საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-716-681-2015 03 სექტემბერი, 2015 წელი,
ას-716-681-2015 ვ-ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ა.ვ-ი, მ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 18.12.2014წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ლ-ის“ (შემდგომში “ბანკი“) სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყვეტილად იქნა აღიარებული „ბანკსა” და მოპასუხეებს ა. ვ-სა (შემდგომში - პირველი მოპასუხე) და მ. ნ-ეს (შემდგომში - მეორე მოპასუხე) შორის დადებული ხელშეკრულება. მოპასუხეებს „ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად ჰქონდათ დაკისრებული 21 207,45 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მეორე მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ახალქალაქი, დ. ქ.№..., საკადასტრო კოდი ... (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის /შემდგომში - სსკ/ 286, 867 მუხლები).
2. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავდა ბანკის მოთხოვნებს, მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე მიექცეოდა აღსრულება (სსკ-ის 301 მუხლის პირველი ნაწილი).
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 29.01.2015წ. განჩინებით 18.12.2014წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება, მოითხოვეს მათი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.03.2015წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღის ვადა და დაევალათ: სახელმწიფო ბაჟის 848,29 აშშ დოლარის შესაბამისი დოკუმენტების დედნების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა კონკრეტულად №2ბ/882-15 სამოქალაქო საქმეზე. ამავე განჩინებით მოპასუხეებს განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.03.2015წ. განჩინების ასლი მოპასუხეების ოჯახის წევრს - მ. ვ-ს ჩაბარდა 30.03.2015წ. (ტ.2 ს.ფ. 8-9)
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) მე-60 მუხლის თანახმად, მოპასუხეებისათვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 31.03.2015წ. და ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს 10.04.2015წ. აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე, 70-ე, 368-ე, 372-ე, 373-ე, 374-ე, 390-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და, 2015 წლის 28 აპრილის განჩინებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 18.12.2014წ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 29.01.2015წ. განჩინებაზე, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
9. მოპასუხეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინება, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სასამართლო შეტყობინება მიიღეს სხდომამდე ორი დღით ადრე, დარჩენილი დღეები არ იყო საკმარისი მოსამზადებლად. სააპელაციო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ არსად მუშაობენ, ჰყავთ სამი მცირეწლოვანი შვილი, შესაბამისად, აქვთ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და არ გააჩნიათ მგზავრობისათვის საჭირო თანხა. მოპასუხეები სააპელაციო საჩივარში იმასაც აღნიშნავდნენ, რომ საქმე განსახილველად გადაგზავნილიყო ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, რადგან საქმე ამ სასამართლოს განსჯადია და ექნებოდათ საქმის განხილვაში მონაწილეობის საშუალება. სააპელაციო საჩივარში ისინი უტყუარად ასაბუთებდნენ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობას და განმარტავდნენ, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ უნდა გამხდარიყო უკანონო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველი. მიუხედავად ამისა, მოპასუხეთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მართლმსაჯულების ორგანო უნდა ცდილობდეს მოქალაქეთა უფლებების დაცვას და ფორმალურად არ უნდა უდგებოდეს კანონს.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 19 აგვისტოს მოპასუხეების კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
14. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ 1-8 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი და არც გადაუხდელობის რაიმე მიზეზებზე აცნობეს სასამართლოს.
17. კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მათ იცოდნენ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე.
18. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
19. სსსკ-ის 47-ე მუხლის შესაბამისად, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
20. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
21. მითითებული ნორმების შინაარსი ცალსახად ცხადყოფს, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი გადავადება ან ოდენობის შემცირება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს შესაბამის უტყუარ მტკიცებულებებს.
22. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აპელანტებმა სააპელაციო საჩივარში ან ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილ ვადაში, სასამართლოს წარუდგინეს რაიმე მტკიცებულება იმის დასტურად, რომ გადახდისუუნარონი არიან. მარტოოდენ ზეპირი განცხადება მხარის მძიმე ეკონომიკური პრობლემების შესახებ სასამართლოს არ აძლევს სამართლებრივ საფუძველს დაადგინოს შეღავათი სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხის გადაწყვეტისას.
23. ხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ვ-ისა და მ. ნ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე