Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-695-661-2015 24 სექტემბერი, 2015 წელი,

№ას-695-661-2015 თ-ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ზ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2014 წლის 24 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ზ-ემ (შემდეგში - მოსარჩელე ან გამსესხებელი) ნ. თ-ის (შემდეგში - მოპასუხე ან მსესხებელი) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხად გადაცემული თანხის 4 900 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში -სსკ, 623-ე მუხლი).

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრა 4 900 (ოთხი ათას ცხრაასი) აშშ დოლარის გადახდა, ასევე, მოსარჩელის საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მსესხებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განჩინებით, მსესხებელს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე; ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ივნისის განჩინებით მსესხებლის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას პირადად ესწრებოდა სააპელაციო საჩივრის ავტორი - მსესხებელი (ს.ფ. 42-47). ხოლო სააპელაციო საჩივარი მსესხებელმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2015 წლის 11 მაისს (ს.ფ.59-86).

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 368-ე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლებით და განმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მსესხებელი ესწრებოდა პირადად, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით განსაზღვრული 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 28 მარტს და დასრულდა 2015 წლის 10 აპრილს. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2015 წლის 11 მაისს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, მსესხებლის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

9. მსესხებელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

10. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მართალია ის ესწრებოდა საქალაქო სასამართლოში დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე გამართულ სხდომას და, შესაბამისად, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მაგრამ სასამართლოს მისთვის გასაჩივრების წესი არ განუმარტავს; ამდენად, მისთვის უცნობი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, 20-დან 30 დღის განმავლობაში სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გამოცხადების ვალდებულების შესახებ. მსესხებელმა სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღო 2015 წლის 04 მაისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2015 წლის 11 მაისს, კანონით დადგენილ 14 დღიანი ვადის დაცვით. მსესხებელს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, მას წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და სიმართლის დამტკიცების საშუალება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით ნ. თ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

14. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, ასევე იმ გარემოებას, რომ მსესხებელს, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განცხადებას, რომ მას სასამართლომ არ განუმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და წაართვა უფლება სამართლიან სასამართლოზე.

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია და, შესაბამისად, მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესახებ, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. თ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ივნისის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე