საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ას-673-639-2015 22 სექტემბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „სა-ო კო-ა ჯ-ი ჰ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ-ა ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 მაისის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – სადაზღვევო თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ-ა ბ–ის (შემდეგში: „მოსარჩელის, აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის“) აწ გარდაცვლილი მეუღლე მი---ლ გო–--ე (შემდეგში „დაზღვეული“) მუშაობდა შპს „ს-ს ფ-ი“ (შემდეგში: „დამზღვევი ან დამსაქმებელი“] გენერალური ინსპექციის დაცვის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.
2. 2013 წლის 31 მაისს შპს „ს-ო კ-ა ჯ-ი ჰ-თან“ (შემდეგში: „მოპასუხესთან, კასატორთან, მოწინააღმდეგე მხარე ან მზღვეველთან“) დადებული ხელშეკრულების #შ/მ-195 საფუძველზე დამსაქმებელმა დააზღვია დასაქმებულების, მათ შორის, მ-ლ გ-ის სიცოცხლე და ჯანმრთელობა [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის, 799-ე და 844.1 მუხლები].
3. სადაზღვევო შემთხვევას, სხვა გარემოებებთან ერთად, წარმოადგენდა გაუთვალისწინებელი გარეგანი ძალისმიერი ზემოქმედება, რომელიც უშუალოდ გამოიწვევდა დაზღვეულის სხეულის დაზიანებას ან გარდაცვალებას [სსკ-ის 854-ე მუხლი].
4. დაზღვეული უფლებამოსილი იყო, სადაზღვევო შემთხვევის შემთხვევაში, ესარგებლა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთახმების გარეშე, რადგანაც მას ხელთ ჰქონდა სადაზღვევო მოწმობა (პოლისი) [სსკ-ის 837-ე და 844-ე მუხლები].
5. 2013 წლის 23 აგვისტოს სოფელ წინანდალში მყოფ დაზღვეულს დაუსრიალდა ფეხი, ვერ შეიკავა თავი, წაიქცა და მიიღო თავის მძიმე ტრავმა. იგი შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ სახლში უგონოდ მყოფი ნახეს. უბედური შემთხვევის შედეგად დაზღვეული 2013 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა.
6. დაზღვეულის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს მოსარჩელე (რეგისტრირებული მეუღლე). ამ უკანასკნელის სამემკვიდრეო უფლებები დადასტურებულია 2014 წლის 10 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობით [სსკ-ის 1336-ე და 1499-ე მუხლები].
7. მოსარჩელემ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მიმართა მზღვეველს და მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევის გამო [დაზღვეულის გარდაცვალება] სადაზღვევო თანხის, 4000 ლარის ანაზღაურება.
8. მზღვეველმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უარის მიზეზად მითითებული იქნა აწ გარდაცვლილის მიერ ალკოჰოლის მიღება [სიმთვრალე], რაც დაზღვევის ხელშეკრულების (უბედური შემთხვევის დაზღვევა) მე-6 პუნქტის შესაბამისად, გამორიცხავდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მზღვეველის წინააღმდეგ სადაზღვევო თანხის, 4000 ლარის, დაკისრების მოთხოვნით.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელის უარყოფას სასამართლომ საფუძვლად დაუდო მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება; კერძოდ ის, რომ დაზღვეული უბედური შემთხვევის დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დამსაქმებლის მიერ მზღვეველთან დადებული ხელშეკრულების სტანდარტული დებულებით (პ.6) დაზღვეულის გარდაცვალება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ პროვოცირებული იყო ამ უკანასკნელის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნით, გამორიცხავდა სადაზღვევო თანხის მოთხოვნის უფლებას. მოსარჩელემ გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა .
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 12 მარტს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მზღვეველის მიერ დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით სააპელაციო შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდგომში სსსკ-ის, 372-ე, 2321 და 234-ე მუხლები]. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ მოთხოვნას.
12. 2015 წლის 26 მარტს მზღვეველმა შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე, იმ მოტივით, რომ შესაგებლის დროულად წარუდგენლობა განაპირობა მენეჯერის მიერ დაშვებულმა შეცდომამ, რომელმაც უფლებამოსილ პირს სასამართლოს გზავნილი დროულად არ გადასცა. გარდა ამისა, საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას [სსკ-ის 2321-ე მუხლი]. გარდა ამისა, მზღვეველი მოითხოვდა გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას.
13.სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 7 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა საქმისწარმოების განახლების თაობაზე.
14.როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისე საქმისწარმოების განახლებაზე უარის თქმის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მზღვეველმა და მოითხოვა მათი გაუქმება.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დ,ა 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საქმის მასალების გაცნობის, მათი ანალიზის, ასევე საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, სახელდობრ:
16.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვა წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით (სსსკ-ის 372-ე მუხლი). სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებით წარმოებაში მიიღო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და მზღვეველს შესაგებლის წარმოსადგენად განუსაზღვრა 7 დღე. [სსსკ-ის 372-ე, 201-ე და 373-ე მუხლის პირველი ნაწილები]. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტით მასვე განემარტა არასაპატიო მიზეზით შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შედეგები [სსსკ-ის 372-ე და 2321 მუხლები].
16.2. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მზღვეველს სააპელაციო სასამართლოს გზავნილი სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 2015 წლის 17 თებერვალს [იხ. ტ.2 ს.ფ.19). ასევე დადგენილია, რომ მან დადგენილ ვადაში არ წარადგინა შესაგებელი. შესაგებლის წარუდგენლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით. ის გარემოება, რომ მენეჯერმა გამოიჩინა უყურადღებობა და უფლებამოსილ პირს არ გადასცა სასამართლოს გზავნილი, საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება და, შესაბამისად, სამართლებრივ შედეგს ვერ შეცვლის, რადგანაც არ წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გამომრიცხავ გარემოებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას კრძალავს სსსკ-ის 233-ე და 230-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:
ა) თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სსსკ-ის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
ბ) თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;
გ) თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
დ) თუ არ არსებობდა სარჩელის აღძვრის წინაპირობები;
ე) თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. [ჩამოთვლილთაგან არცერთი გარემოება საქმეზე დადგენილი არ ყოფილა.]
16.3. მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ ფაქტებზე:
ა) გარდაცვლილი მეუღლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაზღვეული იყო უბედური შემთხვევისაგან;
ბ) სადაზღვევო შემთხვევა, გაუთვალისწინებელი გარეგანი ძალისმიერი ზემოქმედება (ფეხის ასრიალების შედეგად თავის ტრავმის მიღება), დაფიქსირდა 2013 წლის 23 აგვისტოს, რასაც შედეგად მოჰყვა მეუღლის გარდაცვალება;
გ) მის ხელთაა კასატორის მიერ გაცემული სადაზღვევო მოწმობა (პოლისი);
დ) იგი წარმოადგენს გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 854-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის, ზიანის ანაზღაურების, მოთხოვნის წარდგენის საფუძველია. როგორც უკვე აღინიშნა, მზღვეველმა დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა შესაგებელი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უფლება ჰქონდა ზეპირი მოსმენის გარეშე მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგანაც ამ შემთხვეევაში, აპელანტის მიერ მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლებოდა, მათ შორის, აპელანტის მიერ საჩივარში სადავოდ გამხდარი ის ფაქტიც, რომ სადაზღვევო შემთხვევის დროს დაზღვეულს არ ჰქონდა ალკოჰოლი მიღებული [სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი]. აქედან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ დააარღვია სსსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, უსაფუძვლოა.
16.4. უსაფუძვლოა გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევისა და მისი აღდგენის მოთხოვნაც.
მართალია, სსსკ-ის 65-ე მუხლი ასეთ შესაძლებლობას ითვალისწინებს, მაგრამ ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობაა საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის არსებობა და საპროცესო მოქმედების საპატიო მიზეზით შეუსრულებლობა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილში მითითებული გარემოებები [სსსკ-ის 66-ე მუხლი]. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის მიერ გაშვებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა და არ იკვეთება სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრები: ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას [ამასთან დაკავშირებით იხილეთ განჩინება საქმეზე №ას-1212-1154-2014 20 იანვარი, 2015 წელი].
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, არ დაურღვევია კანონი და სწორად დატოვა იგი ძალაში, შესაბამისად, მზღვეველის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს-ო კ-ა ჯ-ი ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 მაისის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი