Facebook Twitter

საქმე №ას-756-716-2015 11 სექტემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ჩ.-ე, დ. კ.-ა, ა. კ.-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. მ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ამხანაგობის წევრად აღიარება, წილის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჩ.-ემ, ა., დ. და ა. კ.-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბმა „ამხანაგობა ...-ს“ (ყოფილი №... კოოპერატივის) მიმართ და მოითხოვეს: 1. „ამხანაგობა ...-ს“ წევრად აღიარება; 2. ქ.ბ.-ში, რ.-ს ქ№...-ში მდებარე, ამხანაგობის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 70მ2 ფართის (მთლიანი ნაგებობის 1/53-ის) მიკუთვნება და მოპასუხის დავალდებულება მოსარჩელეთათვის, წილობრივი მონაცემების შესაბამისად, ქონების გამოყოფის თაობაზე.

ბ.-ის საქალაქო სასამართლოს 30.08.2010წ.-ის გადაწყვეტილებით ლ. ჩ.-ის, ა. და დ. კ.-ების, ა. კ.-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ლ. ჩ.-ე, ა. კ.-ა, დ. კ.-ა და ა. კ.-ა აღიარებულ იქნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ამხანაგობა-42ა”-ს წევრებად; შესაბამისი ცვლილება შევიდა ბინათმესაკუთრეთა „ამხანაგობა-42ა”-ს საწესდებო დოკუმენტაციაში; ქ.ბ.-ში, რ.-ს ქ.№..-ში მდებარე „ამხანაგობა-42ა”-ს საკუთრებად რეგისტრირებული ფართიდან 70მ2 ფართის (სახლის 1/53) მიკუთვნებისა და რეალურად გამოყოფის შესახებ ამხანაგობის დავალდებულებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.12.2010წ.-ის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბ.-ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსარჩელეებისათვის წილის მიკუთვნებისა და ქონების რეალურად გამოყოფის დავალდებულებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ჩ.-ეს, ა. კ.-ას, დ. კ.-ას, ა. კ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მიეკუთვნა ლ. ჩ.-ეს, ა., დ. და ა. კ.-ებს ქ.ბ.-ში, რ.-ს ქ.№..-ში მდებარე, „ამხანაგობა ..-ს” საკუთრებაში რეგისტრირებული სახლის 35მ2 ფართის შესაბამისი წილი. დაევალა „ამხანაგობა ..”-ს მოსარჩელეებისათვის წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების რეალურად გამოყოფა.

საკასაციო გასაჩივრების შემდგომ დასახელებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მარტის განჩინებით ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის სარეზოლუციო ნაწილი განიმარტა შემდეგნაირად: „ლ. ჩ.-ეს, ა. კ.-ას, დ. კ.-ასა და ა. კ.-ას ქ.ბ.-ში, რ.-ს ქ.№8-ში მდებარე, ამხანაგობა ..-ს საკუთრებაში (ამჟამად) რეგისტრირებული ფართიდან მიეკუთვნოთ 35მ2 ფართი და საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდეთ საჯარო რეესტრში.”

15.07.2013წ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. მ.-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.12.2010წ.-ის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ საქმის არსებითად განხილვისას, მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა „ამხანაგობა ..-ს“ თავმჯდომარე, რომელიც არ იყო უფლებამოსილი სასამართლოში წარმოედგინა ამხანაგობის წევრები. მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩართული უნდა ყოფილიყო „ამხანაგობა ..-ს“ ყველა წევრი, რომლებიც ფაქტობრივად ფლობდნენ იმ ფართს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საკუთრების უფლებით გადაეცათ მოსარჩელეებს.

ამასთან, განმცხადებლის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება შეეხო ლ. მ.-ის ინტერესებს, კერძოდ, მისი საკუთრების უფლებას, რადგან ამხანაგობის 2008 წლის 3 ოქტომბრის კრების გადაწყვეტილებით მის საკუთრებას წარმოადგენს 101,48 კვ.მ ფართი, რომლიდანაც 35 კვ.მ ფართი სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაეცათ მოსარჩელეებს ისე, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრე არ იყო მიწვეული სასამართლოს სხდომაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19.09.2013წ.-ის განჩინებით, ლ. მ.-ის განცხადება ამავე სასამართლოს 28.12.2010წ.-ის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა კერძო საჩივრით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.03.2015წ.-ის განჩინებით ლ. მ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.09.2013წ.-ის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით: „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონი, ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობის თავმჯდომარეს არ ანიჭებს უფლებას, სასამართლოში წარმოადგინოს ამხანაგობის წევრები იმ დავასთან დაკავშირებულ საქმეში, რომელიც ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით მათთვის გადაცემულ ინდივიდუალურ ფართებს შეეხება. მართალია ქ.ბ.-ში, რ.-ს ქ.№..-ში მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობა 3792,2მ2) რეგისტრირებულია ბ.მ.ა. „ამხანაგობა ..-ს” საკუთრებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამხანაგობის წევრებს ხსენებულ უძრავ ქონებაზე არ გააჩნიათ უფლებები. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმისდა მიუხედავად, რომ „ამხანაგობა ..-ს” წევრები ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით გადაცემული ბინების მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არ არიან, მათ ამ კრების გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების მიმართ გააჩნიათ იურიდიული ინტერესი, რაც მათთვის განაწილებული ბინების საჯარო რეესტრში რეგიტრაციის მოთხოვნის უფლებაში მდგომარეობს. აქედან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო, როგორც ლ. მ.-ის, ასევე, ბმა „ამხანაგობა ..-ს“ წევრების უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს. ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით კი, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მას, ამხანაგობის წევრების სასამართლოში წარმოდგენა შეუძლია საერთო საფუძველზე, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გაცემული მინდობილობის საფუძველზე (სსკ-ის 93-ე, 96-ე, 98-ე მუხლები).

საქმის ხელახალი განხილვისას, სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მხარის განცხადებას და მიიჩნია, რომ ლ. მ.-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლიანი იყო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებას:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.12.2010წ.-ის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბ.-ის საქალაქო სასამართლოს 30.08.2010წ.-ის გადაწყვეტილება, მოსარჩელეებისათვის წილის მიკუთვნებისა და ქონების რეალურად გამოყოფის დავალდებულებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ჩ.-ეს, ა. კ.-ას, დ. კ.-ას, ა. კ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მიეკუთვნა ლ. ჩ.-ეს, ა., დ. და ა. კ.-ებს ქ.ბ.-ში, რ.-ს ქ.№..-ში მდებარე, „ამხანაგობა ..-ს” საკუთრებაში რეგისტრირებული სახლის 35მ2 ფართის შესაბამისი წილი. დაევალა „ამხანაგობა ..”-ს მოსარჩელეებისათვის წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების რეალურად გამოყოფა. დასახელებული გადაწყვეტილება დაეყრდნო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: ამხანაგობა ..-ის მოსარჩელეთა წინაშე არსებული ვალდებულებისა და სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად დადგენილი იქნა, რომ აჭარის ა/რ თვითმმართველი ქ.ბ.-ის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №162 განკარგულებით გადაწყვეტილ იქნა ქ.ბ.-ში, რ.-ს ქ.№..-ში მდებარე .. კოოპერატიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღებაზე დაქვემდებარება; ხოლო, ქ.ბ.-ის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის №.. ბრძანებით დადგინდა ზემოთაღნიშნული საცხოვრებელი სახლის (საერთო ფართით 3779,2მ2 შენობის საერთო ფართი 539,79მ2) ექსპლუატაციაში მიღება.

ასევე დადგენილ იქნა, რომ საჯარო რეესტრში სადაო საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთითა და შენობა-ნაგებობით, 3779,2მ2 „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა 42ა-ს“ სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლებით და აღნიშნული ფართი დავის განხილვის დროისათვისაც წარმოადგენდა ამხანაგობა ..-ს საკუთრებას.

დადგენილი იქნა, რომ დასახელებულ გადაწყვეტილებაზე კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ამ გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქ.ბ.-ში, რ.-ს ქ. №..-ში მდებარე სასარგებლო ფართი 241,27კვ.მ. (ს.კ ..) და ბინა №.., ფართით 105,77 კვ.მ. (ს.კ ..) რეგისტრირებული იყო ბ.მ.ა 42ა-ს სახელზე საკუთრების უფლებით და არა ლ. მ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით.

დადგენილია, რომ ლ. მ.-ეს საკუთრებაში გადაეცა მის მფლობელობაში არსებული 101,48მ2 ფართის ბინა.

განმცხადებელი ლ. მ.-ე აღნიშნავდა, რომ მოსარჩელეებისათვის ლ. ჩ.-ის, დ. და ა. კ.-ებისათვის მიკუთვნებული და გადაცემული 35მ2 ფართის გადაცემით მცირდებოდა მისი საკუთრება. შესაბამისად, დადგენილ იქნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება შეეხებოდა ლ. მ.-ის უფლებებსა და მის კანონიერ ინტერესებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-422-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ 422-ე მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ:

ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე;

გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. გამომდინარე აღნიშნული ნორმის დანაწესიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებათა გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლ. მ.-ის უფლებებს და კანონით გათვალისწინებულ ინტერესს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.12.2010წ.-ის გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო, ხოლო ლ. მ.-ე მითითებული საქმის განხილვაში არ ყოფილო მოწვეული მხარედ სასამართლოში, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.12.2010წ.-ის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე საქმეზე საქმის წარმოების განახლების საფუძვლად იქნა მიჩნეული.

სააპელაციო სასამართლოს ზემოთმითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ლ. ჩ.-ემ, დ. კ.-ამ და ა. კ.-ამ და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 ივნისის განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია იმ მოსაზრებითაა განპირობებული, რომ ლ. მ.-ის ინტერესებს უშუალოდ არ შეხებია ბათილად ცნობილი გადაწყვეტილება. პირიქით, გადაწყვეტილების განმარტებითაც დადგინდა, რომ მოსარჩელეებს უნდა გადაცემოდა ამხანაგობის და არა მისი რომელიმე წევრის საკუთრებაში არსებული ფართიდან გარკვეული ნაწილი. უფრო მეტიც, კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბათილად არის ცნობილი ბმა „42ა-ს“ 03.10.2008წ.-ის კრების ოქმი და მათ უსაფუძვლოდ მიაჩნიათ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პირებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მით უფრო საეჭვო გარიგებების საფუძველზე.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ზოგადად ამგვარი კატეგორიის დავებში მონაწილეობენ ამხანაგობის თავმჯდომარეები, რომლებიც კანონის თანახმად, ამხანაგობის წევრთა წარმომადგენლებად მიიჩნევიან. გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე გამოდის სასამართლოში ან სხვა ორგანოებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით. მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარე სასამართლოში გამოდიოდა როგორც ამხანაგობის სხვა წევრების ისე, ლ. მ.-ის სახელითაც. ამდენად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ მის განხილვაში კონკრეტულად ლ. მ.-ე არ მონაწილებდა, კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, დაუსაბუთებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 სექტემბრით განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.12.2010წ.-ის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბ.-ის საქალაქო სასამართლოს 30.08.2010წ.-ის გადაწყვეტილება, მოსარჩელეებისათვის წილის მიკუთვნებისა და ქონების რეალურად გამოყოფის დავალდებულებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ჩ.-ეს, ა. კ.-ას, დ. კ.-ას, ა. კ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მიეკუთვნა ლ. ჩ.-ეს, ა., დ. და ა. კ.-ებს ქ.ბ.-ში, რ.-ს ქ.№..-ში მდებარე, „ამხანაგობა ..-ს” საკუთრებაში რეგისტრირებული სახლის 35მ2 ფართის შესაბამისი წილი. დაევალა „ამხანაგობა ..”-ს მოსარჩელეებისათვის წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების რეალურად გამოყოფა.

ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მარტის განჩინებით ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის სარეზოლუციო ნაწილი განიმარტა შემდეგნაირად: „ლ. ჩ.-ეს, ა. კ.-ას, დ. კ.-ასა და ა. კ.-ას ქ.ბ.-ში, რ.-ს ქ.№..-ში მდებარე, ამხანაგობა ..-ს საკუთრებაში (ამჟამად) რეგისტრირებული ფართიდან მიეკუთვნოთ 35მ2 ფართი და საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდეთ საჯარო რეესტრში.”

დასახელებული გადაწყვეტილება დაეყრდნო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: ამხანაგობა ..-ის მოსარჩელეთა წინაშე არსებული ვალდებულებისა და სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად დადგენილი იქნა, რომ აჭარის ა/რ თვითმმართველი ქ.ბ.-ის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №162 განკარგულებით გადაწყვეტილ იქნა ქ.ბ.-ში, რ.-ს ქ.№..-ში მდებარე .. კოოპერატიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღებაზე დაქვემდებარება; ხოლო ქ.ბ.-ის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის №01/01/21 ბრძანებით დადგინდა ზემოთაღნიშნული საცხოვრებელი სახლის (საერთო ფართით 3779,2მ2 შენობის საერთო ფართი 539,79მ2) ექსპლუატაციაში მიღება.

ასევე დადგენილ იქნა, რომ საჯარო რეესტრში სადაო საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთითა და შენობა-ნაგებობით, 3779,2მ2 „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ..-ს“ სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლებით და აღნიშნული ფართი დავის განხილვის დროისათვისაც წარმოადგენდა ამხანაგობა ..-ს საკუთრებას.

დადგენილი იქნა, რომ დასახელებულ გადაწყვეტილებაზე კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ამ გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქ.ბ.-ში, რ.-ს ქ. №..-ში მდებარე სასარგებლო ფართი 241,27კვ.მ. (ს.კ..) და ბინა №11, ფართით 105,77 კვ.მ. (ს.კ..) რეგისტრირებული იყო ბმა „ამხანაგობა ..-ს“ სახელზე საკუთრების უფლებით და არა ლ. მ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით.

დადგენილია, რომ ლ. მ.-ეს საკუთრებაში გადაეცა მის მფლობელობაში არსებული 101,48მ2 ფართის ბინა.

განმცხადებელი ლ. მ.-ე აღნიშნავდა, რომ მოსარჩელეებისათვის ლ. ჩ.-ის, დ. და ა. კ.-ებისათვის მიკუთვნებული და გადაცემული 35მ2 ფართის გადაცემით მცირდებოდა მისი საკუთრება. შესაბამისად, დადგენილ იქნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება შეეხებოდა ლ. მ.-ის უფლებებსა და მის კანონიერ ინტერესებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

ზემოთ აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ შეეხო მიღებული გადაწყვეტილება, თუ იგი არ იყო მოწვეული ამ საქმის განხილვაზე.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება ქ.ბ.-ში, რ.-ს ქ.N..-ში მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები 3779.2მ2) რეგისტრირებულია ბმა „ამხანაგობა ..-ს“ საკუთრებად. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის იურიდული პირი. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართს სულ მცირე ორი მესაკუთრე მაინც უნდა ყავდეს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა შეიქმნას. საკასაციო პალატის მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ძირითადი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. მ.-ის ინტერესებს უშუალოდ არ შეხებია ბათილად ცნობილი გადაწყვეტილება, ვერ იქნება გაზიარებული.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბმა „ამხანაგობა ..-ს“ წევრები ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით გადაცემული ბინების მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არ არიან, მათ, ამ კრების გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების მიმართ გააჩნიათ იურიდიული ინტერესი, რაც მათთვის განაწილებული ბინების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებაში მდგომარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბმა „ამხანაგობა ..-ს“ 2008 წლის 03 ოქტომბრის კრების გადაწყვეტილება, რომელზედაც აპელირებენ კერძო საჩივრის ავტორები, განსახილველ საქმეში სარჩელის დავის საგანს არ წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო როგორც ლ. მ.-ის, ასევე, ბმა „ამხანაგობა ..-ს“ სხვა წევრების უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეებისათვის 35მ2 ფართის უძრავი ქონების გადაცემით მცირდება ამხანაგობის ყველა წევრთა იმ ფართების ოდენობა, რაც მათ ბმა „ამხანაგობა ..-ს“ 2008 წლის 3 ოქტომბრის კრების გადაწყვეტილებით საკუთრებაში გადაეცათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ჩ.-ის, დ. კ.-ას, ა. კ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე