საქმე №330210013261803
საქმე №ას-773-730-2015 8 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს. ფ.-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, შპს „ს. ფ.-ის“ გაერთიანებული პროფკომიტეტი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა და შპს „ს. ფ.-ის“ გაერთიანებულმა პროფკომიტეტმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ს. ფ.-ის“ მიმართ მოპასუხის 2012 წლის 27 ნოემბრის №15-01/120 ბრძანების 1, 2, და მე-3 პუნქტების, 2012 წლის 27 ნოემბრისა და 2013 წლის 1 თებერვლის შრომითი ხელშეკრულებების 5.1. და 5.2. მუხლების ბათილად ცნობის შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაევალოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და კომპანიაში დასაქმებულ პროფწევრებს შრომითი კონტრაქტები გაუფორმდეს კოლექტიური შეთანხმების 4.2, 4.3 მუხლებით გათვალისწინებული ვადებით.
მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ 2010 წლის 24 მარტს შპს „ს. ფ.-ის“ ადმინისტრაციას, საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირსა“ და შპს „ს. ფ.-ის“ გაერთიანებულ პროფკომიტეტს შორის გაფორმდა კოლექტიური შეთანხმება, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბერი.
2012 წლის 27 ნოემბრის კომპანიის გენერალური დირექტორის №15-01/120 ბრძანების 1, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ცვლილება შევიდა შპს „ს. ფ.-ის“ მიერ გაფორმებულ ყველა შრომით ხელშეკრულებაში, შრომითი ურთიერთობა განისაზღვრა ბრძანებაზე დართული შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების ფორმის მიხედვით ერთთვიანი ვადით.
მოსარჩელეთა განმარტებით, შპს „ს. ფ.-ამ“ დაარღვია კოლექტიური შეთანხმების პირობები და ცალმხრივად, დასაბუთების გარეშე შეიცვალა შრომითი ხელშეკრულებები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მმართველობის სრულყოფის მიზნით, შპს „ს. ფ.-აში“ განხორციელდა სხვადასხვა სამსახურების საქმიანობის მოცულობის ცვლილება და საჭირო გახდა სახელშეკრულებო ვალდებულებების ცვლილება, ხოლო უფუნქციოდ დარჩენილ კადრებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. სადავო ცვლილებები ასევე გამოიწვია საზოგადობაში მიმდინარე რეორგანიზაციამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით, აპელანტების მიერ იურიდიული ინტერესის არქონის შედეგად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და შპს „ს. ფ.-ის“ გაერთიანებული პროფკომიტეტის სარჩელი შპს „ს. ფ.-ის“ მიმართა დარჩა განუხილველად, შპს „ს. ფ.-ას“ დაეკისრა 400 ლარის გადახდა საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და შპს „ს. ფ.-ის“ გაერთიანებული პროფკავშირის სასარგებლოდ ამ უკანასკნელთა მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო პალატის 2015 წლის 25 მაისის სხდომაზე შპს „ს. ფ.-ის“ გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარემ წარადგინა იმ პირების სია, რომლებთანაც შრომითი ხელშეკრულებები დაიდო განუსაზღვრელი ვადით. ამავე სიაში არის გრაფები, თუ რომელი რიცხვიდან გაფორმდა ასეთი ხელშეკრულებები.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მხარე ითხოვდა: ა) გენერალური დირექტორის ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობას; ბ) 5.1 და 5.2 მუხლების დარღვევით ერთთვიანი ვადის ბათილად ცნობას; გ) დავალებოდა „ს. ფ.-ას“ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ხელშეკრულების გაფორმება 4.2 და 4.3 მუხლების მიხედვით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა მხარემ დაადასტურა მის წევრებთან შრომის ხელშეკრულებების განუსაზღვრელი ვადით დადების ფაქტი, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარის ინტერესი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მიღწეულ იქნა.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ პუნქტით, 180-ე მუხლით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა მხარემ მიაღწია იმ შედეგს, რაც სურდა და რის შედეგადაც მას აღარ გააჩნია იურიდიული ინტერესი როგორც ბრძანების ბათილად ცნობის, ისე სხვა სასარჩელო მოთხოვნების მიმართ. აპელანტებს ბრძანების ბათილად ცნობა ესაჭიროებოდათ გრძელვადიანი შრომის ხელშეკრულებების დადების მიზნით, რაც უკვე განხორციელდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დარჩეს განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილისა და 54-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, ხოლო 2015 წლის 9 ივნისის სასამართლო სხდომაზე აპელანტებმა (მოსარჩელეებმა) ითხოვეს მათ მიერ გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება, შესაბამისად, აპელანტების (მოსარჩელეების) მიერ გაწეული ხარჯი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ს. ფ.-ამ“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, განუხილველად დაეტოვებინა სარჩელი იურიდიული ინტერესის არქონის გამო, ვინაიდან დასაქმებულებს განუსაზღვრელი ვადით შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმდათ 2014 წლის ივლისში და აღნიშნული გარემოება სარჩელის აღძვრის მომენტისათვის არ არსებობდა. შესაბამისად, მოსარჩელეებს გააჩნდათ შესაბამისი იურიდიული ინტერესი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და სააპელაციო პალატამ უკანონოდ გააუქმა საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. გაურკვეველია, როგორ შეიძლება გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით ისე, რომ ამავდროულად, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად.
მხარემ ჩათვალა, რომ, სააპელაციო სასამართლოს განუხილველად უნდა დაეტოვებინა მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივარი და არა სარჩელი, ვინაიდან იურიდიული ინტერესი არ არსებობდა სწორედ სააპელაციო საჩივრის შეტანისას.
კერძო საჩივრის ავტორმა სადავოდ გახადა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხიც. ზემოაღნიშნული მოტივებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე არ არის ვალდებული, აანაზღაუროს სახელმწიფო ბაჟი ან ადვოკატის ხარჯი აპელანტის სასარგებლოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. ფ.-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის განჩინებას, რომლითაც გაუქმდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორებს (მოსარჩელეებს) – საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიულ კავშირსა და შპს „ს. ფ.-ის“ გაერთიანებულ პროფკომიტეტს არ გააჩნდათ სასარჩელო მოთხოვნების მიმართ სათანადო იურიდიული ინტერესი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ითვალისწინებს რა აღიარებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობასა და წესს, ასევე ადგენს ამ ტიპის სამართლებრივი ბუნების მქონე სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის შესაბამისი იურიდიული ინტერესის არსებობის აუცილებლობას, რის გარეშეც აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
ამდენად, სასამართლო ვერ განიხილავს აღიარებით სარჩელს, თუ მოსარჩელე სარწმუნოდ არ დაასაბუთებს მისი კანონიერი უფლების სასამართლო წესით დაცვის იურიდიული ინტერესის არსებობას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეების – საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და შპს „ს. ფ.-ის“ გაერთიანებული პროფკომიტეტის მოთხოვნას შეადგენდა: ა) შპს „ს. ფ.-ის“ გენერალური დირექტორის ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობა; ბ) 5.1 და 5.2 მუხლების დარღვევით ერთთვიანი ვადის ბათილად ცნობა; გ) დავალებოდა „ს. ფ.-ას“ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ხელშეკრულების გაფორმება 4.2 და 4.3 მუხლების მიხედვით. ამასთან, აპელანტებს ბრძანების ბათილად ცნობა ესაჭიროებოდათ გრძელვადიანი შრომის ხელშეკრულებების დადების მიზნით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებას, რომ სააპელაციო პალატის 2015 წლის 25 მაისის სხდომაზე შპს „ს. ფ.-ის“ გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარემ წარადგინა იმ პირების სია, რომლებთანაც შრომითი ხელშეკრულებები დაიდო განუსაზღვრელი ვადით. აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ განუსაზღვრელი ვადით ხელშეკრულებები გაფორმდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის შეტანის – 2014 წლის 3 ივლისის შემდეგ (ტომი 4, ს.ფ. 119-128).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიულ კავშირისა და შპს „ს. ფ.-ის“ გაერთიანებული პროფკომიტეტის აღიარებით სარჩელს იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა. ასეთი ინტერესის არარსებობის მოტივით განუხილველად ვერ დარჩებოდა ვერც მოსარჩელეთა მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი (როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს), ვინაიდან მისი შეტანის მომენტში სადავო ბრძანების ბათილად ცნობის იურიდული ინტერესი კვლავაც არსებობდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული გარემოებების სამართლებრივად შეფასება უნდა მოხდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
შესაბამისად, კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც, შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სწორედ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვითარება, კერძოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის მიზანი მიღწეულია და მხარეებს შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია.
ამდენად, სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით და საქმის წარმოება შეეწყვეტა, რაზეც მიუთითა კიდეც 2015 წლის 25 მაისის სასამართლო სხდომის ოქმში (საქმის განხილვა გადაიდო იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს ემსჯელა, არსებობდა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით დადგენილი საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობა, ტომი 4, ს.ფ. 116).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ძალაში დატოვოს სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინება და არ დააკმაყოფილოს კერძო საჩივარი იმ შემთხვევაშიც, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არასწორია, თუ აღნიშნული დავის არსებით შედეგზე უარყოფითად არ აისახება და გასაჩივრებული განჩინებით მხარეთა მიმართ დადგა კანონიერი შედეგი. კანონმდებლის ასეთი პოზიცია ეფუძნება სასამართლოში საქმის განხილვისას საპროცესო ეკონომიის პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, თუნდაც რიგ პროცედურულ საკითხთა უგულებელყოფის ხარჯზე.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი არსებითად სწორია, კერძოდ, აღნიშნული განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დავა დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების ნაცვლად, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეწყვეტა საქმის წარმოება. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ს. ფ.-ის“ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
დამატებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სახელმწიფო ბაჟის დაკისრებასთან დაკავშირებით. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების განაწილების წესს უშუალოდ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სავსებით სწორად იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ადგენს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ სასარჩელო მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებისას სასამართლო, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას დააკისრებს მოპასუხე მხარეს. მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის დასახელებული მუხლის დათქმა, რომ ზემოაღნიშნული წესი მოქმედებს, როდესაც მოსარჩელე თავად არ დაუჭერს მხარს სარჩელს.
ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხე შპს „ს. ფ.-ას“ მართებულად დაეკისრა საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და შპს „ს. ფ.-ის“ გაერთიანებული პროფკომიტეტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარის, სულ – 400 ლარის ანაზღაურება და აღნიშნული თანხის უკანონოდ დაკისრებასთან დაკავშირებით შპს „ს. ფ.-ის“ კერძო საჩივარი ასევე დაუსაბუთებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. ფ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე