საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-728-693-2015 10 სექტემბერი, 2015 წელი,
ას-728-693-2015 ღ-უ ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ღ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – პ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ”ღ-ის” (შემდეგში - სტუდია, დამსაქმებელი) 2007 წლის 10 ოქტომბრის #31 ბრძანებით, პ. მ-ი (შემდეგში - დასაქმებული, მოსარჩელე) პირადი განცხადების საფუძველზე მიღებული იქნა სცენარისტის თანამდებობაზე.
2. 2013 წლის 09 სექტემბერს სტუდიასა და შპს ”ტ-სა'' შორის დაიდო აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების - ''ჩ-ის'' ერთობლივი შექმნისა და გამოყენების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, თუ ნაწარმოების რეიტინგი ზედიზედ ოთხი გადაცემის განმავლობაში 8 %-ზე ქვემოთ (ჯამურად) დაეცემოდა, „ტ-ს“ შეეძლო შეეწყვიტა ხელშეკრულება სტუდიისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით (ტ. 1, ს.ფ. 71).
3. მოსარჩელე დასაქმებული იყო სწორედ აღნიშნულ პროექტში სცენარისტისა და რეჟისორის თანამდებობაზე.
4. აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, 2013 წლის სექტემბრის თვეში შპს ''ტ-ი'' სტუდიას უხდიდა 103 840 ლარს, ხოლო მომდევნო თვეებში კი 107 840 ლარს.
5. შპს ''ტ-მა'' 2013 წლის 14 ნოემებერს # 0685 წერილობით მიმართა სტუდიას და აცნობა, რომ აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების „ჩ-ი“ რეიტინგი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტს, რაც 2013 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა, თუმცა, ამავე წერილით „ტ-მა“ დამატებითი ვადა მისცა სტუდიას ნაწარმოების რეიტინგის ამაღლების მიზნით. საბოლოოდ, სტუდიასა და „ტ-ს“ შორის ხელშეკრულება 2013 წლის დეკემბრის თვიდან შეწყდა.
6. სტუდიამ, როგორც დამსაქმებელმა, 2013 წლის დეკემბრის თვეში გაათავისუფლა დასაქმებული საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - შრომის კოდექსი) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.
7. დამსაქმებელმა 2014 წლის 11 აპრილის # 790 წერილით, დასაქმებულს მისივე წერილობითი მიმართვის პასუხად აცნობა, რომ სატელევიზიო სერიალის „ჩ-ი“ დახურვისა და დაფინანსების შეწყვეტის გამო, თანამშრომლები, მათ შორის მოსარჩელეც (დასაქმებული), დაექვემდებარნენ გათავისუფლებას შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ტ. 1, ს.ფ. 26-28).
8. დასაქმებულმა 2014 წლის 28 აპრილს სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ, მოითხოვა იძულებითი განაცდურის სახით 5 600 ლარისა და კომპენსაციის - 2 800 ლარის ოდენობით დაკისრება სტუდიისათვის.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სტუდიას დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 2 800 ლარის ოდენობით.
10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დასაქმებულის პოზიციიდან გამომდინარე, იგი პასუხისმგებელი იყო დამსაქმებლის ახალი პროექტის - ''ჩ-ის'' კონკურენტუნარიანობაზე.
11. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დასაქმებულთან დადებული 2007 წლის შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელს ავალდებულებდა, რომ შეექმნა მისთვის სამუშაო პირობები და დაესაქმებინა ხელშეკრულების მოქმედების ვადით. მიუხედავად მოსარჩელის მხოლოდ აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე ''ჩ-ი'' დასაქმებისა, პროექტის შეწყვეტა თავისთავად არ გულისხმობდა მასთან ხელშეკრულების შეწყვეტას. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო სტუდიაში 2007 წლიდან და კონკრეტულ პროექტზე მისი გადაყვანა დამსაქმებლის ნებით მოხდა. ამიტომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელი იყო არა მხოლოდ პროექტის „ჩ-ი“ დასრულება, არამედ სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიც.
12. სასამართლოს მოსაზრებით, შპს ''ტ-თან'' დადებული ხელშეკრულების შეწყვეტით სტუდიას შეექმნა ისეთი გარემოებები, რაც საფუძველს იძლეოდა, მიეღო საკადრო გადაწყვეტილებები. ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების თანახმად, სტუდია 3 თვის განმავლობაში იღებდა 300 000 ლარზე მეტს (დღგ-ს ჩათვლით). ყოველთვიური -107 840 ლარის შემოსავალი დაკავშირებული იყო სტუდიის მიერ შექმნილი აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების ''ჩ-ის'' რეიტინგთან, რომლის შეფასების მეთოდოლოგია ხელშეკრულებითვე იყო განსაზღვრული და სადავო არ ყოფილა. ხელშეკრულების შეწყვეტას სწორედ გადაცემის რეიტინგის დაცემა დაედო საფუძვლად, რაც ამავე ხელშკრულებით იყო გათვალისწინებული.
13. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
14. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ''ტ-თან'' ხელშეკრულების შეწყვეტა იძლეოდა საფუძველს, რომ სტუდიას მიეღო დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის გადაწყვეტილება. დასაქმებული უშუალოდ ამ პროექტში მუშაობდა ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, როგორიცაა სცენარისტი და რეჟისორი, ამიტომ არგუმენტირებული და გასაზიარებელი იყო დამსაქმებლის პოზიცია, რომ დასაქმებულის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მის მიერ შექმნილი ნაწარმოების წარმატებასა თუ წარუმატებლობაში.
15. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2007 წლიდან მოყოლებული, რაც სტუდიაში მუშაობდა დასაქმებული, არსებობდა არაერთი პროექტი, რომელზე მუშაობის დასრულებასაც არ გამოუწვევია მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა. სტუდია ასრულებდა დამსაქმებელზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, აგრძელებდა მუშაობას სხვა პროექტებზე დასაქმებულთან ერთად. პროექტის „ჩ-ი“ დასრულებას კავშირი აქვს დასაქმებულის გათავისუფლებასთან, რადგან დამსაქმებელს წარმოეშვა მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკლისი, შეწყდა „ტ-თან“ დადებული ხელშეკრულება, რაც დასაქმებულის მუშაობასაც უკავშირდებოდა.
16. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, იგი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
17. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, დამსაქმებლისათვის დასაქმებულის სასარგებლოდ 2 800 ლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრება.
18. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი დამსაქმებლისათვის იძულებითი განაცდურის - 5 800 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
19. დასაქმებულმა სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში. დასაქმებულმა მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა 2014 წლის მარტის თვეში და არა 2013 წლის დეკემბრის თვეში. დასაქმებულის მოსაზრებით, აღნიშნული დასტურდებოდა იმ ფაქტით, რომ არ არსებობს ბრძანება მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2013 წლის დეკემბერში, ამასთან, ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში მხარეები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, თუ რომელ კონკრეტულ პროექტში უნდა ემუშავა დასაქმებულს.
20. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმაც, მოითხოვა მისი გაუქმება და გადაწყვეტილების შეცვლით დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
21. დამსაქმებელის სააპელაციო საჩივარი ძირითადად ეფუძნებოდა იმას, რომ მოდავე მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება 2013 წლის დეკემბერში შეწყდა არა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, არამედ ამავე მუხლის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტისას კი დამსაქმებელს არ ეკისრება კომპენსაციის გადახდის ვალდებულება.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
23. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო ბოლო ოთხი გადაცემის განმავლობაში ნაწარმოების რეიტინგის დაცემა, დადგინდა ის გარემოება, რომ სახეზე იყო ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა.
24. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების შეწყვეტით დასრულდა პროექტზე "ჩ-ი" მუშაობა, რომელზეც დასაქმებული მუშაობდა, დამთავრდა პროექტზე მუშაობა, რაც გახდა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.
25. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დასაქმებულის პრეტენზია, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება რეალურად შეწყდა 2014 წლის მარტის თვიდან. დასაქმებული ამ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად ეყრდნობოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებსა და საკუთარ ახსნა-განმარტებას. მოწმეთა ჩვენებებით, დამსაქმებელს არც კი უგრძნობინებია დასაქმებულისათვის, რომ მის დათხოვნას აპირებდა, რადგან 2014 წლის იანვარ-თებერვალში სტუდიასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება, თუ რომელ კონკრეტულ პროექტში უნდა ემუშავა დასაქმებულს.
26. სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულის დათხოვნის ფაქტის - იძულების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად არ მიიჩნია თავად დასაქმებულის ახსნა-განმარტება, ვინაიდან იგი იყო სამართალწარმოების პროცესის მონაწილე და, შესაბამისად, საქმის შედეგით დაინტერესებული პირი, მოწმეთა განმარტება კი ეხებოდა მხოლოდ მათი გათავისუფლების შესახებ ფაქტობრივ გარემოებებს და არა დასაქმებულის გათავისუფლების ფაქტობრივ გარემობას, რომელიც სადავო იყო.
27. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის დეკემბერში, შპს "ტ-თან" არსებული ხელშეკრულების შეწყვეტით, შეწყდა დასაქმებულთან საქმიანობა პროექტზე "ჩ-ი". ის გარემოება, რომ დასაქმებულისთვის ცნობილი იყო გათავისუფლების თაობაზე, დასტურდებოდა დამსაქმებლის მიერ თათბირის მოწყობით, სადაც მოხდა ყველა დასაქმებულის ინფორმირება შპს ''ტ-სა'' და დამსაქმებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2013 წლის დეკემბერში შეწყვეტის შესახებ.
28. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ სტუდიამ დასაქმებული პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო და 2007 წლის 10 ოქტომბრიდან სცენარისტად და რეჟისორად გაამწესა, მხარეები არ დაობდნენ, რომ აღნიშნული ბრძანება არ გაუქმებულა. სააპელაციო საჩივრის შემოწმების ფარგლებში, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა განმარტებებზეც, რომლებმაც ვერ დაადასტურეს ფაქტობრივი გარემოებები შრომითი ხელშეკრულების იმ არსებითი პირობების შესახებ, რომელიც შეეხებოდა დასაქმებულის, როგორც პროექტის რეჟისორისა და სცენარისტის თანამდებობაზე დასაქმებას.
29. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის 2013 წლის დეკემბრიდან შეწყდა, ხოლო მხარეთა ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი იყო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტი.
30. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, კომპენსაციის სახით - 2800 ლარის გადახდის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
31. საკასაციო საჩივარი დაფუძნებულია შემდეგ გარემოებებზე:
31.1. სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მას უნდა გამოეყენებინა ამავე ნორმის „გ“ ქვეპუნქტი.
31.2. სასამართლოს არ დაუსაბუთებია გამოყენებული ნორმის კონკრეტულად რომელი გარემოება მიიჩნია არსებულად. სავარაუდოდ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ გარემოებას, რომელიც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას. ის გარემოება, რომ დამსაქმებელი „ტ-ისგან“ აღარ მიიღებდა პროექტისთვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას, სასამართლომ არასწორად მიიჩნია 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლად.
31.3. დასაქმებული მუშაობდა პროექტის არსებობის ვადით. შრომითი ხელშეკრულება შეწყდა პროექტის დასრულებით, სამუშაოს შესრულებით. ამასთან, ტ-თან დადებული ხელშეკრულება შეწყდა იმის გამო, რომ დასაქმებულმა თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, გარდა სცენარისტისა, იყო ამ პროექტის რეჟისორიც და პროექტის წარმატება („ტ-თან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეიტინგი) პირდაპირპროპორციულად იყო დამოკიდებული მისი მუშაობის ხარისხზე.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
33. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
34. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
35. სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
37. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არ ექნებოდა წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
38.1. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
38.2. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
38.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ძირითადად ემყარება იმ დასაბუთებას, რომ შპს ''ტ-სა'' და დამსაქმებელს შორის 2013 წლის 09 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად, დამსაქმებელი იღებდა 3 თვის განმავლობაში 300 000 ლარზე მეტს (დღგ-ს ჩათვლით). აღნიშნული ყოველთვიური -107 840 ლარის შემოსავალი დაკავშირებული იყო დასაქმებულის მიერ შექმნილი აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების ''ჩ-ის'' რეიტინგთან, რომლის შეფასების მეთოდოლოგია ხელშეკრულებითვე იყო განსაზღვრული. ნაწარმოების რეიტინგის დაცემა საფუძვლად დაედო ხელშეკრულების შეწყვეტას და, შესაბამისად, დამსაქმებელს კანონიერი საფუძველი მიეცა ხელშეკრულების შეწყვეტისათვის. დასაქმებული უშუალოდ იყო ნაწარმოების წარმატებაზე პასუხისმგებელი, როგორც მისი სცენარისტი და რეჟისორი.
38.4 საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი წინააღმდეგობრივად წარმოაჩენს საკუთარ პოზიციას, როდესაც საკასაციო საჩივარში უთითებს დამსაქმებელთან ხელშკრულების შეწყვეტის საფუძველზე (იხ. ამ განჩინების 31.3 პუნქტი). კასატორის პოზიცია, რომ დასაქმებული მუშაობდა პროექტის არსებობის ვადით, დაუსაბუთებელია, რადგან დასაქმებული სტუდიაში მუშაობდა 2007 წლიდან და ამ პროექტზე მუშაობდა დამსაქმებლის გადაწყვეტილებით. 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება რომ არ გაუქმებულა, მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ. კასატორის პოზიცია, რომ ხელშეკრულება შეწყდა სამუშაოს შესრულებით, ეწინააღმდგება მისსავე პოზიციას, რადგან ფაქტიურად სამუშაო არ შესრულებულა, ვადამდე შეწყდა პროექტი, რომელმაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეიტინგის სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა. კასატორი, ერთი მხრივ, უთითებს, რომ სამუშაოს შესრულებით შეწყდა დასაქმებულის მუშაობა, მეორე მხრივ კი აღნიშნავს, რომ დასაქმებულის არასათანადო მუშაობამ გამოიწვია პროექტის შეწყვეტა, შესაბამისად, „ტ-თან“ დამსაქმებლის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა, რის გამოც ამ უკანაკნელს ფინანსური პრობლემები შეექმნა (იხ. ამ განჩინების მე-12 პუნქტი).
39. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დამსაქმებელმა მასსა და „ტ-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე პროექტზე დასაქმებულ ყველა პირს შეატყობინა თათბირზე, რადგან ეს უკავშირდებოდა დაფინანსების შეწყვეტას, შესაბამისად, ამ პროექტზე დასაქმებულ პირებთან, დამსაქმებლის ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტას, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინების 4.3. პუნქტი და ამ განჩინების 29-ე პუნქტები). დამსაქმებელს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად ამ ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% –210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ღ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს შპს „ღ-ას“ (ს/კ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №565, გადახდის თარიღი 2015 წლის 01 ივლისი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე