№ ას-607-575-2014 30 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი – რაიკოოპკავშირი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირმა – რაიკოოპკავშირმა სარჩელი აღძრა სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯაროს რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 ივლისის №ბ..... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 10 აგვისტოს №..... გადაწყვეტლებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 26 მარტის №.... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის მითითებით, მ-ის ქალაქის სამოხმარებლო კოოპერატივი, მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივი, ს-ოს სამომხმარებლო კოოპერატივი, წ-ის სამომხმარებლო კოოპერატივი, კ-ის სამომხმარებლო კოოპერატივი, ა-ის სამომხმარებლო კოოპერატივი, შ-ის სამომხმარებლო კოოპერატივი და -ის სამომხმარებლო კოოპერატივი არიან დამოუკიდებელი იურიდიული პირები, მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის დამფუძნებლები და არა ფილიალები, შესაბამისად, უკანონოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება კოოპერატივის დამფუძნებლების, როგორც კოოპერატივის ფილიალების საიდენტიფიკაციო ნომრების გაერთიანების შესახებ მარნეულის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის საიდენტიფიკაციო ნომერთან და უნდა გაუქმდეს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საიდენტიფიკაციო ნომრების გაერთიანება განხორციელდა დადგენილების განმარტების შესახებ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის განჩინების საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ მოპასუხედ დასახელებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლინისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნული სამსახური არ ახორციელებს ცვლილებების რეგისტრაციას სამეწარმეო რეესტრში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი -რაიკოოპკავშირის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება №... მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი – რაიკოპკავშირის (ს/ნ .....) საიდენტიფიკაციო ნომერთან, როგორც ფილიალების: მ-ის ქალაქის სამოხმარებლო კოოპერატივის, მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის, ს-ოს სამომხმარებლო კოოპერატივის, წ-ის სამომხმარებლო კოოპერატივის, კ-ის სამომხარებლო კოოპერატივის, ა-ის სამომხმარებლო კოოპერატივის, შ-ის სამომხმარებლო კოოპერატივის და შ-ის სამომხმარებლო კოოპერატივის საიდენტიფიკაციო ნომრების ტექნიკური გაერთიანების შესახებ ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება №... მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი - რაიკოოპკავშირის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის – რაიკოოპკავშირის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 აპრილის განჩინებით სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი - რაიკოოპკავშირი (საიდენტიფიკაციო კოდი ...) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია მარნეულის რაიონის სასამართლოს 02.12.1999წ. დადგენილებით, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი ..... (ტ. I, ს.ფ. 20-29).
მარნეულის რაიონის სასამართლოს 02.12.1999 წლის დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება მ-ის რაიონული კოოპერატივის დოკუმენტებში, რომელიც რეგისტრირებული იყო მარნეულის რაიონის სასამართლოში 05.03.1996წ. რეგისტრაციის ნომერი .... დადგენილებით დარეგისტრირდა მ-ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი და კოოპერატივის წესდება, შემოკლებული სახელწოდება - მ-ის რაიკოოპკავშირი (ტ. I, ს.ფ. 92-95);
მარნეულის რაიონის სასამართლოს 02.12.1999წ. დადგენილებისა და მ-ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის წესდების მიხედვით კოოპერატივის დამფუძნებლებს წარმოადგენდნენ შემდეგი იურიდიული პირები: 1) მ-ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 2) მ-ის ქალაქის სამომხმარებლო კოოპერატივი; 3) ს-ოს სამომხმარებლო კოოპერატივი; 4) წ-ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 5) კ-ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 6) ა-ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 7) შ-ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 8) შ-ის სამომხმარებლო კოოპერატივი. მ-ის რაიკოოპკავშირის ფილიალებია: საზკვების გაერთიანება, სავაჭრო ცენტრი და რესტორანი მ-ი (ტ. I, ს.ფ. 35-50; 92-95);
04.07.2012წ. მ-ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის წარმომადგენელმა ვ. ბ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამეწარმეო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ (ტ. I, ს.ფ. 16);
სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 10.07.2012წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განცხადება ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით განხორციელდა მ-ის ქალაქის სამომხმარებლო კოოპერატივის, მ-ის სამომხმარებლო კოოპერატივის, ს-ოს სამომხმარებლო კოოპერატივის, წ-ის სამომხმარებლო კოოპერატივის, კ-ის სამომხმარებლო კოოპერატივის, ა-ის სამომხმარებლო კოოპერატივის, შ-ის სამომხმარებლო კოოპერატივისა და შ-ის სამომხმარებლო კოოპერატივის, როგორც ფილიალების საიდენტიფიკაციო ნომრების ტექნიკური გაერთიანება სათაო ორგანიზაციის - მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის _ რაიკოოპკავშირის საიდენტიფიკაციო ნომერთან (...) (ტ. I, ს.ფ. 17-19);
სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 10.07.2012წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა მ-ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის მიერ. სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 10.08.2012წ. №... გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ. I, ს.ფ. 17-19);
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-60 მუხლის პირველ პუნქტზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მარნეულის რაიონის სასამართლოს 02.12.1999წ. დადგენილებისა და მარნეულის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის წესდების მიხედვით კოოპერატივის დამფუძნებლებს წარმოადგენდნენ შემდეგი იურიდიული პირები: 1) მ-ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 2) მ-ის ქალაქის სამომხმარებლო კოოპერატივი; 3) ს-ოს სამომხმარებლო კოოპერატივი; 4) წ-ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 5) კ-ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 6) ა-ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 7) შ-ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 8) შ-ის სამომხმარებლო კოოპერატივი. მ-ის რაიკოოპკავშირის ფილიალებია: საზკვების გაერთიანება, სავაჭრო ცენტრი და რესტორანი მ-ი.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტზე მითითებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.07.2012წ. გადაწყვეტილებით, მ-ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის (რაიკოოპკავშირი) საიდენტიფიკაციო ნომერს უსაფუძვლოდ გაუერთიანდა დამფუძნებელი იურიდიული პირების: მ-ის ქალაქის სამომხმარებლო კოოპერატივის, მ-ის სამომხმარებლო კოოპერატივის, ს-ოს სამომხმარებლო კოოპერატივის, წ-ის სამომხმარებლო კოოპერატივის, კ-ის სამომხმარებლო კოოპერატივის, ა-ის სამომხმარებლო კოოპერატივის, შ-ის სამომხმარებლო კოოპერატივისა და შ-ის სამომხმარებლო კოოპერატივის, როგორც ფილიალების საიდენტიფიკაციო ნომრები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მარნეულის რაიონის სასამართლოს 02.12.1999წ. დადგენილებისა და სასამართლოს მიერ რეგისტრირებული წესდების მიხედვით, აღნიშნული რვა კოოპერატივი წარმოადგენდა მ-ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის დამფუძნებელ იურიდიულ პირს და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იყვნენ როგორც დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტები. მარნეულის რაიონის სასამართლოს 02.12.1999წ. დადგენილება გაუქმებული არ არის და, შესაბამისად, აღნიშნული დადგენილების საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები კვლავ ძალაშია. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას წარმოდგენილ 24.08.2010წ. ამონაწერზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ მარნეულის რაიკოოპკავშირის მარნეულის კოოპერატივი, რომელიც მ-ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის წესდების თანახმად წარმოდგენს რაიკოოპკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ წევრს, რეესტრში რეგისტრირებულია ცალკე იურიდიულ პირად და მინიჭებული აქვს ცალკე საიდენტიფიკაციო კოდი - ....., რომელიც განსხვავდება მარნეულის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის საიდენტიფიკაციო კოდისაგან;
რაც შეეხება აპელანტის მითითებას ბოლნისის რაიონული სასამართლოს 08.07.2011წ. განჩინებაზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება დადგენილების განმარტების შესახებ და განიმარტა, რომ ეროვნული ალიანსის ,,ც-ის“ რაიონული კოოპერატივისა და მისი ფილიალების ცალკე იურიდიულ პირებად რეორგანიზაცია არ მომხდარა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განჩინების შესაბამისად გაკეთებული განმარტება არ ცვლის მარნეულის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 2 დეკემბრის დადგენილებას მ-ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.07.2012წ. გადაწყვეტილება - მ-ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის (რაიკოოპკავშირი) საიდენტიფიკაციო ნომერთან ამავე კოოპერატივის დამფუძნებელი იურიდიული პირების, როგორც ფილიალების საიდენტიფიკაციო ნომრების გაერთიანების შესახებ, ეწინააღმდეგებოდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 2 დეკემბრის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად ცნო ბათილად აღნიშნულ ნაწილში სააგენტოს 10.07.2012წ. გადაწყვეტილება და ამავე სააგენტოს 10.08.2012წ. გადაწყვეტილება მარნეულის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და 10.07.2012წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 4 ივლისს წარედგინა მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის კავშირ - რაიკოოპკავშირის თავმჯდომარის ვ. ბ-ის განცხადება მ-ის კოოპერატივის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაცული სადამფუძნებლო დოკუმენტების შესაბამისად, მარნეულის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 08 მარტის N... დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა მარნეულის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი-რაიკოოპკავშირი და მის 16 ფილიალი.
კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არაწორად დაასკვნა და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა ის გარემოება, რომ აღნიშნული ფილიალები მარნეულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით რეგისტრირებულნი იყვნენ დამოუკიდებელ იურიდიულ პირებად. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურში დაცული და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ აღნიშნული ფილიალების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია: „ა-ის სამომხმარებლო საზოგადოებას“ ეწოდა „ა-ის სამომხმარებლო კოოპერატივი“ (30.09.1999წ.), „მ-ის კოოპკავშირის ს-ს მომხმარებელთა საზოგადოებას“ ეწოდა „მ-ის რაიკოოპკავშირის სადახლოს სამომხმარებლო კოოპერატივი“ (07.09.1999წ.), „მ-ის რაიკოოპკავშირის კ-ის მომხმარებელთა საზოგადოებას“ - „მ-ის რაიკოოპკავშირის კ-ის კოოპერატივი“ (12.10.1999წ.), „მ-ის კოოპკავშირის მ-ის მომხმარებელთა საზოგადოებას“ - „მ-ის რაიკოოპკავშირის მ-ის კოოპერატივი“ (10.09.1999წ.), „მ-ის ქალაქის მომხმარებელთა საზოგადოებას“ - „მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის ქალაქის სამომხმარებლო კოოპერატივი“ (15.09.1999). ცვლილების შემდგომ თითოეული ფილიალის რეგისტრაციის ნომრად განისაზღვრა მარნეულის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი - რაიკოოპკავშირის (ს/ნ ...) (ყოფილი ალიანსის „ც-ის“ რაიონული კოოპერატივი) რეგისტრაციის ნომერი - ...
კასატორის მოსაზრებით, რეგისტრაციის სამსახურში დაცულ სამეწარმეო იურიდიული პირებისა და მათი ფილიალების სადამფუძნებლო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ირკვეოდა, რომ სასამართლო სახელმწიფო რეგისტრაციის განხორციელების დროს, ფილიალებს იურიდიული პირებისაგან განსხვავებულ რეგისტრაციის ნომრებს ანიჭებდა. ზემოაღნიშნული ურთიერთშეუსაბამო რეგისტრირებული მონაცემების განმარტების მიზნით, 02.06.2011წ. მარნეულის რაიონულ სასამართლოს გაეგზავნა წერილი N..., რომლითაც სასამართლოს ეთხოვა რეგისტრაციაში გატარებული დოკუმენტაციის საფუძველზე განემარტა, მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი - რაიკოოპკავშირისა და მისი ფილიალების რეესტრში განხორციელებული პირველადი და ცვლილების რეგისტრაციის შესახებ გამოცემული დადგენილებები: მოხდა თუ არა ფილიალების ცალკე იურიდიულ პირებად რეორგანიზაცია და რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე არ მოხდა თითოეული ფილიალისათვის ცალკე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 08.07.2011წ. განჩინებით სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ მ-ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი - რაიკოოპკავშირისა და მისი 16 ფილიალის ცალკე იურიდიულ პირებად რეორგანიზაცია არ მომხდარა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 08.07.2011 წლის განჩინება, ვინაიდან აღნიშნული განჩინებიდან ნათლად ირკვევა, კონკრეტულად რა საკითხზე გააკეთა სასამართლომ განმარტება.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის მე-2 კარის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის ფილიალი გადასახადის გადამხდელად არ განიხილება. ამას გარდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ“ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, 2005 წლის 18 იანვრიდან ფილიალს აღარ ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი და მათ მიერ გამოიყენება სათაო საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერი. აღნიშნულის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრირებულ მონაცემთა ბაზაში მარნეულის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი – რაიკოოპკვშირის ფილიალების საიდენტიფიკაციო ნომრები ტექნიკურად გაერთიანდა მარნეულის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი – რაიკოოპკავშირის საიდენტიფიკაციო ნომერთან.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის განხილვისას წარმოდგენილ 2010 წლის 24 აგვისტოს ამონაწერზე, რომლითაც დგინდება, რომ მარნეულის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი რეესტრში რეგისტრირებულია ცალკე იურიდიულ პირად და მინიჭებული აქვს ცალკე საიდენტიფიკაციო კოდი. კასატორის განმარტებით, 2010 წლის 24 აგვისტოს შეცდომით მოხდა ამონაწერის გაცემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ (ს/კ №...) 2014 წლის 18 ივნისს №20262 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე