Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-719-684-2015 03 სექტემბერი, 2015 წელი,

ას-719-684-2015 ექსპერტიზა ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო"

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ-ი"

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ” (შემდგომში ბიურომ) 2014 წლის 27 იანვარს გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი სამედიცინო მოწყობილობის - ავტოკლავის (ავტომატური სტერილიზაციის რეჟიმით) შესყიდვის მიზნით (კლასიფიკატორი ჩPV კოდი ... – სამედიცონო მოწყობილობები). შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად გამოცხადდა 14 900 ლარი დღგ-ის გათვალისწინებით (ტ. 1, ს.ფ. 61-66).

2. ტენდერში მონაწილეობდა შპს ,,მ-ა” და შპს ,,მ-ი” (შემდგომში კომპანია). ბიუროს სატენდერო კომისიის 18.02.2014წ. სხდომაზე (ოქმი №4) შპს ,,მ-ა” გამოცხადდა დისკვალიფიცირებულად, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდა მომდევნო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი - კომპანია, რომლის მიერ ტენდერში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით (ფასების ცხრილი, ტექნიკური დავალება) შესყიდვის საგნის - ავტოკლავის ფასი მითითებული იყო 14 900 ლარი დღგ-ის გათვალისწინებით (ტ. 1, ს.ფ. 79-84).

3. ტენდერის შედეგის საფუძველზე, 2014 წლის 25 თებერვალს ბიუროსა და კომპანიას შორის წერილობით გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის მიხედვითაც კომპანიას ბიუროსათვის უნდა მიეწოდებინა ავტოკლავი (ავტომატური სტერილიზაციის რეჟიმით; კლასიფიკატორი ჩPV კოდით ... - სამედიცინო მოწყობილობები) საერთო თანხით - 14 900 ლარი დღგ-ის გათვალისწინებით. 5.1 მუხლის მიხედვით, ავტოკლავის მიწოდებასთან ერთად, ხელშეკრულება ითვალისწინებდა ავტოკლავის მონტაჟსაც, რაც უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 1 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით. ხელშეკრულების 9.2 მუხლით, ბიუროს ანგარიშსწორება უნდა განეხორციელებინა მიწოდებული საქონლის მოთხოვნილ სტანდარტებთან და ხარისხთან შესაბამისობის დამადასტურებელი ინსპექტირების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 საბანკო დღისა [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ს 477-ე მუხლი] (ტ. 1, ს/ფ 16-21).

4. მხარეთა 2014 წლის 2 აპრილის წერილობითი შეთანხმებით, შეიცვალა ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების და მონტაჟის ვადა და იგი განისაზღვრა 2014 წლის 10 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 25).

5. 2014 წლის 15 აპრილს მხარეთა შორის წერილობით გაფორმდა მიღება- ჩაბარების აქტი, რომლითაც ბიურომ დაადასტურა კომპანიისაგან ავტოკლავის მიწოდება საერთო ღირებულებით - 14 900 ლარი (ტ. 1,ს.ფ. 28).

6. კომპანიის მიერ გამოწერილი ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში, რაც გაეგზავნა ბიუროს, მიწოდებული საქონლის ფასი - 14 900 ლარი მითითებულია, როგორც დაუბეგრავი (ტ. 1, ს.ფ. 113).

7. კომპანიას არ გამოუწერია და ბიუროსათვის არ წარუდგენია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებული იქნებოდა მიწოდებული საქონლის ფასი და დღგ-ის ოდენობა.

8. 2014 წლის 22 მაისს ბიურომ კომპანიას მიწოდებული ავტოკლავის საფასურად გადაურიცხა 12 627,12 ლარი (14 900 ლარზე 2 272,88 ლარით ნაკლები) (ტ. 1, ს.ფ. 29).

9. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 25.02.2014წ. ხელშეკრულების 15.3 მუხლით, ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით (149 ლარი).

10. კომპანიამ სარჩელი აღძრა ბიუროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილის - 2 272,88 ლარისა და პირგასამტეხლოს 2 235 ლარის დაკისრება.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების 1-9 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ, ვინაიდან, საგადასახადო კოდექსით, ავტოკლავის, როგორც სამედიცინო აპარატურის, მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდისაგან და მისი მიწოდება წარმოადგენს ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციას, ავტოკლავის ფასში დღგ-ს ვერ გაითვალისწინებდა და მოპასუხისათვის ავტოკლავის მიწოდებაზე დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურას ვერ გამოწერდა. მოსარჩელემ სატენდერო წინადადების გაცნობისთანავე იცოდა, რომ ავტოკლავს დღგ არ დაერიცხებოდა, მაგრამ იგულისხმა, რომ სატენდერო განცხადებაში დღგ-ის მითითებით მოპასუხეს შეცდომა ჰქონდა დაშვებული. მოპასუხის განმარტებით სატენდერო განცხადების გამოქვეყნებისას შეცდომით არ გაითვალისწინეს, რომ ავტოკლავის, როგორც სამედიცინო მოწყობილობის, მიწოდება გათავისუფლებული იყო დღგ-ისაგან და შესყიდვის ფასი მითითებული უნდა ყოფილიყო დღგ-ის გარეშე.

13. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 329.2-ე, 327-ე, 477-ე, 54-ე, 62-ე, 72-ე, 73.(ბ)-ე, 59-ე, 8.3-ე მუხლებით, ასევე, საგადასახადო კოდექსის 8.(3)-ე, 167-ე, 168.1.ლ-ე მუხლები.

14. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ

14.1.საგადასახადო კოდექსის 167.1-2 მუხლით, დღგ-ისგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით გულისხმობს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას (არ იბეგრება) და გამოიყენება ჩათვლის უფლება.

14.2. ამავე კოდექსის 168.1(ლ) მუხლის დანაწესით, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8419 20 000 00 კოდით მითითებული სამედიცინო დანიშნულების საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი.

14.3. კომპანია ბიუროსათვის ავტოკლავის (სამედიცინო დანიშნულების საქონლის) მიწოდებისას გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდისაგან, რის გამოც იგი სადავო 2 272,88 ლარს არ იხდის.

15. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, საგადასახადო კანონმდებლობით, ავტოკლავის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, მხარეთა შეთანხმება ნასყიდობის ფასში (14 900 ლარში) დღგ-ის გათვალისწინების ნაწილში არსებითი (ნამდვილი) პირობა ვერ იქნება.

16. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ამგვარი - სამედიცინო დანიშნულების საქონლის მიწოდებისას დღგ-ისაგან გათავისუფლება არის კანონისმიერი იმპერატიული დანაწესი, რასაც მხარეთა შეთანხმება ვერ შეცვლის. ამიტომ მხარეთა შეთანხმება იმ ნაწილში, რომლითაც მათ ნასყიდობის ფასში - 14 900 ლარში დღგ-იც გაითვალისწინეს, ნამდვილი არ არის და, შესაბამისად, ფასზე შეთანხმება ნამდვილია დღგ-ის ოდენობით ნაკლები თანხის (ფასის) ნაწილში, რასაც შეესაბამება ბიუროს მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი 12 627,12 ლარი.

17. მოცემულ შემთხვევაში სატენდერო წინადადებაში და შემდგომ ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასში დღგ-ის გათვალისწინება სასამართლომ განიხილა ბიუროს მხრიდან გარიგების შინაარსში შეცდომად, რის გამოც ჩათვალა, რომ ნასყიდობის ფასში დღგ-ის გათვალისწინების ნაწილში შეთანხმება ნამდვილი არ არის და ამიტომ მოპასუხე - ბიუროს არ ეკისრება სადავო თანხის მოსარჩელისათვის გადახდის ვალდებულება. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან ბიუროს არ აკისრია სადავო 2 272,88 ლარის, როგორც ნასყიდობის ფასის ნაწილის გადახდის ვალდებულება, არ არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

18. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

18.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად ის ფაქტი, რომ მოსარჩელისათვის გადახდილი 12 672,12 ლარი არის ავტოკლავის საფასური დღგ-ის გარეშე და სარჩელით მოთხოვნილი 2 272,88 ლარი არის დღგ-ის საფასური. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში დღგ-ის ოდენობა არის 0 ლარი, შესაბამისად, ნასყიდობის საფასურია 14 900 ლარი.

18.2. კომპანიამ თავიდანვე იცოდა, რომ აღნიშნული საქონელი გათავისუფლებული იყო დღგ-ის გადახდისაგან და სატენდერო განაცხადში მითითებული დღგ მექანიკურ შეცდომად ჩათვალა.

18.3. შეცდომით დადებული გარიგების არსებობის შემთხვევაში შეცილების უფლება ხანდაზმულია. ამ საკითხზე მხარეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოუთქვამთ თავისი მოსაზრება.

18.4. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, თუმცა არ დაუსაბუთებია, რატომ არის მხარეთა შორის დადებული გარიგება ბათილი. შეუძლებელია გარიგება კანონით დადგენილ წესს არღვევდეს, როცა მასში არის მითითება დღგ-ის ჩათვლით და დღგ-ის თანხაში 0 ლარი იგულისხმება.

18.5. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 72-73-ე მუხლებიც. სასამართლომ, ერთი მხრივ, 54-ე მუხლის საფუძველზე გარიგება მიიჩნია ბათილ გარიგებად და, ამასთან, 72-73-ე მუხლებზე დაყრდნობით საცილო გარიგებად, რაც შეუძლებელია. ამასთან, მოპასუხეს შეცილების უფლებით დადგენილ ვადაში არ უსარგებლია, რის გამოც გარიგება არის ნამდვილი და მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ ეკისრება 2 272, 88 ლარის ანაზღაურება.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბიუროს კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის საფასურის - 2 272,88 ლარისა და პირგასამტეხლოს - 300 ლარის ანაზღაურება.

20. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების 1-9 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 50-ე, 327-ე, 477-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე და საგადასახადო კოდექსის 8.(3)-ე, 167-ე, 168-ე მუხლები.

21. სასამართლომ მიუთითა, რომ ბიურომ როგორც სატენდერო განცხადებაში, ისე ხელშეკრულებაში ავტოკლავის მიწოდების სანაცვლოდ იკისრა მთლიანობაში - 14 900 ლარის გადახდის ვალდებულება. ხოლო, კომპანიამ 14 900 ლარად იკისრა ავტოკლავის მიწოდების ვალდებულება. ამასთან, რადგანაც თანხა მითითებული იყო დღგ-ის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში დღგ-ის თანხა მიღებული თანხიდან (14 900 ლარიდან) უნდა გადაეხადა აპელანტს (კომპანიას). თუმცა, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ავტოკლავი არ ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას, შესაბამისად, აპელანტს მიღებული 14 900 ლარიდან არ ეკისრებოდა გადასახადის გადახდა ანუ დღგ მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 0 (ნულ) ლარს.

22. სასამართლომ საქმის მასალებიდან, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დადებისას მე-20 პუნქტში მითითებული ფაქტი ცნობილი იყო ორივე მხარისათვის. კერძოდ, კომპანიის დირექტორის გ. ნ-ის მიერ წარდგენილ ფასების ცხრილში, მე-8 გრაფაში სათაურით - "ერთეულის ფასი" მითითებულია 14 900 ლარი და მე-9 გრაფაში სათაურით - "საერთო ფასი დღგ-ის ჩათვლით" ასევე მითითებულია 14 900 ლარი ანუ ერთეულის ფასი და ფასი დღგ-ის ჩათვლით ემთხვევა ერთმანეთს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შესაძლოა ეს ფასები დაემთხვეს ერთმანეთს არის ის, როდესაც საქონელზე არ ვრცელდება დღგ-ის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, აღნიშნულ ორ გრაფაში ერთი და იგივე თანხის მითითება ნიშნავს, რომ ერთეულის ღირებულება არის 14 900 ლარი.

23. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბიუროს მიერ დადგენილი ფასების ცხრილი შეავსო კომპანიამ და წარუდგინა ბიუროს. ამის შემდეგ დაიდო მხარეებს შორის ხელშეკრულება. შესაბამისად, ფასების ცხრილის მიღებითა და იგივე თანხაზე ხელშეკრულების დადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ავტოკლავის ღირებულება იყო 14 900 ლარი

24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბიურო და კომპანია 2014 წლის 25 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №100 ხელშეკრულების დადებისას შეთანხმდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისათვის აუცილებელ პირობებზე, მათ შორის ნასყიდობის ღირებულებაზეც. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძველზე გამყიდველს წარმოეშვა ნასყიდობის საგნის მიწოდების, ხოლო მყიდველს ნასყიდობის თანხის გადახდის ვალდებულება.

25. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბიუროს აპელანტისათვის უნდა გადაეხადა მიწოდებული საქონლის (ავტოკლავის) საფასური 14 900 ლარი. ბიურომ აპელანტს გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ ნაწილი, კერძოდ, 12 627,12 ლარი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ კომპანიამ ბიუროს მიაწოდა ავტოკლავი.

26. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა ნასყიდობის დარჩელი თანხის 2 272,88 ლარის ბიუროსათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია.

27. სასამართლომ გონივრულად მიიჩნია ბიუროსათვის პირგასამტეხლოს სახით 300 ლარის დაკისრება.

28. ბიურომ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

29. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

29.1. მოსარჩელეს არ წარუდგენია კასატორისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც გახდებოდა მისთვის 14 900 ლარის გადახდის საფუძველი.

29.2. გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 59-ე, 72-ე, 73-ე, 62-ე მუხლები. სატენდერო წინადადებასა და ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასში დღგ-ის გათვალისწინება იყო შეცდომა გარიგების შინაარსში, რის გამოც ამ ნაწილში გარიგება ნამდვილი არ არის.

29.3. თუ საქონელი არ იბეგრება დღგ-ით, შესაბამისად მიმწოდებელს არა აქვს გადახდილი დღგ-ის საფასური, ბუნებრივია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მისთვის მიწოდებულ საქონელზე უნდა იქნეს გადახდილი მიწოდებული საქონლის ღირებულების საფასური დღგ-ის გარეშე. მსჯელობა, რომ დღგ შეადგენს 0%-ს მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

29.4. საკასაციო საჩივარი დასაშვებია განსახილველად, ვინაიდან დავა მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

29.5. ბიუროსათვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ კომპანია წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელ კომპანიას. შესასყიდი საქონელი ბიუროს ესაჭიროებოდა ბიოლოგიური დეპარტამენტის აღჭურვისათვის, არასამედიცინო დანიშნულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით ტენდერის გამოცხადებისას საქონლის ფასი მითითებული იყო დღგ-ის ჩათვლით. პრეტენდენტმაც თავის სატენდერო წინადადებაში მიწოდებული საქონლის ფასი დააფიქსირა დღგ-ის ჩათვლით.

29.6. სასამართლომ დაარღვია რა სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები, ზოგიერთ მტკიცებულებას, კერძოდ, კომპანიის დირექტორის მიერ წარდგენილ ცხრილს მიანიჭა უპირატესი მნიშვნელობა.

29.7. უკანონოა გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, რადგან კასატორს ვალდებულება არ დაურღვევია.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით ბიუროს საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

31. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

35. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

37.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ფასში დღგ-ის გათვალისწინების საკითხი.

37.2. სადავო არ არის, რომ ავტოკლავის მიწოდება არ ექვემდებარება დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრას (საგადასახადო კოდექსის 168.1.ლ მუხლი).

37.3. საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადებისას მითითებული ფაქტი ცნობილი იყო ორივე მხარისათვის. კერძოდ, კომპანიის დირექტორის გ. ნ-ის მიერ წარდგენილ ფასების ცხრილში, მე-8 გრაფაში სათაურით - "ერთეულის ფასი" მითითებულია 14 900 ლარი და მე-9 გრაფაში სათაურით - "საერთო ფასი დღგ-ის ჩათვლით" ასევე მითითებულია 14 900 ლარი ანუ ერთეულის ფასი და ფასი დღგ-ის ჩათვლით ემთხვევა ერთმანეთს. აღნიშნულ ორ გრაფაში ერთი და იგივე თანხის მითითება ნიშნავს, რომ ერთეულის ღირებულება არის 14 900 ლარი.

37.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, იმ ფაქტზე, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო ბიუროს მიერ დადგენილი ფასების ცხრილის მოსარჩელის მიერ შევსებისა და მისი მოპასუხისთვის წარდგენის შემდგომ. შესაბამისად, ფასების ცხრილის მიღებითა და იგივე თანხაზე ხელშეკრულების დადებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ავტოკლავის ღირებულება იყო 14 900 ლარი.

37.5. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ისიც, რომ კომპანიის მიერ გამოწერილ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში, რაც გაეგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, მიწოდებული საქონლის ფასი - 14 900 ლარი მითითებულია, როგორც დაუბეგრავი (ტ.1, ს.ფ. 113).

38. სამართლებრივად დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ ხელშეკრულება დღგ-სა და ნასყიდობის საგნის ღირებულების კორექტირების გარეშე მითითების ნაწილში ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო და შეცდომით დადებული გარიგება.

39. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორი სოლიდური ინტელექტუალური და ფინანსური პოტენციალის მქონე სამეწარმეო სუბიექტია, რომლის ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას შეადგენს ტენდერის გამოცხადება-ჩატარება, სატენდერო წინადადებასა და ხელშეკრულებაში დღგ-ის არასწორად მითითება არა შეცდომის, არამედ უხეში გაუფრთხილებლობის მანიშნებელია.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის- 70% 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ (ს/კ 204852089) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 (სამასი) ლარის (საგადახდო მოთხოვნა №08507, გადახდის თარიღი 2015 წლის 08 ივნისი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. თოდუა

მომხსენებელი: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე