Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-749-709-2015 25 სექტემბერი, 2015 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი სს „თ-ი ბ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ-ს ს-ო ც-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საბა--ო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ლ-ის ს-ო ც-ს’’ (შემდეგში: „ბენეფიციარს, მოწინააღმდეგე მხარეს ან მოსარჩელეს“) და შპს ,,ს-ს“ (შემდეგში: „ პრინციპალს“) შორის 2012 წლის 18 სექტემბერს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, პრინციპალმა იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ლლაგოდეხშიში სავაჭრო ცენტრის სამშენებლო/სამონტაჟო და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629.1 მუხლი] .

2. სს ’’თ-ი ბ-მა’’ (შემდეგში: „გარანტმა, ბანკმა, კასატორმა ან მოპასუხემ“) 2012 წლის 12 სექტემბერს ბენეფიციარის სასარგებლოდ გასცა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის 478 570 ლარიანი გარანტია (#1893135-2190556) ხოლო 2012 წლის 14 სექტემბერს_ საავანსო თანხის უზრუნველყოფის 1 435 712 ლარიია გარანტია (#1893135-2191438) _[სსკ-ის 879-ე მუხლი].

3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ძალაში შევიდა მისი გაცემის დღიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 1 ივნისამდე. საავანსო თანხის უზრუნველყოფის გარანტია კი, ძალაში შევიდა ბენეფიციარის მიერ საავანსო თანხის პრინციპალის ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ და მოქმედებდა 2013 წლის 1 თებერვლის ჩათვლით [სსკ-ის 884-ე მუხლი].

4. ბენეფიციარის მოთხოვნით გარანტმა არაერთხელ გააგრძელა გარანტიების მოქმედების ვადა.

5. ბენეფიციარმა 2013 წლის 26 ივლისს გარანტს წერილობით აცნობა, რომ პრინციპალმა დაარღვია 2012 წლის 18 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც გამოიხატა სამშენებლო სამუშაოების შეუსრულებლობაში, ამასთან, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ბენეფიციარმა მოითხოვა საბანკო გარანტიების მოქმედების ვადის გაგრძელება ან საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული მთლიანი თანხის ანაზღაურება.

6. აღნიშნულის საპასუხოდ გარანტმა გასცა ხელახალი საბანკო გარანტიები (#1893135-2395912 და #1893135-2395908) 2013 წლის 15 აგვისტოს. საბანკო გარანტიების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 15 ოქტომბრამდე. გარანტიებით გათვალისწინებული იყო, რომ ბენეფიციარს თანხის წერილობით მოთხოვნაში უნდა მიეთითებინა იმ გარემოებების შესახებ, თუ რაში გამოიხატა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა, ასევე, მოთხოვნასთან ერთად გარანტს უნდა წარედგინა პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება ასეთის არსებობის შემთხვევაში. გარანტს ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში უნდა გადაეხადა გარანტიის თანხა.

7. საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაში, 2013 წლის 11 ოქტომბერს, ბენეფიციარმა წერილობით მიმართა გარანტს. მან მიუთითა, რომ პრინციპალმა არ შეასრულა მათ შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულება და ამასთან, ვერ მოხერხდა შეთანხმება სამომავლო ურთიერთობებზე (რის გამოც ხორციელდებოდა საბანკო გარანტიების ვადის გაგრძელება). მან მოითხოვა საგარანტიო თანხების ანაზღაურება. კერძოდ: ავანსის გარანტიიდან გარანტს უნდა გადაეხადა 1 229 706.91 ლარი, ხოლო შესრულების გარანტიიდან_478 570 ლარი. ბენეფიციარის განცხადებას თან ერთვოდა პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის 2012 წლის 18 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ასლი. ბენეფიციარს პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. აღნიშნული წერილი გარანტს ჩაბარდა იმავე დღესვე, ანუ 2013 წლის 11 ოქტომბერს [სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, 888-ე მუხლი].

8. გარანტმა 2013 წლის 15 ოქტომბრის წერილით აცნობა პრინციპალს, რომ ბენეფიციარი ითხოვდა საბანკო გარატიებით განსაზღვრული თანხის ანაზღაურებას [სსკ-ის 886-ე მუხლის პირველი ნაწილი].

9. გარანტმა იმავე წლის 18 ოქტომბრის წერილით არ დააკმაყოფილა ბენეფიციარის მოთხოვნა იმ მოტივით, რომ არ იყო შესრულებული გარანტიით განსაზღვრული პირობა და მოთხოვნას არ ერთვოდა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები [სსკ-ის 887-ე მუხლის პირველი ნაწილი].

10. ბენეფიციარმა გარანტს თანხის ანაზღაურების მოთხოვნით განმეორებითი წერილობითი მოთხოვნა გაუგზავნა 2013 წლის 23 ოქტომბერს, რომელიც ადრესატს იმავე დღესვე ჩაჰბარდა.

11. მან 2013 წლის 28 ოქტომბრის წერილით ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურებაზე კვლავ არ დააკმაყოფილა. უარი დასაბუთებული იყო ბენეფიციარის მხრიდან ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის წადგენის ფორმის დაუცველობით: არ იყო მითითებული პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის კონკრეტული შინაარსი და მოთხოვნას არ ერთვოდა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის მტკიცებულება.

12. სინამდვილეში, ბენეფიციარი თავის წერილობით მოთხოვნაში უთითებდა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე და განცხადებაზე დართული იყო 2012 წლის 18 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, პრინციპალს მხოლოდ ის ერთადერთი ძირითადი ვალდებულება ეკისრებოდა, სამშენებლო/სამონტაჟო და ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულრბა, ამიტომ მისი მოსაზრებით, ვალდებულების დარღვევის არსი გარანტისათვის გასაგები უნდა ყოფილიყო.

13. ბენეფიციარმა სარჩელი აღძრა გარანტის წინააღმდეგ და მოითხოვა:

13.1. საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის, 1 708 276.9 (ერთი მილიონ შვიდას რვა ათას ორას სამოცდათექვსმეტი) ლარის დაკისრება.

13.2. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადად, 2014 წლის 18 თებერვლის მონაცემებით, ვადაგადაცილებულ პერიოდზე 38 670 ლარის დაკისრება და 2014 წლის 18 თებერვლიდან თანხის სრულ გადახდამდე 1708276.91 ლარზე წლიური 6.5 %-ის დაკისრება.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა ძირითადი ვალდებულების _საბანკო გარანტიების საფუძველზე,1 708 276.9 ლარის, დამატებითი ვალდებულების სახით კი - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადად, 2014 წლის 18 მარტის მდგომარეობით, 21 353.6 ლარისა და 2014 წლის 18 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე ძირითადი ვალის (1 708 276.9 ლარის) წლიური 3%-ის, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 4836 ლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები, კერძოდ:

14.1. მოპასუხემ 2012 წლის 12 სექტემბერს ბენეფიციარის სასარგებლოდ გასცა პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის წერილობითი გარანტია თანხით_478 570 ლარი, ხოლო 2012 წლის 14 სექტემბერს_ საავანსო თანხის უზრუნველყოფის გარანტია თანხით _1 435 712 ლარი.

14.2. პრინციპალმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულება - არ შეასრულა ლაგოდეხში სავაჭრო ცენტრის სამშენებლო/სამონტაჟო და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები.

14.3. ბენეფიციარმა გარანტიის მოქმედების ვადაში, 2013 წლის 11 ოქტომბერს, მოპასუხეს მოთხოვნა წარუდგინა საგარანტიო თანხის გადახდაზე. მან წერილობით მოთხოვნას დაურთო გარანტიაში მითითებული დოკუმენტი, 2012 წლის 18 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულება. რაც შეეხება სხვა სახის მტკიცებულებებს, მათი წარდგენის უპირობო ვალდებულება გარანტიებით არ ყოფილა გათვალისწინებული. მოპასუხემ უარი განაცხადა საგარანტიო თანხის გადახდაზე წინამდებარე განჩინების პ.7-ში მითითებული მოტივებით.

14.4. 2013 წლის 23 ოქტომბერს ბენეფიციარმა გარანტს განმეორებით წაუყენა გარანტიის გადახდის წერილობითი მოთხოვნა, რომელიც ამ უკანასკნელმა ასევე უარყო იმავე მოტივებით.

14.5. გარანტი ვალდებული იყო საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხა ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან ხუთი საბანკო დღის ვადაში გადაეხადა. მან გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას, შესაბამისად, ბენეფიციარმა ვერ მიიღო ის შემოსავალი, რასაც იგი მიიღებდა ფულის დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში.

15. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 879-ე, 885-ე მუხლის პირველი ნაწილი, 400-ე მუხლის „ა“ პუნქტი, 411-412-ე და 427-ე მუხლები.

16. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

18. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინება საკასაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა . საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგი მოსაზრებებით:

18.1. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (საქმე #ას-1303-1229-2013). ამის დასადასტურებლად კასატორი მითითებული გადაწყვეტილებიდან იშველიებს ციტატას: „თუ ბენეფიციარის მოთხოვნა აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს _ წარდგენილია გარანტიაში მითითებული დოკუმენტები, მითითებულია ის, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია, და დაცულია მოთხოვნის წარდგენის ვადა _ მოთხოვნა წარდგენილია გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა, გარანტს წარმოეშობა ვალდებულება გადაუხადოს პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულადი თანხა. „

18.2. ბანკის მიერ გაცემულ ორივე გარანტიაზე სსკ-ის ნორმებთან ერთად ვრცელდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის უნიფიცირებული წესები მოთხოვნამდე გარანტიებზე, #758 პუბლიკაცია [URDG].

18.3.ბენეფიციარმა არ შეასრულა გარანტიით განსაზღვრული პირობები და მოთხოვნას არ ერთვოდა პრინციპალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები, გარანტი უფლებამოსილი იყო არ დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა. შესაბამისად, დარღვეული იყო სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რადგანაც ბენეფიციარს გარანტისათვის არ წარუდგენია საბანკო გარანტიით გათვალისწინებული დოკუმენტები. ანალოგიურია გათვალისწინებული URDG-ის მე-15 მუხლით. მითითებული ნორმისა და სსკ-ის 885-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს პრინციპალის დაცვა ბენეფიციარის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისაგან.

18.4. სააპელაციო სასამართლო არა მარტო კანონს უკეთებს იგნორირებას, არამედ გასაჩივრებულ განჩინებაში ავითარებს ურთიერთგამომრიცხავ და ალოგიკურ მსჯელობას, როცა მიუთითებს: „ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ განცხადებაში კონკრეტულად არ აღწერა ვალდებულების დარღვევის შინაარსი არ გულისხმობს, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია თუ რაში გამოიხატა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა... მოსარჩელემ წერილობით მოთხოვნაში მიუთითა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ, რაც ნიშნავდა ორივე გარანტიით უზრუნველყოფილი და გარანტიაშივე მითითებული უზრუნველყოფილი გარიგებების დარღვევას“

18.5. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა და დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ გარანტს ბენეფიციარისათვის 2013 წლის 16 ოქტომბრისათვის უნდა გადაეხადა თანხა. 11 ოქტომბერს, პარასკევს, მიიღო ბანკმა მოთხოვნა, ხოლო შაბათ-კვირის მომდევნო ორშაბათი, 14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობა იყო, ასევე კანონით გამოცხადებული უქმე, არასაბანკო დღე, შესაბამისად, მოთხოვნის შემოწმების ხუთდღიანი ვადა ბანკისათვის დაიწყო 2013 წლის 15 ოქტომბერს.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ-ი ბ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საკასაციო საჩივრის დაუშვებლობასთან მიმართებით დამატებით განმარტოს შემდეგი:

სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

23.1. 2012 წლის 18 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებით პრინციპალმა იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა ლაგოდეხში სავაჭრო ცენტრის სამშენებლო/სამონტაჟო და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები.

23.2. მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფდა კასატორის მიერ გაცემული წინამდებარე განჩინების პ.2-ში მითითებული გარანტიები. გარანტიები, ვადის არაერთი გაგრძელების შემდეგ, 2013 წლის 28 ივლისამდე მოქმედებდა.

23.3. იმავე წლის 26 ივლისს ბენეფიციარმა წაუყენა ბანკს წერილობითი მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე. მოგვიანებით, 2013 წლის 15 აგვისტოს, ზემოაღნიშნული წერილის გაუქმების პირობით, ბანკმა ბენეფიციარის სასარგებლოდ ხელახლა გასცა ორი გარანტია იმავე თანხაზე ამ განჩინების პ.2 და 6-ში მითითებული პირობებით. მათი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 15 ოქტომბრამდე.

23.4. ბანკმა არ დააკმაყოფილა ბენეფიციარის არც 2013 წლის 11 ოქტომბრის წერილობითი მოთხოვნა საგარანტიო თანხების ანაზღაურებაზე და არც 23 ოქტომბერს განმეორებით წარდგენილი მოთხოვნა.

24. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სააპელაციო სასამართლოსეულ სამართლებრივ შეფასებებს, ასევე, განმარტებებს საბანკო გარანტიის იურიდიულ ბუნებასთან მიმართებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს: საბანკო გარანტია მართალია, უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ მისი არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, იგი თვითონაა დამოუკიდებელი ვალდებულება [სსკ-ის ის 881-ე მუხლი]. პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში გარანტი ბენეფიციარის წინაშე კისრულობდა უპირობო ვალდებულებას „ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღების მომენტიდან ხუთი საბანკო დღის ვადაში“ გადაეხადა გარანტიებით გათვალისწინებული თანხა. ბენეფიციარმა გარანტიების მოქმედების ვადაში წარუდგინა გარანტს წერილობითი მოთხოვნა და პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების - ლაგოდეხში სავაჭრო ცენტრის სამშენებლო/სამონტაჟო და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების შეუსრულებლობის დარღვევის გამო მოითხოვა საგარანტიო თანხების ანაზღაურება, რითაც შეასრულა გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულება [სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილი]. რაც შეეხება ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების აუცილებელ წარდგენას, ასეთ პირობას გარანტია არ ითვალისწინებდა. მხოლოდ მათი არსებობის შემთხვევაში წარმოეშობოდა ბენეფიციარს დოკუმენტების დართვის ვალდებულება.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნაწილში კასატორის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც, არ იარსებებდა ბენეფიციარის მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება, რადგანაც ამ უკანასკნელმა წერილობითი მოთხოვნა განმეორებითაც წარუდგინა (2013 წლის 23 ოქტომბერს) გარანტს. სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გარანტი არათუ მოცემულ შემთხვევაში, არამედ მაშინაც კია ვალდებული შეასრულოს ბენეფიციარის მოთხოვნა, როდესაც მისთვის ცნობილია, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია. მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.

26. პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ ბენეფიციარის მოთხოვნის შემოწმების ხუთდღიანი ვადის გამოთვლის დროს დაშვებულ უზუსტობასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ამ უზუსტობას არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია მიღებული განჩინების კანონიერებაზე.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. კასატორის მითითებული გადაწყვეტილების (საქმე #ას-1303-1229-2013) მიერ დადგენილი ფაქტები განსხვავდება მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტებისაგან და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლო იმავე სამართლებრივ დასკვნებს ვერ გააკეთებდა.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „თი---ი ბა--ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „თ-ი ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „თ-ი ბ-ს“ (ს/კ 4204854595) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (გადახდის თარიღი 08.07.15 სს თ-ი ბ-ი) 8000, ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი