Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-829-780-2015 11 სექტემბერი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა--ლ ღ--ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე ა--ლ ღ--ის განცხადებასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე

პალატამ გამოარკვია:

სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნეს მიღებული და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა--ლ ღ--ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და, შესაბამისად, კერძო საჩივარი შეტანილია სამოქალაქო საქმეზე - ა--ლ ღ--ის სარჩელის გამო სს „თ--ს“ მიმართ რეორგანიზაციის საფუძველზე სამუშაოდან გათავისუფლების დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო სამი თვის საშუალო ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.

აღნიშნული დავა დაწყებულია ა--ლ ღ--ის სარჩელის საფუძველზე, რომელიც 2006 წლის 18 აგვისტოს წარმოებაში მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ.

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა--ლ ღ--ის სარჩელი სს „თ--ს“ წინააღმდეგ რეორგანიზაციის საფუძველზე სამუშაოდან გათავისუფლების დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო სამი თვის საშუალო ხელფასის ანაზღაურების თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა იგივე საგანზე და იმავე საფუძვლებით, რაც დასტურდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით.

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა--ლ ღ--მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით ა--ლ ღ--ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება.

აღნიშნულ საქმეზე, 2007 წლიდან დღემდე, ა--ლ ღ--ის მიერ სასამართლოში შემოტანილია არაერთი განცხადება საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, რომლებიც სხვადასხვა საფუძვლით განუხილველი დარჩა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა--ლ ღ--ის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპონდენცია (განცხადება, საჩივარი) ამ კონკრეტულ დავაზე (ა--ლ ღ--ის სარჩელის გამო სს „თ--ის“ მიმართ რეორგანიზაციის საფუძველზე სამუშაოდან გათავისუფლების დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო სამი თვის საშუალო ხელფასის ანაზღაურების თაობაზე) უნდა დარჩენილიყო რეაგირების გარეშე.

ამ დასკვნის დასასაბუთებლად უზენაესმა სასამართლომ მოიშველია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - „იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ“), რომლის თანახმადაც დასაშვებია გარკვეულ შემთხვევაში პირს შეეზღუდოს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. სასამართლოსთვის მიმართვის უფლების შეზღუდვა ასევე დასაშვებად იქნა მიჩნეული „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.

უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ საქმეზე, 2007 წლიდან 2011 წლის 21 ივლისის განჩინების მიღებამდე, ა--ლ ღ--ის მიერ სასამართლოში შემოტანილი იქნა არაერთი განცხადება საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, რომლებიც სასამართლომ სხვადასხვა საფუძვლით განუხილველი დატოვა. მიუხედავად ამისა, მხარე ისევ აგრძელებდა სასამართლოსათვის კერძო საჩივრებით მიმართვას. მათი დაუკმაყოფილებლობის თაობაზე სასამართლო გაჩინებებს კი კვლავ ასაჩივრებდა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის გზით.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინების მიღების შემდგომ ა--ლ ღ--მა კვლავ არაერთხელ მიმართა სასამართლოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ითხოვდა საქმის წარმოების განახლებას, რომლებიც ასევე განუხილველი რჩებოდა.

2015 წლის 21 მაისს ა--ლ ღ--მა ისევ მიმართა განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა იგივე საქმის წარმოების განახლება. აღნიშნულ განცხადებაში მითითებული არ არის სსსკ-ის 421-ე, 422-ე და 423-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების არცერთი საფუძველი. ამრიგად, სახეზეა მისი მხრიდან სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა--ლ ღ--ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივნისის განჩინებაზე, დატოვებულ უნდა იქნას რეაგირების გარეშე. შესაბამისად, არ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა--ლ ღ--ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა