საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ას-790-747-2015 22 სექტემბერი, 2015 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ-ა ჟ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ-ა ი-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება
დავის საგანი – ფანჯრის ღიობების ამოქოლვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. თბილისში, ნ-ის დ–ი, ხ-ძის № 4--ში მდებარე შენობა - ნაგებობა № 1 და № 2 (საცხოვრებელი სახლის ლიტ. ,,ბ -დან“ ) 30 კვ.მ-ის გარდა სხვა დარჩენილი ფართის, ასევე შენობა -ნაგებობების: №3,№4,№5,№6 და №7-ის მესაკუთრეა ლ-ა ჟ-ი (ჟა---ა) (შემდგომში - მოსარჩელე).
2. საჯარო რეესტრის ამონაწერით ქ. თბილისში, ნ-ის დ–ი, ხ-ძის № 4--ში მდებარე შენობა -ნაგებობების: №1 საერთო ფართით 110.05 კვ.მ და №2, №3-ის მესაკუთრეა ვ-ა ი-ი (შემდგომში - მოპასუხე) სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
3. მოსარჩელემ 2012 წლის 13 ივნისს სარჩელი აღძრა მოპასუხისა და გ-ი ლ-–ის მიმართ მისაკუთრებული მიწის ნაკვეთის კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნებისა და უკანონოდ ახლადგამოჭრილი ფანჯრების ამოშენების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 აგვისტოს განჩინებით ვინდიკაციური მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა მორიგებით, ხოლო ახლადგამოჭრილი ფანჯრების ამოშენების თაობაზე მოსარჩელემ სარჩელის მოთხოვნა უკან გაიხმო [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი და 831 -ე მუხლი].
4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.08.2013 წლის დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ხ-ძის ქ.4--ში (საკ.კოდი №01.17.0-.0--.0--) მიწის ნაკვეთზე მდებარე №1/1 შენობა-ნაგებობაზე მოწყობილი ორი ფანჯრის ღიობით და №3/1 შენობა -ნაგებობის არსებული ერთი ფანჯრის ღიობით ირღვევა ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და რეგულირების წესები ქ.თბილისში, ხ-ძის ქ.4--ში (საკ.კოდი №01.17.0-.0--.0--) მდებარე მიწის ნაკვეთის მიმართ; მიჯნის ზონაში განთავსებული ღიობები უნდა ამოშენდეს ცეცხლგამძლე სამშენებლო მასალით ან მიღებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, რაზეც მოსარჩელე უარს აცხადებს.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის, კერძოდ, უკანონოდ ამოჭრილი 3 ფანჯრის ღიობის ცეცხლგამძლე სამშენებლო მასალით ამოშენების მოთხოვნით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა აპელაციის წესით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაევალა ქ. თბილისში, ნ-ის დ-ი, ხ-ძის №4--ში მდებარე №1/1 შენობა-ნაგებობაზე (სარდაფი სართული) მოწყობილი ორი ფანჯრის ღიობის ამოქოლვა ცეცლხლგამძლე მასალით, ხოლო №3/1 შენობა-ნაგებობაზე (I სართული) მოწყობილი ფანჯრის ღიობის ამოქოლვის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქმის მასალების, მათ შორის საქმეში წარმოდგენილი ნახაზის (შენობის გეგმა, ტ.1. ს. ფ. 92) შესწავლისა და საქმის ზეპირი განხილვისას მხარეთა ახსნა–განმარტებების გაანალიზების შედეგად, მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ქ. თბილისში, ხ-ძის ქ. 4--ში (საკ. კოდი №01.17.0-.0--.0--) მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ № 3/1 შენობა-ნაგებობაზე მოწყობილი ფანჯრის ღიობით მოსარჩელისათვის ხელშეშლა და, შესაბამისად, ამით მისი უფლებების შელახვა; სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე ფანჯრის ღიობის ამოშენების საფუძვლად ვერ უთითებს რაიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე და მისი არგუმენტი ემყარება მხოლოდ იმ ვარაუდს, რომ მითითებული ფანჯრის ღიობის მეშვეობით, მისი სახლის სახურავზე უკანონოდ შეღწევის საფრთხე არსებობს, რაც მისივე განმარტებით, ჯერ არ მომხდარა. სასამართლომ გადაწყვეტილება დაასაბუთა სსკ-ის 172-ე მუხლის მესამე ნაწილით, 174-ე და 175-ე მუხლებით].
9. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმ ნაწილში გაასაჩივრა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა პირველ სართულზე არსებული ღიობის ამოქოლვის თაობაზე. მან მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის უკან დაბრუნება. საჩივარი დამყარებულია იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ, მოსარჩელის თანხმობის გარეშე, გამოჭრილი ღიობით ირღვევა ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და რეგულირების წესები.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
16. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსახილველად დაუშვას საკასაციო საჩივარი.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-ა ჟ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ–ა ჟ-ის (პ/ნ ----------) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახდო დავალება #36, გადახდის თარიღი 30.07.15 სს საქართველოს ბანკი), 300 ლარის, 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი