Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-675-641-2015 22 სექტემბერი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ-ბ ფ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,თ-ო ჯ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება, განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 30 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საიჯარო ფართით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, ქვეიჯარის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2009 წლის 5 მარტს მ-ბ ფ-ძესა (შემდეგში: „პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან გამსესხებელი“) და შპს „ლ-ს“ (შემდეგში: „მსესხებელი“) შორის დაიდო სესხის წერილობითი ხელშეკრულება. მსესხებელმა 2 წლით, 2011 წლის 5 მარტამდე, ისესხა 150 000 აშშ დოლარი. ყოველთვიური სარგებელი (პროცენტი) შეადგენდა 5%-ს [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის 623-ე და 625-ე მუხლები].

2. 2009 წლის 11 მარტს სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად გამსესხებლის სასარგებლოდ მეორე რიგის გირავნობის უფლებით დაიტვირთა დაბა ხელვაჩაურში მდებარე მსესხებლის საკუთრებაში არსებული სამშენებლო ბლოკების დამამზადებელი საამქრო. გირავნობა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში [სსკ-ის 254-ე და 258-ე მუხლების პირველი ნაწილები]. მითითებულ ქონებაზე, ზემოაღნიშნული გირავნობის რეგისტრაციამდე, 2007 წლის 2 ნოემბრიდან, რეგისტრირებული იყო სს „თ-ი ბ-ის“ (შემდეგში: „ბანკი“) გირავნობის უფლება.

3. 2009 წლის 31 დეკემბერს ბანკმა იძულებით აუქციონზე 112 889 ლარად შეიძინა მსესხებლის კუთვნილი ძირითადი საშუალებები: სამშენებლო ბლოკის ქარხანა, ამზელი მიქსერი, ქვესადგამები და ანალოგიური ბაქნები, მასისა და ცემენტის ბუნკერები, რაზეც გაიცა შესაბამისი განკარგულება #--. განკარგულების მიხედვით, შემძენის საკუთრებაში გადავიდა უფლებრივად დაუტვირთავი ქონება [სსკ-ის მუხლი 285-ე მუხლის პირველი ნაწილი]

4. 2012 წლის 30 ნოემბერს ბანკმა დაბა ხელვაჩაურში მდებარე სამშენებლო ბლოკის ქარხანა, ამზელი მიქსერი, ქვესადგამები და ანალოგიური ბაქნები, მასისა და ცემენტის ბუნკერები მიჰყიდა შპს „G-A“-ს (შემდეგში: „მესაკუთრე ან გამყიდველი“) [სსკ-ის 477-ე მუხლი].

5. 2012 წლის 15 დეკემბერს მესაკუთრემ დაბა ხელვაჩაურში მდებარე მისი კუთვნილი ქონების ნაწილი, მათ შორის: სამშენებლო ბლოკის ქარხანა, ამზელი მიქსერი, ქვესადგამები და ანალოგიური ბაქნები, მასისა და ცემენტის ბუნკერები, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადასცა მოსარჩელეს [სსკ-ის 581-ე მუხლის პირველი ნაწილი].

6. 2013 წლის 28 მარტს მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა და იჯარის საგანი დაუბრუნდა მესაკუთრეს [სსკ-ის 564-ე და 581.2. მუხლები]

7. 2013 წლის 28 მარტს გამყიდველთან (G-A) დადებული ნასყიდობის საფუძველზე მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა სამშენებლო ბლოკის ქარხანა, ამზელი მიქსერი, ქვესადგამები და ანალოგიური ბაქნები, მასისა და ცემენტის ბუნკერები [სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილი].

8. 2013 წლის 1 მაისს მოსარჩელესა და შპს „ჩ-ნ 2-ს“ (შემდგომში: „მეორე მოპასუხე ან მეიჯარე“) შორის დაიდო ქვეიჯარის ხელშეკრულება და მოსარჩელეს დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ. ბათუმში, მა-ის დასახლება ფ. ხ-ის ქ. #225-ში მდებარე 2500 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, 342 მ2 სასაწყობო შენობა და 19,3 მ2 დამხმარე სათავსო. მოსარჩელემ შეძენილი სამშენებლო ბლოკის ქარხანა დაშალა და გადაიტანა ქვეიჯარით აღებულ ტერიტორიაზე და შეუდგა სამეწარმეო საქმიანობას.

9. 2014 წლის თებერვალში მოსარჩელის წარმომადგენელს (დირექტორს), დაუკავშირდა პირველი მოპასუხე, რომელმაც გააცნო ვინმე რ-ნ ხ-ძე (შემდეგში: „მესამე პირი“), როგორც სამშენებლო ბლოკის დამამზადებელი ქარხნის შეძენით დაინტერესებული პირი.

10. მესამე პირი მონაწილეობდა მოსარჩელის კუთვნილი სამშენებლო ბლოკის მწარმოებელი ქარხნის შეძენასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, რომელმაც ქარხნის შეძენის ერთ-ერთ პირობად წამოაყენა მიწის ნაკვეთის პირდაპირ მათ სახელზე ქვეიჯარით გადაცემა. ამ პირობის გათვალისწინებით, 2014 წლის 19 თებერვალს მოსარჩელემ უარი თქვა მეიჯარესთან დადებულ 2013 წლის 1 მაისის ქვეიჯარის ხელშეკრულებაზე.

11. 2014 წლის 4 თებერვალს მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის გაფორმდა ქვეიჯარის ხელშეკრულება. მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ. ბათუმში, მ-ის დასახლება ფ. ხ–ის ქ. #225-ში მდებარე 2500 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი, 342 მ2 ფართის სასაწყობო შენობა და 19,3 მ2 ფართის დამხმარე სათავსი.

12. მოიჯარემ, რომლის დირექტორი, დაკვირვებას აწარმოებდა ქარხნის მუშაობაზე, ქვეიჯარით გადაცემულ ტერიტორიაზე დააყენა დაცვა და მოსარჩელის წარმომადგენლებს აღარ უშვებდა ტერიტორიაზე.

13. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა:

ა) 2014 წლის 19 თებერვალს მის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნების ბათილად ცნობა, რომლითაც მან უარი თქვა 2013 წლის 1 მაისის ქვეიჯარის ხელშეკრულებაზე.

ბ) 2014 წლის 4 თებერვალს მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის გაფორმებული ქვეიჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

გ) მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ქ. ბათუმში, მ-ის დასახლება ფ. ხ-ის ქ. #225-ში მდებარე 2500 მ2 მიწის ნაკვეთი, 342 მ2 ფართის სასაწყობო შენობისა და 19,3 მ2 დამხმარე სათავსოს გამოთხოვა და სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა;

დ) 2014 წლის 21 იანვარს პირველ და მესამე მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ე) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ქონებების გამოთხოვა.

ვ) 2014 წლის 19 თებერვლიდან სარჩელის შეტანამდე საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლით მიყენებული ზიანის, 17168 ლარის, ხოლო სარჩელის წარდგენის შემდეგ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის 6 777 ლარის, მოპასუხეებისათვის დაკისრება.

14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რომელიც აპელაციის წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2014 წლის 5 მარტს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადნენ აპელანტი და მისი წარმომადგენელი.

16. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა პირველმა მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან:

ა)სასამართლოსათვის წინასწარ იყო ცნობილი აპელანტის წარმომადგენლის ავადმყოფობის შესახებ;

ბ) აპელანტი სათანადო წესით არ იყო გაფრთხილებული სასამართლო სხდომის შესახებ.

17. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა 2014 წლის 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საქმის მასალების გაცნობის, მათი ანალიზის, ასევე საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად, პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

19.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ კანონის სრული დაცვით მიიღო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ასევე სწორად არ დააკმაყოფილა კასატორის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. სახელდობრ:

19.2. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით [სსსკ-ის 372-ე მუხლი]. საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის განჩინებით დაინიშნა მთავარი სხდომა იმავე წლის 12 თებერვლის 15:30 საათისათვის [სსსკ-ის 373-ე და 376-ე მუხლები]. მთავარ სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პირველი მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმის მოსმენა გადადო 2015 წლის 5 მარტის 15:30 საათისათვის. იმავე წარმომადგენელმა 4 მარტს სასამართლოს აცნობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას და კვლავ მოითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისთვის გადადება. 5 მარტის სხდომაზე არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. კასატორის მტკიცება, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წანამძღვრები დაუსაბუთებელია.

19.3. საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში [სსსკ-ის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება]. რასაკვირველია, მხარეს/ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს; ამასთან, ისინი ვალდებული არიან სათანადოდ დაასაბუთონ გადადების მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შუამდგომლობა შეიძლება პროცესის გაჭიანურების მცდელობას ემსახურებოდეს. დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე პირველი მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობით ა/წლის 12 თებერვალს დანიშნული საქმის მოსმენა გადაიდო 5 მარტისათვის. ამის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებს. 4 მარტის სხდომის გადადების საპატიო მიზეზად პირველი მოპასუხის წარმომადგენელი ასახელებდა მის ავადმყოფობას. მოგვიანებით საჩივარზე დართული ცნობით დადგინდა, რომ წარმომადგენელს ექიმმა დაუსვა დიაგნოზი: „ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, დაუზუსტებელი“ და მისცა ბინაზე მკურნალობის რეკომენდაცია. სააპელაციო სასამართლომ სწორად არ ჩათვალა აღნიშნული გარემოება საქმის გადადების კანონიერ საფუძვლად და გააკეთა დასკვნა იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი ცნობა პირდაპირ არ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობაზე [სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინდადება].

19.4. დადგენილია, რომ მხარის (პირველი მოპასუხე) გამოუცხადებლობასაც არ გააჩნია საპატიო მიზეზი. სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად შეაფასა საქმის გარემოებები და დაასკვნა, რომ ა/წლის 12 თებერვლის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ეცნობა მომავალი სხდომის თარიღისა და ადგილის შესახებ, ეს კი კანონის დანაწესიდან გამომდინარე, გულისხმობს იმას, რომ აღნიშნულის შესახებ ეცნობა კასატორსაც [სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი].

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას არ დაურღვევია კანონი და სწორად დატოვა იგი ძალაში; შესაბამისად, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ-ბ ფ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება.

3. მ-ბ ფ-ძე გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი