საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ას-778-735-2015 8 სექტემბერი, 2015 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ--ი ბ--ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა--ე კ--ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა--ე კ--ი (შემდეგში: “მოსარჩელე, ან მოწინააღმდეგე მხარე“) და ლ--ი ბ--ი (შემდეგში: „მოპასუხე ან კასატორი“) ქორწინებაში იმყოფებიან 2013 წლის 17 იანვრიდან. ქორწინება რეგისტრირებულია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, სააქტო ჩანაწერია #01201330262 [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, (შემდეგში სსკ-ის), 1106-ე და 1151-ე მუხლები].
2. ამჟამად მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და მოსარჩელეს ფაქტობრივად შექმნილი აქვს ახალი ოჯახი. მათ შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია და ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს. ერთად ცხოვრების დროს მხარეებს შვილი არ შესძენიათ. მოპასუხე არ არის თანახმა, განქორწინდეს მეუღლესთან.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა განქორწინების გზით [სსკ-ის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1122-ე მუხლის „გ“ ქ/პუნქტი ].
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და შეწყვეტილ იქნა 2013 წლის 17 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინება. სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება.
5. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
7. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20 მაისის განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. საკასაციო საჩივარი დამყარებულია იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ცალ-ცალკე ცხოვრებისა, მოპასუხესთან საოჯახო ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, რადგანაც მოწინააღმდეგე მხარეს, სინამდვილეში, სხვა ოჯახი არ შეუქმნია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, დასაშვებობის შესამოწმებლად, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ--ი ბ--ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
14. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ლ--ი ბ--ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ--ი ბ--ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ--ი ბ--ი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი