Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-767-726-2015 8 სექტემბერი, 2015 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე--რ ქ--ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ--ს კ--ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ--ში, რ--ს ქ. #120-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 20.42.05.0--) ე--რ ქ--ის (შემდგომში: “მოპასუხე ან კასატორი” ) პირდაპირ მფლობელობაშია [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის, 155.1 მუხლი].

2. ამჟამად აღნიშნული ქონების ტიტულოვანი მესაკუთრეა გ--ს კ--ი (შემდგომში: „მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე“). საკუთრების უფლების საფუძველია 2014 წლის 2 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება. უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში [სსკ-ის 477-ე, 183-ე და 311-ე მუხლები].

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ. მან მოითხოვა ამ უკანასკნელის უკანონო მფლობელობიდან ზემოაღნიშნული ნივთის გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა [სსკ-ის 172.1 მუხლი].

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო ნივთი. გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტები: ა) მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, ბ) ნივთს ფლობს მოპასუხე და გ) ნივთის ფლობას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.

5. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება მოპასუხემ აპელაციის წესით გაასაჩივრა .

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი ფარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

7. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა . საკასაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე უკანონოდ აქვს მოპოვებული.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე--რ ქ--ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებაში არსებითად სწორია.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

14. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე--რ ქ--ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე--რ ქ--ს (პ/ნ --------) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახდო დავალება #7528851, გადახდის თარიღი 22.07.15 სს ლიბერთი ბანკი), 300 ლარის 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი