საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-703-669-2015 03 სექტემბერი, 2015 წელი,
ას-703-669-2015 ხ-ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე –ზ. ჩ-ი, მ. მ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელემ, ო. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხეების მ. მ-ასა და ზ. ჩ-ის მიმართ სოლიდარულად თანხის დაკისრება.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის, ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მ. მ-ას, მოსარჩელის, ო. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12 880 (თორმეტი ათას რვაას ოთხმოცი) ლარის გადახდა. ო. ხ-ს, უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე ზ. ჩ-ისათვის თანხის დაკისრების ნაწილში, უსაფუძლობის გამო.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ხ-მა, მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ზ. ჩ-ისათვის თანხის დაკისრების თაობაზე უარის თქმის ნაწილში, და მოითხოვა ზ. ჩ-ისა და მ. მ-ასათვის 12 880 ლარის სოლიდარულად დაკისრება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 09 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა დაუშვებლობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ ცნობილი იყო ო. ხ-ისათვის (იხ. სასამართლო უწყება ს.ფ. 144).
6. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ხ-ს ოზურგეთის რაიონული სასამართლოსათვის არ მიუმართავს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა.
7. სასამართლომ აღნიშნა, რომ ო. ხ-ი არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტი და მისთვის გადაწყვეტილების გაგზავნის ვალდებულება არ აკისრია სასამართლოს.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა უნდა აეთვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს გასაჩივრების 14 დღიანი ვადა უნდა აეთვალოს 2015 წლის 8 მაისიდან (2015 წლის 7 აპრილიდან 30-ე დღის მომდევნო დღე). აქედან 14 დღიანი გასაჩივრების ვადა გავიდა 2015 წლის 22 მაისს, აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 2015 წლის 27 მაისს, იმავე დღეს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟიც 260 ლარი.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ წარდგენილია 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ს.ფ. 160-ზე არსებული სასამართლოს გზავნილი ო. ხ-ისათვის 2015 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილების 2015 წლის 15 მაისს ჩაბარების შესახებ, სასამართლოს მხრიდან მიჩნეული იქნა მხარის მიმართ სასამართლოს მხრიდან გამოჩენილ "გულისხმიერებად” და იგი არ არის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საფუძველი.
11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარი შეეძლო წარედგინა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში 2015 წლის 22 მაისის ჩათვლით, მას კი ამ ვადაში სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, (არც ფოსტით გაუგზავნია).
12. სააპელაციო სასამართლომ განჩინება დააფუძნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369, 2591, 59, 63 მუხლებზე.
13. ო. ხ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მან 2015 წლის 29 აპრილს წერილობითი განცხადებით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება, მაგრამ გადაწყვეტილება არ ჩაბარებია (ს.ფ. 149). ო. ხ-მა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2015 წლის 15 მაისს ჩაიბარა, ამიტომ გასაჩივრების ვადის ათვლა, გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან უნდა დაიწყოს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით ო. ხ-ის კერძო საჩივარი განსახილველად მიიღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლომ განიხილა ო. ხ-ის კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
17. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
18. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
19. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ზემოთ მითითებული მუხლი, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განცხადებას, რომ მან 2015 წლის 29 აპრილს მიმართა რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. მოცემულ შემთხვევაში მხარემ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა, ხოლო მტკიცება იმისა, რატომ არ ჩაბარდა მას დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ასლი, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ო. ხ-ის მიერ რაიონულ სასამართლოში წარდგენილი 2015 წლის 29 აპრილს წარდგენილი განცხადება არ შეუფასებია.
23. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2015 წლის 07 აპრილს გამოცხადდა. 2015 წლის 29 აპრილს, ე.ი. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 22-ე დღეს, ო. ხ-ის წარმომადგენელმა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დაწერა განცხადება დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, მაგრამ მას დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გადასცემია. გადაწყვეტილება მომჩივანს 2015 წლის 15 მაისს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 38-ე დღეს ჩაბარდა.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს ევალება, მხარის მიმართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ჩააბაროს მას გადაწყვეტილება და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ იქნება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, საპროცესო კანონმდებლობით, დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში და არა მე-20 ან 30-ე დღეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარემ მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, ხოლო გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, ივარაუდება, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა. საპირისპირო უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებით. ყოველგვარი ეჭვი წყდება მხარის სასარგებლოდ (უზენაესი სასამართლოს განჩინებები №ას-490-464-2014; №ას-672-638-2015; №ას-666-632-2015) .
25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, განსახილველ შემთხვევაში, ო. ხ-მა შეასრულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 22-ე დღეს გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარდა, რის გამოც, გასაჩივრების ვადის ათვლა მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან უნდა დაიწყოს და არა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
26. ვინაიდან დასაბუთებული გადაწყვეტილება ო. ხ-ს 2015 წლის 15 მაისს ჩაბარდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, 2015 წლის 16 მაისს დაიწყო და 29 მაისს ამოიწურა. ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი, ფოსტის მეშვეობით, გაგზავნილია 2015 წლის 27 მაისს და სააპელაციო სასამართლოს იგი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
27. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. ხ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. ხ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 ივნისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე