Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-784-741-2015 25 სექტემბერი, 2015 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი ვ-გ წ-ი (მოპასუხე ძირითად სარჩელში, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ-ი ხ-ი (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში ), ლ-ა ხ-ი-ტ-ი (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების არარსებობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. თბილისი, გ-ა #3--ს შესახვევში მდებარე უძრავი ქონების,რომლის საკადასტრო კოდი #01.10.---------6 (შემდგომში: „სადავო უძრავი ქონება“) საზიარო უფლებით ი-ა კ-ეს ეკუთვნის ½ ნაწილი, ლ-ძეს ½ ნაწილიდან-1/3 ნაწილი, გ-ი ხ–ს (შემდგომში: მოსარჩელეს ან პირველ მოპასუხეს შეგებებულ სარჩელში ან მოწინააღმდეგე მხარეს), ლი-კის (შემდეგში: მეორე მოპასუხეს შეგებებულ სარჩელში) ½ ნაწილიდან 2/3 ნაწილის შესაბამისი ფართი ლიტერ ა-ს #4, #9, #9’ და ლიტერ ”ბ” გარდა, ვ-გ წ-ს (შემდგომში: „მოპასუხე ძირითად სარჩელში, ან შეგებებულ მოსარჩელე ან კასატორი“) ½ ნაწილის 2/3 ნაწილიდან ლიტერ ”ა”-ს #4, #9, #9’ და ლიტერ ”ბ”-ს ფართი [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 173-ე მუხლის პირველი ნაწილი და 311-ე მუხლი]

2. მოსარჩელის საკუთრებაშია ასევე ქ. თბილისში, გ-ა #3--ს შესახვევში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით( #01.10.-) ½ ნაწილის 2/3 ნაწილი, გარდა ლიტერ ა-ს #4, #9, #9’ და ლიტერ ბ-სი”.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა უძრავ ნივთზე არსებული საზიარო უფლების გაუქმება სადავო უძრავი ნივთის ნატურით გაყოფის გზით [სსკ-ის 961.1 და 963-ე მუხლები].

4. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა იმის აღიარება, რომ მოპასუხეებს შეგებებულ სარჩელში სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ გააჩნიათ. სარჩელი დამყარებულია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ისინი წინამდებარე განჩინების პ.1-ში აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეებად თავის დროზე არასწორად დარეგისტრირდნენ. წლების განმავლობაში იგი (შეგებებული მოსარჩელე) ედავებოდა მოპასუხეებს. საბოლოოდ, 2009 წლის 2 აპრილს, დავა დასრულდა მორიგებით და მან (შეგებებულმა მოსარჩელემ) ძირითად მოსარჩელეს გადაუხადა 3 000 აშშ დოლარი, რომლის სანაცვლოდაც გადაეცა სადავო ფართზე საკუთრების უფლება. დღეისათვის მოპასუხეები მხოლოდ ფორმალურად არიან მესაკუთრეებად რეგისტრირებულნი, სინამდვილეში მათ ფაქტობრივ მფლობელობაში ფართი არ გააჩნიათ. თავის მოთხოვნას შეგებებული მოსარჩელე აფუძნებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 180-ე მუხლზე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

5.1. სადავო უძრავ ნივთს რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს. მათ შორის არიან შეგებებული სარჩელის მხარეები.

5.2. აღნიშნულ ნივთზე არსებული საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია.

5.3. ძირითადი მოსარჩელე წარმოადგენს ქ. თბილისში, შესახვევი გ-ა #3--ს შესახვევში მდებარე უძრავი ქონების ( საკადასტრო კოდით #01.10.-) ½ ნაწილიდან 2/3 ნაწილის მესაკუთრეს, რაშიც არ შედის ლიტერ ”ა-ს“ #4, #9, #9’ და ლიტერ ”ბ-ს” ფართები. 2009 წლის 2 აპრილის მორიგების შესახებ განჩინების საფუძველზე შეგეგებულმა მოსარჩელემ მიიღო საკუთრებაში სადავო უძრავ ნივთზე ძირითადი მოსარჩელის კუთვნილი წილის მხოლოდ ნაწილი და არა მთლიანი . სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 963-ე მუხლი.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებით მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, შესაბამისად, 2015 წლის 21 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა, რომ შეგებებულმა მოსარჩელემ ვერ წარუდგინა სასამართლოს კანონით გათვალისწინებული დასაშვები მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებს და მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არ გააჩნიათ კუთვნილი წილის პროპორციული ფართი. დავის მოსაწესრიგებლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, 103-ე მუხლი, სსკ-ის 183-ე, 311-ე და და 312-ე მუხლები.

8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მისი საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, არასწორად განიმარტა სსკ-ის 183-ე, 311-ე და და 312-ე მუხლები.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ივლისის განჩინებით, კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საკასაციო საჩივრის დაუშვებლობასთან მიმართებით დამატებით განმარტოს შემდეგი:

13.1. პროცესუალური სამართლებრივი თვალსაზრისით, სსსკ-ის მეორე მუხლი უზრუნველყოფს პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად. ამასთან, პირს ევალება სწორად ჩამოაყალიბოს მოთხოვნა და ის მიზანი, რომლის მიღწევაც გადაწყვეტილებით სურს. გარდა ამისა, სარჩელი გამართული უნდა იყოს მატერიალური სამართლებრივი თვალსაზრითაც, რაც იმას გულისხმობს, რომ სამართლებრივი შედეგი და ამ შედეგის ფაქტობრივი წინაპირობები უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან. მოცემულ შემთხვევაში, შეგეგებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია იმის აღიარებისკენ, რომ მიუხედავად, საჯარო რეესტრის ჩანაწერისა, მოპასუხეებს არ გააჩნიათ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება. ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად კასატორი მიუთითებს საპროცესო სამართლის ნორმაზე (სსსკ-ის 180-ე მუხლი). აღიარებითი სარჩელის აღძვრის იურიდიულ ინტერესს კი, მისი განმარტებით წარმოადგენს მოპასუხეთა საკუთრების უფლების გაუქმება საჯარო რეესტრში.

13.2. საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ შეგებებული მოსარჩელის მიერ მითითებული ინტერესი აღიარებითი სარჩელის არა თუ დაკმაყოფილების, არამედ მისი აღძვრის წინაპირობადაც ვერ გამოდგება, რადგანაც, ჯერ ერთი, მოპასუხეები არ დავობენ იმაზე, რომლითაც ისინი შეეცილებოდნენ შეგებებულ მოსარჩელეს საკუთრებაში, ან უფლების მომავალში დარღვევის საშიშროებას შექმნიდნენ და მეორეც, ამ სარჩელის დაკმაყოფილებით მისი ავტორის მიზანი - გააუქმოს საჯარო რეესტრში მოპასუხეთა საკუთრების რეგისტრაცია მიღწევადი არ არის, რადგანაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

13.3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა [სსკ-ის 312-ე მუხლი]. ჩანაწერის უზუსტობის მტკიცების ტვირთი კი, შეგებებულ მოსარჩელეს აწევს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განჩინება, რომლითაც მოდავე მხარეებს შორის დამტკიცდა მორიგება, არ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ მოპასუხეების მიმართ ჩანაწერი არასწორია. ამ განჩინებით კასატორმა უფლება მოიპოვა, მის მიერ გადახდილი 3 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, აღერიცხა საკუთრებაში გ-ას შესახვევ #3-ში მდებარე სახლის ლიტ „ა“ ნაწილის #4, #9,#91 და ლიტ „ბ“ ნაგებობები, რაც იმავე წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სასამართლომ განმარტა, როგორც მოპასუხეების კუთვნილი წილის (1/2) 2/3 ნაწილი. შესაბამისად, მართალია, ამჟამად მოპასუხეები აღარ არიან გ-ას შესახვევი #3-ში მდებარე სახლის ლიტ „ა“ ნაწილის #4, #9,#91 და ლიტ „ბ“ ნაგებობების მესაკუთრეები, მაგრამ ისინი კვლავ რჩებიან სადავო უძრავი ნივთის დარჩენილი ნაწილის მესაკუთრეებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოთხოვნას არ გააჩნია პერსპექტივა.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

15. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ-გ წ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ვ-გ წ-ს (-) დაუბრუნდეს თ-ძის (-----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საკრედიტო საგადასახადო დავალება #4, გადახდის თარიღი 02.07.15 ბანკი რესპუბლიკა),300 ლარის, 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი