საქმე №ას-800-765-2014 21 სექტემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვაჟა ფშაველა ...-ის“ თავმჯდომარე ე. მ-ე, ი. გ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ვ. გ-ემ მოითხოვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-ა ...-ის“ კრების ოქმების ბათილად ცნობა (2010 წლის 20 ივლისის №... კრების ოქმი, რომლის საფუძველზე გაუქმდა მოსარჩელის საკუთრების უფლება 21,19 კვ.მ ნახევარსარდაფზე; 2010 წლის 10 ნოემბრის №... და №... კრების ოქმები, რომლების საფუძველზეც ი. გ-ეს საკუთრებაში გადაეცა 21,19 კვ.მ ნახევარსარდაფი და 5,54 კვ.მ სარდაფი), ასევე 21,19 კვ.მ ნახევარსარდაფისა და 5,54 კვ.მ სარდაფის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-ა ...-მა“ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ კრებები ჩატარდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო კრებების შესახებ და ესწრებოდა.
2.2 ი. გ-ემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, როგორც კრების კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩატარებაზე, ისე იმ გარემოებაზე, რომ ნახევარსარდაფს და სარდაფს ფლობდა და თავად გაარემონტა აღნიშნული ფართები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
4.1. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მაისის განჩინებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4.2. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.06.2012წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი მოპასუხე ი. გ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 10 ივნისის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ვ. გ-ემ ი. გ-ეს გადასცა ქ.თბილისში, ვ-ას გამზირის მე-2 კვარტალში, ...-ე კორპუსში მდებარე N... ბინა;
4.2.2. საქალაქო სასამართლოს 18.06.2012წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება 09.08.2012წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კვლავ აღირიცხა ვ. გ-ის საკუთრებად;
4.2.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ვ. გ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო 51,10 კვ.მ ფართის ნახევარსარდაფი და საკუთრების წარმოშობის საფუძვლად მითითებული იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-ა ...-ის“ 02.04.2009წ. კრების ოქმი;
4.2.4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-ა ...-ის“ 02.07.2010წ. №... კრებაზე განხილულ იქნა ნახევარსარდაფის გადაფარვის საკითხი, რის შემდგომაც შეთანხმდნენ, რომ ვ. გ-ეს არ ექნებოდა პრეტენზია 10 კვ.მ ნახევარსარდაფზე და თანახმა იყო ნახევარსარდაფი გადასცემოდა ჟანა ძიგუას, ბინათმესაკუთრეებს არ ჰქონდათ რაიმე პრეტენზია ვ. გ-ის მიმართ 35 კვ.მ ნახევარსარდაფზე;
4.2.5. 20.07.2010წ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ №... კრებაზე განიხილა ვ.გ-ისათვის შეცდომით გადაცემული სხვისი ფართის ამხანაგობისათვის დაბრუნების საკითხი და ამხანაგობის წევრთა მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება 02.04.2009წ. კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე;
4.2.6. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-ა ...-ის“ №... კრების ოქმის საფუძველზე სარდაფის რეგისტრაცია გაუქმდა;
4.2.7. მხარეთა განმარტებით, 02.04.2009წ. კრების ოქმის საფუძველზე ვ.გ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ნახევარსარდაფის ფართი რეალურად აღემატებოდა იმ ფართს, რომლის მიმართაც ამხანაგობის წევრებს პრეტენზია არ ჰქონდათ და აზომვითი ნახაზი რეალურად მოიცავდა ასევე ამხანაგობის სხვა წევრთათვის გადასაცემ ფართებს. აღნიშნულის გამო, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-ა ...-ის“ 20.07.2010წ. №... კრების ოქმით, ამხანაგობის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება 51,10 კვ.მ სარდაფზე ვ. გ-ის საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ. მხარეთა შეთანხმებას ასევე ადასტურებდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 24 თებერვლის ოქმში გადმოცემული ვ. გ-ის განმარტება და მოთხოვნა, საკუთრების უფლების გაუქმების გამო, პროექტის კორექტირების შესახებ.
4.2.8. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-ა ...-ის“ 2011 წლის 10 ნოემბრის №... კრების ოქმით ამხანაგობის წევრ ი. გ-ეს საკუთრებაში გადაეცა 21,19 კვ.მ სარდაფი, ხოლო ამავე თარიღის №56 კრების ოქმის საფუძველზე _ 5,54 კვ.მ ნახევარსარდაფი;
4.2.9. ი. გ-ე ფლობდა სარდაფსა და ნახევარსარდაფს, მათში ჩატარებული ჰქონდა სარემონტო სამუშაოები;
4.2.10. საქალაქო სასამართლოში მოწმედ დაკითხული ჟანა ძიგუას ჩვენებით, იგი ესწრებოდა 2010 წლის 20 ივლისის №... კრებას და 2011 წლის 10 ნოემბრის №55 და №56 კრებებს, კრებები ჩატარდა ეზოში, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე ვ. გ-ე და მისი ძმა, მოსარჩელის წარმომადგენელი _ კ. გ-ე. მოპასუხე ი. გ-ე მონაწილეობას იღებდა მშენებლობებში, რომელსაც ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით გადაეცა საკუთრებაში სარდაფი და ნახევარსარდაფი. მოწმე ა. წერეთლის ჩვენებით, იგი ასევე ესწრებოდა სადავო კრებებს, რომელშიც ვ. გ-ე და მისი ძმა _ კ. გ-ე მონაწილეობდნენ, 2010 წლის 20 ივლისს, როდესაც სარდაფზე საკუთრების უფლება გაუქმდა, აზომილ იქნა სარდაფები და სარდაფის გასაღები თავად ვ. გ-ემ და კ. გ-ემ ჩაიტანეს, მათი თანდასწრებით განხორციელდა ყოველივე.
4.2.11. პალატამ იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით, 27-ე მუხლით, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით და აღნიშნა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-ა ...-ის“ 20.07.2010წ. კრებას, ვ. გ-ე ესწრებოდა, მან თავად ჩაიტანა სარდაფის გასაღები და აზომეს სარდაფი, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა გადაფარვას, აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა თავად მოსარჩელის წარმომადგენელმაც. იმ გარემოებას, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების და საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე, ასევე ადასტურებდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 24 თებერვლის ოქმში გადმოცემული ვ. გ-ის განმარტება და მოთხოვნა, საკუთრების უფლების გაუქმების გამო, პროექტის კორექტირების შესახებ.
4.2.12. რაც შეეხებოდა სადავოდ გამხდარ 10.11.2011წ. კრებას, ვ. გ-ე ამ დროისათვის არ წარმოადგენდა ამხანაგობის წევრს, რადგანაც სადავო ბინის მესაკუთრედ მოსარჩელე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა 09.08.2012წ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.06.2012წ. ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, რის გამოც ამხანაგობა არ იყო ვალდებული, ეცნობებინა ვ. გ-ისათვის 2011 წლის 10 ნოემბრის კრების მოწვევის შესახებ. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეები მიუთითებენ, ვ. გ-ე და მისი ძმა (წარმომადგენელი) კ. გ-ე ესწრებოდნენ ამხანაგობის ყველა კრებას.
4.2.13. გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ 2011 წლის 10 ნოემბერს, მოპასუხე ი. გ-ე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, მეორე კვარტალი, კორპუსი ... მდებარე ბინა №...-ის, მის მფლობელობაში იყო სარდაფი და ნახევარსარდაფი და ამხანაგობა უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება სარდაფისა და ნახევარსარდაფის ი. გ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
სასამართლოს განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს გარიგებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები გარიგებათა შესახებ. რადგანაც სადავო კრებები მოწვეული იყო, ჩატარდა და გადაწყვეტილებები მიღებული იქნა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობდა ამ კრების ოქმების ბათილად ცნობის სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 54-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
5. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:
5.1.1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, ი. გ-ისათვის კანონის დარღვევით მიკუთვნებული ნახევარსარდაფი და სარდაფი უნდა დაუბრუნდეს კასატორს ვინაიდან ბინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიეკუთვნა მას და არის ამხანაგობის წევრი.
5.1.2. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 20.07.2010 წლის N..., 10.11.2011 წლის N... და 10.11.2011 წლის N... კრებების ჩატარების თაობაზე კასატორს მოწვევის შესახებ წერილობითი შეტყობინება არ მიუღია, არ დასწრებია კრებებს და არ იცოდა არსებული კრების ოქმების შესახებ. ამასთან, ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამხანაგობის წევრებს: ჟანა ძიგუასა და ა. წ-ს უფლება არ ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში, რადგან დაინტერესებული პირები იყვნენ. გარდა აღნიშნულისა, ე. მ-ის მიერ შედგენილი, მის მიერვე ხელმოწერილი N..., N..., N... კრების ოქმები და კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, არ ითვალისწინებს რეალურ ფაქტებს, დასაბუთებას, მტკიცებულებებს და სხვა. 2010 წლის 20 ივლისის კრების ოქმში არ არის მოცემული, ვისი და რა ოდენობის ფართია ვ. გ-ისათვის გადაცემული ამხანაგობისათვის დასაბრუნებლად. არ არის მოცემული 2009 წლის 2 აპრილის კრების ოქმის საფუძველზე, ვ.გ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრიტრებული ნახევარსარდაფის ფართის რა ნაწილი წარმოადგენს იმ ფართს, რომლის მიმართ ამხანაგობის წევრებს პრეტენზია არ ჰქონდათ და აზომვითი ნახაზი რეალურად მოიცავდა ასევე ამხანაგობის სხვა წევრთათვის გადასაცემ ფართს. 2009 წლის 2 აპრილს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით კრების ოქმების ბათილად ცნობის შესახებ და ბმა „ვ-ა ...-ის“ N... კრების ოქმის საფუძველზე სარდაფის რეგისტრაციის გაუქმება ფაქტების გათვალისწინების გარეშე განხორციელდა, იგი არ არის დასაბუთებული, რის გამოც დარღვეულია კანონის მოთხოვნები.
5.1.3. ი. გ-ე „ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის არ ფლობდა აზომვით ნახაზებზე მითითებულ სათავსის ფართებს. ნახაზების დამკვეთი ვ. გ-ეა და არა ი. გ-ე, საგულისხმოა ისიც, რომ ე. მ-ის შესაგებლის თანახმად, ი. მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში და არის უკრაინის მოქალაქე.
5.1.4. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის კასატორის მიერ ნახევარსარდაფის ფლობის ფაქტს ადასტურებს ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 2 თებერვლის N... ბრძანება, რომლის საფუძველზეც მას და არა ი. გ-ეს დაერთო ნება, დაესრულებინა მშენებლობა. ქ.თბილსის მერიის 2010 წლის 27 ივლისის N... განკარგულებით ასევე დასტურდება, რომ ნახევარსარდაფს ფლობდა ვ.გ-ე.
სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 24 თებერვლის Nო-... ოქმით ე. მ-ე ადასტურებს, რომ ვ. გ-ის ფართი რეალურად შეადგენდა დაახლოებით 21 კვ.მ-ს (ნახევარსარდაფი) და 5 კვ.მ-ს (სარდაფი), რაც იმას ნიშნავს, რომ 5,54 კვ.მ სარდაფს ბინის მიღებისთანავე ფლობდა იგი და არა ი. გ-ე. იგივე დასტურდება ამხანაგობის სახლის სარდაფების გეგმის ნახაზების მიხედვით.
5.1.5.კასატორის განმარტებით, მას ნახევარსარდაფი და სარდაფი ი. გ-ისათვის არ უჩუქებია, აჩუქა მხოლოდ ბინა, რომელიც სასამართლომ დაუბრუნა. 2011 წლის 10 ნოემბრის N... და N... კრების ოქმების თანახმად, ი. გ-ეს ნახევარსარდაფი და სარდაფი იმიტომ მიეკუთვნა, რომ ის გახდა ჩუქების ხელშეკრულების შემდეგ ბინის მფლობელი. დღეისათვის ბინის მესაკუთრე და ამხანაგობის წევრი კვლავ ვ.გ-ეა, რის გამოც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, უნდა დაუბრუნდეს მისივე კუთვნილი ნახევარსარდაფი და სარდაფი.
5.1.6. სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოწმეების: ჟ. ძ-ას და ა. წ-ის ჩვენება და არასწორად დაადგინა, რომ ვ. გ-ე და მისი ძმა _ კ. გ-ე 2010 წლის 20 ივლისის N... კრების ოქმს და 2011 წლის 10 ნოემბრის N... და N... კრებებს ესწრებოდნენ, მითითებული მოწმეები საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩვრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:
1.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
1.1.1. განსახილველი დავის საგანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ვ-ას ...“ (შემდეგში _ ამხანაგობა) კრების გადაწყვეტილებების (2010 წლის 20 ივლისის #... ოქმი; 2011 წლის 10 ნოემბრის #... და #... ოქმები) ბათილად ცნობა და მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა 5.54 კვ.მ სარდაფსა და 21.19 კვ.მ ნახევარსარდაფზე. მოსარჩელის განმარტებით, ამხანაგობის სადავო კრების ოქმებით ისე გაუქმდა მოსარჩელის საკუთრების უფლება და ისე გადაეცა მოპასუხე ი. გ-ეს საკუთრებაში სარდაფი და ნახევარსარდაფი, რომ მოსარჩელე არ მიუწვევიათ კრებაზე, უფრო მეტიც, კრება საერთოდ არ ჩატარებულა. მოსარჩელე სარჩელის ფაქტობრივ დასაბუთებაში ასევე აღნიშნავს, რომ ი.გ-ის მფლობელობაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დროისათვის არ ყოფილა სადავო ფართები, არამედ ეს უკანასკნელი ვ.გ-ის მფლობელობაშია 1973 წლიდან. 2011 წლის 10 ივნისის ჩუქების ხელშეკრულებით, რომელიც კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, მოსარჩელემ ი.გ-ეს გადასცა საკუთრების უფლება მხოლოდ ბინაზე, მდებარე ქ.თბილისი, ვ-ას გამზირი, მე-2 კვარტალი, კორპუსი ..., ბ.... (საცხოვრებელი ფართი 60.40 კვ.მ).
1.1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ.გ-ის სარჩელი მოპასუხე ი.გ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 10 ივნისის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ვ.გ-ემ ი.გ-ეს გადასცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ვ-ას გამზირი, მე-2 კვარტალი, კორპუსი ..., ბ. ....
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კვლავ აღირიცხა ვ.გ-ის საკუთრებად.
ვ.გ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო 51,10 კვ.მ. ფართის ნახევარსარდაფი (საკადასტრო კოდით:..., საფუძველი _ ამხანაგობის 2009 წლის 2 აპრილის კრების ოქმი).
ამხანაგობის 2010 წლის 20 ივლისის კრებაზე, ამხანაგობის წევრთა მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნახევარსარდაფზე ვ.გ-ის საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ. მითითებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ვ.გ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ნახევარსარდაფის ფართი რეალურად აღემატებოდა იმ ფართს, რომლის მიმართაც ამხანაგობის წევრებს პრეტენზია არ ჰქონდათ და აზომვითი ნახაზი რეალურად მოიცავდა ასევე ამხანაგობის სხვა წევრთათვის გადასაცემ ფართებს.
ამხანაგობის 2011 წლის 10 ნოემბრის #... კრების ოქმით ი.გ-ეს საკუთრებაში გადაეცა 21,19 კვ.მ. ნახევარსარდაფი, ხოლო ამავე თარიღის #... კრების ოქმით_ 5,54 კვ.მ. სარდაფი.
სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ ამხანაგობის კრებას სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა ვ. გ-ეც.
1.2. სამართლებრივი დასაბუთება:
1.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.2.2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ამხანაგობის კრებებზე ვ.გ-ის დასწრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება ამხანაგობის 2010 წლის 20 ივლისის #... კრების ოქმის კანონიერებასთან დაკავშირებით, ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, რომლის თანახმადაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, თითქოს საქმის მასალებით არ დგინდება ვ.გ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ნახევარსარდაფის ფართი რა რაოდენობით აღემატებოდა სხვა წევრთათვის გადასაცემ ფართს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2010 წლის 2 ივლისის ამხანაგობის კრების #... ოქმზე (ტ.I, ს.ფ.22) და ამავე თარიღით შესრულებულ შეთანხმებაზე (ტ.I, ს.ფ.125), რომელსაც ამხანაგობის თავმჯდომარესთან და ამხანაგობის წევრ ჟ.ძ-სთან ერთად ხელს აწერს ვ.გ-ე და რომელთა შინაარსიდანაც ირკვევა, რომ ვ.გ-ის საკუთრებაში არსებული სარდაფით მოხდა სხვა მესაკუთრეების ფართების გადაფარვა, შესაბამისად, ვ.გ-ეს არ აქვს პრეტენზია მის საკუთრებაში დარჩეს 35 კვ.მ ფართი, ხოლო ჟ.ძ-ას საკუთრებაში _ 10 კვ.მ ფართი, ამასთან, ამხანაგობა გამოხატავს მზაობას ვ.გ-ეს მისცეს თანხმობა კორექტირებული ნახევარსარდაფის ლეგალიზებაზე.
1.2.3. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 10 ნოემბრის კრების ოქმების კანონიერების შემოწმებისას ასევე მართებულად იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ ბინის გასხვისების ან სხვა მიზეზით საკუთრების უფლების შეწყვეტის მომენტიდან შესაბამისი პირის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წყდება. ამ პირის სამართალმემკვიდრე ან ქონების შემძენი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ხდება ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან. ამდენად, ვინაიდან 2011 წლის 10 ნოემბრისათვის ვ.გ-ეს გასხვისებული ჰქონდა ბინა, ამხანაგობა არ იყო ვალდებული შეეტყობინებინა ვ.გ-ისათვის კრების მოწვევის შესახებ.
1.2.4. მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის მხედველობაშია მისაღები მოსარჩელის განმარტების ის ნაწილი, სადაც ეს უკანასკნელი როგორც სარჩელში, ასევე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიზნებისათვის, ი.გ-ე არ ფლობდა სადავო ფართებს. მითითებული კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანს, კერძოდ, პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი.
1.2.5. მოსარჩელის პოზიციაზე, რომ იგი 1973 წლიდან ფლობდა სადავო ფართებს, მოპასუხეებს შედავება არ წარმოუდგენიათ, უფრო მეტიც ამგვარი ფაქტი არც კი გამხდარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასების საგანი. სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 10 ნოემბრის კრების ოქმებზე მსჯელობისას მართალია დაადგინა, რომ ი.გ-ე ფლობდა სარდაფს და ნახევარსარდაფს, ასევე მათში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, თუმცა, სასამართლოს დასკვნა არ იძლევა ამომწურავ პასუხს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის დებულებებთან მიმართებაში, კერძოდ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაშია 2007 წლის 1 აგვისტოდან, ხოლო, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, ი.გ-ემ საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე მოიპოვა 2011 წლის 10 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დადგენასა და შეფასებას საჭიროებდა ის ფაქტი, ამხანაგობის მიერ ი.გ-ისათვის სადავო ფართების გადაცემა რა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე განხორციელდა, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუკეთებია. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა ასევე ის საკითხი, ვ.გ-ის, როგორც საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის ი.გ-ის მიერ ჩანაცვლებით, ხომ არ წარმოეშვა ახალ მესაკუთრეს ის უფლებები (სარდაფზე მფლობელობის დადგენის მოთხოვნის უფლება), რაც წინამორბედ ვ.გ-ეს ჰქონდა. თუკი სააპელაციო სასამართლო ამ მსჯელობას გაყვებოდა, მასვე უნდა შეეფასებინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის გამო, რა უფლებებში მოხდა ვ.გ-ის აღდგენა, მხოლოდ საცხოვრებელი ბინის, თუ ბინასთან ერთად სარდაფისა და ნახევარსარდაფის საკუთრების უფლებაში. ამდენად, კასატორმა ამ თვალსაზრისით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.2.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე