Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-774-731-2015 24 სექტემბერი, 2015 წელი,

№ას-774-731-2015 ქ-ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი –თ. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ. თ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.ქ-ის სარჩელი (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი) თ. თ-ის (შემდეგში - მოპასუხე) წინააღმდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე - დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის 1 500 (ერთი ათას ხუთასი) აშშ დოლარის, ასევე საჯარიმო ავტოსადგომზე ავტომანქანის დგომის 10 დღის საფასურის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ, 999-ე მუხლი), მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების დარჩენილ 10 190 (ათი ათას ასოთხმოცდაათი) ლარის ნაწილში - არ დაკმაყოფილდა.

2. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე. სააპელაციო საჩივარზე სასამართლომ დაადგინა ხარვეზი და 10 დღიანი საპროცესო ვადა განსაზღვრა სახელმწიფო ბაჟის 409 ლარის გადასახდელად.

4. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 01 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განჩინებაში აღნიშნულია შემდეგი:

5.1. საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინება 2015 წლის 11 ივნისს ჩაბარდა აპელანტის ძმას (ტ.2, ს.ფ.62).

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 70-ე, 74-ე, 73-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება განჩინების ჩაბარების შემთხვევებზეც. კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2015 წლის 11 ივნისს. ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 12 ივნისიდან და დასრულდა 2015 წლის 22 ივნისს.

5.3. აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რაც სსსკ-ის 368-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. აპელანტის გარიგებითმა წარმომადგენლებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვეს მისი გაუქმება და სსსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო ვადის აღდგენა.

7. კერძო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

7.1.სააპელაციო საჩივარი ერთხელ არასწორად იქნა დატოვებული განუხილველად, თითქოსდა გასაჩივრების ვადის გაშვების გამო, რაც გასწორდა უზენაესი სასამართლოს განჩინებით, ამდენად, ალოგიკურია, რომ საჩივრის ავტორებს, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი შეექმნათ.

7.2. თვითონ აპელანტი რ-ში იმყოფება, განჩინება ჩაიბარა მისმა ნათესავმა, რომლის ვინაობა დაუდგენელია.

7.3. სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორც წესი, მოსამართლეები საკუთარი ინიციატივით აწესებენ დამატებით ვადას სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად. თითქოსდა გასაჩივრების ვადის გაშვების გამო (იხ. ამ განჩინების 7.1 ქვეპუნქტი) აღძრული კერძო საჩივარი სასამართლომ დააკმაყოფილა, ამით დადასტურდა აპელანტის მიერ გამოვლენილი ურყევი ნება, გაეგრძელებინა დავა და სასამართლოს შეეძლო მისივე ინიციატივით დაეწესებინა დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით თ. ქ-ის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს იქნა დაშვებული და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ, წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სადავო განჩინება ჩაიბარა აპელანტის ნათესავმა, თუმცა ვერ დაადგინეს მისი ვინაობა. იმ გარემოების დადასტურება, რომ სასამართლოს საფოსტო გზავნილი არაუფლებამოსილმა სუბიექტმა ჩაიბარა მომჩივანთა მტკიცების საგანს შეადგენს, კერძო საჩივრის ავტორთა ზეპირი მოსაზრება ასეთი გარემოების არსებობაზე ვერ გააბათილებს და ეჭვქვეშ ვერ დააყენებს საქმეში არსებულ საფოსტო უკუგზავნილით დადასტურებულ ფაქტს, რომ ხარვეზის თაობაზე არსებული განჩინება ჩაბარდა არა დაუდგენელ ნათესავს, არამედ აპელანტის ძმას, რაც სსსკ-ის 73-ე, 74-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტისათვის გზავნილის ჩაბარებას ნიშნავს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ საფოსტო გზავნილი 2015 წლის 11 ივნისს აპელანტის ძმას ჩაბარდა მისამართზე: რ-ი, კ-ის ქ. # …, ხოლო მორიგი საფოსტო გზავნილი 2015 წლის 07 ივლისს აპელანტის დედას ჩაბარდა იგივე მისამართზე (იხ. ტ.2, ს.ფ. 62 და 70), ამ უკანასკნელისათვის ჩაბარებულ გზავნილზე კერძო საჩივრის ავტორები არ გამოთქვამენ რაიმე პრეტენზიას. საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მიერ სააპელაციო სასამართლოს საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ გამოთქმული პრეტენზია დაუსაბუთებელია, რადგან ორივე შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი ჩაბარებულია ერთსა და იმავე მისამართზე და გზავნილები ჩაიბარეს აპელანტის ოჯახის სრულწლოვანმა წევრებმა.

14.საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს მომჩივანთა მოთხოვნას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ სსსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ და განმარტავს, რომ მითითებული ნორმის დანაწესის შესაბამისად სასამართლომ შეიძლება აღადგინოს საპროცესო ვადა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, რაც განსახილველ დავაში არ გვაქვს.

15.სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მომჩივანთა განცხადება, რომ სსსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე შეეძლო და თავისი ინიციატივით კიდევაც უნდა დაეწესებინა დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ კანონით დადგენილი წესით მიიღო მხარისათვის განჩინების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, არ არსებობდა საფუძველი, განმეორებით ეცნობებინა მისთვის საპროცესო ვადის განსაზღვრის შესახებ. უფრო მეტიც, საპროცესო კანონმდებლობა არ იძლევა მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ინიციატივით საპროცესო ვადის გაგრძელების შესაძლებლობას.

16.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ქ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 ივლისის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე