საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ას-667-633-2015 1 სექტემბერი, 2015 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ-ი ნ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ-ი მ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 19 აგვისტოს ნ-ი ნ-სა (შემდგომში: მოსარჩელე, მსესხებელი, ან კასატორი) და შპს „ფ-ი მ-ს“ (შემდგომში: მოპასუხე, ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის წერილობითი ფორმით დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის, 623-ე მუხლი].
2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხისაგან ექვსი თვით ისესხა 30 000 აშშ დოლარი წლიური 30%-ის დარიცხვით. მხარეთა შეთანხმებით სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე [სსკ-ის 625-ე, 417-ე მუხლები].
3. სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 20 აგვისტოს იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, წ-ის ქ. #15-ში, ( ს/კ --) [სსკ-ის 286.1. და 289.1 მუხლები].
4. მოსარჩელემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და დადგენილ ვადაში არ დააბრუნა სესხი. მოპასუხემ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა ნოტარიუსს [სსკ-ის 302.31 მუხლი, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი]
5. 2014 წლის 6 მარტს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, ვალდებულების შესრულების დრო განისაზღვრა 2014 წლის 28 თებერვლით. ვალდებულების მოცულობამ შეადგინა ჯამში 33 217.50 აშშ დოლარი, შესაბამისად, აქედან ძირითადი თანხა არის 30 000 აშშ დოლარი, პროცენტი (სარგებელი) - 2250 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 967 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯმა კი შეადგინა 124 ლარი და 0,36 თეთრი.
6. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელმა 2014 წლის 17 მარტს დაიწყო იძულებითი აღსრულების პროცესი.
7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება და სესხის ძირითადი თანხის 3000 აშშ დოლარით შემცირება, ასევე, პირგასამტეხლოს შემცირება 0,5%-დან 0,01%-მდე. მისი მოთხოვნა დამყარებული იყო იმაზე, რომ მას შესრულებული ჰქონდა ვალდებულება 3000$-ისა და სარგებლის 2 250$-ის ნაწილში და შესაბამისად, მოთხოვნის მოცულობაც უნდა შემცირებულიყო.
გარდა ამისა, მოსარჩელე ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს 0.5%- ით განსაზღვრას შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნევდა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა 2014 წლის 6 მარტს ნოტარიუს ე. ყ-ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში, ნაცვლად 967,50 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 96,75 აშშ დოლარით. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მიერ ძირითადი ვალდებულების ნაწილის - 3000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა სსკ-ის 417-ე, 420-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლები. გადაწყვეტილება აპელაციის წესით მოსარჩელემ (მსესხებელმა)გაასაჩივრა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
10. სააპალაციო სასამართლოს განჩინება კასაციის წესით გაასაჩივრა მსესხებელმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ შეძლო ვალდებულების ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, სააპელაციო სასამართლოს მაინც დადგენილად უნდა მიეჩნია 3000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია. სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის. სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების ნაწილობრივი შესრულების ფაქტი, სწორედ კასატორს უნდა დაემტკიცებინა. მან კი ვერ წარუდგინა სასამართლოს მის მიერ მოპასუხისათვის 3 000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი დასაშვები მტკიცებულება - კრედიტორის მიერ სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაცემული შესრულების მიღების წერილობითი დოკუმენტი.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნ--ი ნ--ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ--ი ნ--ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ნ--ი ნ--ს (პ/ნ --) დაუბრუნდეს მის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საკრედიტო საგადასახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 22.07.15 ბანკი - რესპუბლიკა), 338,60 ლარის, 70% – 237,02 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი