ბს-895-481(კ-05) 2 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ბ. კობერიძე
დავის საგანი: კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, ფართის გამოთავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 11 აგვისტოს შპს “პ.-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და შპს “კ.-ის” მიმართ კონკურსის შედგების გაუქმებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების Y თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2001წ. 28 მარტს შპს “პ.-სა” და შპს “კ.-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება საოფისე ფართის იჯარით სარგებლობის თაობაზე და ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 100 ლარით. ვინაიდან ქ. ქუთაისში, ... მდებარე იჯარით აღებული ოფისი შეუსაბამო იყო სამედიცინო საქმიანობისთვის, შპს “პ.-მ” ჩაატარა 3723 ლარის სარემონტო სამუშაოები. შპს “კ.-სთან” გაფორმებული ხელშეკრულების 4.2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო იმზე ქონების მეპატრონეს აღნიშნული ფართი როდის დასჭირდებოდა. 2003წ. 4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქონების მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლეს _ საქართველოს ეკონონიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს განსაზღვრული ჰქონდა ზემოაღნიშნული ფართის კონკურსის წესით იჯარის უფლებით გაცემა, მაშინ, როცა, მოსარჩელის მითითებით, მისთვის ობიექტის გამოთავისუფლების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების და კონკურსის თაობაზე არ უცნობებიათ. ამასთან, სადავო ფართის შპს “კ.-ის” საწესდებო კაპიტალიდან ამოღება არ მომხდარა და იგი კვლავ მის ბალანსზე იმყოფებოდა.
მოსარჩელის განმარტებით, კონკურსის ჩატარებისას ასევე დაირღვა სკ-ის 534-ე და 589-ე მუხლების მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა: 1. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აკრძალვოდა ქ. ქუთაისში, ..., არასაცხოვრებელ 80,93 კვ.მ-ზე საიჯარო ხელშეკრულებისა და მიღება _ ჩაბარების აქტის გაფორმება და რაიმე ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებული იყო კონკურსის შედეგებთან, ამასთან, შეჩერებულიყო 2003წ. 1 აგვისტოს კონკურსის შედეგების აქტის მოქმედება ქ. ქუთაისში, ... მდებარე არასაცხოვრებელ 80,93 კვ.მ-ზე; 2. უკანონოდ ცნობილიყო ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2003წ. 1 აგვისტოს კონკურსის შედეგები ზემოაღნიშნული არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემის შესახებ; 3. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დავალებოდა ობიექტის იჯარის უფლებით გაცემის, შეფასების, გამოქვეყნებისა და კონკურსის შედეგების შესახებ დოკუმენტების წარდგენა; 4. შპს “კ.-ისთვის” აღნიშნული ფართის მის ბალანსზე აღრიცხვის, ქირის გადახდისა და შპს “პ.-სთან” გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ დოკუმენტის წარდგენის დავალდებულება.
მოგვიანებით შპს “პ.-მ” დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 2003წ. 1 აგვისტოს ჩატარებული კონკურსის შედეგების, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოსა და თ. თ.-ეს შორის 2003წ. 8 აგვისტოს გაფორმებული ¹140 საიჯარო ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის, 2003წ. 13 აგვისტოს ¹53 ხელშეკრულების და საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ასევე სარჩელით მიმართა თ. თ.-ემაც, რომელმაც მოითხოვა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოსათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალდებულება, მისთვის ფართის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება, იჯარის ქირის ათვლის დაწყება შენობის დაკავების მომენტიდან და შპს “პ.-ს” სადავო ფართიდან გამოსახლება იმ მოტივით, რომ 2003წ. 1 აგვისტოს მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში, სადაც ქ. ქუთაისში, ..., პირველ სართულზე მდებარე 76,57 კვ.მ ფართზე მოიპოვა იჯარის უფლება. აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მას წარმოეშვა მითითებული ფართის დაკავების უფლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 8 იანვრის განჩინებით თ. თ.-ის შუამდგომლობის საფუძველზე ერთ წარმოებად გაერთიანდა შპს “პ.-სა” და თ. თ.-ის სარჩელები. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “პ.-ს” სარჩელი ფართის იჯარაზე კონკურსის შედეგების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით; თ. თ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სასამართლომ დაადგინა, რომ თ. თ.-ეს იჯარით აღებულ ფართზე ქირა უნდა გადაეხადა ფართის გადაცემის მომენტიდან; შპს “პ.-ა” გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართიდან, ხოლო თ. თ.-ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიებების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ამავე სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის განჩინებით თ. თ.-ის მოთხოვნა, მის მიერ კონკურისის წესით აღებული ფართიდან შპს “პ.-ს” გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “პ.-მ”, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება და თ. თ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე თ. თ.-მ, რომლის საფუძველზეც აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე და გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსრულება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “პ.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღნისძიებების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში; გაუქმდა ასევე 2004წ. 4 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს მიერ 2003წ. 5 აგვისტოს დამტკიცებული საკონკურსო კომისიის ¹32-7 ოქმის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და თ. თ.-ეს შორის 2003წ. 8 აგვისტოს ¹140 საიჯარო ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ” ქუთაისის მერიასა და თ. თ.-ს შორის 2003წ. 13 აგვისტოს ¹53 ხელშეკრულების, ნოტარიუს თ. მაჩატიძის 2003წ. 12 აგვისტოს ¹1-89590 და 2003წ. 14 აგვისტოს ¹1-9003 სანოტარო აქტებისა და ქუთაისის საჯარო რეესტრში ¹... რეგისტრირებული ჩანაწერების მოქმედების შეჩერების შესახებ. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ასევე უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს “პ.-ს” მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქონების მართვის სამმართველოს არ ჰქონდა უფლება კონკურსის წესით _ იჯარით გაეცა ფართი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცული იყო “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის, პირველი მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-10 მუხლის მოთხოვნები, ასევე დაცულ იყო შესაბამისი დებულების მე-4 მუხლის მე-9 პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ თ. თ.-ის მოთხოვნა შპს “პ.-ს” გამოსახლების ნაწილში ჩათვალა კანონშესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “პ.-მ”.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ საწესდებო კაპიტალში მომხდარი ცვლილება სამეწარმეო რეესტრში არ ასახულა, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.6. მუხლის შესაბამისად, ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი რეგისტრაციის შედეგად. უსაფუძვლოა სასამართლოს მტკიცება თითქოს შპს “კ.-ი” არ იყო სადავო ფართის მესაკუთრე. იგი საწესდებო კაპიტალიდან დამფუძნებლების მიერ ამოღებულ იქნა მხოლოდ 2003წ. ნოემბერში, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2003წ. 1 სექტემბერს, ე.ი. მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება გაფორმდა თ. თ.-სთან. სასამართლომ არ გაითვალისწინა ისიც, რომ ქონების მართვის სამმართველოსთვის კარგად იყო ცნობილი, რომ შპს “კ.-ს” მასზე გადაცემული ფართები გაქირავებული ჰქონდა და თავდაპირველად საჭირო იყო ფართების გამოთავისუფლება და შემდეგ საკონკურსოდ მისი გატანა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ამდენად, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათი მოსაზრება სადავო ფართის შპს “კ.-ის” ბალანსზე არსებობის შესახებ.
კასატორის განმარტებით, სადავო ფართის კონკურსის წესით იჯარით გაცემის თაობაზე განცხადება ადგილობრივ პრესაში არ გამოქვეყნებულა, რითაც დაირღვა პრივატიზაციის შესახებ კანონის მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 18 თებერვლის განჩინებით შპს “პ.-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 მაისის გადაწყვეტილებით შპს “პ.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 4 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა თაობაზე, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 ინავრის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის Yთქმის შესახებ.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ 2001წ. 28 მარტს შპს “კ.-სა” და შპს “პ.-ს” შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება საოფისე ფართით სარგებლობის თაობაზე, რომელიც დადებისთანავე უნდა ჩათვლილიყო უცილოდ ბათილ (არარა) გარიგებად, რადგანაც იგი დადებული იყო აუცილებელი ფორმის დაუცველად. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულება არ იყო დამოწმებული სანოტარო წესით და გატარებული საჯარო რეესტრში, ქონების განკარგვა არ ყოფილა შეთანხმებული შპს “კ.-ის” მიერ მის დამფუძნებლებთან _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსთან.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარებისას სადავო ფართი, რომელიც ფაქტობრივად უკანონოდ ჰქონდა დაკავებული შპს “პ.-ს”, არ იყო უფლებრივად დატვირთული.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ სადავო 76,57 მ2, მდებარე ქ. ქუთაისში, ... შეტანილი იყო შპს “კ.-ის” საწესდებო კაპიტალში. თუმცა მიუთითა, რომ ეს გარემოებაც ვერ დააბრკოლებდა დამფუძნებელს, ქონება გაეტანა კონკურსზე.
სასამართლო პალატამ ასევე არ გაიზიარა შპს “პ.-ს” პოზიცია, რომ დარღვეულ იქნა სადავო ქონების კონკურსზე გატანის საჯაროობის პრინციპი, რადგან ქონების მართვის სამმართველო ვალდებული არ გახლდათ მისთვის ეცნობებინა კონკურსის გამოცხადების შესახებ, მით უმეტეს, რომ ერთი თვით ადრე გამოქვეყნდა ინფორმაცია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, რადგან სრულიად კანონიერად ჩატარებული კონკურსის შედეგად ქუთაისის ტექბიუროს 2004წ. 29 იანვრის ცნობით, ... მდებარე 76,57 კვ.მ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია თ. თ.-ის სახელზე, არ არსებობს 2003წ. 1 აგვისტოს კონკურსის შედეგების შესაბამისად სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოსა და თ. თ.-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “პ.-მ” და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 6 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივარში კასატორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის მე-10 მუხლის იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, მოახდინა უზენაესი სასამართლოს 2005წ. 18 თებერვლის განჩინების რევიზია და აშკარა მიკერძოებით წარმოადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, გარდა ამისა, დასკვნები და მოსაზრებები დადგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაურიდებელი დამახინჯებით. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს პოზიცია სადავო ფართთან დაკავშირებით არის კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი, რადგან არასწორად არის გამოყენებული და განმარტებული სკ-ის 581-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს პოზიციას და აყალიბებს სრულიად დაუსაბუთებელ ახსნა-განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2001წ. 28 მარტს შპს “პ.-სა” და შპს “კ.-ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს არა ქირავნობის, არამედ იჯარის ხელშეკრულებას.
კასატორის განცხადებით, სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად განმარტა სკ-ის 59-ე და 61-ე მუხლები და მხოლოდ ამის საფუძველზე მიიჩნია, რომ 2001წ. 28 მარტს გარიგების დადებისას არ იყო დაცული ამ გარიგებისათვის დადგენილი “აუცილებელი ფორმა”, რაც იწვევს აღნიშნული გარიგების საცილოდ გამოცხადებას და მის ბათილობას დადებისთანავე.
კასატორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით განსჯადი და დადგენილია შპს “პ.-ს” სადავო ფართიდან გამოსახლების საკითხი ისე, რომ ასეთი სარჩელი არავის მიერ ყოფილა დაყენებული და შესაბამისად, არც სააპელაციო სასამართლო იყო უფლებამოსილი, განეხილა აღნიშნული. თუმცა პალატამ არ გაითვალისწინა მხარის პრეტენზია და საპროცესო ნორმების დარღვევით აშკარა მიკერძოება და არაობიექტურობა გამოავლინა მოცემული ფაქტის მიმართ.
ყოველივე აქედან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი სარჩელი, ხოლო თ. თ.-ის სარჩელს უარი ეთქმებოდა უსაფუძვლობის მოტივით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “პ.-ს” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2001წ. 28 მარტს შპს “კ.-სა” და შპს “პ.-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს “კ.-ი” შპს “პ.-ს” ოფისისათვის ქირით გადასცემდა საოფისე 70 კვ.მ.
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ხანგრძლივობა გაგრძელდებოდა მანამდე, სანამ ქონების მეპატრონეს არ დასჭირდებოდა აღნიშნული ფართი.
2003წ. 1 აგვისტოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ ზემოაღნიშნულ ფართზე ჩატარდა კონკურსი, რომლის შედეგადაც ქუთაისში, ... მდებარე მითითებულ არასაცხოვრებელ ფართზე იჯარის უფლება მოიპიოვა მოქალაქე თ. თ.-მ.
2003წ. 12 აგვისტოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და თ. თ.-ს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რის შემდეგაც სადავო ფართი აღირიცხა ამ უკანასკნელის სახელზე.
შპს “პ.-ის” დავის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ იჯარით დატვირთული ქონების ხელმეორედ სხვა პირის სასარგებლოდ იმავე უფლებით დატვირთვა იყო დაუშვებელი. მითითებული საფუძვლის ანალიზისა და საქმეში წარმოდგენილი მასალების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილია შპს “კ.-ის” წესდება, რომლის 1.1 პუნქტის შესაბამისად, შპს შექმნილია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ, რომელიც წარმოადგენს შპს-ს დამფუძნებელს.
ამავე წესდების 7.3 პუნქტის თანახმად, უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა დირექტორს შეუძლია მხოლოდ პარტნიორთან შეთანხმებით.
მითითებული თანხმობის არარსებობის ფაქტი დადგენილი და დადასტურებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ. ამასთან, აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რის გამოც საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას ეჭვქვეშ დააყენოს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი მითითებული გარემოება და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს “პ.-სა” და შპს “კ.-ს” შორის 2001წ. 28 მარტს ხელშეკრულების დადებაზე ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს თანხმობა არ განუცხადებია.
სკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუU იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარიგების სახით საქმე გაქვს ე.წ. მერყევად ბათილ გარიგებასთან, რომელიც ნამდვილ გარიგებად იქცეოდა იმ შემთხვევაში, თუ დამფუძნებელი გასცემდა თანხმობას, ხოლო, ვინაიდან თანხმობა დამფუძნებელს არ გაუცია, გარიგება ითვლება ბათილად და ის ვერ წარმოშობს დასახულ სამართლებრივ შედეგს.
აღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად სწორად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას შპს “კ.-სა” და შპს “პ.-ს” შორის დადებული გარიგების ბათილობის თაობაზე და თვლის, რომ მითითებული ხელშეკრულება ვერ იქცეოდა ქონების გასხვისების (იჯარის გაცემის) დამაბრკოლებელ გარემოებად.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სადავო 76,57 მ2-ზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ..., კონკურსის გამოცხადებისას ფართი ირიცხებოდა შპს “კ.-ის” საწესდებო კაპიტალში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ვერ იქცევა კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან აღნიშნული გარემოების არსებობა-არარსებობა არ განაპირობებს კასატორის, როგორც მხარის, უფლებების შელახვას. სსკ-ის მე-2 მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, მხარე უფლებამოსილია, სასამართლოს მიმართოს საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს “კ.-ი”, როგორც ქონების მესაკუთრე, სადავოდ არ ხდის ქონების გასხვისების ფაქტს, ხოლო კასატორს არ გააჩნია მესკუთრის ტოლფასი ინტერესი, იგი არ არის უფლებამოსილი, ზემოაღნიშნული საფუძვლით იდავოს ქონების გასხვისების კანონიერების თაობაზე.
ხოლო, რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ შპს “პ.-ს” დაკავებული ფართიდან გამოსახლებით, სასამართლო გასცდა მხარეთან მოთხოვნის ფარგლებს, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება და სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებას, რომლითაც მესამე პირი თ. თ.-ე დამოუკიდებელი სარჩელის საფუძველზე ითხოვს შპს “პ.-ს” ფართიდან გამოსახლებას. ამდენად, სასამართლოს არ დაურღვევია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნები და არ არსებობს მითითებული პრეტენზიის გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “პ.-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.