საქმე № 080210014000662977
№ას-634-600-2015 30 სექტემბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – რ. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ააიპ „ა-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ლ-ის სარჩელი მოპასუხე ააიპ „ა-ის“ მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2002 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხესთან. 2004 წლის 28 მაისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს ამავე წლის 1 ივნისიდან სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა 2004 წლის 25 მაისის ბრძანებით №9.
5. მოსარჩელის განმარტებით, მან განცხადება გათავისუფლების თაობაზე დაწერა არა საკუთარი სურვილით, არამედ მის გარშემო მოპასუხის მიერ შექმნილი გაუსაძლისი გარემოსა და ზეწოლის შედეგად.
6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები მის მიმართ მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციის, რაიმე სახის ზეწოლის ან იძულების ფაქტზე. პალატის მოსაზრებით, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება არ იყო საკმარისი მითითებული გარემოებების დასადასტურებლად.
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ასევე, რომ რ. ლ-ის სარჩელი იყო ხანდაზმული, კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2004 წლის 1 ივნისს, სარჩელი კი სასამართლოში აღძრული იყო 2014 წლის 2 დეკემბერს, ე.ი. - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 10 წლის გასვლის შემდეგ.
8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, ვისი უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით იფარება (ისპობა) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა და ვალდებული პირი უფლებამოსილია - უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სასამართლოს განმარტებით, ხანდაზმულობის ვადის არსებობა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს აიძულებთ - დროულად მიმართონ თავიანთი დარღვეული უფლებების აღსადგენ საშუალებებს. სასამართლოს მითითებით, ზოგადად, ხანდაზმულობის ვადა აითვლება იმ დროიდან, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუმცა, თუ დავის დაწყების ფაქტობრივი საფუძვლის წარმოშობიდან გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი, მოთხოვნა ხანდაზმულია იმის მიუხედავად, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. სხვა სიტყვებით, ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს მისგან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
11.1. კასატორის მოსაზრებით, მან განცხადება დაწერა მოპასუხის მიერ მის გარშემო შექმნილი გაუსაძლისი გარემოსა და ზეწოლის შედეგად, რასაც ადასტურებდა ის გარემოება, რომ განცხადების დაწერის დროისათვის უკვე გათავისუფლებული იყო.
11.2. კასატორის მოსაზრებით, მისი მოთხოვნა ხამდაზმული არაა, კერძოდ, კანონი ზუსტად განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისს და ეს არის სამუშაოდან გათავისფლების ბრძანების ჩაბარების დღე, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა კასატორს უნდა აეთვალოს 2006 წლის 4 ივლისიდან, როდესაც ძალაში შევიდა საქართველოს შრომის კოდექსი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
16. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ უდავო ფაქტზე, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა 2004 წლის 1 ივნისს, სარჩელი კი სასამართლოში აღძრა 2014 წლის 2 დეკემბერს, ანუ 10 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის არა მარტო შრომის კოდექსით დადგენილი სპეციალური ვადები, არამედ ხანდაზმულობის საერთო 10 წლიანი ვადაც (სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მართალია, კასატორი აღნიშნავს, რომ თავისი უფლების დასაცავად იგი მიმართავდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს, მაგრამ, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მის მიერ მითითებული არცერთი გარემოება არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწვეტას (სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი).
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამუშაოდან მისი გათავისუფლება მოხდა მოპასუხის კანონსაწინააღმდეგო ზეწოლის შედეგად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაუსაბუთებელს ხდის მის მოთხოვნას.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ რ. ლ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2015 წლის 8 ივნისი, საგადახდო დავალება №1) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი