საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ას-723-688-2015 1 სექტემბერი, 2015 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ფ--ნ ჯ--ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ--ა ჯ--ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ--ა ჯ--ძე [შემდეგში: „მოსარჩელე, ან მოწინააღმდეგე მხარე]“ და ფ--ნ ჯ--ძე [შემდეგში: „მოპასუხე ან კასატორი“] ცხოვრობენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. --.
2. მოსარჩელე 2012 წლის 26 ოქტომბერს გარდაცვლილი ა--ე ჯ--ის [შემდეგში: „მოსარჩელის მეუღლე“] მეუღლეა. ეს უკანასკნელი მიწის რეფორმის პერიოდში ირიცხებოდა კომლის წევრად. მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ თანასაკუთრებაში მიიღეს №202 1875,25 კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთი [შემდეგში:„მიწის ნაკვეთი“], მდებარე ჭ--ის მუნიციპალიტეტის სოფ. --ში [„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის #66 დადგენილების მეორე პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 173.1 და 1158.1 მუხლები].
3. მოპასუხე, რომელსაც თავი სადავო ნაკვეთის ერთადერთ მესაკუთრედ მიაჩნდა 2010 წელს, თვითნებურად დაეუფლა მოსარჩელისა და მისი მეუღლის კუთვნილ ნაკვეთს, დააზიანა ღობე და მასზე არსებული ნარგავები. იგი დღემდე უკანონოდ ფლობს მას და მოსარჩელეს ხელს უშლის საკუთარი ქონებით სარგებლობაში.
4. ნაკვეთის დაუფლების შემდეგ, მან წამოიწყო სასამართლო დავები. 2011 წელს სარჩელი აღძრა მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭ--ის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ და მოითხოვა 2000 წლის 19 ივნისს, მოსარჩელის მეუღლის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ სადავო მიწის ნაკვეთზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა. მისი მოთხოვნის უსაფუძვლობა სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2011 წლის 20 დეკემბერს [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 264-ე და 266-ე მუხლები].
5. 2012 წლის 19 ივლისის განცხადების საფუძველზე, ელექტრონული ვერსიით აზომილი სადავო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით, რეგისტრაციაში გატარდა და აღირიცხა მოსარჩელისა და მისი მეუღლის თანასაკუთრებად (ს/კ №38.08.35.003). აღნიშნული რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოპასუხის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭ--ის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, როგორც უსაფუძვლო, ასევე არ დაკმაყოფილდა.
6. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წლის 16 აპრილს, სადავო ნაკვეთი მთლიანად მოსარჩელის სახელზე აღირიცხა. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 9 ივნისს, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 1875.25 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მასვე აეკრძალა ამ ნაკვეთზე ყოველგვარი საქმიანობა [სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები და სსსკ-ის 264-ე და 266-ე მუხლები].
7. მოპასუხე უკანონოდ დაკავებულ 1875.25 კვ.მ სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთს ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ძირითადად, სიმინდისა და ლობიოს მოსაყვანად იყენებდა.
8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 14 300 ლარის დაკისრება. სარჩელი დამყარებული იყო შემდეგ ფაქტებზე: მოპასუხე უკანონოდ დაეუფლა მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთს, მან გაუნადგურა მრავალწლიანი ხეხილის ნარგავები: 12 ძირი მსხმოიარე ვაშლი და მსხალი, ღირებული 720 ლარად. მან ასევე: „ახსნა რაგვი, რომელიც შემოვლებული ჰქონდა ნაკვეთს და რომლის ღირებულება შეადგენს 6800 ლარს,“ იგი არაერთი წელია ამუშავებს მიწის ნაკვეთს და ამ პერიოდში მიიღო 6775 ლარის შემოსავალი. გარდა ამისა, მოსარჩელე მოითხოვდა საპროცესო ხარჯების - 2000 ლარის - მოპასუხისათვის დაკისრებას.
9. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2390,40 ლარის გადახდა. სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილად ცნო, მაგრამ მოთხოვნა განხორციელებადად მიიჩნია მხოლოდ 2390 ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი ხანდაზმულობაზე. სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა სსკ-ის 992-ე, 408.1, 411-ე და 1008-ე მუხლები. შესაბამისად, მოპასუხეს საპროცესო ხარჯების 234.92 ლარის [სახ.ბიუჯეტის სასარგებლოდ - 71.71, ადვოკატის ხარჯი- 80, და აუდიტის ხარჯი - 83.20 ლარი] გადახდა დაეკისრა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სსსკ-ის 53-54-ე მუხლების თანახმად. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე რეალურად ფლობდა და სარგებლობდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 1875 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთით, რასაც ძირითადად სიმინდისა და ლობიოს მოსაყვანად იყენებდა. საქმეში არსებული აუდიტის დასკვნით მიხედვით, ზემო იმერეთში, კერძოდ, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, საშუალო საჰექტრო მოსავლიანობიდან გამომდინარე, სიმინდისა და ლობიოს შერეული ნათესის 1875 კვადრატულ მეტრზე მისაღები მოსავალი შეადგენს: 525 კგ სიმინდს, საბაზრო ფასით 367 ლარი, 244 კგ. ლობიოს , საბაზრო ფასით 878 ლარი. სულ სიმინდისა და ლობიოს შერეული ნათესის მოსავლის საბაზრო ღირებულება წელიწადში 1245 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, სამ წელზე გაანგარიშებით 3735 ლარია.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ 3735 ლარია ის თანხა, რაც მოპასუხემ ნ--ა ჯ--ეს უნდა გადაუხადოს მისი ნაკვეთით (3 წლის მანძილზე) უნებართვოდ სარგებლობის გამო, ზიანის ანაზღაურების სახით.
12. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და მოპასუხეს დაეკისრა 3735 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ სამი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალის ღირებულება დააკისრა მოპასუხეს სსკ-ის 992-ე, 408.1 და 411-ე მუხლების საფუძველზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
13. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ--ა ჯ--ის სააპელაციო საჩივარი. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მის მიერ ნ--ა ჯ--ის საკუთრებაში არსებული 1875 მ2 მიწის ნაკვეთის ფლობა, მაშინ, როდესაც ის რეალურად ფლობდა 625 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ--ნ ჯ--ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია. ამასთან, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დამატებით აღნიშნოს შემდეგი:
გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს უდავოობისა და სავალდებულოობის თვისებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი [სსსკ-ის 266-ე მუხლი].
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლისა და 2013 წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ 1875 კვ.მ მიწის მესაკუთრეა მოწინააღმდეგე მხარე [მოსარჩელე]. ამ ნაკვეთს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე კასატორი 2010 წლიდან უკანონოდ ფლობს. შესაბამისად, ამ უკანასკნელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ის ფლობდა 625 და არა 1875 კვ.მ მიწის ნაკვეთს და სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები დაუსაბუთებელია, რადგანაც სსსკ-ის 266-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მას არ შეეძლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით უკვე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტები სადავოდ გაეხადა და აქედან გამომდინარე, ვერც სააპელაციო სასამართლო ვერ დაადგენდა სხვა ფაქტებს.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ფ--ნ ჯ--ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ფ--ნ ჯ--ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს ფ--ნ ჯ--ძეს (პ/ნ --) დაუბრუნდეს მის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 29.07.15 სს საქართველოს ბანკი), 300 ლარის 70% , 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი