Facebook Twitter

საქმე №010210014534603

საქმე №ას-724-689-2015 9 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „მ. პ.-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.-ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ. პ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.-ოს“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან 10 000 ლარის დაბრუნება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლის 27 ივნისს შპს „ს.-ოს“ და შპს „მ. პ.-ს“ შორის გაფორმდა №41 მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ს.-ომ“ იკისრა ვალდებულება, ჩაეტარებინა ქ.ბ.-ში, რ.-ის/თ.-ის ქ.№...-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის და საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობისათვის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები.

შპს „ს.-ომ“ დამკვეთს მიაწოდნა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების შესახებ დასკვნა, ხოლო შპს „მ. პ.-მა“ გადაიხადა 18200 ლარი. მიწოდებული დასკვნის თანახმად, გამოკვლეულ ტერიტორიაზე საშუალოდ 6 მეტრის სიღრმის ქვემოთ მიღებულია წყალგაჯერებული მტვროვანი ქვიშა, რომლის წინაღობაც დაბალია. დასკვნაში მითითებულია, რომ ნაგებობის საძირკველის სავარაუდო ტიპად მიღებულია რკინა-ბეტონის ფილა. სავარაუდოდ კომბინირებული საბურღ-სატენი ტექნოლოგიით შესრულებულ ბეტონის ხიმინჯებთან ერთად.

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ტიპის საძირკველის მოწყობა ზრდიდა კომპანიის ხარჯებს. განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ასეთი ტიპის საძირკველის მოწყობის აუცილებლობა არ არსებობდა და შესაძლებელი იყო, მხოლოდ რკინა-ბეტონის ფილის საძირკველის მოწყობა. ზემოაღნიშნული გარემოებების გამოვლენის შემდეგ მხარეთა შორის შედგა ზეპირი მოლაპარაკება და მოპასუხემ იკისრა 10000 ლარის უკან დაბრუნების ვალდებულება, თუმცა თანხა არ დაუბრუნებია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ს.-ომ“ ვალდებულება შეასრულა, დამკვეთს მიაწოდა ტექნიკური დავალების საფუძველზე შედგენილი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა. რაც შეეხება სადავო 10000 ლარის დაბრუნებას, აღნიშნული დაპირება გაიცა არა თავად მოპასუხის, არამედ არაუფლებამოსილი პირის მიერ, რასაც შესაბამისი ძალა არ გააჩნია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ. პ.-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 27 ივნისს შპს „ს.-ოს“ და შპს „მ. პ.-ს“ შორის გაფორმდა №41 მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ს.-ომ“ იკისრა ვალდებულება, ჩაეტარებინა ქ.ბ.-ში, რ.-ის/თ.-ის ქ.№...-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 18200 ლარით.

შპს „ს.-ომ“ ჩაატარა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, რაზეც გასცა დასკვნები და რეკომენდაციები.

აღნიშნული დასკვნა-რეკომენდაციის თანახმად, გამოკვლეულ იქნა 10-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოყოფილი უბანი ქ.ბ.-ში, რ.-ის/თ.-ის ქ.№...-ში. დასკვნის თანახმად, გეომორფოლოგიური თვალსაზრისით უბნის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ თანამედროვე ზღვიური ნალექები წარმოდგენილი კენჭნარებითა და ქვიშებით, ქვიშნარების შუაშრეებით, რომლებიც სამშენებლო მოედნის ფარგლებში დაფარული არიან ნაყარი გრუნტით. უბნის გეოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე და აგრეთვე იმის გამო, რომ უბანზე და მის ირგვლივ არ არის საშიში გეოლოგიური პროცესები სამშენებლო მოედანი იმყოფება დამაკმაყოფილებელ საინჟინრო პირობებში. შესრულებული დასკვნის მე-7 პუნქტის თანახმად, ტექნიკური დავალებით მიღებული საძირკველის ტიპის – მაღლივი შენობის საძირკვლის კონსტრუქციად მიღებულია რკინა-ბეტონის ფილა, სავარაუდოდ კომბინირებული საბურღ-სატენი ტექნოლოგიით შესრულებული რკინა-ბეტონის ხიმინჯებთან ერთად, რაც, უბნის საინჟინრო-გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მიჩნეული იქნა შესაძლებლად.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტზე და დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 27 ივნისს დადებული №41 ხელშეკრულების თანახმად შპს „ს.-ომ“ ჩააბარა, ხოლო შპს „მ. პ.-ის“ დირექტორმა კახა შაშიკაძემ მიიღო ობიექტი – ქ. ბ.-ში, რ.-ისა და თ.-ის ქუჩების კუთხეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები 54 გვერდად. დასკვნის ორი ეგზემპლარი და ელექტრონული ვერსია ჩაბარდა „დამკვეთს“. მიღება-ჩაბარების აქტში მიეთითა, რომ დასკვნა სრულად აკმაყოფილებს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილი და დამოწმებულია მოდავე მხარეთა მიერ.

2012 წლის თებერვალში შპს „ს.-ოს“ დაკვეთით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების ხელმძღვანელ გ. ჭ.-ის მიერ შემოწმდა ქ.ბ.-ში, რ.-ისა და თ.-ის ქუჩების კუთხეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია. შემოწმების მიზანი იყო, ქ. ბ.-ში, რ.-ისა და თ.-ის ქუჩების კუთხეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისა და მის საფუძველზე შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საქართველოს მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან და სახელმწიფო სტანდარტებთან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების ხელმძღვანელ გ. ჭ.-ის დასკვნით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საინჟინრო გამოკვლევები ქ. ბ.-ში, რ.-ისა და თ.-ის ქუჩების კუთხეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, რომელიც ჩაატარა შპს „ს.-ომ“, აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2011 წლის 6 დეკემბერს პროექტის ავტორის მიერ გაცემული ტექნიკური დავალებით საძირკვლის სავარაუდო ტიპად მიჩნეული იქნა მთლიანი არმირებული ფილა. 2012 წლის 18 იანვარს გეოლოგ ს. მ.-ის დასკვნის მე-4 პუნქტის თანახმად, ქ. ბ.-ში, რ.-ისა და თ.-ის ქუჩების კუთხეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, საფუძვლის გრუნტის მახასიათებლებიდან გამომდინარე და სარდაფის სართულის გათვალისწინებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შენობის დაფუძნება სათანადო სისქის მთლიან არმირებულ ფილაზე.

2012 წლის თებერვალში შპს „AES PALAGE-ის“ დაკვეთით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების ხელმძღვანელ გ. ჭ.-ის მიერ შემოწმდა ქ. ბ.-ში, რ.-ისა და თ.-ის ქუჩების კუთხეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია. შემოწმების მიზანი იყო ქ.ბ.-ში, რ.-ისა და თ.-ის ქუჩების კუთხეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისა და მის საფუძველზე შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დადგენა, ანუ განისაზღვრა მ.-ის დასკვნის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან და სახელმწიფო სტანდარტებთან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების ხელმძღვანელ გ. ჭ.-ის დასკვნით დადგინდა, რომ საინჟინრო გამოკვლევები ქ. ბ.-ში, რ.-ისა და თ.-ის ქუჩების კუთხეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, შესრულებულია პროფესიულ დონეზე. მათ მიერ გამოთქმული ცალკეული შენიშვნები ჩატარებული სამუშაოების მიმართ, ავტორების მიერ მიღებულ იქნა მხედველობაში და ანგარიშში შეტანილია სათანადო კორექტივები. წარმოდგენილი ანგარიში შესაძლებელია საფუძვლად დაედოს პროექტს საინჟინრო-გეოლოგიურ ნაწილს.

ზემოაღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე, მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატან დადგენილად მიიჩნია, რომ როგორც ერთი (შპს „ს.-ოს“), ისე მეორე (გეოლოგ ი/მ მ.-ის) დასკვნა, სტუ გრუნტების მექანიკის და ფუძე საძირკველის მიმართულების ხელმძღვანელის პროფესორ ჭ.-ის დასკვნებით, შეესაბამებოდნენ საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც ეს დასკვნები (როგორც ერთი, ისე მეორე), შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს მშენებლობის პროექტს საინჟინრო გეოლოგიურ ნაწილს.

ამასთან, სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგენა, რომ „ს.-ოს“ მიერ მომზადებული პროექტი გაცილებით ძვირადღირებული სამუშაოს ჩატარებას ითვალისწინებდა, ვიდრე გეოლოგ მ.-ის პროექტი.

სააპელაციო პალატამ ასევე დაადგენა, რომ შპს „ს.-ოს“ საინჟინრო-გეოლოგიური სამსახურის უფროსი გ. ა.-ე უფლებამსილების გადამეტებისა და თვითნებურად თავის თავზე თანანმდებობის მინიჭებისათვის გათავისუფლდა დაკავებული თანანმდებობიდან.

შპს „ს.-ოსა“ და შპს „მ. პ.-ს“ შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც 2011 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება (ანუ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარება) 18200 ლარით განისაზღვრა.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს „ს.-ომ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, მოსარჩელემ კი იგი მიიღო, რის თაობაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. აქტს ხელს აწერს, როგორც „დამკვეთი“ შპს „მ. პ.-ი“, ისე „შემსრულებელი“ შპს „ს.-ო“. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ს.-ომ“ ჩააბარა, ხოლო შპს „მ. პ.-მა“ მიიღო ”ობიექტი”, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმის მასალებით დაუდასტურებელია ფაქტობრივი გარემოება შპს „ს.-ოს“ მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა.

სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლების, 361-ე, 629-ე მუხლების თანახმად, უდავოდაა დადგენილი, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე და იგი განსაზღვრული იყო 18 200 ლარით. დამკვეთს სამუშაოს მიღებისას შესრულებული სამუშაოს ნაკლთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს.

სამოქალაქო კოდექსის 639-ე, 641-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ რაიმე განსაკუთრებულ პირობაზე ნაკეთობის (კონკრეტულ შემთხვევაში პროექტის) დამზადებასთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმებული არ ყოფილან. მათ შორის შეთანხმების საგანი იყო ვარგისი პროექტის შექმნა, ამასთან, შეთანხმებული იყო ნაკეთობის (პროექტის) საზღაური. პროექტი იყო ვარგისი, და იგი აკმაყოფილებდა საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც საწინააღმდეგო დადასტურდებოდა, ანუ დადასტურდებოდა შპს „ს.-ოს“ მიერ შექმნილი პროექტის ნაკლოვანება და არავარგისიანობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სრულიად დაუდასტურებელია ფაქტობრივი გარემოება შპს „ს.-ოს“ მიერ ვალდებულების არაჯეროვნად, ნაკლის მქონედ შესრულების შესახებ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „მ. პ.-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ საძირკვლის სავარაუდო ტიპად მიღებულია რკინა-ბეტონის ფილა, რომელიც სავარაუდოდ კომბინირებული საბურღ-სატენი ტექნოლოგიით შესრულებული ბეტონის ხიმინჯებთან ერთად უზრუნველყოფდა ასეშენებლი შენობა-ნაგებობის მეტ მდგრადობას სეისმურ მოვლენებთან.

მხარემ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, მეტიც, ასეთზე მოწინააღმდეგე მხარეს არც შესაგებელში მიუთითებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულების გარეშე დაადგინა ისეთი გარემოება, რომელზეც მხარეები საქმის განხილვის ეტაპზე არ აპელირებდნენ. საქმის განხილვის დროს მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა და აღიარა, რომ საძირკველში ხიმინჯების მოწყობის აუცილებლობა არ არსებობდა და შენობა-ნაგებობას სრულად ყოფნიდა ბეტონის არმირებული ფილის მოწყობა. აღნიშნული აღიარებით მან ფაქტობრივად დაადასტურა ის ძირითადი ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც მოსარჩელე მხარე სარჩელში უთითებდა.

კასატორი ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით იმ ფაქტის დაუდასტურებლობის შესახებ, რომ შპს „ს.-ოს“ არ შეუსწავლია სათანადოდ გრუნტი და დასკვნა შესრულებულ იქნა გრუნტის სათანადო გამოკვლევის გარეშე.

მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო არაობიექტურ შინაგან რწმენას და გვერდი აუარა საქმეში წარმოდგენილ ძირითად მტკიცებულებებს, არ დაადგინა სარჩელში მითითებული გარემოებები, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც წარმოდგენილი არის საქმის განხილვის დროს, რითაც უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

საქმეში წარმოდგენილ იქნა გეოლოგ ს.მ.-ის გეოლოგიური დასკვნა (გრუნტის გაბურღვის სამუშაოები შეასრულა კომპანმია „ბ.-მა“), რომლის კვლევისას გამოვლინდა გამოსაკვლევ ტერიტორიაზე განსხვავებული გრუნტის არსებობა, რითაც დადასტურდა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ განხორციელებულა ტერიტორიის სათანადო შესწავლა და ფაქტობრივი გამოკვლევა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მითითებული იყო სარჩელში და საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ შპს „ს.-ოს“ დასკვნაში გრუნტის 6 მეტრის სიღრმის ქვემოთ ნაჩვენები წყალგაჯერებული მტვროვანი ქვიშა, რომლის წინაღობაც დაბალია, გეოლოგ ს.მ.-ის დასკვნაში კი, გრუნტი გამოკვლეულია 19 მეტრის სიღრმეში და მსგავსი ტიპის ქვიშები არ გვხვდება, აღნიშნულ დასკვნასთან ერთად მ.-ის მიერ დადასტურდა ჩვენების მიცემის დროს. მეტიც, აღნიშნული გარემოება არც მოწინააღმდეგე მხარეს სადვოდ არ გაუხდია. იგი დაეთანხმა ს.მ.-ის დასკვნას.

კასატორმა მიუთითა საქმეში წარმოდგენილ გ.ჭ.-ის დასკვნაზე, რომლითაც გადამოწმდა ს.მ.-ის დასკვნა და მოწონებულ იქნა. გ.ჭ.-ის განმარტებით, ს.მ.-ის დასკვნა შესრულებულია პროფესიულ დონეზე, ეფუძნება დინამიურ ზონდირებას, დამატებით კომპანია „ბ.-ის“ მიერ შესრულებულია საბურღი სამუშაოები გრუნტის გამოკვლევის მიზნით და გრუნტის გამოკვლევა განხორციელდა კომპლექსური მეთოდით. მოწინააღმდეგე მხარეს არც აღნიშნული გარემოება გაუხდია სადავოდ.

საქმის განხილვის დროს მოწმის სახით დაიკითხა ს.მ.-ი, რომელმაც განმარტა, რომ შპს „ს.-ოს“ მიერ გრუნტის გამოკვლევა ხორციელდებოდა ისეთი დანადგარებით, რომლითაც შეუძლებელი იყო დასკვნაში მითითებულ სიღრმეზე ჩასვლა და გრუნტის ნახვა (აღნიშნული დანადგარი სადავოდ არ გაუხდია მოწინააღმდეგე მხარეს). აგრეთვე, კვლევის ჩატარებისას შემოწმდა შპს „ს.-ოს“ მიერ განხორციელებული ბურღვის ადგილები და გამოვლინდა, რომ მათ (შპს „ს.-ოს“) მიერ გრუნტი გაიბურღა მხოლოდ 6 მეტრის სიღრმეზე. ს. მ.-მა დაადასტურა, რომ გრუნტის გამოკვლევა ჩაატარა დინამიური ზონდირებითა და, დამატებით გადამოწმების მიზნით, განხორციელდა გრუნტის გაბურღვა კომპანია „ბ.-ის“ მიერ, რა დროსაც ორივე მეთოდით კვლევამ დაადასტურა მის დასკვნაში მითითებული გრუნტის არსებობა და უარყოფილ იქნა შპს „ს.-ოს“ მიერ ნაჩვენები წყალგაჯერებული მტვროვანი ქვიშის არსებობა გრუნტში.

ს.მ.-ის ჩვენების მიცემისა და მოპასუხე მხარის მოწმის დაკითხვის შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან მოწმეებმა მიუთითეს ახალ გარემოებებზე, კერძოდ, მოპასუხის მოწმის განმარტება, რომ დინამიური ზონდირება გრუნტის რეალურ კვლევას არ იძლევა (რაც, კასატორის აზრით, ახალი გარემოება იყო). ს.მ.-ი მიუთითებდა საპირისპიროს, რომ დინამიური ზონდირების მეთოდი არის ზუსტი მეთოდი, მ.-მა მიუთითა ახალ გარემოებაზე, რომ მის მიერ გადამოწმდა შპს „ს.-ოს“ მიერ გაბურღული ადგილები და 6 მეტრის ქვევით განაბურღი არ არის. აღნიშნული გარემოებები იძლეოდა სრულ სამართლებრივ საფუძველს, რომ ჩატარებულიყო ექსპერტიზა ორი ურთიერთსაპირისპირო დასკვნის გადასამოწმებლად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა სპეციალური ცოდნა, გაერკვია, ორი დასკვნიდან რომელი იყო უფრო ზუსტი და ნამდვილი.

კასატორმა განმარტა, რომ აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარეც, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და საქმე გადაწყვიტა არაობიექტური შინაგანი რწმენის საფუძველზე.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ 2014 წლის 4 მარტს მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა წერილი (რომელიც მოპასუხეს ჩაბარდა 2014 წლის 18 მარტს) და მოსთხოვა სადავო თანხის დაბრუნება. საპასუხო წერილით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, დასაბრუნებელი თანხის ნაწილის – 10000 ლარის დაბრუნებაზე 2014 წლის მაისიდან 10 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდის გზით. აღნიშნულ წერილს ხელს აწერდა დასკვნის ავტორი გ. ა.-ე, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის საუბარი იყო შპს „ს.-ოს“ მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე და აღნიშნულს ეთანხმებოდა სადავო დასკვნის შემდგენი, გეოლოგი გ. ა.-ე. წერილზე ხელმოწერით გ. ა.-ე დაეთანხმა მოსარჩელის წერილის შინაარსს, სადაც მითითებულია შემდეგი „მოწოდებული დასკვნის საფუძველზე თქვენს მიერ გამოკვლეულ ტერიტორიაზე საშუალოდ 6 მეტრი სიღრმის ქვემოთ თქვენს მიერ მიღებულია წყალგაჯერებული მტვროვანი ქვიშა, რომლის წინაღობაც დაბალია, აქედან გამომდინარე, თქვენ მიუთითეთ, რომ ნაგებობის საძირკვლის სავარაუდო ტიპად მიღებულია რკინა-ბეტონის ფილა, სავარაუდოდ კომბინირებული საბურღ-სატენი ტექნოლოგიით შესრულებული ბეტონის ხიმინჯებთან ერთად. თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოები, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, არ შეესაბამებოდა ტერიტორიის რეალურ და სრულყოფილ გამოკვლევას, კერძოდ, თქვენმა კომპანიამ არ შეისწავლა სრულად გრუნტი სიღრმეზე, თქვენს მიერ არ იყო გრუნტი გაბურღული 6 მეტროს ქვემოთ და ისე მომზადდა დასკვნა.“

მხარემ განმარტა, რომ შპს „ს.-ოს“ მიერ მითითებული ტიპით საძირკვლის მოწყოდა მოცემულ ტერიტორიაზე ზრდიდა საძირკვლის მოწმობის ღირებულებას მაშინ, როდესაც განმეორებით (ორჯერ ჩატარდა განმეორებითი კვლევა) ჩატარებული კვლევების მიხედვით, ასეთი ტიპის საძირკველის მოწყობის აუცილებლობა არ არსებობდა, გრუნტის მახასიათებლების გამო, და შესაძლებელი იყო, მხოლოდ რკინა-ბეტონის ფილის საძირკვლის მოწყობა.

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და გ. ა.-ე მოწმედ დაკითხა, თუმცა შპს „მ. პ.-ს“ არ მისცა საშუალება, მოწმედ გამოცხადებული გ. ა.-ე დაეკითხა სხდომაზე და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეწყვიტა მოწმის დაკითხვა.

მხარემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და მხარეები ჩააყენა არათანაბარ მდგომარეობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ივლისის განჩინებით შპს „მ. პ.-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „მ. პ.-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 27 ივნისს შპს „ს.-ოს“ და შპს „მ. პ.-ს“ შორის გაფორმდა №41 მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ს.-ომ“ იკისრა ვალდებულება, ჩაეტარებინა ქ.ბ.-ში, რ.-ის/თ.-ის ქ.№...-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 18200 ლარით.

შპს „ს.-ომ“ ჩაატარა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, რაზეც გასცა დასკვნები და რეკომენდაციები.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტზე და დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 27 ივნისს დადებული №41 ხელშეკრულების თანახმად, შპს „ს.-ომ“ ჩააბარა, ხოლო შპს „მ. პ.-ის“ დირექტორმა კახა შაშიკაძემ მიიღო ობიექტი – ქ. ბ.-ში, რ.-ისა და თ.-ის ქუჩების კუთხეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები 54 გვერდად. დასკვნის ორი ეგზემპლარი და ელექტრონული ვერსია ჩაბარდა „დამკვეთს“. მიღება-ჩაბარების აქტში მიეთითა, რომ დასკვნა სრულად აკმაყოფილებს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილი და დამოწმებულია მოდავე მხარეთა მიერ.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმის მასალებით დაუდასტურებელია ფაქტობრივი გარემოება შპს „ს.-ოს“ მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერ დაადასტურა სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვისას საპროცესო დარღვევების არსებობის – საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენისა და შეფასების ფაქტები.

სადავო ფაქტების მტკიცების სტანდარტი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

მოცემულ შემთხვევაში შპს „მ. პ.-ის“ მტკიცების ტვირთი ეხებოდა იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურებას, რომ შპს „ს.-ომ“ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება დაარღვია.

სავსებით დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ სადავო ურთიერთობა წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლებით გათვალისწინებულ სახელშეკრულებო-სამართლებრივ სივრცეში და უნდა მოწესრიგებულიყო ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე.

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ სათანადოდ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ დამკვეთმა მიიღო შესრულებული სამუშაო და მისი ხარისხი დამაკმაყოფილებლად ჩათვალა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებ ული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „მ. პ.-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ. ა.-ისა და შპს „მ. პ.-ის“ მიერ 2015 წლის 20 ივლისს №123 საგადახდო დავალებით გადახდილი 500 ლარის 70% – 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ. პ.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „მ. პ.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ. ა.-ისა და შპს „მ. პ.-ის“ მიერ 2015 წლის 20 ივლისს №123 საგადახდო დავალებით გადახდილი 500 ლარის 70% – 350 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური