Facebook Twitter

№ ას-706-676-2014 30 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ა-ა“(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ. .... ქ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვტეილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ა-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ. .... ვ -ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2012 წლის 30 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის - 1 862 538.30 ლარის გადახდა, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (15%-ის ოდენობით) დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დღის ჩათვლით შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის 2012 წლის 30 ივლისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს „ა-ამ“ აიღო ვალდებულება მოპასუხისათვის მიეწოდებინა საბრენდე სპირტი 70 000 დეკალიტრის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, ერთი დეკალიტრის ღირებულება შეადგენდა 32.3 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო მთლიანი სახელშეკრულებო თანხა 2 261 000 ლარს. ასევე, იმავე დღეს, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს „ა-ამ“ აიღო ვალდებულება მიეწოდებინა მოპასუხისათვის გამოსახდელი ღვინომასალა 50 000 დეკალიტრის ოდენობით. ერთი დეკალიტრის ღირებულება შეადგენდა 4 ლარსა და 50 თეთრს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო მთლიანი სახელშეკრულებო თანხა – 225 000 ლარს. მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებების პიორობები, კერძოდ, დადგენილ ვადებში არ ჩაურიცხა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მთლიანი თანხიდან – 2 486 000 ლარიდან მოპასუხეს გატანილი აქვს 2 197 795.19 ლარის პროდუქცია, საიდანაც გადახდილი აქვს 335 256.89 ლარი, შესაბამისად, მოპასუხისგან მოითხოვს 1 862 538.3 ლარს და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,15%-ის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ შპს „კ. .... ვ -ს“ მიაწოდა შეთანხმებული სპირტის პროდუქცია და წარმოეშვათ ვალდებულება მისი ღირებულების ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, პროდუქციის მიწოდება და, შესაბამისად, თანხის ანაზრაურება ხდებოდა ეტაპობრივად. მოსარჩელისგან სულ მიწოდებული აქვთ 2 355 295.19 ლარის პროდუქცია, რაშიც მოსარჩელეს გადაუხადეს 492 756.89 ლარი. ამავე ხელშეკრულების 2.5 პუნქტის მიხედვით, მთლიანი თანხის ანაზღაურების ბოლო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 20 დეკემბერი. ფინანსთა სამინისტროს მიერ საწარმოს მოულოდნელი შემოწმებისას დაყადაღდა მთელი ქონება, მათ შორის გამომუშავებული მარაგები, რის გამოც ვერ მოხერხდა ხელშერკულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა, ვინაიდან ქონების მართვა და პროდუქციის რეალიზაცია აკრძალული იყო მენეჯმენტისათვის. მოპასუხე ასევე მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო (0,15%-ის ოდენობით) შეუსაბამოდ მაღალია. მისივე განმარტებით, შპს „კ. .... ვ -ს“ წარმოეშვა გადაულახავი პირობები, რის გამოც ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს მატერიალური პასუხისმგებლობისაგან ზემოაღნიშნული გარემოებების დასრულებამდე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ა-ას” სარჩელი შპს „კ. .... ვ -ის” მიმართ ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს „კ. .... ვ -ს” სს „ა-ას” სასარგებლოდ დაეკისრა 1 862 538.30 ლარის გადახდა. შპს „კ. .... ვ -ს” სს „ა-ას” სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 2012 წლის 30 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დღის ჩათვლით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ. .... ვ -მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით შპს „კ. .... ვ -ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა 0,15% პირგასამტეხლოს გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „ა-ას“ სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სს „ა-ასა” (გამყიდველი) და შპს „კ. .... ვ -ს” (მყიდველი) შორის 2012 წლის 30 ივლისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება მყიდველისათვის მიეწოდებინა საბრენდე სპირტი 70 000 დეკალიტრის ოდენობით. სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 2 261 000 ლარს (ტ.1. ს.ფ. 25-26);

ამავე დღეს, 2012 წლის 30 ივლისს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება მყიდველისათვის მიეწოდებინა ღვინომასალა 50 000 დეკალიტრის ოდენობით. სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 225 000 ლარს (ტ.1 ს.ფ. 27-28);

ხელშეკრულებების შესაბამისად, მიწოდებული საბრენდე სპირტისა და ღვინომასალის ღირებულების ანაზღაურება მოხდებოდა ეტაპობრივად. მყიდველს სახელშეკრულებო ფასი უნდა აენაზღაურებინა 2012 წლის 20 დეკემბრამდე;

მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა სულ 2 355 295,19 ლარის ღირებულების საქონელი. საქონლის ღირებულების ნაწილი 492 756,89 ლარი მოპასუხის მიერ გადახდილია. მოსარჩელეს არ მიუღია 1862 538.21 ლარი;

შპს „კ. .... ვ -სა” და სს „ა-ას” შორის 2012 წლის 30 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებების მე-5 პუნქტის მიხედვით, გადახდის ვადის გადაცილებისთვის „მყიდველი” უხდის „გამყიდველს” პირგასამტეხლოს ხელშეკრულების თანხის 0,15%-ის ოდენობით ყველა ვადაგადაცილებული დღისთვის;

ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, გადაულახავ გარემოებათა წარმოშობის შემთხვევაში, როგორიც არის მაგალითად მიწისძვრა, წყალდიდობა, სტიქიური უბედურება, ეკონომიკური და სატრანსპორტო ბლოკადა და სხვა, მხარეები თავისუფლდებიან მატერიალური პასუხისმგებლობიდან აღნიშნული გარემოების დასრულებამდე;

შემოსავლის სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.11.2012 წლის №.... ბრძანებით დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება შპს ,,კ. .... ვ -ში“. ინვენტარიზაციის განხორციელება დაევალათ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს;

დადგინდა, რომ 2012 წლის 20-22 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაილუქა შპს ,,კ. .... ვ -ის“ კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ტ.1. ს.ფ. 63-71);

შემოსავლების სამსახურის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ექსპერტიზის განყოფილების ...../../.. დასკვნის შესაბამისად, შპს ,,კ. .... ვ -ის“ ტერიატორიაზე განთავსებული იყო საკონიაკე სპირტი - 1 022 700 ლიტრი, ღვინომასალა - 472 340 ლიტრი (ტ.1. ს.ფ. 72-75);

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 23.01.2014 წლის ინფორმაციის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე №092080313003 საქმე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებითა და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის №12/5886 განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო შპს ,,კ. .... ვ -ის“ ბალანსზე რიცხულ ქონებას, კერძოდ, ვაზიანში მდებარე საწარმოს ქარხანას, ძირითად საშუალებებსა და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს. აღნიშნული ყადაღის ღონისძიება დღეის მდგომარეობით კვლავ ძალაშია;

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1-ე, 477.1-ე, 477.2-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, სს ,,ა-ამ“ იკისრა ვალდებულება შპს „კ. .... ვ -ისათვის“ მიეწოდებინა საბრენდე სპირტი 70 000 დეკალიტრის ოდენობით და ღვინომასალა 50 000 დეკალიტრის ოდენობით. მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა სულ 2 355 295,19 ლარის ღირებულების საქონელი. საქონლის ღირებულების ნაწილი 1862 538.21 ლარი მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლზე მითითებით პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ნასყიდობის ფასის ანაზღაურების შესახებ კანონიერი იყო და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩენილიყო.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, მე-400 მუხლის ,,ა“ პუნქტით, 401-ე მუხლით და აღნიშნა, რომ უძრავი ქონების დაყადაღების შედეგად მხარე მოკლებულია შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 631.1 მუხლის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის-ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით, ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების - აკრძალვის გამოცხადებას. ყადაღის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია საწარმოს მატერიალური რესურსის გამოყენება საწარმოს ინტერესებისათვის.

პალატის აზრით, ვალდებულების დროულად შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მოვალის მხრიდან განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით. შექმნილი ვითარებით მოპასუხე აღმოჩნდა უუნარო მდგომარეობაში და ობიექტურად შეუძლებელი გახდა ვალდებულების შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების ხელშემშლელი გარემოების აღმოფხვრამდე მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ა-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, კერძოდ, აპელანტმა ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოს და ვერც სააპელაციო პალატას ვერ წარმოუდგინა თავისი ქონების ყადაღის შესახებ მტკიცებულება. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს არ შეეძლო თავისი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეღო ახალ მტკიცებულებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2014 წლის 23 იანვრის №.../..-..-.. მიმართვა, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს არ წარმოუდგინა მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა საპატიო მიზეზით ვერ წარუდგინა აღნიშნული ინფორმაცია რაიონულ სასამართლოს. წერილობითი მიმართვიდან ჩანს, რომ ყადაღა განხორციელდა მოპასუხის ქონებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ, მაგრამ არ ჩანს, როდის განხორციელდა და სრული მოცულობით დაედო თუ არა ყადაღა მოპასუხის მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად საპატიოა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლი, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ბრალის გამომრიცხველ საპატიო გარემოებად მიჩნეული მოვალის ქონების ყადაღის ღონისძიების დოკუმენტი საქმეში არ არსებობს. მხოლოდ მხარის ზეპირ განმარტებაზეა მიღებული და დაფუძნებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების 4.6 პუნქტი.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მოვალის მიმართ ძირითად ნაწილში მიიჩნია საფუძვლიანად, ხოლო პირგასამტეხლოს გადაუხდელობის ნაწილში კი -საპატიოდ და არასწორად განმარტა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტი. კასატორის აზრით, თუ მოვალემ უნდა გადაიხადოს ძირითადი ვალი, მაშინ, რატომ უნდა გათავისუფლდეს საპატიო მიზეზის გამო პირგასამტეხლოს ვალდებულების გადახდისაგან, მით უფრო, რომ ხელშეკრულების მითითებულ პუნქტში საუბარია მხარეთა მიერ მატერიალური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე არა საერთოდ, არამედ აღნიშნული გარემოებების დასრულებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ივლისის განჩინებით სს „ა-ას“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ა-ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ:№ას-42-327-08).

შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ა-ას“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ა-ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ (ს/კ №.........) 2014 წლის 24 ივნისს №1 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე