Facebook Twitter

საქმე №190210015725774

საქმე №ას-766-725-2015 8 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზ. ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. მ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჯ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მშობლის უფლების შეზღუდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.ჯ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ.-ის მიმართ მშობლის უფლების დროებით შეზღუდვის შესახებ, კერძოდ, მოითხოვა 1 ივლისიდან 31 აგვისტომდე, მოპასუხის თანხმობის გარეშე, მხარეთა საერთო შვილების – ს. და მ. მ.-ების დასასვენებლად საზღვარგარეთ (თურქეთის რესპუბლიკაში) წაყვანა.

მოსარჩელის მითითებით, მხარეებს რეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ ორი შვილი, 2001 წლის 20 დეკემბერს დაბადებული მ. მ.-ი და 2003 წლის 28 ივნისს დაბადებული ს. მ.-ი. ამჟამად მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მოპასუხე არ ზრუნავს შვილებზე. თ.ჯ.-ე დროდადრო მუშაობს თურქეთში და სურს არდადეგების განმავლობაში შვილები დასასვენებლად თურქეთში წაიყვანოს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დედის მიერ შვილების თურქეთში წაყვანის წინააღმდეგია. ზ. მ.-ის მითითებით, მოსარჩელე მანამდეც მიემგზავრებოდა თურქეთში, რა დროსაც შვილები უმეთვალყურეოდ ტოვებდა. შესაბამისად, მოსარჩელის გამგზავრების შემთხვევაში ბავშვები დროებით უნდა დარჩნენ მამასთან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით თ.ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, 1978 წლის 10 მარტს დაბადებულ ზ. მ.-ს შეეზღუდა მშობლის უფლება, თ.ჯ.-ეს ნება დაერთო, 2001 წლის 20 დეკემბერს დაბადებული მ. და 2003 წლის 28 ივნისს დაბადებული ს. მ.-ები, მოპასუხის თანხმობის გარეშე, ყოველწლიურად წაეყვანა თურქეთის რესპუბლიკაში 1 ივლისიდან 31 აგვისტომდე, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა შორის მორიგების გამო, სასამართლომ მორიგების პირობად დაამტკიცა, რომ მხარეები თანახმა არიან, ყოველწლიურად სასკოლო არდადეგების დროს ს. და მ. მ.-ები დასასვენებლად წაიყვანოს მამამ ერთი თვით 1 ივლისიდან 31 ივლისამდე, ხოლო თ.ჯ.-ემ წაიყვანოს თურქეთის რესპუბლიკაში 1 აგვისტოდან 31 აგვისტომდე.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლის მეორე ნაწილით, 208-ე მუხლის პირველი ნაწილით და მხარეებს განუმარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ასევე გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. მ.-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მხარეთა შორის მორიგებას საფუძვლად დაედო მათი სიტყვიერი შეთანხმება, რომ ზ. მ.-ი შვილების ერთი თვით თავისთან წაყვანას შეძლებდა მათთან გასაუბრებისა და თავად ბავშვების თანხმობის მიღების შემდეგ. მოპასუხე შეხვდა შვილებს, თუმცა მ. და ს. მ.-ებმა მამასთან დასასვენებლად წასვლაზე თანხმობა განაცხადეს მხოლოდ იმ პირობით, თუ მათი დედა თ.ჯ.-ეც წაყვებოდათ. აღნიშნული შეუძლებელია. მოსარჩელე არ მოინდომებს მოპასუხის სოფელში გამგზავრებას, რადგან ზ. მ.-მა ხელმეორედ იქორწინა და მასთან ერთად ამჟამად ცხოვრობს მეორე მეუღლე ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მოსარჩელეს არ სურს, რომ მამა შვილებს დაუახლოვდეს, ამდენად, მათი მორიგებაც ჩაიშალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. მ.-მა უარი განაცხადა შვილების თურქეთში გაშვებაზე და მიუთითა, რომ მოსარჩელეს იქ არც სამუშაო აქვს და არც საცხოვრებელი ადგილი.

მხარის განმარტებით, მორიგების აქტი თ.ჯ.-ის წარმომადგენელმა თ.ფ.-მა შეადგინა არასწორად, ვინაიდან აქტში არ არის აღნიშნული თუ ვინ შეადგინა იგი, ასევე აქტის შედგენასა და სისწორეზე ხელს არ აწერს, რაც მორიგების აქტის გაუქმების კიდევ ერთი საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში უნდა შეაფასოს სააპელაციო პალატის მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება, რაც, თავის მხრივ, ეფუძნებოდა მხარეთა შორის მორიგების ფაქტს.

მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულება საქმის გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური და ორივე მოდავისათვის სასარგებლო გზაა, ვინაიდან ასეთ დროს მხარეები ფაქტობრივად დებენ ახალ გარიგებას, გამოხატავენ საკუთარ ნებას ამა თუ იმ სადავო საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით და მიღებული კომპრომისული შედეგი მაქსიმალურად მორგებულია ორივე მხარის კანონიერ ინტერესებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის ფუნდამენტურ დისპოზიციურობის პრინციპს, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. დასახელებულ უფლებათა შორის აღსანიშნავია ამავე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული მხარეთა უფლება, დავის შეწყვეტის მიზნით, სადავო საკითხებზე ერთმანეთის მიმართ გარკვეული პირობების დაწესების გზით მიაღწიონ შეთანხმებას, ანუ მორიგდნენ, რაც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში იძენს სავალდებულოდ აღსასრულებელ ძალას. შესაბამისად, იმისათვის, რომ მხარეთა ნება ზედმიწევნით სწორად აღსრულდეს, მეტად მნიშვნელოვანია, მხარეებმა ნათლად და ამომწურავად ჩამოაყალიბონ მორიგების პირობები. აქვე აღსანიშნავია, რომ მორიგების პირობების ჩამოყალიბება მხარეთა კომპეტენციას განეკუთვნება და მათვე ეკისრებათ ის რისკი, რაც ამა თუ იმ პირობის საკმარისად გარკვევით და სრულად დაფიქსირებას უკავშირდება. სასამართლოს როლი მორიგების პირობებთან მიმართებით შემოიფარგლება მხოლოდ კანონთან მათი შესაბამისობის საკითხის გარკვევაში.

წარმოდგენილი კერძო საჩივრით ზ. მ.-ი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის მორიგება დაიდო არა მხოლოდ იმ პირობებით, რაც მათ ასახეს სასამართლოსათვის წარდგენილ მორიგების აქტში, არამედ არსებობდა სხვა სიტყვიერი შეთანხმებაც, რომელიც მოსარჩელე თ.ჯ.-ემ დაარღვია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის აღნიშნული არგუმენტი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ზ. მ.-მა უკვე გამოხატა თავისი ნება სადავო საკითხთან – მხარეთა საერთო შვილების ერთი თვით დედასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრებასთან დაკავშირებით, როდესაც დაეთანხმა ყოფილ მეუღლეს ყოველი წლის აგვისტოში ბავშვების დასასვენებლად საზღვარგარეთ გაყვანაზე. შესაბამისად, მორიგების პირობების ჩამოყალიბების ეტაპი დასრულდა. სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა აღნიშნული პირობების კანონიერებაზე და დაამტკიცა ისინი, ხოლო საქმის წარმოება შეწყვიტა.

საქმის მასალებიდან არ ირკვევა და არც თავად მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ სადავო მორიგების აქტში ასახული მისი ნება გამოვლენილ იქნა ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე, ასევე არ დასტურდება ზ. მ.-ის მოტყუების ან სხვაგვარად შეცდომაში შეყვანის ფაქტები.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას ვერც იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სადავო მორიგების აქტის შედგენისას თ.ჯ.-ის წარმომადგენელმა თ.ფ.-მა აქტში არ აღნიშნა, თუ ვინ შეადგინა მორიგების აქტი, ასევე ხელის მოწერით არ დაადასტურა აქტის შედგენა და მისი სისწორე, რაც მორიგების აქტის გაუქმების კიდევ ერთი საფუძველია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მორიგების აქტის მიმართ ითვალისწინებს, რომ იგი უნდა შედგეს წერილობით და მხარეებმა თავისი ხელმოწერით სარწმუნოდ დაადასტურონ აქტში გამოვლენილი საკუთარი ნება. ანალოგიურად უნდა შედგეს მორიგების აქტი იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ფორმდება ერთ-ერთი ან ორივე მხარის ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ. შესაბამისად, მხარეთა ნების ამსახველი ტექსტის წერილობითი ჩამოყალიბებისას აქტის უშუალოდ შემდგენელი პირის ვინაობის ან სხვა რეკვიზიტის დაფიქსირების რაიმე ვალდებულებას კანონი არ იცნობს. უმთავრესად რჩება ის ფაქტი, რომ მხარეებმა მორიგების აქტზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ მის შინაარსს ეთანხმებოდნენ.

რაც შეეხება მხარის მითითებას, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ სურს შეთანხმებული პირობის შესრულება და შვილების მამისათვის ერთი თვით – ივლისის განმავლობაში დასასვენებლად გატანება, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება, რადგან მორიგების აქტი დამტკიცებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, შესაბამისად, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ასახული ყოველი დანაწესი (მათ შორის ისიც, რომელიც ეხება ზ. მ.-ის მიერ შვილების ივლისში თავისთან წაყვანას), მისი ნებაყოფლობით შეუსრულებლობისას, ექვემდებარება იძულებით აღსრულებას და არა ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრებას და განჩინების აღსრულების მოთხოვნით მხარე უფლებამოსილია, მიმართოს სააღსრულებო ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ამდენად, ზ. მ.-ის კერძო საჩივარი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივ წინაპირობას არ შეიცავს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე