Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-660-626-2015 03 სექტემბერი, 2015 წელი,

ას-660-626-2015 ო-ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ. ო-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. კ-ი, გ. ნ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ. კ-მა 2002 წლის აგვისტოში მიითვისა დ. ო-ის კუთვნილი 2 000 აშშ დოლარი, რომლითაც ამ უკანასკნელს უნდა შეეძინა ბინა ქ. თბილისში. მას შემდეგ, რაც დ. ო-ემ მოითხოვა თანხის დაბრუნება, ლ. კ-ის დედამ გადასცა მხოლოდ 350 აშშ დოლარი.

2. ლ. კ-ის ნათესავმა - გ. ნ-ამ, რომლის სახლშიც ღამისთევისას ლ. კ-მა მიითვისა დ. ო-ის კუთვნილი თანხა, ნება დართო მოსარჩელის ოჯახს - ეცხოვრათ ამ ბინაში, მდებარე, ქ. №8, ბინა 41, სანამ ლ. კ-ი არ დააბრუნებდა 2 000 აშშ დოლარს; ასევე - მისცა მათ მითითებულ მისამართზე რეგისტრაციის უფლება.

3. გ. ნ-ამ 2009 წელს დ. ო-ე და მისი ოჯახი გამოასახლა ზემოთ აღნიშნული ბინიდან.

4. 2012 წლის 21 მაისს დ. ო-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შსს სამინისტროს ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამმართველოს გამოძიების დაწყების თაობაზე, ლ. კ-ის და გ. ნ-ას მიმართ, თაღლითური გზით ბინის საყიდელი ფულის მითვისების გამო. 2012 წლის 4 დეკემბერს მას უარი ეთქვა გამოძიების დაწყებაზე, სსკ-ით დადგენილი სისხლისამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

5. ანალოგიური განცხადებით მიმართა დ. ო-ემ საქართველოს მთავარ პროკურორს 2012 წლის 18 დეკემბერს. 2013 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებით შეწყდა გამოძიება იმის მითითებით, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ. კ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული; თუმცა, სს დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

6. დ. ო-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ლ. კ-ისა და გ. ნ-ასათვის სოლიდარულად 10 000 აშშ დოლარის დაკისრება.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ლ. კ-ს დაეკისრა დ. ო-ის სასარგებლოდ 9 650 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე გ. ნ-ას მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

8. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა განჩინების 1-5 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ დანაშაულის ჩადენა ლ. კ-ის მიერ განხორციელდა გ. ნ-ასთან შეთანხმებით, ან ერთიანი განზრახვით, რადგან აღნიშნული არ დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით. სასამართლომ მიუთითა, რომ ასევე, არ დასტურდება, რომ გ. ნ-ამ იკისრა თავდებობა ლ. კ-ის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. კერძოდ, დაკითხულმა მოწმეებმა არ დაადასტურეს, რომ თუკი ლ. კ-ი ვერ დააბრუნებდა მითვისებულ თანხას, გ. ნ-ა თანახმა იყო მის გადახდაზე.

9. სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლ. კ-ის მიერ დ. ო-ის კუთვნილი თანხის მითვისებამ ამ უკანასკნელს მიაყენა ზიანი, კერძოდ: მან ვერ შეიძინა ბინა ქ. თბილისში. ამასთან, მოპასუხე ცნობს სარჩელს ზიანის მიყენების ნაწილში, თუმცა მისი ოდენობის შეფასებას სასამართლოს ანდობს.

10. სასამართლომ მიუთითა, რომ ზიანის ოდენობის შეფასება უნდა მოხდეს იმ ფართის დღევანდელი საბაზრო ღირებულების შესაბამისად, რის შეძენასაც აპირებდა დ. ო-ე. წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით, მითითებული ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულება 10 000 აშშ დოლარია; ლ. კ-ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მითითებულ დასკვნას, თუმცა - საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. დ. ო-ისათვის ლ. კ-ის დედის მიერ დაბრუნებული 350 აშშ დოლარი, გამოაკლდა მოთხოვნილი ზიანის ოდენობას.

11. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 414-ე, 408-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ხელყოფილი სიკეთის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს იმ პირს, ვისი სიკეთეც იქნა ხელყოფილი. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონების ღირებულება, რომლის შეძენაც სურდა დ. ო-ეს, შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს. მოსარჩელე წლების განმავლობაში თხოვდა ლ. კ-ს თანხის დაბრუნებას, თუმცა - მხოლოდ 350 აშშ დოლარი მიიღო; ამდენად, მას მიადგა 9 650 აშშ დოლარის ზიანი, რაც უპირობოდ ექვემდებარება ანაზღაურებას.

12. სასამართლომ გ. ნ-ას მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია და ამ ნაწილში სარჩელის უარყოფის საფუძვლად მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არც ერთი მტკიცებულებით არ იყო დადასტურებული, რომ გ. ნ-ა რაიმე სახით მონაწილეობდა დ. ო-ის მიმართ ზიანის დადგომაში. იგი არ ყოფილა ლ. კ-ის უშუალო ხელშემწყობი, რადგან საერთოდ არ იცოდა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სურდა ბინის შეძენა და თან ჰქონდა რაიმე თანხა მის ბინაში ღამისთევისას. ასევე არ უსარგებლია მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანით, პირიქით - წლების განმავლობაში სრულიად უანგაროდ დაუთმო დ. ო-ეს კუთვნილი ბინა და არ მოუთხოვია მისთვის რაიმე სახის ანაზღაურება უძრავი ქონებით სარგებლობისათვის.

13. დ. ო-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ნ-ას მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

14. აპელანტის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ გ. ნ-ამ აღუთქვა თავდებობა დ. ო-ეს იმაში, რომ ლ. კ-ი ნამდვილად გადაუხდიდა ვალს; ამასთან, უფლება მისცა დ. ო-ეს - ოჯახთან ერთად უსასყიდლოდ ეცხოვრა მის კუთვნილ ბინაში და სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით გასცა თანხმობა ამავე ბინაში მოსარჩელის ოჯახის წევრთა რეგისტრაციის თაობაზე. ეს გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განიმარტოს, როგორც თავდებობის გამოხატვა.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა

16. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

17. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამდენად, თავდებობა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომლის წარმოშობისათვის, იმავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აუცილებელია თავდების წერილობითი განცხადება, მასში თავდების პასუხისმგებლობის ფარგლების მითითებით.

18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გ. ნ-ას მიერ შედგენილი ამგვარი წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს. აპელანტის მიერ საქმის განხილვისას 892-ე მუხლის მე-2 ნაწილის საგამონაკლისო ნორმაზე მითითება ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ნორმა ცალსახად მიუთითებს პროფესიული საქმიანობის ფარგლებში გაცხადებულ თავდებობაზე, რაც სახეზე არ არის. ეს საგამონაკლისო (სპეციალური) ნორმა, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ანალოგიით ვერ იქნება გამოყენებული სხვა შემთხვევებში.

19. დ. ო-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინება და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

20. კასატორის განცხადებით სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი. კერძოდ, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გ. ნ-ამ აღუთქვა თავდებობა დ. ო-ეს მასზედ, რომ ლ. კ-ი ნამდვილად გადაუხდიდა ვალს და, ამასთან, მისცა უფლება თავისი ოჯახით ეცხოვრა მის ბინაში, მანამდე, სანამ ვალი არ იქნებოდა დაფარული. უფრო მეტიც, სანოტარო წესით მისცა თანხმობა ბინაში რეგისტრაციის თაობაზე. აღნიშნული კი სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად შეფასებული უნდა იქნეს, როგორც თავდებობის გამოხატვა.

21. სასამართლო გვერდს უვლის ისეთ მტკიცებულებას, როგორიც გახლავთ მოწმეთა ჩვენებები, რომელთაც დაადასტურეს, რომ გ. ნ-ა თავდებში ჩაუდგა თავის ცოლისძმას, აღუთქვა რა დ. ო-ეს, რომ ეს უკანასკნელი უბინაოდ არ დარჩებოდა, ხოლო მანამდე ისარგებლებდა მისი ბინით.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით წარმოებაში მიიღო დ. ო-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

29.1. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე გ. ნ-ას დ. ო-ისათვის ზიანი არ მიუყენებია. იგი არ ყოფილა ლ. კ-ის უშუალო ხელშემწყობი, რადგან საერთოდ არ იცოდა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სურდა ბინის შეძენა და ჰქონდა ბინის შესაძენი თანხა. ასევე, გ. ნ-ას არ უსარგებლია მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანით, პირიქით - წლების განმავლობაში სრულიად უანგაროდ დაუთმო დ. ო.ეს კუთვნილი ბინა და არ მოუთხოვია მისთვის რაიმე სახის ანაზღაურება უძრავი ქონებით სარგებლობისათვის.

29.2. სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

29.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე არ დასტურდება, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

29.4. როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ გ. ნ-ა თავდებად დაუდგა ლ. კ-ს და აღნიშნული შეიძლება დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით, მაშინ როცა თავდებობა ფორმასავალდებულო გარიგებაა და სამოქალაქო კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად ნამდვილია მხოლოდ მაშინ, როცა წერილობითაა გაფორმებული.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 (ორასათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ო-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ დ. ო-ეს (პ/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 (სამასი) ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2015 წლის 13 ივლისი), 70% – 210 (ორასათი) ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. თოდუა

მომხსენებელი: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე