Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-799-755-2015 03 სექტემბერი, 2015 წელი,

ას-799-755-2015 კ-ა ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. კ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 08 მაისს დ. კ-ას (შემდეგში მოპასუხეს/აპელანტს), თ. ლ-ს და ს. გ-ეს (შემდეგში მოსარჩელეს/მოწინააღმდეგე მხარეს) შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, დ. №… (ნაკვ. 11/19), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №… (სკ 81-ე მუხლი.); მოპასუხეებს დ. კ-ასა და თ. ლ-ს მოსარჩელე ს. გ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 10 000 აშშ დოლარის გადახდა.

3. აპელანტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 860.00 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა 7 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამავე განჩინებით განემარტა ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.

5. 2015 წლის 21 აპრილს აპელანტის წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აპელანტი იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არის მარტოხელა და უმუშევარი, საპენსიო ასაკს მიუღწეველი და შეზღუდული აქვს ზედა კიდურების მოძრაობა, გადატანილი აქვს მძიმე დაავადებები, რომლებიც ახლაც პროგრესირებადია.

6. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ამავე განჩინებით ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 7 დღით.

7. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინება აპელანტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 2015 წლის 11 ივნისს, შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 12 ივნისს და დასრულდა 2015 წლის 18 ივნისს, დროის ამ მონაკვეთში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე არ მიიღო წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დატოვა განუხილველად.

9. აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად.

10. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლოა. აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნით და მიუთითა, რომ იმყოფება უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არ ჰყავს მეუღლე და შვილი, ცხოვრობს ძმის საკუთრებაში არსებულ ფართში, ეხმარება ძმისშვილი, უმუშევარი და საპენსიო ასაკს მიუღწეველია, ავადმყოფია, შეზღუდული აქვს ზედა კიდურების მოძრაობა, გადატანილი აქვს მძიმე დაავადებები, რაც პროგრესირებს.

11. მოპასუხემ კერძო საჩივარს დაურთო 2015 წლის 25 მაისს გაცემული ცნობა, რომლითაც დაუდგინდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 03 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ 1-7 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და არც გადაუხდელობის საპატიო მიზეზებზე აცნობა სასამართლოს.

18. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მან იცოდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებების თაობაზე. კერძო საჩივარში აპელანტი აცხადებს, რომ მან ვერ შეძლო ბაჟის გადახდა.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

20. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

21. ზემოთმითითებული ნორმის შინაარსი ცალსახად ცხადყოფს, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან ოდენობის შემცირება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

22. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ან ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება იმის დასტურად, რომ გადახდისუუნაროა. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100 ) არ აძლევს სასამართლოს სამართლებრივ საფუძველს დაადგინოს შეღავათი სახელმწიფო ბაჟის გადახდაში.

23. საჩივრის ავტორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი ცნობა (სერია N …, შემოწმების თარიღი 25.05.2015წ.) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "მ" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია, მაგრამ აპელანტს იგი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია. აღნიშნულის გამო, ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლო მასზე ამ საფუძვლით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ვერ იმსჯელებდა.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში მომჩივანს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

25. საკასაციო სასამართლოში ახალ გარემოებებზე მითითება და ახალი ფაქტების წარდგენა დაუშვებელია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს განიხილოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება, რომელზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და შეაფასოს იგი საჩივრის განხილვისას.

26. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. კ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე