საქმე №ას-742-710-2014 28 სექტემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ხ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ი, ნოტარიუსი რ. ზ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის გაჩინება, ასევე მოწმეთა დაკითხვასა და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებები
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ხ. ბ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა 24.09.2008წ. ნოტარიუს რ. ზ-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის, ასევე 16.11.2010წ. ი. და გ. ბ-ებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. გ. ბ-მა (შემდგომში _ მოპასუხე) მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით არ ცნო მოთხოვნა და განმარტა, რომ ი. ბ-ს სამკვიდრო კანონიერად ჰქონდა მიღებული, საკუთრების უფლება აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში და მესაკუთრემ, მადლიერების ნიშნად, საჩუქრად გადასცა მოპასუხეს ქონება. ამ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის შვილმა ერთხელ უკვე მიმართა სასამართლოს სარჩელით, თუმცა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა მოპასუხის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების კანონშესაბამისად მიღების ფაქტი.
2.2. ნოტარიუს რ. ზ-ს (შემდგომში _ მოპასუხე) შესაგებელი არ წარუდგენია, თუმცა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ, როგორც სამკვიდრო მოწმობა, ისე ჩუქების ხელშეკრულება შედგენილი იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ბ-ი და ლ. მ-ი 1982 წლის 23 ივლისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
5.1.2. კასპის რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე სადავო ქონება 2008 წლის 24 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო ი. ბ-მა, როგორც ლ. მ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ - მეუღლემ.
5.1.3. ხ. ბ-ი არის ი. ბ-ის შვილი.
5.1.4. 2010 წლის 16 ნოემბრის ი. ბ-სა და გ. ბ-ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება 2010 წლის 22 ნოემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. ბ-ის სახელზე.
5.1.5. გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ხ. ბ-ის შვილის - ნ. ბ-ის სარჩელი ი. და გ. ბ-ების მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მართლზომიერი მფლობელობის უფლების აღდგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
5.1.6. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა ის გარემოება, რომ სამკვიდრო ქონება ლ. მ-ის სახელზე არასწორად იქნა აღრიცხული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ სადავო ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ლ. მ-ის სახელზე, საჯარო რეესტრის ამონაწერში უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული იყო სამთავისის ტერიტორიული ორგანოს მიერ 12.07.2007წ. გაცემული N... ცნობა, რომლის თანახმადაც, კასპის რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე ლ. მ-ის საკუთრებაში არსებული სახლი აშენებული იყო 1979 წელს და მდებარეობდა 3310,59 მ2 მიწის ნაკვეთზე.
5.1.7. გარდაცვალების ცნობის თანახმად, ლ. მ-ი გარდაიცვალა 2008 წლის 28 იანვარს, ხოლო მისი, როგორც მამკვიდრებლის კუთვნილი ქონება, 2008 წლის 24 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო მისმა მეუღლემ, პირველი რიგის მემკვიდრემ - ი. ბ-მა, რომელიც მამკვიდრებელთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1982 წლის 23 ივლისიდან.
5.1.8. სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენდა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ე.ი მხარეს შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის წარდგენით, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით, არ მიუმართავს სასამართლოსათვის ლ. მ-ის სახელზე სადავო ქონების აღრიცხვის მართლზომიერების შემოწმების, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის შეფასებისა და ამ გარემოებების შესწავლის შედეგად, ლ. მ-ის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილობის მოთხოვნით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, გაზიარებულ იქნა სასამართლოს ის დასკვნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ვერ მიიღწეოდა მხარისათვის სასურველი შედეგი და იგი ვერ აღირიცხებოდა ქონების მესაკუთრედ, რადგან ი. ბ-ის, როგორც ლ. მ-ის პირველი რიგის მემკვიდრის, სახელზე გაცემული 2008 წლის 24 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის და ი. და ხ. ბ-ებს შორის დადებული 2010 წლის 16 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში, აღდგებოდა სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე არსებული მდგომარეობა და, შესაბამისად, სადავო ქონება აღრიცხული დარჩებოდა ლ. მ-ის სახელზე.
5.1.9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
მე-3 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-4 მუხლზე და აღნიშნა, რომ ნოტარიულად დამოწმებული 2010 წლის 16 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (სანოტარო აქტი N...) სადავო უძრავი ქონება მესაკუთრე ი. ბ-მა აჩუქა გ. ბ-ს. ჩუქების ხელშეკრულება, გამჩუქებლის სიცოცხლეშივე გახდა სადავო ხ. ბ-ის შვილის მიერ, თუმცა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ნ. ბ-ის სარჩელი ი. და გ. ბ-ების მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მართლზომიერი მფლობელობის უფლების აღდგენის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. თავად ქონების გამჩუქებელს სადავო არ გაუხდია მის მიერ დადებული გარიგება. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ი. და ხ. ბ-ებს შორის დადებული 2010 წლის 16 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი მოთხოვნაა, რომლის განხილვა-გადაწყვეტისათვის აუცილებელია, დადგინდეს იურიდიული ინტერესის არსებობა სასამართლო გადაწყვეტილებით ასეთ აღიარებასთან მიმართებაში. იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია, მისი ობიექტური მხარეც. იურიდიული ინტერესების მიღწევადობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, თუ სამართლებრივად რამდენად დაცულია შედეგები, რომელთა დადგომაც სურს მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სურვილს ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის გზით, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა წარმოადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებული იყო საჩუქრის ლ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ფაქტი, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაშიც, საბოლოოდ ვერ მიიღწეოდა ის მიზანი, რაც მოსარჩელეს გააჩნდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი, ასევე ახალი მტკიცებულებების მიღებასა და მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იურიდიული ინტერესის არარსებობაზე მიუთითა, რაც არასწორია, რადგანაც ამგვარი ინტერესის არარსებობის შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს არ უნდა მიეღო სარჩელი.
6.1.2. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ის სამართლებრივი უსწორობები, რაც მითითებული ჰქონდა აპელანტს სააპელაციო საჩივარში, თუმცა თავად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებით, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა.
6.1.3. სააპელაციო პალატამ საჭიროდაც არ მიჩნია მოპასუხე ნოტარიუსის სასამართლო სხდომაზე გამოძახება და დაკითხვა, რათა მას მიეცა განმარტება იმ დარღვევების თაობაზე, რა დარღვევებითაც გაცემულია სამკვიდრო მოწმობა.
6.1.4. ცხადია, რომ სადავო ქონება ლ.მ-ის საკუთრებას არ წარმოადგენდა, ეს გარემოება ცნობილი იყო მოპასუხეებისათვის, თუმცა მათ განზრახ დაარღვიეს კანონის მოთხოვნები, ამასთანავე, ამ გარემოების დადასტურების მიზნით არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ მიიღო ახალი მტკიცებულებები და არ დაკითხა მოწმეები. მოპასუხე გ.ბ-მა აღიარა, რომ ქონება ი.ბ-ის საკუთრება იყო, ხოლო ნოტარიუსმა აღნიშნა, რომ მას ხშირად აწუხებდა ი.ბ-ი, რაც მოპასუხის ოჯახის ზემოქმედებით იყო გამოწვეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.3. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ 24.09.2008 წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ი. ბ-მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო მეუღლის _ ლ. მ-ის სამკვიდრო, რომელიც მდებარეობდა კასპის რაიონის სოფელ ბ-ში. 16.11.2010წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (რომელიც გაფორმდა ლ.მ-ის მემკვიდრესა და მოპასუხეს შორის) უძრავი ქონება აღირიცხა გ. ბ-ის საკუთრებად. სადავო ქონებაზე ლ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს 12.07.2007წ. #... ცნობა წარმოადგენდა.
1.4. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის იურიდიულ ინტერესს ქონებაზე საკუთრების უფლების აღრიცხვა წარმოადგენდა, თუმცა მოსარჩელეს ლ. მ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტი სადავოდ არ გაუხდია, რაც გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.6. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიული ინტერესის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. პალატა განუმარტავს მხარეს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული ინტერესის არსებობა მოწმდება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო მისი ნამდვილობა უნდა დადგინდეს დავის არსებითი გადაწყვეტისას მტკიცებულებათა შესწავლა-შეფასების გზით.
1.7. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს სადავოდ არ გაუხდია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომლის თანახმადაც, სარჩელის მოთხოვნას ქონების ლ. მ-ის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძვლის ბათილად ცნობა არ წარმოადგენდა, ასეთ ვითარებაში კი, სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და 377-ე მუხლების მოთხოვნებს ვერ გასცდებოდა და მხარეს ვერ მიაკუთვნებდა იმას, რაც მას არ უთხოვია. გარდა აღნიშნულისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ, ზემდგომ სასამართლოში ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების დაშვების საპროცესო წესზე და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი საფუძველი (მხარის უკიდურესად რთული ეკონომიკური მდგომაროება) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად (სსსკ-ის 215.3 მუხლი) ვერ იქნება მიჩნეული, ამგვარი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმის ჩვენების საკასაციო სასამართლოს მიერ მიღება კი, ეწინააღმდეგება ამ ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის საპროცესო წესებს (სსსკ-ის 407.1 მუხლი). ამასთანავე, პალატა განმარტავს, რომ თუნდაც საპატიო მიზეზით მტკიცებულებათა დაგვიანებით წარდგენის ფაქტი დასტურდებოდეს, პალატა მაინც არ იქნებოდა უფლებამოსილი, დაეშვა ისინი, რადგანაც ამ მტკიცებულებებით მხარე ცდილობს დაადასტუროს მოპასუხესა და ი.ბ-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების კანონშეუსაბამობა, ასევე სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის წინაპირობები, თუმცა, რადგანაც მხარეს ლ.მ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობა არ უთხოვია, ამ ქონებაზე დადებული გარიგებისა თუ მის თაობაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ვერ იქნებოდა გამართლებულად მიჩნეული.
1.8. რაც შეეხება ნოტარიუსის სააპელაციო სასამართლოში მიწვევის საკითხს, პალატა განმარტავს, რომ დავაში იგი საპროცესო სუბიექტის _ მოპასუხის სტატუსით იყო ჩაბმული და საკუთარი უფლების დარღვევის თაობაზე პრეტენზიის სუბიექტს სწორედ ნოტარიუსი წარმოადგენდა, ამდენად, ამ კუთხით წარმოდგენილი პრეტენზია ვერ იქნება შეფასებული საკასაციო პალატის მიერ.
1.9. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.10. ამდენად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვას ხ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის მოთხოვნა მოწმეთა დაკითხვისა და მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. ხ.ბ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე