Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-817-768-2015 10 სექტემბერი 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

სამოქალაქო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბმა „ნ--ს ქ. #--“-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე მ--ა ხ--ას სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე ბმა „ნ--ს ქ. #--“-ის მიმართ უკანონო ხელშეშლის თაობაზე

პალატამ გამოარკვია:

სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნას მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის (შემდგომში სსსკ) თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის განჩინების ასლი ბმა „ნ--ის ქ. #--“-ის თავმჯდომარეს გ--ი ჩ--ს ჩაბარდა 2015 წლის 16 ივლისს, რაც დასტურდება საფოსტო უკუგზავნილის დოკუმენტით (ტ. 2, ს.ფ. 12). შესაბამისად, სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების მიხედვით, საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 17 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 28 ივლისის 24 საათზე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბმა „ნ--ის ქ. #--“-ის თავმჯდომარის გ--ი ჩ--ის კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ჩაბარდა 2015 წლის 29 ივლისს (ტ. 2, ს.ფ 13) ანუ კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი საპროცესო ვადის დაღვევით.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში ბმა „ნ--ის ქ. #--“-მა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბმა „ნ--ის ქ. #--“-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა