საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ას-808-759-2015 8 სექტემბერი, 2015 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ--ზ რ--ე (განმცხადებელი)
გარიგებითი წარმომადგენელი - დ--ი გ--ა
მოწინააღმდეგე მხარე – ზ--ლ მ--ე, ე--რ ა--ე (მოწინააღმდეგე მხარეები)
გასაჩივრებულია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზ--ლ მ--მ და ე--რ ახობაძემ [შემდგომში: „მოწინააღმდეგე მხარემ, მოსარჩელემ ან კრედიტორებმა“] სარჩელი აღძრეს ნ--ზ რ--ის [შემდგომში: „განმცხადებლის, მოპასუხის“] წინააღმდეგ. მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენდა სესხიდან გამომდინარე ვალის, 71 000 აშშ დოლარის, მოპასუხისათვის დაკისრება [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი].
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხეს კრედიტორთა სასარგებლოდ დაეკისრა 56 000 აშშ დოლარისა და 6102,72 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და 2015 წლის 8 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
5. 2015 წლის 24 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა. მან მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა (შემდეგში: „იბა“) „ჩ--ი“ და მისი თავმჯდომარე ნ--რ დ--ი არ იყვნენ მოწვეული მხარედ [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი].
6. მოგვიანებით, 2015 წლის 7 ივლისს, მან კვლავ მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
7. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება შემდეგია:
7.1. განმცხადებლის მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ იბა და მისი თავმჯდომარე საქმეში მხარედ მოწვეულნი არ იყვნენ, არ აკმაყოფილებდა განცხადების დასაშვებობის კანონით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს, კერძოდ:
ა) ზემოაღნიშნულ პირებს განმცხადებლისათვის არ მიუნიჭებიათ უფლებამოსილება ამ უკანასკნელს მათი სახელით ემოქმედა და მოეთხოვა საქმის წარმოების განახლება.
ბ) განმცხადებელი არ წარმოადგენს სსსკ-ის 422-ე მუხლის გაგებით „დაინტერესებულ“ პირს და შესაბამისად, მას არ შეუძლია იბა-სა და მისი თავმჯდომარის ნაცვლად დააყენოს გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნა. გარდა ამისა, დასახელებული ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის გაგებით „დაინტერესებული“ პირი პროცესში ჩაბმული სუბიექტი უნდა იყოს და არა პირი რომელიც არ ყოფილა დასახელებული მხარედ.
გ) განმცხადებლის მიერ დასახელებული პირების საქმეში ჩაბმა სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლიდა, ვინაიდან დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირს მოსარჩელე თავად ირჩევს [სსსკ-ის 3.1].
სააპელაციო სასამართლომ განჩინების დასასაბუთებლად გამოიყენა სსსკ-ის 425-ე, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 187-ე მუხლის მეორე ნაწილი, 421-ე მუხლის პირველი ნაწილი და 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
8. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხის წარმომადგენელმა.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით:
8.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ განმცხადებელი არ წარმოადგენს სსსკ-ის 422-ე მუხლის გაგებით „დაინტერესებულ“ პირს და, შესაბამისად, მას არ შეუძლია იბა-სა და მისი თავმჯდომარის ნაცვლად დააყენოს გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნა, სამართლებრივად დაუსაბუთებელია: „როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის განჩინებიდან ირკვევა, განმცხადებელს არ უნდა დაჰკისრებოდა საკმაოდ სოლიდური თანხა, რადგან ამ სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე იყო იბა და მისი თავმჯდომარე, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს დაკისრებული თანხები.“ მხოლოდ მათი ჩათვლა დაინტერესებულ პირებად არასწორია, რადგან მათ ინტერესებში საერთოდ არ შედის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ უბრალო მიზეზით, რომ მათ მიერ გადასახდელი თანხა განმცხადებელს დაეკისრა.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 422-ე მუხლი უფრო ფართოდ უნდა განიმარტოს და „დაინტერესებულ პირად“ უნდა განიხილებოდეს ნებისმიერი პირი, ვისი უფლებაც შეიძლება შეილახოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
8.2. ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ განმცხადებლის მიერ დასახელებული პირების საქმეში ჩაბმა სამართლებრივ სურათს არ შეცვლიდა. სინამდვილეში სადავო თანხა გადასახდელად არა განმცხადებელს, არამედ სწორედ მათ დაეკისრებოდათ და შესაბამისად, განმცხადებლის ქონების მიმართ არ დაიწყებოდა იძულებითი აღსრულების პროცესი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია იმ საფუძვლით, რომ მესამე პირები: იბა და მისი თავმჯდომარე, საქმეში მხარედ მოწვეულნი არ იყვნენ [სსსკ-ის 422.-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტი] და ამ გარემოებამ განაპირობა განმცხადებლის წინააღმდეგ მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დასახელებული ნორმის ამგვარ ინტერპრეტაციას და განმარტავს, რომ ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როცა პირის, რომელიც პროცესში უკვე მონაწილეობს მოსარჩელის ან მოპასუხის სტატუსით, წინააღმდეგ გამოტანილია გადაწყვეტილება ისე, რომ იგი, ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილი წესით [სსსკ-ის 70-78-ე მუხლები] არ ყოფილან მოწვეული პროცესზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ ამგვარად განმარტა სსსკ-ის 422-ე მუხლი: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა შეეხება შემთხვევას, როდესაც პირი, ვის ინტერესებსაც სადავო გადაწყვეტილება შეეხება, საერთოდ არ არის ჩაბმული საქმის განხილვაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარედ ან მესამე პირად ჩაბმული პირი კანონით დადგენილი წესით არ არის სხდომაზე დაბარებული, მოქმედებს ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე“ [იხილეთ საქმე №ას-1127-1074-2014 25 დეკემბერი, 2014 წელი].
12. გარდა ამისა, კერძო საჩივრის მტკიცება იმის შესახებ, რომ იბა-სა და მისი თავმჯდომარის სასესხო სამართალურთიერთობაში მონაწილეობის შესახებ განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის განჩინების გაცნობის შემდეგ, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას, 2012 წლის 5 დეკემბრის მოთხოვნის გამომრიცხავ შესაგებელში განმცხადებელი თავს იცავდა და მკაფიოდ აპელირებდა იმაზე, რომ მოსარჩელეების წინაშე პასუხი უნდა აგონ ამხანაგობამ (იბა) და მისმა თავმჯდომარემ (იხ. ს.ფ.61-67). ამრიგად, რადგანაც დარღვეული იყო სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა, შესაბამისად, არ არსებობდა განცხადების განხილვის წინაპირობა.
13. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ დასახელებული პირების საქმეში ჩაბმა სამართლებრივ შედეგს ვერ შეცვლიდა. ჯერ ერთი, სსსკ-ის მესამე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს და იმ პირს ვინც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. მართალია, სსსკ-ს 85-ე მუხლის დანაწესი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის თანხმობით, საქმის შეუწყვეტლად შეიცვალოს მოპასუხე, მაგრამ ასეთი შეცვლის წინაპირობაა სასამართლომ დაადგინოს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებულია არასათანადო მოპასუხე, რაც საქმეზე დადგენილი არ ყოფილა.
14. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ--ზ რ--ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი