Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-800-756-2015 22 სექტემბერი, 2015 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ-ი კ-ის კ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 30 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდგომში - კასატორს, ან მოსარჩელეს) და შპს „ქ-ი კ-ის კ-ას“ (შემდგომში - მოწინააღმდეგე მხარეს, ან მოპასუხეს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #911 (შემდგომში - ხელშეკრულება), რომლის შესაბამისადაც მოპასუხეს კვებითი მომსახურება უნდა გაეწია.

2. ხელშეკრულების 15.1. პუნქტით მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად ან უხარისხოდ შესრულებისათვის განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო (ჯარიმის სახით) 10 000 (ათი ათასი) ლარი. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 417- 418-ე მუხლები).

3. მოსარჩელის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველომ 2014 წლის 29 იანვარს შეადგინა აქტი №2-, რომლის თანახმადაც სოფ. კაპანდიბში დისლოცირებული ს.ნ --_ის სასადილოს საწყობში დაფიქსირდა 4 ყუთი (16 კგ-იანი) ვაშლის ჯემი პოლიეთილენის პარკებით, რომელიც მოთავსებული იყო „რ-ის“ მუყაოს ყუთებში და ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა მუყაოს ყუთში არსებულ პროდუქციაზე დატანილ ინფორმაციას.

4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის თაობაზე 2014 წლის 24 ივლისს შედგა აქტი №-, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის, 10 000 ლარის, გადახდა. მოპასუხემ დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადა.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 10 000 ლარის გადახდის მოთხოვნით.

6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს 1000 (ათასი) ლარის გადახდა. სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 420-ე და 115-ე მუხლებზე.

7. მოსარჩელემ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა აპელაციის წესით.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

9. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივნისის განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ დაუსაბუთებელია პირგასამტეხლოს შემცირება და სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისას საქმის გარემოებები სრულყოფილად არ გამოკვლეულა რაც შეიძლება გამხდარიყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდგომში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებაში არსებითად სწორია.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

16. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი