საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-786-743-2015 24 სექტემბერი, 2015 წელი
ას-786-743-2015 აღსრულება ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. თ-ე (კრედიტორი), დ. ღ-ე (მოვალე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც სააღსრულებო ბიუროს უარი ეთქვა ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განჩინების განმარტებაზე
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნოტარიუსმა ე. შ-მა 2014 წლის 24 სექტემბერს გასცა #... სააღსრულებო ფურცელი (შემდეგში - ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი), რომლის თანახმად, დ. ღ-ეს (შემდეგში - მოვალე) ზ. თ-ის (შემდეგში - კრედიტორი) სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 7 000 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე - 3 087 აშშ დოლარის, სულ - 10 087 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი; სესხის გადახდის უზრუნველსაყოფად დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია; იპოთეკის საგანს წარმოადგენს შ. ღ-ის კუთვნილი ქონება მდებარე: ქ. ხ-ი, გ-ის ჩიხი #.., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ... (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ, 302-ე მუხლის 11 ნაწილის და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის, შემდეგში - ნოტარიატის კანონი, 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი).
2. მოვალემ 2014 წლის 6 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვა ნოტარიუსის 24.09.2014. სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, მოვალისათვის დაკისრებული სესხის ძირითადი თანხის - 7 000 აშშ დოლარის შემცირება - 1 750 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლოს - 3 087 აშშ დოლარის შემცირება 2 254 აშშ დოლარით. მოვალემ, სარჩელის აძღვრასთან ერთად, მისი უზრუნველყოფის სახით, შუამდგომლობით მოითხოვა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, (ს.ფ. 1-17).
3. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით მოვალის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და შეჩერდა ნოტარიუსის 24.09.2014 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება, იმავე დღეს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ.41-45).
4. კრედიტორმა იძულებითი აღსრულების მიზნით, 2015 წლის 24 სექტემბერს მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს (შემდეგში - სააღსრულებო ბიუროს), ხოლო ბიურომ იმავე წლის 29 სექტემბერს მოვალეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 29-33).
5. საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა კრედიტორმა და მოითხოვა, სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების შესახებ, სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.
6. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კრედიტორის, მე-4 პუნქტში მითითებული, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუსის 24.09.2014 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება - 6 083 აშშ დოლარის (ძირითადი თანხის - 5 250 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 833 აშშ დოლარის) აღსრულების ნაწილში; ამავე განჩინებით, კრედიტორის საჩივარი 4 004 აშშ დოლარის ნაწილში აღსრულების შეჩერების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 1971-ე მუხლის საფუძველზე განსახილველად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ს.ფ.71-75).
7. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელად იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუსის 24.09.2014 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება 4 004 აშშ დოლარის ნაწილში (ს.ფ. 87-93).
8. 2015 წლის 20 მარტს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ლ. შ-ემ შუამდგომლობით მიმართა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განჩინების განმარტება (ს.ფ. 116-126).
9. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სააღსრულებო წარმოებათა კანონის) 27-ე მუხლისა და სსსკ-ის 262-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, აღმასრულებელმა მოითხოვა, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.
10. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა შემდეგ განმარტებას: განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი გულისხმობს თუ არა: 1) ნოტარიუსის 24.09.2014 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების გაგრძელებას 6 083 აშშ დოლარის ნაწილში და, დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად, მესაკუთრე შ. ღ-ის კუთვნილი იპოთეკის საგნის რეალიზაციას; 2) იმ შემთხვევაში, თუ 6 083 აშშ დოლარის ნაწილში დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად, სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელდება მესაკუთრე შ. ღ-ის კუთვნილი იპოთეკის საგნის რეალიზაცია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, და სასამართლო მოვალეს დააკისრებს 4 004 აშშ დოლარის გადახდასაც, რა სახით უნდა მოხდეს ამ თანხის ამოღება, თუ იპოთეკის საგანი უკვე რეალიზებული იქნება.
11. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 152-157).
12. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ - ის 262- ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი არ იყო ბუნდოვანი და არ შეიცავდა ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს, ვინაიდან სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო კრედიტორის საჩივარი საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 ოქტომბრის განჩინებაზე იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის მოქმედება 4 004 აშშ დოლარის ნაწილში.
13. სააპელაციო სასამართლომ თავის 30.04.2015 განჩინებაში მიუთითა, რომ გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების შინაარსი ბუნდოვანია და შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია ნათლად, სავსებით გასაგებია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს, იგი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს საჩივართან დაკავშირებით და შეესატყვისება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახულ სასამართლო მსჯელობას. შესაბამისად, მისი განმარტების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 262 ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გადაწყვეტილების განმარტების საფუძველია სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, ხოლო განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. ამ ნორმის მიზნებისათვის, აღსრულების ხელშეწყობა გულისხმობს არა მხოლოდ აღსრულების პროცედურების განხორციელების დაწყებას, არამედ აღსრულების დასრულებასაც. გადაწყვეტილების განმარტება კანონით დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, არაა გასაგებად ჩამოყალიბებული, ან შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, რაც ართულებს ან შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების მიზანია ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას ისე, რომ გადაწყვეტილების განმარტებამ არ უნდა გამოიწვიოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ბუნდოვანია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება შეექმნება.
15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, მისი განმარტების საკითხის გადაწყვეტა ამ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს კომპეტენციაა.
16. სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მოცემული კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, აღსრულების პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნეს ინტერესთა ბალანსი. ისე, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ისეთ ღონისძიებას, რომ არ შეილახოს კრედიტორის ინტერესი და, ასევე, მოვალისათვის ნაკლებად ზიანის მომტანი ღონისძიება შეარჩიოს. ერთი მხრივ, კრედიტორის ინტერესი მოითხოვს, რომ აღსრულებას დაქვემდებარებული თანხის ნაწილში დაიწყოს აღსრულება, რა დროსაც, ასევე, დაცული უნდა იქნეს როგორც მოვალის, ასევე კრედიტორის ინტერესი და უძრავი ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხიდან შესაძლებელია სადავო თანხა განთავსდეს აღმასრულებლის სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც უზრუნველყოფს მოვალის მიერ აღძრულ სარჩელზე, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვალისა ან კრედიტორისათვის თანხის დაბრუნებას. სააპელაციო სასამართლოს აზრით, გასათვალისწინებელია, რომ თუკი მოვალე აღსრულებას დაქვემდებარებულ ნაწილში ვალდებულებას შეასრულებს ნებაყოფლობით, არ იარსებებს ქონების რეალიზაციის აუცილებლობა და, მხოლოდ მოვალის მიერ აღძრულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შესაძლებელია გადაწყდეს ქონების რეალიზაციის საკითხი.
17. სააღსრულებო ბიურომ 2015 წლის 27 მაისს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2015 განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება.
18. სააღსრულებო ბიუროს კერძო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარება:
18.1. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების საფუძველია სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, ხოლო აღსრულების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. აღსრულების ხელშეწყობა გულისხმობს არა მარტო აღსრულების პროცედურების განხორციელების დაწყებას, არამედ მის დასრულებასაც. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის ნაწილის მიმართ აღსრულება შეჩერებულია. შესაბამისად, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ, კრედიტორის მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც შეჩერდა კვლავ უზრუნველყოფილ მოთხოვნად დარჩება და ერთი და იგივე უზრუნველყოფის საგანი დაექვემდებარება კიდევ ერთხელ რეალიზაციას კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. კერძო საჩივრის მიხედვით, აღსრულების ამგვარი გზით გაგრძელება არ იქნება სსკ-ის 301-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისი.
18.2. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ერთიანი მოთხოვნის დაყოფით და ერთი იპოთეკის საგნის არაერთხელ რეალიზაციით მოვალეს მიადგება ზიანი, ვინაიდან იპოთეკის საგნის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ერთჯერადად, ერთი მოთხოვნის ფარგლებში. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მოცემულ ვითარებაში აღსრულების გაგრძელება მოთხოვნის დარჩენილ ნაწილზე და იპოთეკის საგნის რეალიზაცია შეუძლებელია.
18.3. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს სააღსრულებო წარმოებათა კანონის 821-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ დაიფარება საფასური და ამავე კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ხარჯი, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას ედება ყადაღა სხვა კრედიტორთა სასარგებლოდ.
18.4. სააღსრულებო ბიუროს მოსაზრებით, იპოთეკის საგნის აუქციონის წესით რეალიზაციის შემთხვევაში, წარმოიშობა ციტირებული ნორმით განსაზღვრული თანხის განაწილების, ხოლო დარჩენილ თანხაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მხოლოდ სხვა კრედიტორთა სასარგებლოდ ყადაღის დადების ვალდებულება, რაც აღსრულების ნაწილობრივი შეჩერების პირობებში შეუძლებელია მოცემული ნორმის დარღვევის გარეშე.
18.5. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს ერთადერთ მიზანს მხოლოდ მხარეთა ინტერესების დაცვა არ წარმოადგენს. მას აკისრია უფრო ღირებული მიზანი, ერთიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბება და სამართლის განვითარება. სააღსრულებო ბიუროს მოსაზრებით, მოცემული დავა სწორედ ისეთ საკითხებს ეხება, რომელიც არ არის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დარეგულირებული მოქმედი კანონმდებლობით და სასამართლო პრაქტიკით, ამდენად, მნიშვნელოვანია საკითხის მოწესრიგება.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 03 აგვისტოს განჩინებით სააღსრულებო ბიუროს კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სააღსრულებო წარმოებათა კანონის მე-2 მუხლის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი, ხოლო ნოტარიატის კანონის 38 - ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულება ხორციელდება სააღსრულებო წარმოებათა კანონის შესაბამისად.
21. სააღსრულებო წარმოებათა კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ კრედიტორი და მოვალე, როგორც სააღსრულებო წარმოების მხარეები და აღმასრულებელი. ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის.
22. სააღსრულებო წარმოებათა კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა ან აღმასრულებლის შუამდგომლობის საფუძველზე. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა განმარტების შედეგად არ მოხდეს გადაწყვეტილების ძირითადი შინაარსის შეცვლა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების განმარტება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდეს, რომელიც კანონმდებელმა დასახა სსსკ-ის 262-ე მუხლით.
24. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი - სააღსრულებო ბიურო, როგორც სააღსრულებო წარმოების მონაწილე პირი, ითხოვს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის განმარტებას, აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, რათა რეალურად მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება.
25. სააღსრულებო ბიურომ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება (ს.ფ. 116-118, ასევე, წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი) და კონკრეტულად ჩამოაყალიბა თავისი შეკითხვა განჩინების განსამარტავ ნაწილთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი), რაც არ დაკმაყოფილდა იმავე სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით.
26. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის განმარტებასაც ითხოვს სააღსრულებო ბიურო, შემდეგი შინაარსისაა: „1. ზ. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 07 ოქტომბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2014 წლის 24 სექტემბერს გაცემული # ... სააღსრულებო ფურცლის მოქმედება 4 004 აშშ დოლარის ნაწილში“.
27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირისათვის - სააღსრულებო ბიუროსათვის (აღმასრულებლისათვის) 26-ე პუნქტში მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, არ შეიცავს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის იმ ღონისძიებებზე მითითებას, რომელიც ხელს შეუწყობს აღსრულების პროცესს, ასევე, სამართლებრივ საფუძველს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს აღმასრულებელმა აღსრულების პროცესში.
28. სსსკ-ის 249-ე მუხლი, სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსისათვის, სტრუქტურულად ადგენს მის აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში აღსაწერი ფაქტებისა და გარემოებების ფარგლებსა და კომპონენტებს. სამოტივაციო ნაწილი გადაწყვეტილების (განჩინების) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, სადაც ხდება მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით და თითოეული გარემოების სამართლებრივი არგუმენტაციის შემოწმება, მოსამართლის მსჯელობისა და ლოგიკური დასკვნების ჩამოყალიბება განხილულ დავასთან დაკავშირებით და სამართლებრივი შეფასება. სამოტივაციო ნაწილიდან კი გამომდინარეობს სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც სამართლებრივი დავის საბოლოო გადაწყვეტაა და მთლიანად, უცვლელად, კორექტირების გარეშე გადაიტანება სააღსრულებო ფურცელში. გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილში სკურპულოზური სიზუსტით უნდა გადავიდეს მხარეთა ვინაობა, სხვა რეკვიზიტები, აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები და ჩამოყალიბდეს იმგვარი ფორმულირებით, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს რეალურად აღსრულებადი.
29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის შესახებ (იხ. ამ განჩინების 18.1-18.5 ქვეპუნქტები).
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2015 წლის 16 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით (იხ. ამ განჩინების 26-ე პუნქტი) პრაქტიკულად ერთიანი უზრუნველყოფილი მოთხოვნის ნაწილის აღსრულება უნდა დაიწყოს და მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, შედეგად მოვალისათვის გადახდევინებული თანხით (მისი ქონების რეალიზაციით) კანონმდებლობით დადგენილი რიგითობით დაიფარება ჯერ ხარჯები და აღსრულების საფასური, შემდეგ იმ კრედიტორთა მოთხოვნა, რომლის სასარგებლოდაც მოხდა იძულებითი აღსრულება. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ერთი კრედიტორი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია ერთი ქონებით და კრედიტორის მოთხოვნის ნაწილის გადახდის ვალდებულება მოვალემაც დაადასტურა. თუმცა, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ის ნაწილი (კრედიტორის მოთხოვნა 4 004 აშშ დოლარზე), რომელზეც მხარეთა დავა არ დასრულებულა, კვლავ უზრუნველყოფილ მოთხოვნად რჩება და შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ კრედიტორის მოთხოვნის ნაწილში, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონიერ ძალაშია შესული, ერთჯერადად განხორციელებული იპოთეკის საგნის რეალიზაციით, აღსრულების გაგრძელება მოთხოვნის დარჩენილ ნაწილზე, რომელზეც სასამართლო დავა არ დასრულებულა, შეუძლებელი აღმოჩნდეს.
31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააღსრულებო წარმოებათა კანონის VII თავზე, რომელიც ადგენს აღსრულების გადადებას, შეჩერებას, შეწყვეტას და აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნებას; ამავე თავის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სასამართლოს მიერ აღსრულების შეჩერების საფუძვლებსა და ვადებს, თუმცა, ამ ნორმით განისაზღვრება აღსრულების პროცესის მთლიანად შეჩერება და არა ნაწილობრივი შეჩერება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინების განმარტებაზე, სწორედ იმ პრობლემურ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განჩინების სარეზოლუციო შინაარსი, მისი განმარტების გარეშე, პრაქტიკაში გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით ქმნის პრობლემას.
32. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საერთო სასამართლოებმა სააღსრულებო წარმოებათა კანონის შესაბამისად, შესაძლებელია მიიღონ სააღსრულებო ფურცლის შეჩერების ან შეჩერებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება.
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეჩერებას არ ითვალისწინებს კანონი, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო ვალდებულია თანაბრად დაიცვას კრედიტორისა და მოვალის ინტერესები, არ შექმნას პრეცედენტი, როგორც მოცემულ შემთხვევაშია, რომ მოხდეს კრედიტორის ერთიანი მოთხოვნის დანაწევრება სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეჩერების გზით; აღნიშნული აღსრულების პროცესს უქმნის საფრთხეს, როდესაც ჯერ უზრუნველყოფილი მოთხოვნის ნაწილი უნდა აღსრულდეს, ხოლო ასევე უზრუნველყოფილი მოთხოვნის მეორე ნაწილი - კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ კრედიტორის მოთხოვნა ამ ნაწილშიც დასაბუთებული აღმოჩნდება, შეუძლებელი იქნება იპოთეკის საგნის ხელმეორედ რეალიზაცია (სსკ-ის 3065 - ე მუხლის მე-5 ნაწილი და სააღსრულებო წარმოებათა კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი).
34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 30 მაისის განჩინებაში კრედიტორისა და მოვალის ინტერესების დასაბალანსებლად მიუთითა, რომ „ერთის მხრივ, კრედიტორის ინტერესი მოითხოვს, რომ აღსრულებას დაქვემდებარებული თანხის ნაწილში დაიწყოს აღსრულება, რა დროსაც ასევე დაცული უნდა იქნეს როგორც მოვალის, ისე კრედიტორის ინტერესი და უძრავი ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხიდან შესაძლებელია სადავო თანხა განთავსდეს აღმასრულებლის სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც უზრუნველყოფს მოვალის მიერ აღძრულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვალისა ან კრედიტორისათვის თანხის დაბრუნებას“, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის ეს მსჯელობა არ შეესაბამება სააღსრულებო წარმოებათა კანონს, რომელიც სპეციალური კანონია აღმასრულებლისათვის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში.
35. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ მისი განხილვის ფარგლები ვერ გასცდება კერძო საჩივრის განსახილველად დადგენილ პროცესუალურ ჩარჩოს, ამასთან, გასათვალისწინებელია ის რეალობა, რომ გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად არის დატოვებული სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განჩინება, რომლითაც, თავის მხრივ, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 ოქტომბრის განჩინება; გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული კრედიტორის უზრუნველყოფილი ერთიანი მოთხოვნის 6 083 აშშ დოლარის ნაწილში და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
36. წინამდებარე განჩინების 30-35 პუნქტებში მითითებული მსჯელობა განხილული უნდა იქნეს სააღსრულებო წარმოებათა კანონის 821-ე მუხლის კონტექსტში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ კრედიტორისა და მოვალის ინტერესების ბალანსის შესანარჩუნებლად, სააპელაციო სასამართლომ უნდა განმარტოს, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ, თუკი ამონაგები თანხიდან დარჩება გარკვეული ნაწილი და დაუბრუნდება მოვალეს, როგორ იქნება დაცული კრედიტორის ინტერესი, რომლის მოთხოვნის ნაწილი (4 004 აშშ დოლარის ნაწილში შეჩერებული ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი) ფორმალურ-იურიდიულად კვლავ უზრუნველყოფილ მოთხოვნად დარჩება, თუმცა, რეალურად არ იარსებებს იპოთეკის საგანი, რადგან იგი რეალიზებული იქნება. ასეთ შემთხვევაში კრედიტორის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება იურიდიულ ფიქციად რჩება და დამოკიდებული ხდება მხოლოდ მოვალის კეთილ ნებასა და მატერიალურ შესაძლებლობაზე.
37. განჩინების 36-ე პუნქტში განვითარებული მსჯელობის სამართლებრივი და ლოგიკური გაგრძელებაა სააღსრულებო წარმოებათა კანონის 821-ე მუხლით დადგენილი მეორე შესაძლებლობა, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგებ თანხას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ. იმის გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეჩერება კანონით დაუშვებელია, კანონმდებელმა გაითვალისწინა, რომ ერთი კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის შემდეგ, დარჩენილ თანხას სხვა კრედიტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სასარგებლოდ დაედება ყადაღა ან სხვა კრედიტორის არარსებობისას, დარჩენილი თანხა დაუბრუნდება მოვალეს. განსახილველ შემთხვევაში, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეჩერების სახით, ერთიანი უზრუნველყოფილი მოთხოვნის დანაწევრების გამო, კვლავ საფრთხის ქვეშ დგება როგორც კრედიტორის, ისე მოვალის ინტერესი. ნაწილობრივ შეჩერებული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, კრედიტორი იგივე პირია, რომლის სასარგებლოდაც უკვე მოხდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების გზით, და არა სხვა კრედიტორი, რომლის სასარგებლოდაც შესაძლებელი იქნებოდა რეალიზაციიდან ამონაგები დარჩენილი თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაყადაღება აღმასრულებლის მიერ. ასეთ ვითარებაში, მოვალის ინტერესიც საფრთხის ქვეშ დგას, რადგან მისი ვალდებულება კრედიტორის წინაშე უზრუნველყოფილი იყო იპოთეკის საგნით, რომლის რეალიზაცია უნდა მოხდეს მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ვალდებულების ნაწილის აღსრულება უნდა დაიწყოს, თუკი მოვალის ქონების რეალიზაციიდან დარჩენილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მას არ დაუბრუნდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ მოვალეს კვლავ დაეკისროს კრედიტორის სასარგებლოდ თანხის გადახდა (კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის შეჩერებული ნაწილში). გასაჩივრებული განჩინებით მოვალეს ჰყავს ერთი კრედიტორი და არა სხვა, თუმცა, ქონების რეალიზაციიდან თანხის დარჩენის შემთხვევაშიც კი, ამ ქონებას ამავე კრედიტორის სასარგებლოდ ყადაღა ვერ დაედება.
38. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 301-ე მუხლის 11 ნაწილის დანაწესზეც, რომლის მიხედვით კრედიტორისათვის წინასწარ არის ცნობილი ის რისკი, რომ შესაძლებელია იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ აღმოჩნდეს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. კანონის ეს დანაწესიც განკუთვნილია ერთიანი უზრუნველყოფილი მოთხოვნის, და არა მისი ნაწილის, აღსრულებისათვის.
39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობა და სარეზოლუციო ნაწილში ასახული გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილი შესაბამისობაში არ არის ერთმანეთთან, სააღსრულებო ბიუროსათვის სასამართლოს განჩინებით არ არის ცხადი, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ, სააღსრულებო წარმოებათა კანონით გათვალისწინებული ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის ნაწილის, რომელიც კანონიერ ძალაშია, დაფარვის შემდეგ, რეალიზაციიდან ამონაგები დარჩენილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სააღსრულებო ბიურომ უნდა დაუბრუნოს მოვალეს თუ განათავსოს სადეპოზიტო ანგარიშზე, ამასთან, რა სამართლებრივი საფუძველი უნდა გამოიყენოს სააღსრულებო ბიურომ თანხის დაყადაღებისას იმავე კრედიტორის სასარგებლოდ.
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შექმნილი სამართლებრივი ჩიხიდან გამოსავალი შესაძლებელია იყოს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააღსრულებო წარმოებათა კანონის 821-ე მუხლის უფრო ფართოდ განმარტება. სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში შესაძლებელია მსჯელობა განავითაროს, ხოლო შემდეგ სარეზოლუციო ნაწილით დაადგინოს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ნაწილში, დაიწყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, კანონით გათვალისწინებული ხარჯებისა და საფასურის დაფარვის შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აუქციონის შედეგად ამონაგები დარჩენილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაიკავებს იგივე კრედიტორის უზრუნველყოფილი მოთხოვნის მეორე ნაწილის აღსასრულებლად სხვა კრედიტორისათვის განკუთვნილ ადგილს, სააღსრულებო ბიურო ყადაღას დაადებს მას და განათავსებს საკუთარ სადეპოზიტო ანგარიშზე. დაყადაღებული თანხა სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსდება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იმ ნაწილში, რომელზეც შეჩერებულია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის მოქმედება.
41. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 28 ივლისის განჩინებაში საქმეზე # ას-375-356-2015 აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას, მაგალითად, საქმეში - შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.)“.
42. სსს-კ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ხოლო 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
44. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდეს საქმე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განჩინების (საქმეზე #330210114612482, # 2ბ/6685-14) განმარტების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე