საქმე №330210013177348
საქმე №ას-718-683-2015 9 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. შ.-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ქ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქმედების შესრულების დავალდებულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ქ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. შ.-ის მიმართ და მოითხოვა ზიანის – 3229 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის – 200 ლარის გადახდა, ასევე, ნ. შ.-ეს დაევალოს ქ.თ.-ში, ზ.-ების ქუჩა №..-ში მდებარე სახლში მე-2 სადარბაზოს სახურავის სამშენებლო სამუშაოების შედეგად წარმოშობილი დაზიანებული და გაუმართავი ადგილების აღდგენა-შეკეთება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქუჩა №..-ში. მოპასუხე ნ. შ.-ე არის მისი მეზობელი, რომლის ბინაც მდებარეობს მესამე სართულზე, მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის თავზე. მოპასუხემ ბინა შეიძინა 2009 წელს. აღნიშნული ბინის ძველმა მესაკუთრე ლ. რ.-ემ პირველი სადარბაზოს ორი ბინა გააერთიანა და ჩაატარა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები პროექტის დარღვევით. თვითნებურად გააუქმა და მიიტაცა სახურავზე არსებული სხვენი და მესამე სართულს დააშენა მანსარდი. მანსარდის მოწყობისას შეცვალა შენობის სახურავი და სახლი პროექტით გათვალისწინებული მასალითა და წესით არ გადახურა. სახურავი დამონტაჟდა უხარისხოდ. ახალი სახურავი მანამდე არსებულ თუნუქის სახურავთან კარგად მიერთებული არ არის, გადაბმის ადგილებში დარღვეულია ჰერმეტულობა და წარმოქმნილია ღრიჭოები, ძლიერი წვიმის დროს ბინაში ყოველთვის ჩადის წყალი.
მხარემ მიუთითა, რომ 2012 წლის მაისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დააზიანა მოსარჩელის სახლი, წყალი ჩავიდა როგორც ნ. შ.-ის სახლიდან ასევე, შენობის სახურავიდან, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ შენობის სახურავი ტექნიკურად ცუდად იყო მოწყობილი, ასევე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას სახურავი არ გათავისუფლეს სამშენებლო ნაგავისაგან. ძლიერმა წვიმამ ნაგავი მოაქცია საწვიმარ მილში, რამაც გამოიწვია მისი დახურვა და წყლის საწვიმარ მილთან დაგროვება. დაგროვებული წვიმის წყლის ნაწილი შევიდა ნ. შ.-ის მანსარდაში, ხოლო ნაწილი ჩაიღვარა ქვედა სართულებზე (ღრიჭოებიდან), რამაც გამოიწვია საცხოვრებელი ბინების დაზიანება. მათ შორის დაზიანდა მოსარჩელის ბინაც – მისაღები ოთახის იატაკი, ჭერი და კედლები, საძინებელი ოთახის ჭერი, დაზიანებულია პარკეტი, შპალერით, ქაღალდით და ბიაზით მოსახული ზედაპირი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია 2012 წლის 12-13 მაისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებით, ძლიერი წვიმით, რაზეც მოპასუხე პასუხისმგებელი ვერ იქნება. ამასთან, ბინის ძველი მესაკუთრე ლ. რ.-ის მიერ სარემონტო სამუშაოები შესრულდა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით და მითითება, სახურავის არასათანადო შეკეთების გამო, მიყენებული ზიანის ფაქტზე უსაფუძვლოა. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ქ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. შ.-ეს ნ. ქ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3229 ლარის გადახდა, ნ. შ.-ეს დაევალა ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მესამე სართულზე მისი ბინის სახურავზე მდებარე წყალსაწრეტ მილთან ქანობიანი სახურავების დამაკავშირებელი ტიხარი, რომელიც არასათანადოდ მოწყობილია შავი თუნუქით, მოაწყოს სათანადოდ, ისე, რომ არ მოხდეს წყლის ჩადინება ნ. ქ.-ის ბინაში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინებით ნ. შ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინა რეგისტრირებულია ნ. ქ.-ის სახელზე, ამავე მისამართზე პირველი სადარბაზოს მე-3 სართულზე არსებული ბინა კი, – ნ. შ.-ის სახელზე. ამდენად, ნ. ქ.-ი და ნ. შ.-ე არიან მეზობლები.
2012 წლის 12 მაისს წყლის ჩასვლის შედეგად ნ. ქ.-ის კუთვნილი ზემოაღნიშნული ბინა დაზიანდა.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 9 ივლისის №...დასკვნის თანახმად:
1) ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინაში დაზიანებული იატაკის, კედლებისა და ჭერების სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება სამშენებლო ნორებისა და წესების და სამშენებლო რესურსების ფასების 2012 წლის III კვარტლის დონეზე გათვალისწინებით შეადგენს 3229.00 ლარს (დღგ-სა და სხვა დარიცხვების გათვალისწინებით).
2) ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინაში, მისაღებ და საძინებელ ოთახებში დაზიანების მიზეზი არის ზედა სართულიდან ჩამოსული წყალი, ვინაიდან ვერ ხერხდება ზედა სართულზე მდებარე ბინაში მოხვედრა, ექსპერტიზისათვის დაზიანების წყაროს დადგენა შეუძლებელია“.
ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის დაზიანების წყაროს დასადგენად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 11 ნოემბრის №... დასკვნით დადგინდა შემდეგი:
1) ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინაში წყლის ჩამოსვლა გამოწვეულია წყალსაწრეტი მილის გაჭედვის შედეგად შენობის პარაპეტთან წყლის დაგროვებით, რომელიც ჯერ ნ. შ.-ის, ხოლო შემდგომ ნ. ქ.-ის ბინაში ჩავიდა.
2) ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინაში დაზიანების წყარო მდებარეობს სახურავზე, წყალსაწრეტ მილთან, ქანობიანი სახურავების დამაკავშირებელ ტიხართან, რომელიც არასათანადოდ მოწყობილია შავი თუნუქით.
3) ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინაში დაზიანების წყარო არ მდებარეობს ნ. შ.-ის ბინაში, დაზიანების წყარო მდებარეობს ნ. შ.-ის ბინის თავზე მდებარე სახურავზე.
4) ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში მდებარე შენობის სახურავი მოწყობილია ორი სახის სამშენებლო მასალით – მოთუთიებული თუნუქით და „ტეგოლათი“ (მზადდება ბითუმისაგან). ტეგოლათი მოწყობილი სახურავის ფენილის ნიშნული მდებარეობს უფრო მაღლა, ვიდრე მოთუთიებული თუნუქით მოწყობილი ფენილი. სახურავის ფენილების დამაკავშირებელი შავი თუნუქის ტიხარის მოწყობის სამუშაოები მოთუთიებული თუნუქის შეუღლების ადგილებში შესრულებულია არასათანადოდ.
6) ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინაში ნ. ქ.-ის ბინაში დღეის მდგომარეობით წყალი ჩადის არა ლოკალური დაზიანების ადგილში .. ზ.-ების ქუჩის მხრიდან, საიდანაც დიდი რაოდენობით წყალი ჩაედინა, არამედ ეზოს მხრიდან.
7) იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ნ. ქ.-ის ბინაში წყლის ჩამოსვლა, აუცილებელია, ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინაში კავშირების სათანადოდ მოწყობა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება ის გარემოება, რომ ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინაში წყლის ჩამოსვლა გამოწვეული იყო წყალსაწრეტი მილის გაჭედვის შედეგად შენობის პარაპეტთან წყლის დაგროვებით, რომელიც ჩავიდა ნ. შ.-ის ბინაში, ხოლო შემდგომ ნ. ქ.-ის ბინაშიც. დაზიანების წყარო მდებარეობს სახურავზე, წყალსაწრეტ მილთან, ქანობიანი სახურავების დამაკავშირებელ ტიხართან, რომელიც არასათანადოდ მოწყობილია შავი თუნუქით. დაზიანების წყარო მდებარეობს არა ნ. შ.-ის ბინაში, არამედ მისი ბინის თავზე მდებარე სახურავზე.
წინამდებარე სასარჩელო განცხადებით ნ. ქ.-ი მოითხოვდა ნ. შ.-ისათვის მის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 3229 ლარის ოდენობით და ნ. შ.-ის დავალდებულებას აღედგინა და შეეკეთებინა ქ. თ.-ში, ზ.-ების ქუჩა №..-ში მდებარე სახლის მე-2 სადარბაზოს სახურავის სამშენებლო სამუშაოების შედეგად წარმოშობილი დაზიანებული და გაუმართავი ადგილები.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით და ჩათვალა, რომ ზიანის ანაზღაურების მოვალეობის წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები, კერძოდ, თავად ზიანი, ზიანი მიმყენებლს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა და ზიანის მიმყენებლის ბრალის დადასტურება. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ შეძლო თავისი მტკიცების საგანში შემავალი ამ გარემოებების დადასტურება, კერძოდ, მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ არსებობდა ზიანი, რაც შეადგენდა 3229.00 ლარს. ასევე, არსებობდა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის – წყლის ჩადინება გამომდინარეობდა ზედა სართულიდან, ხოლო იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და ნ. შ.-ეს ბრალი არ მიუძღვოდა, ეკისრებოდა თავად მოპასუხე მხარეს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განისაზღვროს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. რაც შეეხება ბრალს, თუ პირმა განახორციელა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ივარაუდებოდა, რომ ეს ქმედება იყო ბრალეული და მოპასუხემ უნდა ამტკიცოს, რომ მისი ქმედება არ იყო განზრახი ან გაუფრთხილებლობის შედეგი.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა დადასტურდეს, რომ მოპასუხემ თავისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით დააზიანა ნ. ქ.-ის კუთვნილი ფართი, კერძოდ, უნდა დადგინდეს, თუ ვინ იყო ვალდებული, შეენარჩუნებინა სათანადო მდგომარეობაში ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს სახურავზე განთავსებული წყალსაწრეტი მილები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, სადავო ფართი – სახურავი არ არის ნ. შ.-ის ინდივიდუალური საკუთრება, თუმცა წლების განმავლობაში მანსარდის სახით არის მის მფლობელობაში. აღნიშნული გარემოება დასტურდება როგორც მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტებებით, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით განმარტავდა, რომ რ.-ე-შ.-ემ სხვენი მიითვისეს და გადააკეთეს მანსარდად, მათ გააუქმეს სხვენის შესასვლელი. სხვენზე ასვლა შეუძლებელია შ.-ის ბინის გავლის გარეშე. შ.-ის ბინის გვერდის ავლით სხვენზე ასვლის შეუძლებლობას ასევე ადასტურებს მოპასუხე ნ. შ.-ე, როდესაც განმარტავს, რომ წვიმის დროს ზიანის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელემ და მეზობლებმა შეამტვრიეს მისი კარი. ამ გარემოებას ასევე ადასტურებენ მოწმის სახით დაკითხული პირები: მ. ვ.-ე და ამხანაგობის თავმჯდომარე მ. ა.-ე. კერძოდ, მ. ა.-ის განმარტებით, მანამდე იყო სხვენი, 2006 წელს დაიწყო მშენებლობა, აიწია სახურავი, რაც კარგად ჩანს ეზოს მხრიდან. ბინიდან გაკეთებულია ორი სართული, სხვენი გადაკეთებულია მანსარდად. მოწმის განმარტებით, მერიის მიერ გადახურვის შემდეგ, თვითონ მობინადრეებმაც გააკეთეს გადახურვითი სამუშაოები. სახურავზე სამუშაოები შ.-ის გარდა არავის გაუკეთებია. მოწმე მ. ვ.-ე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სხვენში ასასვლელი ამოკეტილია.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამავე კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა.
განსახილველ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეები წარმოადგენენ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარე საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეებს (ამხანაგობა შეიქმნა 2009 წელს), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მათზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ პუნქტით, 4.1. მუხლით, 5.4. მუხლის „დ“ პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და დაადგინა, რომ მოპასუხემ, როგორც მრავალბინიანი სახლის ბინის მესაკუთრემ, სათანადოდ ვერ უზრუნველყო მის ინდივიდუალურ მფლობელობაში არსებული მანსარდას ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება, რომ არ დარღვეულიყო მეზობლად მცხოვრები ნ. ქ.-ის კანონიერი ინტერესები, რაც წარმოადგენს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ბინის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნების ვალდებულების დარღვევას და, შესაბამისად, ბრალეულ ქმედებას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად.
როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით (№...) დადგენილია, რომ ნ. ქ.-ისათვის წყლის ჩადინების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 3229.00 ლარი. ექსპერტის №... (11.11.2013 წელი) დასკვნის თანახმად ასევე დასტურდება ის გარემოება, რომ ნ. ქ.-ის ბინაში წყლის ჩადინების აღმოფხვრისათვის აუცილებელი იყო კავშირების სათანადოდ მოწყობა.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა ნ. ქევხიშვილის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. შ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ნ. შ.-ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, არ არსებობს არანაირი კავშირი დამდგარ შედეგსა და კასატორის ქმედებას შორის. მეტიც, სასამართლომ უტყუარად დაადგინა, რომ სადავო ზიანის გამომწვევი სარემონტო სამუშაოები ჩაატარა ლ. რ.-ემ, რომელიც საქმეში მხარედ უნდა ყოფილიყო ჩართული. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია სათანადო მოპასუხის საკითხი.
კასატორმა ჩათვალა, რომ გაურკვეველი და ბუნდოვანია ტექნიკური მხარეც, კერძოდ, კონკრეტულად რამ გამოიწვია მიყენებული ზიანი.
„ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 11 ნოემბრის დასკვნა მიუთითებს, რომ დაზიანების წყარო მდებარეობს სახურავზე წყალსაწრეტ მილთან. ქანობიანი სახურავის დამაკავშირებელ ტიხართან, რომელიც არასათანადოდ მოწყობილია შავი თუნუქით (მეორე პუნქტი). დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ სახურავი მოწყობილია ორი სახის სამშენებლო მასალით – მოთუთიებული თუნუქით და ტეგოლათი. სახურავის ფენილის დამაკავშირებელი შავი თუნუქის ტიხრის მოწყობის სამუშაოები მოთუთიებული თუნუქის შეუღლების ადგილები შესრულებულია არასათანადოდ.
მხარემ მიუთითა, რომ გადაწყვეტილებაში ასახულია დასკვნის ზემოაღნიშნული ნაწილი, თუმცა ყოველგვარი მსჯელობის და შეფასების გარეშე.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზიანის დადგომა განაპირობა წყალშემკრებ მილში გაჭედილმა ტომარამ, რომელიც ლ. რ.-ის მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ დარჩა სახურავზე. ლ. რ.-ემ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა 2006 წელს, ხოლო ქ.-ის ბინაში წყალი ჩავიდა 2012 წელს. გადაწყვეტილების მიხედვით, არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ სარემონტო სამუშაოები მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის თავზე, ასევე, ჩაატარა ქ.თბილისის მერიამ და თვით მობინადრეებმაც. მოწმე მ. ა.-ემ, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ამხანაგობის თავმჯდომარეს, განმარტა, რომ მერიამ ჩაატარა სახურავზე სარემონტო სამუშაოები, ხოლო ვისაც არ მოეწონა და შესაძლებლობა ჰქონდა, თავისი ძალებით შეეძლო გადაეხურა (მაგ. ჯ.-ეებმა). მან ასევე დაადასტურა, რომ მილებში (საუბარია წყალშემკრების მილებზე) იჭედებოდა ფოთლები და მათ წმენდნენ, სახლი ხუთსართულიანია, მის სახურავზე გროვდება ხის ფოთლები.
გარდა ამისა, კასატორმა მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მერიის წერილზე, რომელიც ადასტურებს, რომ 2009 წელს თბილისის მერიის მიერ ნამდვილად ჩატარდა სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოები. შესაბამისად, მობინადრეებმა საკუთარი ინიციატივით სახურავი შემდეგ წლებში შეაკეთეს.
აღნიშნულ პირობებში კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა ჩაეთვალა დადასტურებულად სახლის სახურავზე 2006 წელს ჩატარებული რემონტის დროს გამოყენებული ცემენტის ტომრის დარჩენის ფაქტი, რაც გახდა წყალშემკრები მილების გაჭედვის მიზეზი. ბუნდოვანია სასამართლოს მითითებები სახურავზე ნაწარმოებ სამუშაოებთან დაკავშირებითაც. სასამართლო მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ: „მოწმის განმარტებით მერიის გადახურვის შემდეგ თითონ მობინადრეებმაც გააკეთეს გადახურვითი სამუშაოებიო, სახურავზე სამუშაოები შ.-ის გარდა არავის არ გაუკეთებია“. შესაბამისად, გაუგებარია მოწმის ჩვენებიდან რა გაიზიარა სასამართლომ, – მერიამ და მობინადრეებმაც ჩაატარეს გადახურვითი სამუშაოები, თუ ის, რომ ნ. შ.-ის მეტს ასეთი სამუშაოები არავის არ ჩაუტარებია (ამავდროულად უშუალოდ ნ. შ.-ეს არასდროს არანაირი სარემონტო სამუშაო სახურავზე არ ჩაუტარებია).
კასატორმა ზემოაღნიშნული მსჯელობა გაავრცელა ექსპერტიზაში მითითებულ მეორე მიზეზზეც – არასათანადო შედუღებაზე. სადავო არ არის, რომ ლ. რ.-ემ ტეგოლათი მოაწყო გადახურვა, რამაც 6 წელი იარსება და წყლის ჩასვლის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შემდგომ სამუშაოები შესრულდა მერიის მიერ 2009 წელს. ბუნებრივია, ამ დროს მოხდა ტეგოლასთან თუნუქის მასალის მიერთება და არასათანადო შედუღებაც, ანუ ლ. რ.-ეს უფრო გვიან რომ გადაეხურა სახურავი, მას დაჭირდებოდა ამ მისაერთებელი სამუშაოების ჩატარება, მაგრამ რაკი ჯერ ლ.რ.-ემ შეასრულა სამუშაოები, ხოლო შემდეგ მერიამ, შესადუღებელი სამუშაოებიც შესრულებულია მათი და არა ლ.რ.-ის მიერ, რაც ასევე გამორიცხავს ლ.რ.-ის ქმედების მართლწინააღმდეგობას.
მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მხარის არგუმენტი სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ საქმეში ამგვარი მტკიცებულებები არ მოიპოვება. ფაქტობრივად, საქმეში მოთავსებულია საგაზეთო სტატიები, რომლებიც აღწერენ 2006 წლის 12 მაისს მომხდარ სტიქიურ წვიმისა და ნიაღვრის თაობაზე. გარდა ამისა, დაკითხულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ იყო ძლიერი წვიმა, რომლის შედეგად წყალი შევიდა არამარტო ქ.-თან, არამედ თითქმის ყველასთან. მათ შორის საქმეში დაკითხულ მოწმეებთან და ნ. შ.-ესთანაც. ა.-ემ და ვ.-ემ დაადასტურეს, რომ იყო უჩვეულოდ დიდი წვიმა და იმ დღეს მათ სახლებშიც შეაღწია წყალმა, თუმცა სასამართლომ არ შეაფასა მათი ჩვენებები.
წვიმა რამოდენიმე საათი გაგრძელდა ობიექტურად წყლის შემკრებებმა ვერ უზრუნველყო ძლიერი წვიმის შედეგად დაგროვილი წყლის დიდი რაოდენობის გატარება, რადგან ეს არ იყო სტანდარტული მდგომარეობა. იმ დღეს თბილისში არაერთ ადგილას ნიაღვრები მოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ. რ.-ის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ლ. რ.-ის ბინის თავზე არსებული ჭერი მოექცა მის ინდივიდუალურ მფლობელობაში, რადგან ამგვარი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. საუბარია უძრავ ქონებაზე, შესაბამისად, მის მიმართ საკუთრების უფლების არსებობა მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი ამონაწერით შეიძლება დადგინდეს, ასეთი კი საქმეში არ მოიპოვება. ანუ მითითება იმის თაობაზე, რომ ჭერი წარმოადგენს ლ. რ.-ის ან ნ. შ.-ის ინდივიდუალურ საკუთრებას, არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს ის გარემოება, რომ სადავო სარემონტო სამუშაოების შედეგად სახურავზე ასვლა შეუძლებელი გახდა, რადგან სახურავზე ასასვლელი ამ კონკრეტული სადარბაზოდან არც მანამდე ჰქონია. სახლს აქვს 5 სადარბაზო, საიდანაც მხოლოდ 3 სადარბაზოდან არსებობს სახურავზე ასასვლელი.
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი და არ გამოიკვლია, რამდენად სავარაუდო იყო ნ. შ.-ისათვის, რომელმაც შეიძინა საცხოვრებელი ბინა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, რომ სახურავის (რომელიც წარმოადგენს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას) შეკეთება და გამართულ მდგომარეობაში არსებობა მხოლოდ მისი ვალდებულება იყო, ან ის, რომ 2006 წლიდან, სანამ გახდებოდა ბინის მესაკუთრე, სახლის სახურავზე არსებობდა ნაგავი, იგი გაჭედავდა საწრეტ მილებს, რომლებიც ასევე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაა. მით უფრო, რომ ზიანი არ წარმოადგენს ნ. შ.-ის ქმედების არც პირდაპირ და არც ირიბ შედეგს. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მშენებლობისას მათ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ ლ. რ.-ესათვის, რითაც გამოხატეს თავიანთი თანხმობა.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 11 ნოემბერს დასკვნის მეექვსე პუნქტის თანახმად, ზ.-ების №..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინაში წყალი ჩადის არა ლოკალური დაზიანების ადგილში, საიდანაც მოხდა დიდი რაოდენობის წყლის ჩადინება, არამედ ეზოს მხრიდან. ანუ ექსპერტიზამ გამორიცხა, რომ ამჟამად დაზიანების კერიდან ქ.-ის ბინაში წყლის ჩადინება აღარ ხდება. შესაბამისად, გაურკვეველია, რა საფუძვლით გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ მეორე სასარჩელო მოთხოვნა და დააკისრა ნ. შ.-ეს საერთო საკუთრებაში არსებული სახურავის შეკეთება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის განჩინებით ნ. შ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. შ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინა რეგისტრირებულია ნ. ქ.-ის სახელზე, ამავე მისამართზე პირველი სადარბაზოს მე-3 სართულზე არსებული ბინა კი, – ნ. შ.-ის სახელზე. ამდენად, ნ. ქ.-ი და ნ. შ.-ე არიან მეზობლები.
2012 წლის 12 მაისს ნ. ქ.-ის კუთვნილ ზემოაღნიშნულ ბინაში ჩავიდა წყალი, რის შედეგად იგი დაზიანდა.
მოცემულ საქმეზე ჩატარებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2012 წლის 9 ივლისის №...დასკვნის თანახმად:
1) ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინაში დაზიანებული იატაკის, კედლებისა და ჭერების სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება სამშენებლო ნორებისა და წესების და სამშენებლო რესურსების ფასების 2012 წლის III კვარტლის დონეზე გათვალისწინებით შეადგენს 3229.00 ლარს (დღგ-სა და სხვა დარიცხვების გათვალისწინებით).
2) ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინაში, მისაღებ და საძინებელ ოთახებში დაზიანების მიზეზი არის ზედა სართულიდან ჩამოსული წყალი, ვინაიდან ვერ ხერხდება ზედა სართულზე მდებარე ბინაში მოხვედრა, ექსპერტიზისათვის დაზიანების წყაროს დადგენა შეუძლებელია“.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 11 ნოემბრის №... დასკვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინაში წყლის ჩამოსვლა გამოწვეული იყო წყალსაწრეტი მილის გაჭედვის შედეგად შენობის პარაპეტთან წყლის დაგროვებით, რომელიც ჩავიდა ნ. შ.-ის ბინაში, ხოლო შემდგომ ნ. ქ.-ის ბინაშიც. დაზიანების წყარო მდებარეობს სახურავზე, წყალსაწრეტ მილთან, ქანობიანი სახურავების დამაკავშირებელ ტიხართან, რომელიც არასათანადოდ მოწყობილია შავი თუნუქით. დაზიანების წყარო მდებარეობს არა ნ. შ.-ის ბინაში, არამედ მისი ბინის თავზე მდებარე სახურავზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით (№...), ნ. ქ.-ისათვის წყლის ჩადინების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 3229.00 ლარი. ექსპერტის №... (11.11.2013 წელი) დასკვნის თანახმად კი, ნ. ქ.-ის ბინაში წყლის ჩადინების აღმოფხვრისათვის აუცილებელი იყო კავშირების სათანადოდ მოწყობა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ნ. შ.-ე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული სადავო ურთიერთობის დასარეგულირებლად სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის გამოყენებას, რადგან მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობის არსებობა განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადავო შემთხვევაში დადასტურებულია მოსარჩელე ნ. ქ.-ის უძრავი ქონებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ამასთან, მითითებული ზიანი გამოწვეულია ამჟამად ნ. შ.-ის კუთვნილი ბინის სახურავზე არამართლზომიერად ნაწარმოები სარემონტო სამუშაოების შედეგად. შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით განსაზღვრული ყველა საჭირო კომპონენტი, რათა მოპასუხე ნ.შ.-ეს დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ამავდროულად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის არგუმენტი, რომ სადავო სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინის წინა მესაკუთრის – ლ. რ.-ის მიერ, შესაბამისად, ახალმა შემძენმა პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს ლ.რ.-ის ნამოქმედარის გამო, შესაბამისად, კასატორისათვის სავარაუდო არ იყო ზიანის წარმოშობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ლ. რ.-ისაგან ქ.თ.-ში, .. ზ.-ების ქ.№..-ში, პირველი სადარბაზოს მე-2 სართულზე მდებარე №3 ბინის შეძენით ნ. შ.-ეს გადაეცა არა მხოლოდ უძრავი ნივთი, არამედ მასთან დაკავშირებული ყველა ის უფლება-მოვალეობა, რაც წინა მესაკუთრეს გააჩნდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან, როგორც ზემოთაც აღინიშნა დელიქტური ვალდებულების არსებობისას ზიანის ანაზღაურების წესთან დაკავშირებით დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 9.12.13წ. №ას-850-808-2013).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. შ.-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 16 ივლისს №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 363 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 1 (ერთი) ლარი და 55 თეთრი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 361,45 ლარიდან დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% – 253,015 ლარი, სულ – 254,565 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. შ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ. შ.-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №..00122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 254,565 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური