Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-772-729-2015 25 სექტემბერი, 2015 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი მ-რ გ-ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა-მ შ-ძე, ე-ე ს-ე, ა-ლ დ-ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა-მ შ-ძის (შემდგომში: „პირველი მოპასუხე, ან მოწინააღმდეგე მხარე“), ე-ე ს-ისა (შემდგომში: „მეორე მოპასუხე“) და ა-ლ დ-ძის (შემდგომში: „მესამე მოპასუხე“) თანასაკუთრებაში ირიცხება თბილისში, ძ-ის (ყოფ. ლ-ის) ქ. №6-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: №01.15.05.0--.0--, შემდგომში: „უძრავი ქონება, ან საცხოვრებელი სადგომი“) [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 173-ე მუხლის პირველი ნაწილი და 311-ე მუხლი].

2. მ-რ გ-ნი (შემდგომში: მოსარჩელე) „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, წარმოადგენს მოსარგებლე პირს, რომლის ფაქტობრივად უძრავი ქონების ნაწილს (19.56 კვ.მ) ფლობს [მითითებული კანონის 11 მუხლის „ა“ პუნქტი].

3. მოსარჩელე 1976 წლის 20 მაისიდან რეგისტრირებულია ზემოაღნიშნულ მისამართზე, იხდის გადასახადებს და კეთილსინდისიერად ფლობს საცხოვრებელ სადგომს.

4. აუდიტის შეფასებით, მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართის (19,56 კვ.მ-ის) საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 48 411 ლარს შეადგენს.

5. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, სადავო ქონებაში პირველი მოპასუხის კუთვნილი წილი (15/56) სააქციო საზოგადოება ,,ს-ოს ს-ო ბ-ის“ სასარგებლოდ იპოთეკითაა დატვირთული [სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი და 311-ე მუხლი] .

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა:

6.1. პირველი მოპასუხის სასარგებლოდ თანხის გადახდის შემდეგ, ცნობილ იქნეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან 19.56 კვ.მ.-ის მესაკუთრედ საქმეში არსებული 2013 წლის 16 ივლისის აზომვითი ნახაზის შესაბამისად;

6.2. ის პირველი მოპასუხის სასარგებლოდ თანხას გადაიხდის საცხოვრებელი სადგომის უფლებრივად უნაკლო და ყოველგვარი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისაგან ან რაიმე ვალდებულებისაგან განთავისუფლების შემდეგ.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: მოსარჩელეს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელი სადგომის (19.56 კვ.მ.) საბაზრო ღირებულების 25%-ის ერთი მესამედის, 4035 ლარის, გადახდა. თანხის გადახდის შემდეგ მოსარჩელეს წარმოეშობოდა საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლება. მისი მოთხოვნა, თანხა გადაიხადოს პირველი მოპასუხის, მისი მემკვიდრის ან უფლებამონაცვლისათვის, საცხოვრებელი სადგომის უფლებრივად უნაკლო და ყოველგვარი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისაგან ან რაიმე ვალდებულებისაგან გათავისუფლების შემდეგ, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

7.1. მოსარჩელე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, წარმოადგენს მოსარგებლე პირს, რომელიც ფაქტობრივად ფლობს უძრავი ქონების ნაწილს, 19.56 კვ.მ. საცხოვრებელ სადგომს.

7.2. იგი წინამდებარე განჩინების პ.1-ში აღნიშნულ მისამართზე 1976 წლის 20 მაისიდანაა რეგისტრირებული, იხდის გადასახადებს და კეთილსინდისიერად ფლობს სადგომს.

7.3. მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის (19,56 კვ.მ) საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 48 411 ლარს.

7.4. მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მიერ შეთავაზებული სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის ერთი მესამედი, 4035 ლარი.

7.5. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, სადავო ქონებაში პირველი მოპასუხის კუთვნილი წილი (15/56) სააქციო საზოგადოება ,,ს-ოს ს-ო ბ-ის“ სასარგებლოდ იპოთეკითაა დატვირთული.

სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლი, 11-ლი მუხლის „ა“ პუნქტი, მე-2 მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტები, საქართველის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 251-ე და 263-ე მუხლები.

8. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელემ აპელაციის წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა პირველი მოპასუხის სასარგებლოდ საცხოვრებელი სადგომის უფლებრივად უნაკლო და ყოველგვარი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისაგან ან რაიმე ვალდებულებისაგან განთავისუფლების შემდეგ თანხის გადახდის თაობაზე.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გაასჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ გაიზიარა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

10. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა. საკასაციო საჩივარი დაფუძნებულია იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად საკმარისად არ დაასაბუთა განჩინება, შესაბამისად, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, სახელდობრ: სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ეს ურთიერთობა საბოლოოდ უკავშირდებოდა ნასყიდობას და სპეციალური კანონის ნორმებთან ერთად უნდა გამოყენებულიყო სამოქალაქო კოდექსის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 487-ე - 489-ე მუხლები.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ-არ გ-ნის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებაში არსებითად სწორია. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია. ამასთან, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დამატებით ყურადღება გაამახვილოს შემდეგზე:

15.1. მოცემულ შემთხვევაში, ესაა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოწესრიგებული ურთიერთობა. პირველი მოპასუხისათვის 4035 ლარის გადახდის სანაცვლოდ, კასატორი ცნობილი იქნა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ. გადაწყვეტილება ამ ნაწილში ძალაშია შესული. შესაბამისად, დადგენილია პირველი მოპასუხის ვალდებულება, გადასცეს დავის საგანზე საკუთრების უფლება კასატორს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი შეასრულებს გადაწყვეტილებით დადგენილი თანხის გადახდის ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს ზემოაღნიშნული კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის მეორე წინადადებიდან: „თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს, მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა“.

15.2.რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ 4035 ლარის, საცხოვრებელი სადგომის უფლებრივად უნაკლო და ყოველგვარი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისაგან ან რაიმე ვალდებულებისაგან განთავისუფლების შემდეგ, გადახდის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დაუსაბუთებლად, რადგანაც არ არსებობს მატერიალურსამართლებრივი ნორმა, საიდანაც ასეთი შედეგი გამომდინარეობს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სპეციალური ურთიერთობაა და იგი ექვემდებარება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებით მოწესრიგებას. ეს კანონი კი, ამ სახის მოთხოვნის უფლებას კასატორს არ ანიჭებს.

15.3. ამ ურთიერთობაზე ვერც სამოქალაქო კოდექსის ნორმები [სსკ 487-ე და 489-ე] გავრცელდება, რადგანაც უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და არა მოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის არსებული ურთიერთობიდან. გარდა ამისა, ამ სახით მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ უზრუნველყოფს იმ შედეგს, რისი მიღწევაც კასატორს სურს, რადგანაც ის დამოკიდებული იქნება მესაკუთრის კეთილ ნებაზე. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში კი, გადაწყვეტილება იძულებით ვერ აღსრულდება! თუმცა, კასატორს შეუძლია ისარგებლოს სსკ-ის 371-ე ან 372-ე მუხლებით მინიჭებული უფლებით და პირველი მოპასუხის, კრედიტორის დაკმაყოფილების გზით თავის თავზე გადმოიტანოს მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან [ამასთან დაკავშირებით, იხილეთ უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის განჩინება საქმეზე №ას-653-619-2015].

17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ-არ გ-ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი