Facebook Twitter

საქმე №160210014581950

საქმე №ას-785-742-2015 13 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ი.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.მ. ი.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. და გ. ბ.-ეების მიმართ და მოითხოვა, ნოტარიუს გ. ჩ.-ის მიერ 2012 წლის 2 ნოემბერს ლ. ბ.-ის სახელზე გაცემული №... კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე, მ.-ის რაიონის სოფელ წ.-ში მდებარე ლ. ბ.-ის კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №...) 1/3 წილზე მ. ი.-ის მესაკუთრედ ცნობა.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2008 წლის 1 იანვარს გარდაიცვალა ჟ. ბ.-ე. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები – მ. ი.-ი, ლ. ბ.-ე და გ. ბ.-ე. მოსარჩელის განმარტებით, ჟ. ბ.-ე ორი წლის განმავლობაში ავადმყოფობდა. იგი ამ წლების განმავლობაში ცხოვრობდა სოფელ წ.-ში და მასზე მხოლოდ მოსარჩელე ზრუნავდა, უვლიდა საცხოვრებელ სახლს და ცდილობდა მის გაუმჯობესებას, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და ამუშავებდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. ამდენად, დედის გარდაცვალებისას დებმა დაკრძალვის ხარჯებიც მას გადაახდევინეს, სანაცვლოდ კი შეთანხმდნენ, რომ ისინი სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზიას არ განაცხადებდნენ.

3. მოსარჩელის მითითებით, ჟ. ბ.-ის დაკრძალვის შემდეგ მოპასუხეებს საკარმიდამო ნაკვეთი არ მოუნახულებიათ, არ დაინტერესებულან იქ არსებული მდგომარეობით და, შესაბამისად, ქონების მართვაში მონაწილეობაც არ მიუღიათ. 2012 წლის 2 ნოემბერს ნოტარიუსმა გ. ჩ.-მა ლ. ბ.-ის სახელზე გასცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მოპასუხე ლ. ბ.-ემ მიიღო ჟ. ბ.-ის სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილი. მოსარჩელის განმარტებით, ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობა გაცემულია კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადის დარღვევით.

4. მ. ი.-ის განმარტებით, 2008 წლიდან დღემდე იგი ფლობს და განკარგავს სადავო ქონებას, რაც გამოიხატება კომუნალური გადასახადების გადახდაში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დამუშავებაში, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაში და ა.შ. მოპასუხეს კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. დედის დაკრძალვის დღიდან ლ. ბ.-ეს ერთი ღამეც არ გაუთენებია სამკვიდრო სახლში, არ განუხორციელებია რაიმე ქმედება, რაც მისი მხრიდან სამკვიდროს ფაქტობრივ მიღებაზე მიუთითებდა.

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ლ. ბ.-ემ განმარტა, რომ კანონით დადგენილ ვადაში მიიღო სამკვიდრო და გაიღო ყველა საჭირო ხარჯი დედის დაკრძალვისათვის. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს.

6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ი.-ის შუამდგომლობა, მოპასუხე გ. ბ.-ის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გ. ბ.-ის საჩივარს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ეთქვა უარი.

7. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ი.-ის სარჩელი ლ. ბ.-ის მიმართ სრულად დაკმაყოფილდა.

8. რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები ლ. და გ. ბ.-ეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად, ლ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და მ. ი.-ის სარჩელი ლ. ბ.-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადგინა, რომ 2008 წლის 1 იანვარს გარდაიცვალა ჟ. ბ.-ე, რომლის საკუთრებაშიც გარდაცვალების დროისათვის ირიცხებოდა მ.-ის რაიონის სოფელ წ.-ში მდებარე სადავო უძრავი ქონება.

11. ჟ. ბ.-ეს დარჩა სამი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილები – მ. ი.-ი, ლ. ბ.-ე და გ. ბ.-ე.

12. 2012 წლის 20 ნოემბერს ნოტარიუსმა მ. ი.-ის სახელზე გასცა №... სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად მ. ი.-მა მიიღო მ.-ის რაიონის სოფელ წ.-ში მდებარე ჟ. ბ.-ის სამკვიდროს 1/3 ნაწილი. 2012 წლის 2 ნოემბერს ნოტარიუსის №... სამკვიდრო მოწმობით ლ. ბ.-ემ მიიღო მ.-ის რაიონის სოფელ წ.-ში მდებარე ჟ. ბ.-ის სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილი, ხოლო 2012 წლის 2 ნოემბერს №... სამკვიდრო მოწმობით გ. ბ.-ემ მიიღო ჟ. ბ.-ის სამკვიდრო ქონების მდებარე, მ.-ის რაიონი, სოფელი წ.-ი, 1/3 ნაწილი.

13. კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე საჯარო რეესტრში მ. ი.-ის, ლ. ბ.-ისა და გ. ბ.-ის თანასაკუთრებად აღირიცხა მ.-ის რაიონის სოფელ წ.-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ....

14. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ი.-ს, ლ. ბ.-ესა და გ. ბ.-ეს დედის – ჟ. ბ.-ის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სანოტარო ორგანოსათვის დედის დანაშთი სამკვიდროს მიღების მოთხოვნით არ მიუმართავთ.

15. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ლ. ბ.-ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის – ჟ. ბ.-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება.

16. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე მუხლების, 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1324-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჟ. ბ.-ე გარდაიცვალა 2008 წლის 1 იანვარს და მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო მ.-ის რაიონის სოფელ წ.-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უდავოდ მიიჩნია, რომ ლ. ბ.-ე, გ. ბ.-ე და მ. ი.-ი (ქორწინებამდელი გვარი ბ.-ე) წარმოადგენენ 2008 წლის 1 იანვარს გარდაცვლილი ჟ. ბ.-ის პირველი რიგის მემკვიდრეებს.

17. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლება. აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი.

18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

19. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამკვიდროს მიღების გზებს შორის (სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანა და სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება) განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სანოტარო ორგანოში მიმართვას ადასტურებს წერილობითი განცხადება. რაც შეეხება ფაქტობრივ ფლობას, იგი მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ნებისმიერი ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის ნება, სურვილი, დაეუფლოს სამკვიდრო ქონებას.

20. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მ.-ის რაიონული სამმართველოს 30/05/2008 წლის №... ცნობისა და მხარეთა განმარტებების საფუძველზე დაადგინა, რომ მამკვიდრებელ ჟ. ბ.-ის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს ჰქონდათ გამუდმებული კონფლიქტები სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით.

21. მ.-ის რაიონული სამმართველოს 2008 წლის 30 მაისის ცნობის თანახმად, მ. ი.-ს მიეცა გაფრთხილება, რომ ლ. ბ.-ისთვის არ მიეყენებინა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო საცხოვრებელ ბინაზე დავისათვის მიემართა სასამართლოსათვის. აღნიშნული ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მამკვიდრებელ ჟ. ბ.-ის გარდაცვალებიდან მე-5 თვეს მხარეებს შორის დაიწყო დავა სამკვიდრო ქონებაზე. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჟ. ბ.-ის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში მხარეებს შორის დაიწყო დავა მ.-ის რაიონში, სოფელ წ.-ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მხარეებმა დაადასტურეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებებში.

22. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა მხარეთა განმარტებებით დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლის 19 მარტს ლ. ბ.-ემ, როგორც კომლის უკანასკნელმა წევრმა, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მთლიანად დაირეგისტრირა სადავო საცხოვრებელი სახლი, რის შემდეგაც მხარეთა შორის დაიწყო სასამართლო დავები.

23. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ლ. ბ.-ემ გამოხატა სადავო უძრავი ქონების დაუფლების სურვილი, რაც ადასტურებს მისი მხრიდან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.

24. ამდენად, ლ. ბ.-ემ კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამატებითი მტკიცებულებების საქმისათვის დართვაზე უარის თქმის შესახებ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან აპელანტი ლ. ბ.-ე სააპელაციო საჩივარში არ უთითებს თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობები.

26. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ბ.-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში მ. ი.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგი საფუძვლებით:

27. კასატორმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტების მიხედვით, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება ამ ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან და სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით.

28. მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც მ. ი.-ს არ მისცა საკუთარი პოზიციის დასაბუთების საშუალება.

29. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი მ.-ის რაიონული სამმართველოს მიერ 30/5/2008 წლის №... გაცემული ცნობა, რომლის თანახმად მ. ი.-ს მიეცა გაფრთხილება ლ. ბ.-ისათვის არ მიეყენებინა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო საცხოვრებელ ბინასთან დაკავშირებით დავაზე მიემართა სასამართლოსთვის. აღნიშნულ ცნობაში არ არის მითითებული, რომელ საცხოვრებელ ბინაზეა საუბარი. საქმე ეხება სამკვიდროს, თუ სხვა ქონებას. ის, რომ ლ. ბ.-ემ 2008 წლის 19 მარტს, როგორც კომლის უკანასკნელმა წევრმა, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მთლიანად დაირეგისტრირა სადავო საცხოვრებელი სახლი, მიუთითებს ლ. ბ.-ის არაკეთილსინდისიერებაზე და არა სამკვიდროს მიღების ფაქტობრივ ფლობაზე, მან გამიზნულად უჩუმრად გადაწყვიტა, უკანონოდ ჩაეგდო ხელში სადავო ქონება, შემდგომში გაყიდვისა და სარგებლის მიღების მიზნით, რაც ბოლნისის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი.

30. ლ. ბ.-ეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია დედის – ჯ. ბ.-ის მოვლა-პატრონობასა და დაკრძალვაში.

31. კასატორის მოსაზრებით, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოწმეების მიერ მიცუმული ჩვენებებით დადასტურდა, რომ ლ. ბ.-ე ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას. თვით მოპასუხის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმაც კი დაადასტურეს, რომ ჟ. ბ.-ის გარდაცვალების შემდეგ სადავო სახლში ცხოვრობდა მ. ი.-ი და არა ლ. ბ.-ე.

32. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, კასატორმა არაობიექტურად და მიკერძოებულად მიიჩნია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მ.-ის რაიონული სასამართლოს მიერ 30/05/2008 წლის №... გაცემული ცნობა ადასტურებს ლ. ბ.-ის მიერ სადავო უძრავი ქონების დაუფლების სურვილის გამოხატვისა და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.

33. საქმეში წარმოდგენილი მ.-ის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით არ დასტურდება, კონკრეტულად ჟ. ბ.-ის სამკვიდროზეა დავა, თუ სხვა ქონებაზე. აღნიშნული ცნობით დასტურდება ის ფაქტი, რომ ლ. ბ.-ეს არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის განცხადებით და არც სასამართლოსთვის – სარჩელით.

34. კასატორმა მიიჩნია, რომ ლ. ბ.-ემ რაიმე მტკიცებულების წარდგენით ვერ დაადასტურა მის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა ან მართვა (მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი), რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს როგორც იურიდიულად დაუსაბუთებელი.

35. რაც შეეხება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტს, რომელშიც მითითებულია, რომ მ. ი.-ს დაეკისრა ლ. ბ.-ის სასარგებლოდ 200 ლარის გადახდა, კასატორმა ჩათვალა, რომ აღნიშნულიც კანონშეუსაბამოა, ვინაიდან მ. ი.-ი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ფენას და მისი ოჯახი არსებობს მხოლოდ სახელმწიფოსაგან მიღებული შემწეობით, რის გამოც ასევე უნდა გაუქმდეს აღნიშნული პუნქტი.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მ. ი.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

37. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ი.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

38. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 1 იანვარს გარდაიცვალა ჟ. ბ.-ე, რომლის საკუთრებაშიც გარდაცვალების დროისათვის ირიცხებოდა მ.-ის რაიონის სოფელ წ.-ში მდებარე სადავო უძრავი ქონება.

39. ჟ. ბ.-ეს დარჩა სამი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილები – მ. ი.-ი, ლ. ბ.-ე და გ. ბ.-ე.

40. 2012 წლის 20 ნოემბერს ნოტარიუსმა მ. ი.-ის სახელზე გასცა №... სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად მ. ი.-მა მიიღო მ.-ის რაიონის სოფელ წ.-ში მდებარე ჟ. ბ.-ის სამკვიდროს 1/3 ნაწილი. 2012 წლის 2 ნოემბერს ნოტარიუსის №... სამკვიდრო მოწმობით ლ. ბ.-ემ მიიღო მ.-ის რაიონის სოფელ წ.-ში მდებარე ჟ. ბ.-ის სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილი, ხოლო 2012 წლის 2 ნოემბერს №... სამკვიდრო მოწმობით გ. ბ.-ემ მიიღო ჟ. ბ.-ის სამკვიდრო ქონების მდებარე, მ.-ის რაიონი, სოფელ წ.-ი, 1/3 ნაწილი.

41. კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე საჯარო რეესტრში მ. ი.-ის, ლ. ბ.-ისა და გ. ბ.-ის თანასაკუთრებად აღირიცხა მ.-ის რაიონის სოფელ წ.-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ....

42. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ი.-ს, ლ. ბ.-ესა და გ. ბ.-ეს დედის – ჟ. ბ.-ის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სანოტარო ორგანოსათვის დედის დანაშთი სამკვიდროს მიღების მოთხოვნით არ მიუმართავთ.

43. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. ბ.-ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის – ჟ. ბ.-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება.

44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მათი შეფასებისას საპროცესო დარღვევები არ დაუშვია.

45. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მოპასუხის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დასადასტურებლად მართებულად მიუთითა მ.-ის რაიონული სამმართველოს 2008 წლის 30 მაისის ცნობაზე, რომლის თანახმად, მ. ი.-ს მიეცა გაფრთხილება, რომ ლ. ბ.-ისთვის არ მიეყენებინა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო საცხოვრებელ ბინაზე დავისათვის მიემართა სასამართლოსათვის. ამდენად, მამკვიდრებელ ჟ. ბ.-ის გარდაცვალებიდან მე-5 თვეს მხარეებს შორის დაიწყო დავა სამკვიდრო ქონებაზე.

46. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა მხარეთა განმარტებებით დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლის 19 მარტს ლ. ბ.-ემ, როგორც კომლის უკანასკნელმა წევრმა, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მთლიანად დაირეგისტრირა სადავო საცხოვრებელი სახლი, რის შემდეგაც მხარეთა შორის დაიწყო სასამართლო დავები.

47. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

48. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

49. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

50. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 16.06.2014 წ. საქმე №ას-405-382-2014).

51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ი.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე