Facebook Twitter

საქმე №ას-734-698-2015 28 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ა.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მენარდისათვის საზღაურის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ა.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის: 1. 80,069.75 ლარის ანაზღაურების დაკისრება და 2. მიუღებელი შემოსავლის - 4,003.50 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ სს „ა.-სა” და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, სს ,,ა.-ს” უნდა განეხორციელებინა მ.- მუნიციპალიტეტის ტ.-დ.-ჭ.- მეურნეობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 15 მარტი. მოსარჩელემ დადგენილ ვადაში შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. თუმცა მოპასუხემ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის საფუძვლით, მას დააკისრა პირგასამტეხლო - 80,069.75 ლარი და რომელიც მოპასუხემ გაქვითა მათ შორის დადებული სხვა ხელშეკრულებით (გ.- მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები) გათვალისწინებული ღირებულებიდან.

ამასთან, მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხის ამგვარი ქმედებით მას მიადგა 4,003.50 ლარის ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

მოპასუხემ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სს ,,ა.-მა” მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო დადგენილ ვადაში სამუშაოების დასრულება. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ნაცვლად ხელშეკრულებით დადგენილი 2014 წლის 15 მარტისა, შესრულდა 2014 წლის 7 მაისს, რისთვისაც მოსარჩელეს კანონიერად დაეკისრა ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომლის ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, მოთხოვნა გაქვითა მათ შორის არსებული სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ა.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაეკისრა 80,069.75 ლარის გადახდა სს ,,ა.-ის” სასარგებლოდ. სს ,,ა.-ის” სარჩელი მოპასუხისათვის 4,003.5 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 მაისის განჩინებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოცემული საქმის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- 2013 წლის 15 ოქტომბერს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა (შემსყიდველი) და სს ,,ა.-ს” (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №00..-2013 ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება - განეხორციელებინა მ.- მუნიციპალიტეტის ტ.--დიდი ჭ.- მეურნეობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც მას შემსყიდველი გადაუხდიდა 1510745 ლარს. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 15 მარტამდე.

- მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ფასის 0.1%-ის ოდენობით.

- შესასრულებელ სამუშაოთა სათანადოდ (მათ შორის, ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში) განხორციელების მიზნით, პროექტის ზედამხედველად და პროექტის პასუხისმგებელ პირად დაინიშნა მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი - დ. შ.-ა.

- 2014 წლის 7 მარტს სს ,,ა.-მა” აცნობა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომ დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და ითხოვა - გამოყოფილიყო კომისია ობიექტის ჩაბარების მიზნით.

უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ შემსყიდველის მიერ 2014 წლის 12 მარტს შემოწმდა შესყიდვის ობიექტი, თუმცა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ვერ მოხერხდა.

მხარეთა შორის სადავო იყო საკითხი იმის შესახებ, მიუთითებდა თუ არა, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ნაკლოვანებაზე გზის ორ მცირე მონაკვეთზე გამოვლენილი ,,ვიზუალური წუნი”. მოპასუხის მოსაზრებით, ეს ფაქტი სწორედაც ამ ნაკლოვანებაზე მეტყველებდა. მოსარჩელე კი მიიჩნევდა, რომ ეს ფაქტი გამოწვეული იყო პროექტის ხარვეზიანობით და საჭიროებდა სწორედ პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულებას, რაზედაც მან გამოთქვა მზადყოფნა, კერძოდ განუმარტა, რომ გაასწორებდა ან შეცვლიდა ლითონის ხიდის კოჭებსა და სავალ ნაწილს; გაწმენდდა ჩამოშვავებული გრუნტისაგან კიუვეტებსა და გვერდულებს; მოაწესრიგებდა ხიდის მისასვლელებს და მთლიანად სავალ ნაწილზე მოაწყობდა 2 სმ-იანი საცვეთ ფენას წვრილმარცვლოვანი ასფალტო-ბეტონით ან წვრილღორღოვანი ზედაპირული დამუშავებით. ოღონდ, მიმწოდებელმა ითხოვა მშენებლობის დამთავრების ვადის 2 თვით გადაწევა (იხ., 2014 წლის 17 მარტის №27/02 წერილი - ს.ფ.27).

ასევე დადგენილია, რომ ჩასაბარებელი ობიექტის შეფასებისა და პროექტით დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით, ობიექტი შემოწმებულ იქნა პროექტის ზედამხედველისა და პასუხისმგებელი პირის - დ. შ.-ას მიერ. მისი შემოწმებით დადგინდა, რომ პროექტითა და, შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები სს ,,ა.-მა” შეასრულა სრულად და შესრულებული სამუშაოს ხარისხი იძლეოდა შესაბამისი კომისიის მიერ ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის საფუძველს. ხოლო გზის ორ მცირე მონაკვეთზე შენიშნული ვიზუალური წუნი გამოწვეული იყო არა სს ,,ა.-ის” მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, არამედ - პროექტის ხარვეზით, თუმცა - აღნიშნული ფაქტი მიწოდებული სამუშაოს შესრულების ხარისხზე არ ახდენდა გავლენას. შემოწმების შედეგები აისახა პროექტის ზედამხედველის მოხსენებით ბარათში, რომელიც დ. შ.-ამ წარუდგინა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს.

დადგენილია, რომ დ. შ.-ას მოხსენებითი ბარათისა და სს ,,ა.-ის” მითითებული წერილის საფუძველზე, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააკმაყოფილა სს ,,ა.-ის” თხოვნა და მას მისცა სამუშაოების შესასრულებლად 2 თვის ვადა.

საბოლოოდ, სს ,,ა.-მა” სამუშაოები ობიექტზე დაასრულა 2014 წლის 7 მაისს, რის შესახებაც აცნობა შემსყიდველს.

უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება სრულად აუნაზღაურა სს ,,ა.-ს”.

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიჩნია, რომ სს ,,ა.-ის” მიერ დაირღვა სამუშაოს შესრულების დათქმული ვადა: 2014 წლის 15 მარტის ნაცვლად, სამუშაოები დასრულდა 53 დღის დაგვიანებით - 2014 წლის 7 მაისს, რის გამოც სს ,,ა.-ს” დააკისრა ჯარიმა: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%, სულ - 80069.75 ლარი, რომელიც 2014 წლის 4 აგვისტოს გამოქვითა სს ,,ა.-ის” კუთვნილი, სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან (№0.-04/2014) გამომდინარე გადასახდელი თანხიდან.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური, სამუშაოს დასრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ნაწილ-ნაწილ გადახდას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის 15 ოქტომბერს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და სს ,,ა.-ს” შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მენარდე სს ,,ა.-ს” უნდა განეხორციელებინა გარკვეული სამუშაოები, რისთვისაც შემკვეთ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა გადაეხადა მისთვის შეთანხმებული საზღაური.

სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა; ხოლო 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს.

ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ა.-მა“ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, რითაც დამკვეთს წარუდგინა ნივთობრივად უნაკლო ნივთი. გამოვლენილი ე.წ. ,,ვიზუალური წუნი” იყო არა მენარდის მიერ სამუშაოთა უხარისხოდ შესრულების, არამედ - სამშენებლო პროექტის ხარვეზიანობის შედეგი, რაზედაც მენარდეს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებოდა. მიუხედავად ამისა, მენარდემ იკისრა ვალდებულება - შეესრულებინა პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოებიც კი, რაზედაც შემკვეთი დაეთანხმა და სამუშაოთა დასასრულებლად 2014 წლის 15 მაისამდე მისცა ვადა. ამ ვადაში მენარდემ დაასრულა სამუშაოები.

იმის გათვალისწინებით, რომ სს ,,ა.-ის” მიერ სამუშაოები შესრულდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი არ დადგინდა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე-447-ე მუხლებით დადგენილია ვალდებულების შეწყვეტის შესაძლებლობა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, კერძოდ, 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვინაიდან სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სს ,,ა.-ისათვის” პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა, არ არსებობდა მისი გაქვითვის საფუძვლებიც. შესაბამისად, თანხის გაქვითვით სს ,,ა.-ს” მიადგა მატერიალური ზიანი გაქვითული თანხის - 80069.75 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება და მოსარჩელის მოთხოვნა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ 80069.75 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ობიექტის შემოწმებისას გზის ორ მონაკვეთზე არსებული წუნი წარმოადგენდა პროექტის ხარვეზის შედეგს. კასატორი მიუთითებს იმასაც, რომ როგორც ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დგინდება დ.შ.-ა წარმოადგენდა პროექტის ზედამხედველ და პროექტზე პასუხისმგებელ პირს. კასატორი აღნიშნავს, რომ დ.შ.-ა მოცემული საქმის განხილვაზე მოწმის სახით მოწვეული იქნა სს „ა.-ის“ ინიციატივით, რაც გარკვეულ ეჭვს ბადებს მის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში, რადგან, კასატორის მოსაზრებით, მისი პოზიცია შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებით, რაც პროექტის ზედამხედველობის ჯეროვნად განხორციელებასთან იყო დაკავშირებული (რაც ვერ აიცილა, რადგან მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინარული ღონისძიება). კასატორის მითითებით, ამის საფუძველს ის გარემოება იძლევა, რომ დ. შ.-ამ ვერ უარყო ის ფაქტი, რომ ობიექტის შემოწმებისას გზის ორ მონაკვეთზე აღინიშნებოდა ვიზუალური ხარვეზი, მაგრამ ეს ახსნა პროექტის ხარვეზით. საქმის განმხილველმა სასამართლომ კი, ისე გაიზიარა მისი ახსნა-განმარტება, რომ მისი კვალიფიკაცია არ შეუმოწმებია. კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ნადვილად პროექტის ხარვეზმა განაპირობა ეს წუნი. ასევე ის გარემოება, რომ მზადყოფნა გამოთქვა გამოესწორებინა ხარვეზი, მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ მან კონტრაქტის პირობებთან შეუსაბამოდ შეასრულა სამუშაოები. შესაბამისად, სახეზეა ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობა, რამაც საბოლოოდ, განაპირობა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სს „ა.-ის“ მხრიდან ვალდებულების დარღვევისა, მისთვის ვალდებულების შესრულებას არ დაუკარგავს ინტერესი, რის გამოც, მან უარი კი არ თქვა ხელშეკრულებაზე, არამედ მოითხოვა ნაკლის გამოსწორება. დადგენილ ორ თვიან ვადაში მენარდემ აღმოფხვრა ხარვეზი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სს „ა.-ს“ 2014 წლის 15 მარტის მდგომარეობით არ ჰქონდა შესრულებული ხელშეკრულება. სწორედ ამიტომ არ შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რადგან მისი შედგენა ვალდებულების შესრულებად მიიჩნეოდა. ხელშეკრულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის დაწესება კი, კასატორის მითითებით, არ გამორიცხავს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ეს ყოველივე კი, კასატორის მოსაზრებით, იმაზე მეტყველებს, რომ შემკვეთს ჰქონდა პირგასამტეხლოს თანხის გაქვითვის მართლზომიერი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

თავის საკასაციო პრეტენზიას კასატორი იმ გარემოებაზე აფუძნებს, რომ გზის ორ მცირე მონაკვეთზე გამოვლენილი ,,ვიზუალური წუნი” განპირობებული იყო შესრულებული სამუშაოების ნაკლოვანებით, რაც ჯეროვნად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის განმხილველმა სასამართლომ. კასატორი აღნიშნავს, რომ მენარდეს განესაზღვრა დამატებითი ვადა ნაკლის აღმოსაფხვრელად, ხოლო თავის მხრივ, დამატებითი ვადის დაწესება მენარდეს არ ათავისუფლებდა ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან.

კასატორის ზემოაღნიშნულ პოზიციას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ:

- 2013 წლის 15 ოქტომბერს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა (შემსყიდველი) და სს ,,ა.-ს” (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0.-/002-2013 ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება - განეხორციელებინა მ.- მუნიციპალიტეტის ტ.- დ.- ჭ.- მეურნეობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც მას შემსყიდველი გადაუხდიდა 1510745 ლარს.

- სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 15 მარტამდე.

- შესასრულებელ სამუშაოთა სათანადოდ (მათ შორის, ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში) განხორციელების მიზნით, პროექტის ზედამხედველად და პროექტის პასუხისმგებელ პირად დაინიშნა მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი - დ. შ.-ა.

- უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ შემსყიდველის მიერ 2014 წლის 12 მარტს შემოწმდა შესყიდვის ობიექტი, თუმცა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ვერ მოხერხდა.

- ასევე დადგენილია, რომ ჩასაბარებელი ობიექტის შეფასებისა და პროექტით დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით, ობიექტი შეამოწმა პროექტის ზედამხედველმა და პასუხისმგებელმა პირმა - დ. შ.-ამ. შემოწმების დროს დადგინდა, რომ პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები სს ,,ა.-მა” შეასრულა სრულად და შესრულებული სამუშაოს ხარისხი იძლეოდა შესაბამისი კომისიის მიერ ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის საფუძველს. ხოლო გზის ორ მცირე მონაკვეთზე შენიშნული ვიზუალური წუნი გამოწვეული იყო არა სს ,,ა.-ის” მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, არამედ - პროექტის ხარვეზით, თუმცა, ეს ფაქტი მიწოდებული სამუშაოს შესრულების ხარისხზე არ ახდენდა გავლენას.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ეჭვქვეშ აყენებს დ. შ.-ას კვალიფიკაციასა და ობიექტურობას და მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი პოზიციის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად არ უნდა მიეჩნია, რომ ობიექტის შემოწმებისას გზის ორ მონაკვეთზე არსებული წუნი წარმოადგენდა პროექტის ხარვეზის შედეგს, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ როგორც ეს საქმის მასალებთაა დადგენილი, დ. შ.-ა წარმოადგენდა პროექტის ზედამხედველ და პროექტზე პასუხისმგებელ პირს. ეს კი, იმაზე მეტყველებს, რომ თავად ხელშეკრულების მხარე, ხელშეკრულების გაფორმებისას დაეყრდნო მის კვალიფიკაციას და მას მიანდო პროექტზე ზედამხედველობის ფუნქცია. შესაბამისად, მართებულად იქნა გაზიარებული მისი პოზიცია, ხოლო მარტოოდენ ის მოსაზრება, რომ დ. შ.-ა საქმის განხილვაზე მოწვეულ იქნა სს „ა.-ის“ ინიციატვით, რაც მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის უპორობო საფუძველია, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, ამ ფაქტის სარწმუნოდ დაუდასტურებლობის მოტივით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გზის ორ მცირე მონაკვეთზე გამოვლენილი ,,ვიზუალური წუნის” აღმოსაფხვრელად დამატებით ვადის დაწესება და ამ ვადის შემდგომ შესრულებული სამუშაოს დაგვიანებით ჩაბარება, სს „ა.-ს“ ხელშეკრულების ვადის დარღვევად ვერ შეერაცხება, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს ხელშეკრულების ვადის დარღვევის გამო, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობასაც.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისა და ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4,123.45 ლარის 70% – 2,886.41 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უკან დაუბრუნდეს 2015 წლის 24 ივნისს №0.- საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (4,123.45 ლარი) 2,886.41 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე