Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-781-738-2015 8 სექტემბერი, 2015 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ-ზ კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ-ე ქ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 22 აგვისტოს მ--ე ქ–სა (შემდეგში: “გამსესხებელი ან მოსარჩელე“) და რ--ზ კ-–ს (შემდეგში: „მსესხებელი ან მოპასუხე“) დაიდო სესხისა და იპოთეკის წერილობითი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, მსეხებელმა 5 თვით ისესხა 8000 აშშ დოლარი [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის, 623-ე მუხლი).

2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე კასპში, გრიშაშვილის 40-ში, საკადასტრო კოდი #67.01.37.2-- [სსკ-ის 286.1 და 289.1 მუხლები].

3. მოპასუხემ (მსესხებელმა) სესხი დადგენილ ვადაში არ დააბრუნა.

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 8000 აშშ დოლარის, ასევე, ყოველთვიური სარგებლის 480 აშშ დოლარის, დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის მოთხოვნით [სსკ-ის 301.1. მუხლი].

5. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 7520 აშშ დოლარის გადახდა და აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული ზემოაღნიშნული ქონება. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 8000 აშშ დოლარი. სესხისათვის სარგებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა. მან გადაუხადა გამსესხებელს მხოლოდ 480$ (ეს გარემოება დაადასტურა მოსარჩელემ პროცესზე). დავის მოსაწესრიგებლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 623-ე. 301-302-ე, 286-ე, 317-ე, 361-ე და 400-ე მუხლები.

6. რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება მოპასუხემ აპელაციის წესით გაასაჩივრა. სააპელაციო საჩივარში მსესხებელი მიუთითებდა, რომ გადახდილი ჰქონდა 820 აშშ დოლარი და ამიტომ, გადასახდელად უნდა დაჰკისრებოდა 6700 და არა 7520 აშშ დოლარის .

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინებით სააპელაციოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. საკასაციო საჩივარი დამყარებულია იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მის მიერ 820 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ-ზ კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

15. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას რ-ზ კ–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ--ზ კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. რ--ზ კ–ს დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 აგვისტოს განჩინებით (საქმე №ას-781-738-2015) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 30%-ის 90 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი