Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-765-724-2015 25 სექტემბერი, 2015 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი შპს „ე-ა 2“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა-ნ წ-ი, ლ-ნ წ-ი, ლ-ა ნ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო ნაგებობის დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, ხ–ის ქუჩა #29-ში მდებარე 20--0 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით #01.13.05.0--.1--, რეგისტრირებულია შს. ,,ე-ა-2“-ის (შემდეგში: „მოსარჩელე, ან კასატორი“) საკუთრებად.

2. ქ.თბილისში, ხ-ის ქუჩა #29-ში თანასაკუთრებაში არსებულ 1457 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, პირველ სართულზე მდებარე 29.49 კვ.მ ბინა #10 საკადასტრო კოდით #01.13.05.0--.0--.01.010, რეგისტრირებულია ლ-ნ წ-ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, ან მოწინააღმდეგე მხარე), ა-ნ წ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, ან მოწინააღმდეგე მხარე) და ლ–ა ნ–ის (შემდეგში: მესამე მოპასუხე, ან მოწინააღმდეგე მხარე) თანასაკუთრებად.

3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან წარმოდგენილი 1978 წლის 30 დეკემბრით დათარიღებული ექსპლუატაციაში მიღების აქტის შესაბამისად, სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ ქ.თბილისში, ხ–ის ქუჩა #29-ში საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობის საგაზეთო კორპუსი და საბაზო საწყობი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით გამომცემლობას ხ-ის ქუჩაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი გაზეთის აგრეგატის ასაშენებლად რკინა-ბეტონის ქარხნის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. 1991 წლის 10 იანვარს საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა გ--ა „ს-ო“.

4. შპს ,,გ-ა ს-ს“ (შემდეგში: „კომპანია“) დირექტორის 1997 წლის 15 მაისის თანხმობით მეორე მოპასუხეს ნება დაერთო, კომპანიის ტერიტორიაზე აეშენებინა საცხოვრებელი სახლი. თანხმობაში აღნიშნულია, რომ თანხმობა ვრცელდება ყველა უფლებამონაცვლეზე, რომელთაც მეორე მოპასუხესთან პრეტენზია არ ექნებათ.

5. ქ.თბილისში, ხ–ის ქუჩა #29-ში, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 01.13.05.0--.1--) ფარგლებში მდებარეობს მოპასუხეთა მიერ ფაქტობრივად დაკავებული შენობის ნაწილი და გადაფარვის ფართობი შეადგენს 12 კვ.მ-ს.

6. ქ.თბილისში, ხ–ის ქუჩა #29-ში, #01.13.05.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 1457 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ოცდაერთი შენობა-ნაგებობა. ხ–ის ქუჩა #29-ში (ნაკვეთი 4/1--) მისამართზე მოსარჩელის სახელზე #01.13.05.0--.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 20340 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 6 შენობა-ნაგებობა. აღნიშნული მიწის ნაკვეთები არის მომიჯნავე. #01.13.05.0--.0-- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე მდებარე #4 5.1 კვ.მ შენობის ნაწილი, დღეისათვის განთავსებულია #01.13.05.0--.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთების საზღვრებს შიგნით, ასევე, #01.13.05.0--.0-- მიწის ნაკვეთზე მდებარე12.1 კვ.მ #13 შენობა-ნაგებობის ნაწილი, დღეისათვის განთავსებულია #01.13.05.0--.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებს შიგნით. ქ.თბილისში, ხ–ის ქუჩა #29-ში და ქ.თბილისში, ხ–ის ქუჩა #29 (ნაკვეთი 4/1--)-ში მდებარე მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი საზღვარი (სასაზღვრო მიჯნა) არ შეესაბამება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ამავე მიწის ნაკვეთების (#01.13.05.0--.0-- და #01.13.050--.1--) გამყოფ საკადასტრო საზღვარს.

7. მოპასუხეებმა საჯარო რეესტრში მათ საკუთრებად რეგისტრირებულ 29.49 კვ.მ-ს ფართზე 1997 წელს დააშენეს, რაც რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში და ამ ფართის ნაწილი მდებარეობს #01.13.05.0--.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე.

8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა, რომ მოპასუხეებმა მათ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების იმ ნაწილის დემონტაჟი განახორციელონ, რომელიც მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. სარჩელი დასაბუთებული იყო შემდეგი ფაქტებით:

8.1. 2012 წლის 11 ივლისს მოსარჩელემ შეიძინა წინამდებარე განჩინების პ.1. მითითებული უძრავი ქონება (20340 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 6 შენობა-ნაგებობა).

8.2. შეძენილი მიწის ნაკვეთის ხელახალი აზომვისას, დადგინდა რომ მოპასუხეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ნაწილს, დაკავებული აქვს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 12 კვ.მ.

8.3. ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა სახლის მშენებლობის დროს მეზობელი მიწის ნაკვეთის საზღვრის გადაცდენა, გაეგზავნა მოპასუხეებს, რასაც მათი მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია.

9. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და მიუთითეს, რომ საცხოვრებელი სახლი აშენებულია ჯერ კიდევ 1997 წელს, რასაც ადასტურებს კომპანიის დირექტორის ნებართვა, გაცემული 1997 წლის მაისში. მოსარჩელე კი მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა 2012 წლის ივლისში, შესაბამისად, ისინი ვერ დაარღვევდნენ მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეების შესაგებელი და დაადგინა, რომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები.

11. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელემ აპელაციის წესით გაასაჩივრა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

13. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:

12.1. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, 1997 წლის 15 მაისს მოქმედი „მეწარმეთა სესახებ“ საქართველოს კანონის 47.3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 47.4 მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, სსკ-ის 172-ე მუხლი;

12.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102-ე მუხლის პირველი ნაწილი და 380-ე მუხლი.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ელ---ა 2-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ე-ა 2-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ე-ა 2-ს“ (ს/კ --) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 06.07.15 სს თიბისი ბანკი), 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი