნორმისა თუ მტკიცებულების საფუძველზე დააკისრა მხარეს ზიანის ანაზღაურება.
6.1.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისათვის მოსარჩელემ ისარგებლა კასატორის ხანდაზმულობითა და ინვალიდობით, ერთსა და იმავე ხელშეკრულებაზე მას ხელი ორჯერ მოაწერინეს, რადგანც ბინა მის სახელზე იყო თავდაპირველად აღრიცხული, გარდა აღნიშნულისა, მის შვილს, დ.ნ-ას, ხელწერილის საფუძველზე ჰქონდა ნაკისრი სესხის დაბრუუნების ვალდებულება მოსარჩელის მეუღლესთან და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე მათ ეს თანხა დაუბრუნდათ, მას შემდეგ, რაც ქონება შვილის სახელზე გადააფორმა, დ.ნ-ასაც დააწერინა ხელწერილი მოსარჩელემ თანხის გასტუმრებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ჟ. ძ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით დაადასტურა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა, ხოლო მოპასუხემ ვერ დაადასტურა შესაგებელში მითითებული გარემოებები, ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის დრულად დაუბრუნებლობით კრედიტორს მიადგა ზიანი, რის გამოც ამ ნაწილშიც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხებოდა ქონების რეალიზაციას, რადგანაც სესხი იპოთეკით იყო უზრუნველყოფილი, არსებობდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით თანხის ამოღების მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებიც.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ არსებობდა საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დ.ნ-ას თ.ჩიხლაძის სასარგებლოდ დაეკისრა 9 000 აშს დოლარის, ასევე ერთი წლისა და 2 თვის სარგებლის გადახდა, წინამდებარე დავა კი, შეეხება ც.ს-ესა და ჟ.ძ-ეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას. ამდენად, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობები.
1.5. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ უძრავ ნივთზე უფლების ნამდვილობა, სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგიტრირებული მონაცემებით დასტურდება, რომელთა მიმართაც, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ანუ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
1.6. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება რეესტრში სათანადო წესითაა რეგისტრირებული, მართალია, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ისარგებლა მისი ჯანმრთელობის მდგომაროებითა და ასაკით, თუმცა მას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, ამ პირობებში, რეესტრში რეგისტრირებული გარიგება მიიჩნევა ნამდვილად, ხოლო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის შესაგბამისად, მართებულად მიაქცია სარეალიზაციოდ იპოთეკის საგანი.
1.7. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ დაუმტკიცებია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მას ნამდვილად ორჯერ მოაწერინეს ხელი გარიგებაზე, ხოლო ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტის გათვალისწინებით, სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, სწორად დაადგინა ზიანის ანაზღუარების ვალდებულება.
1.8. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, ზიანის ოდენობის თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე, სააპელაციო საჩივრით ეს გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, საკასაციო სასამართლოში კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი, ახალი ფაქტების მითითებას კრძალავს.
1.9. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ჟ. ძ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჟ. ძ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე