Facebook Twitter

საქმე №ას-708-674-2015 28 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს “i.-“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. უ.-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლა, თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. უ.-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს “i.-“-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1. 2014 წლის 08 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა და მოსარჩელის მიერ შპს “i.-“ -სათვის გადახდილი 1 500 ლარის დაბრუნება; 2. ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის - 50 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ 2014 წლის 8 იანვარს ბ. უ.-ასა და შპს “i.-“-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მობილური ტელეფონი - i.- 5s. გამყიდველის მიერ გაიცა საგარანტიო ფურცელი 12 თვის ვადით. 2014 წლის 19 თებერვალს ტელეფონმა შეწყვიტა ფუნქციონირება. 2014 წლის 21 თებერვალს მყიდველმა წერილობით მიმართა “i.-“-ს, აცნობა ნივთის ნაკლის შესახებ და მოითხოვა მობილური ტელეფონის შეკეთება. ამასთან, მოსარჩელემ ტელეფონის შემოწმება მოითხოვა მის მიერ დანიშნული ექსპერტის თანდასწრებით, რაც მოპასუხის მიერ არ დაკმაყოფილდა. 2014 წლის 3 მაისს შპს “i.-“ -მა დაადგინა, რომ მობილური ტელეფონი ნაკლის მქონეა, მაგრამ მასზე არ ვრცელდება გარანტია, ვინაიდან მობილურ ტელეფონში არ იკითხება საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რაც თანახმად საგარანტიო ფურცლისა, წარმოადგენს გარანტიაზე უარის თქმის საფუძველს. 2014 წლის 06 მაისს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და განუსაზღვრა დამატებით ერთკვირიანი ვადა ხელშეკრულების შესასრულებლად, რაც უშედეგოდ დასრულდა. აღნიშნული საფუძვლებით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხის - 1500 ლარის უკან დაბრუნებას და ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც გამოიხატა ნივთის შესაძენად ბანკთან დადებული სამომხმარებლო კრედიტის საკომისიოს - 50 ლარის გადახდაში.

მოპასუხემ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის საგანი მოსარჩელეს გადაეცა უნაკლო მდგომარეობაში და ნივთის დაზიანება რამ გამოიწვია მისთვის უცნობია. ამასთან, “i.-“ -სათვის უცნობია ერთი და იმავე არის თუ არა კომპანიის მიერ გაყიდული და შესაკეთებლად წარდგენილი ტელეფონი, ვინაიდან მასზე არ იკითხება საიდენტიფიკაციო მონაცემი - იმეი კოდი და შეუძლებელია საქონლის იდენტიფიკაცია. ამასთანავე, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნივთზე საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება თუ არ იკითხება ტელეფონის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (იმეი კოდი), რასაც განსახილველ შემთხვევაში, ჰქონდა ადგილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. უ.-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. უ.-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით:

1.ბ. უ.-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; 2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.10.2014წ.-ის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3. ბ. უ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; 4. შპს “i.- “-ს ბ. უ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა გადახდილი საფასურის - 1500 ლარის და ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

მოცემული საქმის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 8 იანვარს ბ. უ.-ასა და შპს “i.- “-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბ. უ.-ამ მოპასუხისაგან შეიძინა მობილური ტელეფონი i.- 5s. ბ. უ.-ამ შპს “i.- “-ს ნასყიდობის საფასური - 1 500 ლარი გადაუხადა სრულად.

08.01.2014წ.-ს მობილური ტელეფონის შესაძენად ბ.უ.-ასა და სს „ს.ბ.-ს“ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელის სახელზე გაიცა კრედიტი. სესხის გაცემის საკომისიო შეადგენდა 55.93 ლარს.

შპს “i.- “-ის გაიცა საგარანტიო ფურცელი, რომლის მე-4 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტების მიხედვით, გარანტია არ მოქმედებს თუ მოწყობილობაში არ იკითხება საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (IMEI/შN და ა.შ). ასევე, თუ მოწყობილობა დაზიანებულია წყლის, ნესტის, დავარდნის, ფიზიკური ზემოქმედების, ან დენის ძაბვის ცვალებადობის შედეგად.

უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2014 წლის 19 თებერვალს მობილური ტელეფონი გამოირთო და შეწყვიტა ფუნქციონირება. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ბ. უ.-ამ შპს “i.- “-ს 2014 წლის 21 თებერვალს მიმართა პრეტენზიით და მოითხოვა, ნივთის ნაკლის გამოსწორება და აპარატის გახსნა მის მიერ წარდგენილი სპეციალისტის თანდასწრებით. ასევე დადგენილია, რომ ბ. უ.-ამ შპს “i.- “-ის სერვის ცენტრში შესაკეთებლად წარადგინა ნასყიდობის საგანი, კერძოდ i.- 5s საიდენტიფიკაციო ნომრით 0....

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლზე და მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო არ იყო რომ ნასყიდობის საგანი - მობილური ტელეფონი 2014 წლის 19 თებერვალს გამოირთო და შეწყვიტა ფუნქციონირება. ბ. უ.-ამ შპს “i.- “-ს 2014 წლის 21 თებერვალს მიმართა პრეტენზიით და მოითხოვა, ნივთის ნაკლის გამოსწორება საგარანტიო ფურცლის შესაბამისად. შპს “i.- “-ის განმარტებით, მას არ გააჩნდა ნასყიდობის საგნის შეკეთების ვალდებულება, ვინაიდან დაზიანება არ შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს, დაზიანება გამოწვეული იყო დენის ცვალებადობით, რაც საგარანტიო მომსახურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

საქმეში წარმოდგენილია შპს „ა''- ის მიერ გაცემული ცნობა, რომლის

თანახმად, მოდელ i.- 5s Space Gray-ზე არ იკითხება საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, დაზიანებულია დედადაფა (motherboard) კერძოდ, პროცესორი და დაზიანება გამოწვეულია ექსპლოატაციის პირობებში (მაგ: მექანიკური

ზემოქმედებით, დენის ცვალებადობით). აპარატი საჭიროებს დედადაფის შეცვლას.

ამდენად, შპს “i.- “ - ის მიერ გაცემული ცნობა მიუთითებს ექსპლუატაციის პირობებში ანუ, მობილური ტელეფონებით სარგებლობისას მის დაზიანებაზე. აღნიშნული დასკვნა არ შეიცავს მსჯელობას მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის არასწორი ექსპლოატაციის და ამდენად, დაზიანების მყიდველის ბრალით გამოწვევის შესახებ.

ამასთან, აღნიშნული დასკვნის გამცემი სპეციალისტი მაგალითისათვის, სავარაუდოდ მიუთითებდა, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია დაზიანება, კერძოდ, მისი მითითებით „დაზიანება გამოწვეულია ექსპლოატაციის პირობებში (მაგ: მექანიკური ზემოქმედებით, დენის ცვალებადობით)“. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სერვის ცენტრი წარმოადგენდა შპს “i.-“-ის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც აწარმოებდა პროდუქტის გარანტიით გაყიდვას, ყოველგვარი ეჭვის გაქარწყლების მიზნით გამყიდველს მომეტებული პასუხისმგებლობა მართებდა და ვალდებული იყო ზუსტად დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზი. განსახილველ შემთხვევაში, საეჭვო იყო, თუ რამ გამოიწვია დაზიანება, ვინაიდან თავად საგარანტიო ფურცლის გამცემი ერთეული მიუთითებდა დაზიანების სავარაუდო მიზეზზე და არა დაზუსტებულ და უტყუარ საფუძველზე. შესაბამისად, ვინაიდან შპს “i.- “ ვერ ასაბუთებდა, რომ დაზიანება მართლაც დენის ძაბვის ცვალებადობის შედეგი იყო, მისი პასუხისმგებლობა ამ საფუძვლით ვერ გამოირიცხებოდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც პროდუქტი გაიყიდა გარანტიით, ნასყიდობის საგანი დაზიანდა ნასყიდობიდან მოკლე დროში და მყიდველმა საგარანტიო ვადაში მიმართა გამყიდველს დაზიანების აღმოფხვრის მოთხოვნით. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ წარმოშობილი დაზიანება არ შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს და გარანტიის გამცემს არ გააჩნდა დაზიანების აღმოფხვრის ვალდებულება, ეკისრებოდა სწორედ საგარანტიო ფურცლის გამცემს - შპს “i.- “-ს. შესაბამისად, შპს “i.- “-ის პასიურობა სათანადო მტკიცებულებების წარმოუდგენლობაზე განხილული უნდა ყოფილიყო, როგორც მისი მტკიცების ტვირთის ნაკლი და არა როგორც მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამავე კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონი არ ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ნივთის (ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის) დაუყოვნებლივ შემოწმებას (იგულისხმება მისი ხარისხისა და მოხმარებისათვის აუცილებელი თვისებები (მახასიათებლები)). მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან. სამოქალაქო კანონმდებლობა, ზოგადი წესის მიხედვით, არ განსაზღვრავს ნივთის ვარგისიანობის თაობაზე პრეტენზიის წარდგენის კონკრეტულ ვადას. უმრავლეს შემთხვევაში თვითონ მხარეები თანხმდებიან ამ ვადის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულებაში. როგორც ცნობილია, საგარანტიო ვადის ძირითადი დანიშნულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვადის განმავლობაში ნასყიდობის საგნის ნაკლის აღმოჩენის (გამოვლენის) შემთხვევაში, მყიდველს აქვს გამყიდველისაგან მოთხოვნის უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, რაც მას სწორი არჩევნის შესაძლებლობას მისცემს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, თუ მწარმოებელი პროდუქტს გარანტიით ყიდის, იგი ვალდებულია დაიცვას გარანტიის პირობები, ხოლო მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გარანტიის პირობების შესრულება.

დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს “i.- “-ის მიერ გაიცა საგარანტიო ფურცელი, რაც გულისხმობს, რომ მისმა გამცემმა განსაზღვრა ნივთის ვარგისიანობის ვადა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის შესაბამისად ამ შემთხვევაში ივარაუდება, ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში გაცემული საგარანტიო ფურცელი ითვალისწინებს გამყიდველის ვალდებულებას, შეაკეთოს ნაკლის მქონე ნივთი საგარანტიო ფურცელში მითითებული გარემოებების არსებობისას. ვინაიდან გარანტიის გამცემი პირი ვერ ადასტურებს რომ წარმოშობილი დაზიანება არ შეესაბამება გარანტიის პირობებს და გარანტიის გამცემს არ გააჩნდა დაზიანების აღმოფხვრის ვალდებულება, დგინდება, რომ გამყიდველი ვალდებული იყო შეეკეთებინა წარდგენილი ნივთი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გამყიდველმა მითითებული ვალდებულება არ შეასრულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მყიდველს ჰქონდა სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის მიხედვით მეორადი მოთხოვნის უფლება და ბ. უ.-ა უფლებამოსილი იყო კანონით გათვალისწინებული სხვა წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, გასულიყო ხელშეკრულებიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის საფუძველზე და მოეთხოვა გადახდილი საზღაურის უკან დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ იქნა, რომ საგარანტიო ფურცლით განსაზღვრული ნივთის ვარგისიანობის ვადის განმავლობაში მოხდა ნაკლის მოვლენა და იგი არ აღმოჩნდა ვარგისი მობილური ტელეფონით ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამასთან, დადგენილ იქნა, რომ ნაკლის აღმოფხვრის მიზნით მყიდველმა ნივთი გადასცა გამყიდველს, რათა ამ უკანასკნელს გამოესწორებინა ნაკლი, თუმცა საქმის მასალებით ირკვევოდა, რომ გამყიდველი უარს აცხადებდა ნაკლის გამოსწორებაზე. ამდენად, დადგენილ იქნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ნაკლის აღმოსაფხვრელად დაწესებულ იქნა დამატებითი ვადა, რომელიც უშედეგოდ გავიდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები და მყიდველს ჰქონდა ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი საზღაურის - 1500 ლარის დაბრუნების მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა 50 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება, რაც გამოიხატა ნივთის შესაძენად ბანკთან დადებული სამომხმარებლო კრედიტის საკომისიოს გადახდაში. იმისათვის, რომ სახეზე იყოს ზიანის სახით 50 ლარის მოთხოვნის უფლება, აუცილებელია არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, ანუ ზიანი უნდა წარმოადგენდეს მოპასუხის ქმედების უშუალო შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს “i.-“-მა ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, საფუძვლიანად იქნა მიჩნეული სარჩელი მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით მოსარჩელის მიერ ბანკისათვის გადახდილი თანხის - 50 ლარის დაკისრების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “i.- “-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი სადავოდ ხდის მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებას და მიუთითებს, რომ შპს “i.-“-ს არ უნდა ემტკიცებინა ტელეფონის დაზიანების მიზეზი. კასატორის მითითებით, საგარანტიო ფურცლით აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში გამყიდველი არ იყო ვალდებული დაედგინა კონკრეტულად რამ გამოიწვია დაზიანება. კასატორის მითითებით გაუგებარია თუ საიდან დაასკვნა სასამართლომ, რომ ტელეფონი დაზიანდა ქარხნული წუნის შედეგად. კასატორის მოსაზრებით არასწორია იმაზე მითითება, რომ შპს “i.- “-მა წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც მითითებულია დაზიანების გამომწვევი სავარაუდო მიზეზების შესახებ. კასატორის მითითებით ხსენებული დასკვნა კატეგორიულია და ამომწურავად მიუთითებს დაზიანების გამომწვევ მიზეზებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითადი საფუძვლები (კასაციის მიზეზები) იმ გარემოებას ემყარება, რომ შპს “i.-“-ს არ უნდა ემტკიცებინა ტელეფონის დაზიანების მიზეზი, რაც ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მტკიცების საგანს შეადგენენ ის გარემოებები, რომლებსაც პროცესუალურ სამართალურთიერთობებში წარმოადგენენ სამართლებრივი ფაქტები. მხარეთა მიერ მტკიცების ტვირთის რეალიზებასა და მტკიცების საგნის განსაზღვრას ახასიათებს მჭიდრო ურთიერთკავშირი, რადგანაც სასამართლოში, ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია განსაზღვრული ფაქტების დადგენასთან. სწორედ ამიტომ მტკიცების საგანს პროცესუალურ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა. ასეთივე პრინციპული მნივნელობის მქონეა პროცესუალური საკითხი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ნასყიდობის საგანი - მობილური ტელეფონი 2014 წლის 19 თებერვალს - საგარანტიო ფურცლით განსაზღვრული ნივთის ვარგისიანობის ვადაში გამოირთო და შეწყვიტა ფუნქციონირება. ბ. უ.-ამ შპს “i.- “-ს 2014 წლის 21 თებერვალს პრეტენზიით მიმართა შპს “i.- “-ს და მოითხოვა, ნივთის ნაკლის გამოსწორება საგარანტიო ფურცლის პირობათა შესაბამისად. დადგენილია ისიც, რომ შპს “i.- “-ის განმარტებით, მას არ გააჩნდა ნასყიდობის საგნის შეკეთების ვალდებულება, ვინაიდან დაზიანება არ შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს, დაზიანება გამოწვეული იყო დენის ცვალებადობით, რაც გამყიდველის აზრით, საგარანტიო მომსახურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

ამდენად, კვლევის საგანს წარმოადგენდა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ გამოწვეული იყო თუ არა ტელეფონის დაზიანება გამყიდველის ბრალით და შედიოდა თუ არა ნაკლის გამოსწორება გარანტიის პირობებში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებობს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური და ზოგადი წესები. ზოგიერთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესები ჩამოყალიბებულია მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებში და გამოხატულია იმპერატიული ფორმით. მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგიერთ საგამონაკლისო შემთხვევებში, ფაქტების მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი ერთმანეთს უნდა გაემიჯნოს. ეს ის საგამონაკლისო შემთხვევებია, როდესაც სამართალწარმოება ძირითადად მოწინააღმდეგე მხარის მტკიცების ტვირთი უნდა იყოს. საკასაციო პალატის მითითებით, ამ შემთხვევაში, სწორედ გამყიდველი იყო ვალდებული ემტკიცებინა, რომ მობილურ ტელეფონზე წარმოშობილი დაზიანება არ შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს და გარანტიის გამცემს არ გააჩნდა დაზიანების აღმოფხვრის შესაბამისი ვალდებულება, რაც შპს “i.- “-მა ვერ განახორციელა.

დაზიანების გამომწვევი მიზეზის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების წარმოუდგენლობა კი, სწორად იქნა შეფასებული შპს “i.- “-ის პროცესუალური ვალდებულების სათანადოდ შეუსრულებლობად, რამაც საბოლოოდ მის მიმართ არახელსაყრელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის დადგომა განაპირობა.

კასატორის მიერ წარმოდეგნილი ცნობა კი, რომლის თანახმად, მოდელ I.- 5s Space Gray-ზე არ იკითხება საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, დაზიანებულია დედადაფა (motherboard) კერძოდ, პროცესორი და დაზიანება გამოწვეულია ექსპლოატაციის პირობებში (მაგ: მექანიკური ზემოქმედებით, დენის ცვალებადობით) და აპარატი საჭიროებს დედადაფის შეცვლას, არ იქნა მიჩნეული ამ ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად. რადგანაც, სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ცნობა მიუთითებდა ექსპლუატაციის პირობებში ანუ, მობილური ტელეფონებით სარგებლობისას მის დაზიანებაზე. აღნიშნული დასკვნა არ შეიცავდა მსჯელობას მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის არასწორი ექსპლოატაციისა და ამდენად, დაზიანების მყიდველის ბრალით გამოწვევის შესახებ. ამასთან, აღნიშნული დასკვნის გამცემი სპეციალისტი მაგალითისათვის, სავარაუდოდ მიუთითებდა, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია დაზიანება, კერძოდ, მისი მითითებით „დაზიანება გამოწვეულია ექსპლოატაციის პირობებში (მაგ: მექანიკური ზემოქმედებით, დენის ცვალებადობით)“. შესაბამისად, მითითებული ცნობით შპს შპს “i.- “ ვერ ასაბუთებდა, რომ დაზიანება მართლაც დენის ძაბვის ცვალებადობის შედეგი იყო, რაც ამ საფუძვლით, მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად ვერ იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა მოცემული დავის გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 487-ე, 488-ე და 490-ე და 496-ე მუხლებით და სწორად მიიჩნია, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას - მოეთხოვა ნაკლის გამოსწორება. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ გამყიდველმა მითითებული ვალდებულება არ შეასრულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მყიდველს მიენიჭა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებამოსილება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის სწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და შეიცავს დათქმას ამავე კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებზე და აწესებს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ბ. უ.-ას წარმოუშობდა გადახდილი საზღაურის - 1500 ლარის მოთხოვნის უფლებას. ასევე, საფუძვლიანი იყო ზიანის - 50 ლარის ანაზღურების მოთხოვნის უფლება სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის

შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე), შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ნახევრდება.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულებაა 1550 ლარი. შესაბამისად, წინამდებარე საქმე წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს. შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 150 ლარს.

დადგენილია, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 300 ლარის ოდენობით (ტ.2). ამდენად, ბ. უ.-ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.

ამასთან, ვინადან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის 70% სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც შეადგენს 105 (150 ლარის 70%) ლარს.

საბოლოოდ, კასატორს უკან უნდა დაუბრუნდეს 255 (150105) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “i.-“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს “i.-“-ს (ს/ნ: 0...) უკან დაუბრუნდეს 2015 წლის 13 ივლისს №0.. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 255 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე