Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-754-714-2015 10 სექტემბერი, 2015 წელი,

ას-754-714-2015 ლ-ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ლ-ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გადაზიდვის საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2009 წელს სს ,,ს- ა'' (შემდეგში - გადამზიდველი, მოსარჩელე ან კასატორი), ტვირთის გადაზიდვის მომსახურებას უწევდა შპს ,,ლ-ს” (შემდეგში - გამგზავნი ან მოპასუხე).

2. 2012 წლის 27 დეკემბერს გადამზიდველის კონტროლის ცენტრის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2009 წლის ივნისში ფოთის პორტიდან სადგურ თბილისი საკვანძოს დანიშნულებით, შემდეგ სადგურ თბილისი საკვანძოდან სადახლოს მიმართულებით გადამისამართდა 5 ვაგონი. გადამისამართების გადაზიდვის დავალებაში გადაზიდვის ღირებულება ნაანგარიშებია 0.5 კოეფიციენტით, ტარიფების სხვაობის ნორმების მიუთითებლად.

3. გადამზიდველმა სარჩელი აღძრა გამგზავნის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის სარკინიგზო მომსახურების საფასურის - 4 718,87 ლარის გადახდის დაკისრება.

4. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხის მიერ ტრანზიტული გზის ორ ნაწილად დაყოფით და გადამზიდველისათვის გადაზიდვის დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის გამო, ერთიანი გადაზიდვა (ფოთის პორტი სადახლოს მონაკვეთზე) შეცდომით შეფასდა, როგორც ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი გადაზიდვა (1. ფოთის პორტი-თბილისის საკვანძო; 2. თბილისის საკვანძო-სადახლო). შესაბამისად, ამ გადაზიდვის ღირებულების საბაზრო განაკვეთის მიმართ არასწორად გავრცელდა 0.5 კოეფიციენტი, ნაცვლად სატარიფო პოლიტიკის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 0.83 კოეფიციენტისა და მოპასუხემ ტვირთის გადაზიდვის მომსახურებისათვის მოსარჩელეს გადაუხადა დადგენილზე ნაკლები თანხა. დავალიანება შეადგენს 4 791.57 ლარს. გამგზავნი შეგნებულად არღვევდა გადამზიდველის მიერ დადგენილ წესებს: ტვირთის გადამისამართების შესახებ გამგზავნის მიერ წარდგენილი განაცხადი აღიქმებოდა, როგორც ერთი დამოუკიდებელი გადაზიდვის მოთხოვნა, რომელიც თითქოსდა ხორციელდებოდა სადგურ თბილისის საკვანძოდან, სადახლოს გავლით სომხეთისკენ, შესაბამისად, ტარიფის დაანგარიშებაც ხდებოდა მხოლოდ ამ მონაკვეთზე გადაზიდვისათვის. შედეგად, გამგზავნს დაერიცხა 5 ვაგონის გადაზიდვის ღირებულება გადაზიდვის მთელ მანძილზე 6 346.95 ლარი, ნაცვლად 10 529.80 ლარისა, დასარიცხი დარჩა 4 182.85 ლარი. აქედან მონაკვეთზე: ფოთი - პორტი - თბილისი - საკვანძო დასარიცხია 3 381.81 ლარი, ხოლო თბილისი - საკვანძო - სადახლოზე - დასარიცხია 801.04 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ფოთი-პორტი თბილისი - საკვანძოს გადაზიდვას ერიცხება დღგ, მთლიანად დასარიცხი დარჩა 4 791.57 ლარი (აქედან დღგ - 608.72). ამ მომსახურებაზე დარიცხულმა თანხამ შეადგინა 7 270.21 ლარი, ნაცვლად 12 061.79 ლარისა, შესაბამისად, დამატებით დარიცხვას დაექვემდებარა და გამგზავნს გადასახდელი აქვს 4 791.57 ლარი.

5. გამგზავნის განმარტებით, მას გადამზიდველის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. ამასთან, სარჩელი ხანდაზმულია. გაშვებულია მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის 9 თვიანი ვადა, რომელიც განსაზღვრულია ,,საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ'' 1951 წლის 01 ნოემბრის საერთაშორისო შეთანხმების (შემდეგში- საერთაშორისო შეთანხმება) 31-ე მუხლით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გადამზიდველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის (შემდეგში - სარკინიგზო კოდექსის) მე-3, მე-12, მე-16, 24-ე მუხლებით, ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული საერთაშორისო შეთანხმებით (საქართველოსთვის ძალაშია 1993 წლის 18 ივნისიდან) და ,,ნორმატიული აქტების შესახებ'' (შემდეგში - ნორმატიული აქტების კანონი) საქართველოს კანონის მე-7 მუხლით.

8. სასამართლომ გაიზიარა გამგზავნის მოსაზრება, რომ გადამზიდველს გაშვებული აქვს სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის 9 თვიანი ვადა და გადაწყვეტილებაში აღნიშნა:

8.1. სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. ''ხანდაზმულობა'' სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

8.2. სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები კი პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული), შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს.

8.3. სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს, დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა, თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ საკითხის სასამართლოსათვის წარდგენა შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

8.4. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

8.5. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. პერიოდულად გადასახდელი ფულადი თანხების მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი, ამასთან, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ ხანდაზმულობის ვადა თავისებურად აითვლება. პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

8.6. სარკინიგზო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირება წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ამასთან, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის # 26 ბრძანებით (შემდეგში - # 26 ბრძანება) დამტკიცებული ,,რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების” მე-5 მუხლის თანახმად, რკინიგზით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა წესრიგდება საერთაშორისო შეთანხმებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 და მე-7 პუნქტები).

8.7. ნორმატიული აქტების კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

8.8. საერთაშორისო შეთანხმების 31-ე მუხლის პირველი პარაგრაფის თანახმად, რკინიგზის მოთხოვნები და სარჩელები გამგზავნების ან მიმღებებისადმი გადატანის გადასახდელების, ჯარიმების გადახდისა და ზარალის ანაზღაურების შესახებ შეიძლება გაცხადებული იქნეს 9 თვის განმავლობაში. იმავე მუხლის მე-2 პარაგრაფის მე-3 ნაწილის თანახმად, 9 თვიანი ვადა იანგარიშება: ,,პრეტენზიებისათვის, რომელიც ეხება დამატებით ანაზღაურებას ან პრეტენზიებისათვის გადატანის ღირებულების, დამატებითი მოსაკრებლის, ჯარიმების უკან დაბრუნების შესახებ ან პრეტენზიებისათვის გადატანის ღირებულების, დამატებითი მოსაკრებლის, ჯარიმების უკან დაბრუნების შესახებ ან პრეტენზიებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ტარიფების არასწორი გამოყენების, აგრეთვე გადასახდელების გაანგარიშებისას დაშვებული შეცდომების შედეგად ანგარიშსწორების გამოსწორებასთან, - გადახდის დღიდან, ან თუ გადახდა არ მომხდარა ტვირთის გაცემის დღიდან. იმავე მუხლის მე-4 პარაგრაფის თანახმად, პრეტენზიები და მოთხოვნები, რომლებსაც გაუვიდათ ხანდაზმულობის ვადა, ვერ იქნება წარდგენილი აგრეთვე ვერც სარჩელების სახით“.

8.9. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი დაკავშირებულია გადასახდელების გაანგარიშებისას დაშვებული შეცდომების შედეგად ანგარიშსწორების გამოსწორებასთან, რომლის საფუძველზეც გადამზიდველი ითხოვს გამგზავნისათვის თანხის დაკისრებას.

8.10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამგზავნმა გადამზიდველის მეშვეობით სხვადასხვა სადგურში საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვები 2009 წლის ივნისის თვეში განახორციელა. ამდენად, საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული 9 თვიანი ვადა გავიდა 2010 წლის მარტში, ხოლო გადამზიდველის სარჩელი აღძრულია 2014 წლის 27 აგვისტოს.

8.11. სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

9. გადამზიდველმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11. საპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 7-8 პუნქტები) და მიუთითა მათზე.

12. სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გადამზიდველმა, მოითხოვა მისი გაუქმება და გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის დაკმაყოფილება.

12.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უდაოდ ის გარემოება, რომ გამგზავნის მიერ ტრანზიტული გზის ორ ნაწილად დაყოფით და გადამზიდველისათვის გადაზიდვის დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შედეგად, ერთიანი გადაზიდვა (ფოთის პორტი -სადახლოს მონაკვეთზე) შეცდომით შეფასდა, როგორც ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი გადაზიდვა (1. ფოთის პორტი-თბილისის საკვანძო; 2. თბილისის საკვანძო-სადახლო), შესაბამისად, ამ გადაზიდვის ღირებულების საბაზრო განაკვეთზე არასწორად გავრცელდა 0.5 კოეფიციენტი, ნაცვლად სატარიფო პოლიტიკის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 0.83 კოეფიციენტისა და გამგზავნმა ტვირთის გადაზიდვის მომსახურებისათვის გადამზიდველს გადაუხადა დადგენილზე ნაკლები თანხა, რაც 4 791.57 ლარს შეადგენს.

12.2. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 361-ე, მე-8, 669-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე და სარკინიგზო კოდექსის მე-2, მე-10, მე-11, მე-16, 22-ე, 24-ე მუხლები.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით გადამზიდველის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გადამზიდველის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. უზენაესი სასამართლოს 07.07.2014 განჩინება საქმეზე #ას-119-114-2014).

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

19.1. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

19.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ანდა განმარტება.

19.3. გასაჩივრებული განჩინების დასკვნები ძირითადად ემყარება იმ დასაბუთებას, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი დაკავშირებულია, საერთაშორისო გადაზიდვის განხორციელებისას, გადამზიდველის მიერ გადასახდელების გაანგარიშებისას დაშვებული შეცდომების შედეგად ანგარიშსწორების გასწორებასთან, რომლის საფუძველზეც კასატორიითხოვს მოწინააღმდეგისათვის (გამგზავნისათვის) თანხის დაკისრებას. დავაში გამგზავნის პოზიცია ეფუძნებოდა გადამზიდველის მოთხოვნის ხანდაზმულობას.

19.4. დადგენილია, რომ გამგზავნმა 2009 წლის ივნისის თვეში განახორციელა სარკინიგზო გადაზიდვები სხვადასხვა სადგურში გადამზიდველის მეშვეობით. ამდენად, საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული 9 თვიანი ვადა გავიდა 2010 წლის მარტში, ხოლო სარჩელი აღძრულია 2014 წლის 27 აგვისტოს, რის გამოც იგი ხანდაზმულია.

19.5. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადამზიდველის მოთხოვნა გამგზავნის მიმართ წარმოიშვა, იგი არ შეწყვეტილა, მაგრამ მოთხოვნა არ არის განხორციელებადი ხანდაზმულობის გამო, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

19.6. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რაც, სააპელაციო სასამართლოს (ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს) მიერ სააპელაციო საჩივრის (სარჩელის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითადი სამართლებრივი საფუძველია, კასატორს არათუ დასაბუთებული, ზოგადი პრეტენზიაც არ გამოუთქვამს.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ სს „ს-ას“ (ს/კ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №1286 და №1299, გადახდის თარიღი 2015 წლის 26 ივნისი და 2015 წლის 07 ივლისი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე