Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-681-647-2015 03 სექტემბერი, 2015 წელი

ას-681-647-2015 ზ-ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ. ზ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - თ. ნ-ე, მ. ზ-ე, ნ. ზ-ე, გ. შ-ი, შპს „ც-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საკუთრების უფლების გაუქმება, სამკვიდრო მოწმობების, ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საჯარო რეესტრის მონაცემებით ქ. თბილისში, კ-ას, №1 შესახვევში №27-ში მდებარე უძრავი ქონება (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...) დღეისათვის ირიცხება გ. შ-ის, კ. წ-ის, ქ. ზ-ის, ხ. მ-ის და შპს „ც-ის“ საკუთრებაში.

2. შპს „ც-ის“ საკუთრების უფლების საფუძველს წარმოადგენს 2007 წლის 27 ნოემბერს, ერთი მხრივ, მ. ზ-ეს, თ. ნ-ესა და ნ. ზ-ეს და, მეორე მხრივ, შპს „ც-ს“ შორის დადებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენს მთელი უძრავი ნივთის - 288 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული №1, №2, №3 შენობების, ფართით 176.45 კვ.მ., ½ ნაწილი. მ. ზ-ემ, თ. ნ-ემ და ნ. ზ-ემ აღნიშნული უძრავი ქონება 2003 წლის 09 ივლისს მიიღეს ნ. ზ-ისაგან, რომელმაც აღნიშნული ქონება მემკვიდრეობით მიიღო თავის მამისაგნ ზ. ზ-ისაგან 1971 წლის 03 ივლისს.

3. გ. შ-ის საკუთრების უფლების საფუძველს წარმოადგენს 1994 წლის 14 აპრილს მ. შ-სა და გ. შ-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება.

4. დ. ზ-ი რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, კ-ას ქ. თბილისში, კ-ში მდებარე დ. ზ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი შენობა - ნაგებობა და სარდაფი განთავსებულია 27.82 კვ.მ. მიწის ფართობზე. დ. ზ-ის მიერ დაკავებული ფართი საინვენტარიზაციო გეგმის მონაცემების თანახმად შედის შპს „ც-ისა“ და გ. შ-ის საკუთრებაში.

5. დ. ზ-ის მამა ი. ზ-ი გარდაიცვალა 1985 წლის 22 ივნისს. მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილები ი. ზ-ი და მოსარჩელე დ. ზ-ი. 1994 წელს ნოტარიუს ლ. გ-ის მიერ 1985 წლის 22 ივნისს გარდაცვლილი ი. ზ–ის სამკვიდრო ქონებაზე - ქ. თბილისში, კ-ში მდებარე უძრავი ქონების მამკვიდრებლის კუთვნილ წილზე, გაიცა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა შვილის ი. ი-ს ძე ზ-ის სასარგებლოდ.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მარტის განჩინებით დ. ზ-სა და მოპასუხე ი. ზ-ს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმად მოსარჩელემ აღიარა, რომ ი. ზ–ი წარმოადგენს ქ. თბილისში, კ-ში მდებარე, მამისაგან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და არანაირი პრეტენზია არ გააჩნია ამ ქონების მიმართ. თავის მხრივ, ი. ზ-მა დაადასტურა, რომ მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, კ-ში და ხელს არ შეუშლის მოსარჩელეს ამ ფართის დაკანონებაში (ტ.1, ს/ფ 263-266).

7. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ი. ზ-ის საკუთრებაში ირიცხება ქ.თბილისში, კ-ში მდებარე უძრავი ქონებიდან შენობა №1-ში II სართული: საერთო ფართით 50.17 კვ.მ. (1/2 ნაწილი), ხოლო დ. ზ-ის (პირადი ნომერი …) სახელზე ირიცხება - შენობა №3 საერთო ფართით 33.11 კვ.მ. (ტ. I, ს.ფ. 261) დღეისათვის დ. და ი. ზ-ების საკუთრებაში ირიცხება ქ.თბილისში, კ-ში მდებარე უძრავი ქონების შესაბამისი წილები.

8. 1975 წლის მდგომარეობით ი. ა-ს ძე ზ-ისა და ნ. ა-ს ძე ზ-ის (მოსარჩელის მამისა და ბიძის) სახელზე ირიცხებოდა ლ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ყოველგვარი იურიდიული საბუთის გარეშე. თბილისის კალინინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. და ნ. ზ-ების სახელზე დაკანონდა ლ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი არსებულ მდგომარეობაში. დ. ზ-ს კი ფართი ფაქტობრივად დაკავებული აქვს კ-, №1 შესახვევში №27-ში.

9. დ. ზ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა: 1) გ. შ-ის საკუთრების უფლების გაუქმება ქ. თბილისში, კ-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილზე, კერძოდ, 13.91. კვ.მ. მიწის ნაკვეთზე; 2) შპს "ც-ის" საკუთრების უფლების გაუქმება ქ. თბილისში, კ-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილზე, კერძოდ, 13.91. კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მასზე განთავსებულ 13.325 კვ.მ. საცხოვრებელ სახლზე და 4.125. კვ.მ. სარდაფზე; 3) 1971 წლის 3 ივლისს ნოტარიუს თ. მ-ის მიერ მამკვიდრებელ ზ. ზ-ის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრე ნ. ზ-ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის, 2003 წლის 9 ივლისს ნოტარიუს ე-ის მიერ მამკვიდრებელ ნ. ზ-ის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეების მ. ზ-ის, თ. ნ-ისა და ნ. ზ-ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის, 2007 წლის 27 ნოემბერს, ერთი მხრივ, მ. ზ-ეს, თ. ნ-ესა და ნ. ზ-ეს და, მეორე მხრივ, შპს „ც-ს“ შორის დადებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 1994 წლის 14 აპრილს მ. შ-სა და გ. შ-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების სადავო უძრავი ქონების ნაწილში ბათილად ცნობა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1407-ე, 1404-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედ.) 539-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 180-ე მუხლები.

12. სასამართლომ დადგენილად ცნო განჩინების 1-8 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

13. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელის მამის - ი. ზ–ის, შესაბამისად, მოსარჩელის, როგორც მემკვიდრის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, კ-ში მდებარე უძრავი ქონების მის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ნაწილზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, არ არსებობს სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხეების გ. შ-ისა და შპს „ც-ის“ საკუთრების უფლების გაუქმების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.

14. სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობაში იგულისხმება აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა.

15. სასამართლომ მიუთითა მოცემულ შემთხვევაში დ. ზ-ის მიზანია უძრავი ქონების საკუთრების უფლებით დარეგისტრირება. ვინაიდან სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი დ. ზ-ის უფლება სადავო უძრავი ქონების მიმართ, სარჩელის დაკმაყოფილება ამ ნაწილში ვერ უზრუნველყოფს მისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

16. დ. ზ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

17. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე:

17.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დ. ზ-ი 1976 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, კ-ში და მის ფაქტობრივ მფლობელობაშია საცხოვრებელი სახლი 26.65 კვ.მ ფართით და 8.25 კვ.მ სარდაფი განთავსებული 27.82 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, როგორც ცალკე უფლების ობიექტზე საჯარო რეესტრში ჩანაწერი არ არსებობს. აღნიშნულ მისამართზე საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია მოპასუხეთა საკუთრების უფლება წილობრივი მონაცემებით უძრავი ქონების გამიჯვნის გარეშე.

17.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ დაადგინა გარემოება მასზედ, რომ დ. ზ-ის მამას, ი. ზ-ს გააჩნდა დაუკანონებელი ქონება I შესახვევი N27-ში, რომლის დაკანონებასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ ი. და დ. ზ-ები 21.03.2007წ. განჩინებით, სწორედ დასახელებული ფართი შედის მოპასუხეთა: შპს „ც-ის“ და გ. შ-ის საკუთრებაში და ამის გამო აპელანტი ვერ იკანონებს ფართს.

17.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ დ. ზ-ს კ-ში მდებარე უძრავი ქონების შესაბამისი წილები დარეგისტრირებული აქვს ი. ზ-თან ერთად. სასამართლომ არ დაადგინა გარემოება იმის შესახებ, რომ თავდაპირველად კოსტავას გასასვლელი 27-ში და 27ა-ში მდებარე უძრავ ქონებას მინიჭებული ჰქონდა ერთი ნომერი - 27, რაც შემდეგ გაიყო 27 ა-დ, რის გამოც დ. ზ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართი დარჩა კ-ში. აპელანტის მითითებით, გაურკვეველია, რის საფუძველზე მიაკუთვნა მოპასუხეებს სასამართლომ აღნიშნული ფართი მაშინ, როდესაც დასახელებული ფართი არასდროს წარმოადგენდა მოპასუხეთა საკუთრებას.

17.4. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 185-ე, 312-ე, 1306-ე, 1421-ე მუხლები და არ ცნო ბათილად სადავო გარიგებები. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო სამართლის კოდექსი 1964 წლის რედაქციით.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო განჩინების 1-8 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

20. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მამას - ი. ზ–ს საკუთრების უფლება გააჩნდა ქ. თბილისში, კ-ში მდებარე უძრავი ქონების შესაბამის წილზე და სწორედ აღნიშნული ქონება შევიდა მისი გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდრო მასაში. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მასზედ, რომ ქ. თბილისში, კ-ში ამჟამად დ. ზ-ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართი შედიოდა მოსარჩელის მამის - ი. ზ-ის სამკვიდრო მასაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, უსაფუძვლოა მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელე დ. ზ-ი სამემკვიდრეო უფლებების რეალიზების შედეგად მოიპოვებს უფლებას მის მიერ მიერ ქ. თბილისში, კ-ში ფაქტობრივად დაკავებულ ფართზე.

21. სააპელაციო პალატამ, ასევე აღნიშნა, რომ წინამდებარე სარჩელის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ დ. ზ-ის, როგორც ი. ზ-ის პირველი რიგის მემკვიდრის მოთხოვნის საფუძვლიანობა დ. ზ-ის მიერ ქ. თბილისში, კ-ში ფაქტობრივად დაკავებულ ფართზე უფლების მოსაპოვებლად. წინამდებარე სარჩელის ფარგლებში სასამართლო არ იკვლევს სადავო ფართზე სხვა საფუძვლებით დ. ზ-ის მფლობელობის უფლების არსებობა-არარსებობის საკითხს.

22. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდრო მოწმობის, ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი აღიარებითი ხასიათისაა და სარჩელის განხილვა-გადაწყვეტისათვის აუცილებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიული ინტერესის არსებობა სასამართლო გადაწყვეტილებით ასეთ აღიარებასთან მიმართებაში. სახელდობრ, ზემოხსენებული ნორმის დანაწესის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა და სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი, ამასთან, იგი აუცილებლად მიღწევადი უნდა იყოს. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის აუცილებელი წინაპირობებია: მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე; მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის; მართალია, ზემოხსენებულ გარემოებებზე კანონში უშუალოდ არ არის მითითებული, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ ასეთი გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის სპეციალური ფორმის მიმართ მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესებიდან.

23. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან, სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი დ. ზ-ის უფლება სადავო უძრავი ქონების მიმართ, არ არსებობს 03.07.1971წ. მამკვიდრებელ ზ. ზ-ის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრე ნ. ზ-ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის, 09.07.2003წ. მამკვიდრებელ ნ. ზ-ის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეების მ. ზ-ის, თ. ნ-ისა და ნ. ზ-ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის, 27.11.2007წ. გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 14.04.1994წ. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.

24. დ. ზ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

25. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

25.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ კასატორის მიერ დაკავებული ფართი არ შეადგენდა მამისეულ ქონებას. საქმეში წარდგენილია სასამართლო გადაწყვეტილებები და ჩაწერის წიგნი, რომლითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ თავდაპირველად არსებობდა კ-ას გასასვლელი 27 და შემდგომ მიენიჭა 27-ა. კ-ას გასავლელი 27-ში იყო განთავსებული მამისეული ქონება. მათ შორის დ. ზ-ის მიერ დაკავებული ფართი, რომელსაც შემდგომ მიენიჭა ნომერი 27-ა, არც "ც-ის" და არც გ. შ-ს არ შეუძენია კასატორის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართი.

25.2. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 185-ე, 312-ე და 1306-ე მუხლები და ბათილად არ ცნო სადავო გარიგებები, მაშინ როდესაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება რომ დ. ზ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართი რეალურად და იურიდიულად არ შედიოდა მოწინააღმდეგე მხარეების მფლობელობაში და საკუთრებაში, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.1."ა" და "ბ" მუხლის მოთხოვნა.

25.3. დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლები ამ განჩინების 17.1-17.4 პუნქტში მითითებული სააპელაციო პრეტენზიების იდენტურია.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

31. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

33.1. დადგენილია, რომ კასატორი (მოსარჩელე) დ. ზ-ი პრეტენზიას აცხადებს მის მიერ ქ. თბილისში, კ-ში ფაქტობრივად დაკავებულ საცხოვრებელი სახლის 26.65 კვ.მ ფართზე და 8.25 კვ.მ სარდაფზე, რომელიც განთავსებულია 27.82 კვ.მ მიწის ნაკვეთზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენდა მისი მამის, ი. ზ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით მიიღო დ. ზ-მა.

33.2. უდავოა, რომ დ. ზ-ის მამის ი. ზ-ის სამკვიდროს შეადგენდა ქ. თბილისში, კ-ში მდებარე უძრავი ქონება. დ. ზ–ს კი ფართი ფაქტობრივად დაკავებული აქვს კ, №1 შესახვევში №27-ში. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი დ. ზ-ის უფლება სადავო უძრავი ქონების მიმართ. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისში, კ-ში დ. ზ-ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართი შედიოდა მოსარჩელის მამის - ი. ზ-ის სამკვიდრო მასაში, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა.

33.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღიარებითი სარჩელის შესახებ და დამატებით განმარტავს, რომ აღიარებითი ანუ უფლებადამდგენი სარჩელის აღძვრის აუცილებელი პირობა იურიდიული ინტერესის არსებობაა. იურიდიული ინტერესი დასაბუთებულია, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელე დარღვეულ ან შეზღუდულ უფლებას აღიდგენს, ასევე თუ იცვლება მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა და აღიარებითი სარჩელის წარდგენა დარღვეული თუ შელახული უფლების აღდგენის ერთადერთი გზაა. ამასთან, აღნიშნული ინტერესი უნდა იყოს დასაბუთებული და გამართლებული, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არის დადასტურებული.

33.4. რადგან სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი დ. ზ-ის უფლება სადავო უძრავი ქონების მიმართ, სამკვიდრო მოწმობის, ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა ვერ უზრუნველყოფს მისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. თოდუა

მომხსენებელი: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე