№ას-855-805-2015 4 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ა(ა)იპ მ. ... მ-აა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ა. მ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა(ა)იპ „მ. ... მ-ამ“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ა. მ-ას (შემდეგში მოპასუხის) წინააღმდეგ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 300 ლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის ჰონორარის 2000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურება;
1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული 200 ლარის ანაზღაურება;
1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით მოპასუხესთან საფოსტო კავშირის გამო გაღებული ხარჯის - 55 ლარისა და 55 თეთრის ანაზღაურება;
1.5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით მოცემულ საქმეზე სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო გაღებული სატრანსპორტო ხარჯის - 55 ლარისა და 55 თეთრის ანაზღაურება;
1.6. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ფურცლებისათვის - 5.55 ლარის, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 5.55 ლარის, ასევე წარმომადგენლის სასამართლოში მივლინებისას, მისი დაკარგული დროის ანაზღაურება - 5.55 ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 300 (სამასი) ლარის გადახდა;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
3. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
4. გარდა ამისა, მან შუამდგომლობებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:
ა. დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა პროცესის ხარჯების ნაწილში;
ბ. 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
7. ამავე სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში (საქმე #2/22830-14) გასწორდა დაშვებული უსწორობა და აღწერილობითი ნაწილის მეექვსე აბზაცის წინადადება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2014 წლის 30 დეკემბერს“. ასევე გასწორდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის მეშვიდე აბზაცის მესამე წინადადება და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „დასახელებული ნორმისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 31 დეკემბერს და ამოიწურა 2015 წლის 09 იანვარს 24:00 საათზე“.
8. მოსარჩელემ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა:
ა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების;
ბ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ 2015 წლის 30 იანვრის განჩინების;
გ. დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 2 თებერვლის განჩინების;
დ. უსწორობის გასწორების შესახებ 2015 წლის 2 თებერვლის განჩინების - გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ. საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და 01.04.2015 წელს დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის განკარგულებით სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო მოსარჩელის წარმომადგენელი დაჯარიმდა 500 ლარით და გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულ განკარგულებაში სასამართლოს 14.04.2015 წლის განჩინებით შეტანილ იქნა შესწორება, კერძოდ დადგინდა, რომ განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად.
11. მოსარჩელის წარმომადგენელმა, 07.04.2015 წელს, შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, რომ მისცემოდა უახლოეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე მისი დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
14. მოსარჩელემ, 28.05.2015 წელს, შეიტანა სააპელაციო საჩივარი და გაასაჩივრა შემდეგი სასამართლო აქტები:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაუკმაყოფილებელ ნაწილში;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის განკარგულება სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო პირის დაჯარიმებისა და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინება სხდომაზე დაშვების შესახებ მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მოპასუხის საჩივრის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
16. სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი 21.01.2015 წლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა: მოსარჩელის მოთხოვნას, ზიანის ანაზღაურებასთან ერთად, წარმოადგენდა ასევე პროცესის ხარჯების (სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების) ანაზღაურებაც. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მიუთითა მოსარჩელის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებზე და გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, მოთხოვნილი ხარჯები უსაფუძვლოდ მიიჩნია, თუმცა ეს შედეგი დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ ასახულა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან პროცესის ხარჯების თაობაზე გადაწყვეტილება გამოტანილი არ ყოფილა, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იყო მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 236-ე და 364-ე მუხლების შესაბამისად, დაუშვებელი იყო.
17. სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია, ასევე, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი 30.01.2015 წლისა და 02.02.2015 წლის განჩინებებზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ ეს განჩინებები (დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ), დამოუკიდებლად, კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარებოდა და გასაჩივრებული იყო კიდეც ამ წესით.
18. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუშვებელი იყო სააპელაციო საჩივარი 01.04.2015 წლის განკარგულებაზე და 14.04.2015 წლის განჩინებაზე, ვინაიდან მითითებული განკარგულება (მოსარჩელის წარმომადგენლის დაჯარიმებისა და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ) და განჩინება (სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებული მოსარჩელის წარმომადგენლის სხდომაზე დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ) ცალკე არ საჩივრდებოდა და მათი გასაჩივრება დასაშვები იყო მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად (სსსკ-ის 377-ე მუხლის მესამე ნაწილი). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული არ იყო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, ამიტომ დაუშვებელი იყო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ზემოხსენებულ განკარგულებასა და განჩინებაზე.
19. სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია, ასევე, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი 29.04.2015 წლის განჩინებაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ ამ განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მოპასუხის საჩივრის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე) გასაჩივრება შეეძლო მხოლოდ მოპასუხეს.
20. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება. ამავდროულად, კერძო საჩივრის ავტორი შუამდგომლობს საკასაციო სასამართლოს მიერ დასაბუთებული კონსტიტუციური წარდგინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლომ წარდგინებით უნდა მოითხოვოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე დამოკიდებულს ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე მიღებული განჩინებების/დადგენილებების მიმართ არსებულ პრეტენზიებს.
21. კერძო საჩივრის საფუძვლები:
- მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ შეიცავს კონკრეტულ ნორმას იმის შესახებ, რომ მოგებულ მხარეს არ გააჩნია გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება და იგი კანონით ასეთ სუბიექტად არაა მიჩნეული. სხვა დარგებში არსებული საპროცესო სამართლის ნორმები, რომლებიც ამგვარ დათქმებს შეიცავდა, კონსტიტუციური კანონიერების თვალსაზრისით შემოწმდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ისინი არაკონსტიტუციურადაა ცნობილი. საკითხის მხოლოდ იმგვარად განმარტება, რომ დავაში მოგებულ მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნია, ზიანის მომტან განმარტებას წარმოადგენს, ამგვარ მოქმედებას სამართლის დოქტრინა უარყოფს;
- სააპელაციო სასამართლოს მიდგომით, აზრი დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის №2/2558 გადაწყვეტილებამ, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილი, საპროცესო კანონის დამდგენ იმ ნორმატიულ შინაარსში, რომელიც ადგენდა პირის დაჯარიმებისა და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების თაობაზე სასამართლოს განკარგულების გასაჩივრების აკრძალვას;
- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე დამოკიდებულს ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე მიღებული განჩინებების/დადგენილებების მიმართ არსებულ პრეტენზიებს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულ უფლებასთან – სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებასთან, რომელიც მისი ფართო/სხვა შინაარსით ზემდგომ სასამართლოში დავის უფლებასაც მოიცავს;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არ ასახულა ობიექტური შეფასებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებები ემყარება, რომლითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ კონკრეტულ მოსაზრებას, აგრეთვე, კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა შესაბამისი დასკვნის გამოტანისას. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს საკმარისად არგუმენტირებული და ემყარებოდეს არა მხოლოდ საპროცესო სამართლის იმ ნორმის ციტირებას, რომელიც მოსამართლეს ანიჭებს საპროცესო მოქმედების გამოყენების უფლებამოსილებას (როგორც ეს დასახელებულ განჩინებაში განხორციელდა), არამედ ამ ჭრილში უნდა იხილავდეს ყველა იმ ასპექტს, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებას ამართლებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მართლმსაჯულების ფორმალურად გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
23. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის განჩინების კანონიერებას, რომლითაც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ხსენებული სააპელაციო საჩივრით მოსარჩელე ასაჩივრებდა მოცემულ საქმეზე გამოტანილ შემდეგ სასამართლო აქტებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას დაუკმაყოფილებელ ნაწილში;
- დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებას;
- დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებას;
- სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო მოსარჩელის წარმომადგენლის დაჯარიმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის განკარგულებას;
- მოსარჩელის წარმომადგენლის სხდომაზე დაშვების შესახებ ამ უკანასკნელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებას;
- უსწორობის გასწორების შესახებ მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებას;
- დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მოპასუხის საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის განჩინებას.
24. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული რიგითობით შეამოწმებს ზემოხსენებულ სასამართლო აქტებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერებას.
25. სააპელაციო სასამართლომ 21.01.2015 წლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გასაჩივრებული ჰქონდა მის სასარგებლოდ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას, ვინაიდან მოსარჩელის სააპელაციო საჩივრით ირკვევა, რომ იგი ასაჩივრებდა „დაუსწრებელ გადაწყვეტილებას დაუკმაყოფილებელ ნაწილში“ (იხ. ტომი 2, ს.ფ. 5), ანუ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საპროცესო ხარჯების ანაზღაურებაზე. მოსარჩელე (აპელანტი) მიუთითებდა, რომ პროცესის ხარჯების თაობაზე სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებდა მის მოთხოვნას ამ ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, სასამართლოს, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ამ ნაწილშიც უნდა დაეკმაყოფილებინა მისი სარჩელი. ამდენად, ნათელია, რომ მოსარჩელე ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და არა იმ ნაწილში, რომლითაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა. ამ ფაქტს არ ცვლის ის გარემოება, რომ 21.01.2015 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ ასახულა ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გაკეთებული სასამართლოს დასკვნა პროცესის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სააპელაციო საჩივრით სწორედ იმას ხდიდა სადავოდ, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა დასკვნას პროცესის ხარჯების თაობაზე.
26. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, 21.01.2015 წლის გადაწყვეტილებაზე პროცესის ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, განუხილველად დატოვებას ექვემდებარება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, პროცესის ხარჯების ნაწილში მოსარჩელეს ორი გზით შეეძლო დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა. პირველი, განცხადებით მიემართა გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსათვის და მოეთხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა (სსსკ-ის 261-ე მუხლი) და, მეორე, სააპელაციო საჩივრით გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (სსსკ-ის 364-ე მუხლი). ამასთან, სააპელაციო საჩივრის შეტანის აუცილებლობა იმ შემთხვევაში წარმოიშობოდა, თუ მოსარჩელე, ამა თუ იმ მიზეზით, ვერ/არ ისარგებლებდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 163). მართალია, მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 178-180), მაგრამ ამ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით, კერძოდ, გაუქმდა 02.02.2015 წლის განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ და საქმე მოსარჩელის შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ტომი 2, ს.ფ. 61-67). ამავე საკითხზე სააპელაციო საჩივრის შეტანა და განხილვა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუშვებელია, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება პრინციპს, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება, რომ ერთი და იგივე სარჩელი ერთდროულად ორმა სასამართლომ განიხილოს (სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი).
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი მოსარჩელის საჩივარი 21.01.2015 წლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
28. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივრის და არა სააპელაციო საჩივრის შეტანა (სსსკ-ის 239-ე მუხლი). აღსანიშნავია, ასევე, ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ ისარგებლა კერძო საჩივრის უფლებით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 193-208), რაც არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით (იხ. ტომი 2,.ს.ფ. 61-67). ეს განჩინება ზემდგომი სასამართლოს განჩინებაა, რომელიც სსსკ-ის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე დაუშვებელია, როგორც კერძო საჩივრის განმეორებით შეტანა, ასევე, სააპელაციო საჩივრის შეტანაც. მართალია, სააპელაციო სასამართლოს 08.06.2015 წლის განჩინების მიღებისას, ჯერ კიდევ არ ყოფილა გამოტანილი ამავე სასამართლოს 13.07.2015 წლის განჩინება, მაგრამ ეს გარემოება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ 08.06.2015 წლის განჩინების მიღების დროს, მოსარჩელეს უკვე ჰქონდა შეტანილი კერძო საჩივარი იმავე განჩინებაზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმეორებით შეტანილი კერძო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
29. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.01.2015 წლის განჩინებით სწორად დარჩა განუხილველად მოსარჩელის საჩივარი 21.01.2015 წლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 236-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე (სსსკ-ის 2321-ე მუხლი) საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხოლოდ მოპასუხეს. მოსარჩელეს კანონი ასეთ უფლებას არ ანიჭებს და ეს გასაგებიცაა, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია მოსარჩელის სასარგებლოდ და, შესაბამისად, მოპასუხის წინააღმდეგ. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხის წინააღმდეგ გამოტანილ 21.01.2015 წლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 158-162), რაც, როგორც აღინიშნა, მართებულად დარჩა დაუშვებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 175-177).
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.
31. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 261-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე, რომლის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის და არა სააპელაციო საჩივრის შეტანა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.02.2015 წლის განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, რაც სააპელაციო სასამართლოს 13.07.2015 წლის განჩინებით დაკმაყოფლდა. ზემდგომი სასამართლოს ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება (სსსკ-ის 419.3-ე მუხლი). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს იმავე განჩინებაზე განმეორებით შეტანილი კერძო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (დამატებით იხილე, ასევე, წინამდებარე განჩინების 28-ე პუნქტში წარმოდგენილი დასაბუთება).
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც განუხილველად დარჩა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.04.2015 წლის განკარგულებაზე სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო მოსარჩელის წარმომადგენლის დაჯარიმებისა და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ.
33. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტში აღწერილ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულმა განმარტებამ აზრი დაუკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის #2/2/558 გადაწყვეტილებას, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილი.
34. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენდა ამ მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულების გასაჩივრების წესს, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, ასეთი განკარგულება არ საჩივრდებოდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის #2/2/558 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილი, გარდა იმ ნორმატიული შინაარსისა, რომელიც შეეხება სხდომაზე დამსწრის გაძევების შესახებ განკარგულების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან (12.03.2014 წლიდან), ძალადაკარგულად გამოცხადდა რა ზემოხსენებული საპროცესო ნორმა, აღარ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულების გასაჩივრების აკრძალვა, თუმცა მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, არ ადგენს ასეთი განკარგულების გასაჩივრების კონკრეტულ წესს.
35. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილით და განსახილველი ურთიერთობის მიმართ უნდა გამოიყენოს საპროცესო სამართლის ის ნორმა, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას, კერძოდ, სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-11 ნაწილი. მითითებული ნორმა ადგენს პატიმრობის გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების წესს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული წესის ანალოგიით გამოყენება, დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულების მიმართ, გამართლებულია, ვინაიდან ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს სასამართლოს ისეთ განკარგულებებთან, რომლებიც გამოტანილია სასამართლოში წესრიგის დამრღვევ პირთა მიმართ. ამასთან, დაჯარიმება და სხდომის დარბაზიდან გაძევება, ისევე როგორც პატიმრობა, არის სანქცია სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის.
36. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული დასკვნა გამომდინარეობს, ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის #2/2/558 გადაწყვეტილების 56-60-ე პუნქტების შინაარსიდან, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილების 56-ე პუნქტის მიხედვით, „გაძევების ან/და დაჯარიმების შესახებ სასამართლოს განკარგულებაზე არ დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა და არც მისი გასაჩივრება საქმეზე გამოტანილ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. კერძოდ, სსსკ-ის 377-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 404-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ზემდგომ ინსტანციებში სასამართლოს განხილვის საგანი შესაძლებელია იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს გადაწყვეტილების ან/და, შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია, თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. სადავო ნორმა აწესებს რა სასამართლოსადმი უპატივცემულობის შემთხვევაში მოსამართლის მიერ განკარგულების და არა განჩინების გამოტანას და გამოტანილი განკარგულების გასაჩივრების პირადაპირ აკრძალვას, გამორიცხავს კანონმდებლობის ნებისმიერ ფართო, იმგვარ განმარტებას, რაც პირს შესაძლებლობას მისცემდა, მოეთხოვა აღნიშნილი განკარგულების ზემოდგმი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადასინჯვა“. ამავე გადაწყვეტილების 59-ე პუნქტში აღნიშნულია: „ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში პირის გაძევების/დაჯარიმების განკარგულების გასაჩივრების უფლება ვერ გამოიწვევს საქმეზე ძირითადი პროცესის გაჭიანურებას, ვერ შექმნის დაბრკოლებას სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. გასაჩივრების შემთხვევაში, განკარგულების კანონიერების ან/და დასაბუთებულობის გადამოწმება უნდა განხორციელდეს ცალკე სასამართლო წარმოების ფარგლებში . . . “.
37. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 377-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 404-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული წესით, დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულების გასაჩივრება, ზოგ შემთხვევაში არაეფექტური, ხოლო სხვა შემთხვევებში შეუძლებელიც იქნება, კერძოდ, სსსკ-ის 212-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, „. . . სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ“. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია, როგორც პროცესის მონაწილეების (მხარეები, მათი წარმომადგენლები, მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები), ასევე სხდომაზე დამსწრე სხვა პირების დაჯარიმება ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუ მხარეებს მხოლოდ იმის უფლებას მივცემდით, რომ დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან მათი გაძევების შესახებ განკარგულება გაასაჩივრონ სსსკ-ის 377.3-ე და 404.2-ე მუხლების საფუძველზე, მაშინ მათ იმის უფლებაც უნდა მივანიჭოთ, რომ მათ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებებიც გაასაჩივრონ, რათა ამ გზით მიაღწიონ ზემოხსენებული განკარგულების გადასინჯვას. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება მოგებული მხარის ინტერესებს, ასევე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულებისა და საპროცესო ეკონომიის პრინციპებს. რაც შეეხება სხდომაზე დამსწრე სხვა პირებს, მათ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არც კანონით აქვთ მინიჭებული და არც ამის ინტერესი გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ სასამართლოს განკარგულების გასაჩივრების გონივრულ წესად, სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი წესი უნდა მივიჩნიოთ.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მითითებულ ნაწილში, როგორც იურიდიულად დაუსაბუთებელი, უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს (სსსკ-ის 420-ე მუხლი, 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი, 412-ე მუხლი).
39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.04.2015 წლის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სხდომაზე დაშვების თაობაზე.
40. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 212-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მეორე წინადადებაზე, რომლის მიხედვით, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) უფლებამოსილია გაძევებულ პირს მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული ნორმით სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების მიუხედავად, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია სასამართლომ არ დაუშვას გაძევებული პირი სხდომაზე. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების (განჩინების) დამოუკიდებლად გასაჩივრების წესს საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს სსსკ-ის 377-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 404-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით და, პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, გაასაჩივროს ზემოხსენებული განჩინება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.01.2015 წლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი (სსსკ-ის 236-ე მუხლი და ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მესამე ნაწილი. დამატებით იხილე, ასევე, წინამდებარე განჩინების 29-ე პუნქტში წარმოდგენილი დასაბუთება). დაუშვებლად იქნა ცნობილი, ასევე, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საპროცესო ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში (იხ. წინამდებარე განჩინების 26-ე პუნქტში წარმოდგენილი დასაბუთება). აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებელია, ასევე, 14.04.2015 წლის განჩინების სააპელაციო საჩივრით დამოუკიდებლად გასაჩივრება.
41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ.
42. საკასაციო სასამართლო ყურდღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს, 07.04.2015 წელს, განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 01.04.2015 წლის განკარგულებაში დაშვებული უსწორობის გასწორება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 247-250), კერძოდ: ა) განკარგულების სარეზოლუციო ნაწილში იმის მითითება, რომ განკარგულება საჩივრდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) განკარგულების სათაურის ამავე განკარგულების შინაარსთან შესაბამისობაში მოყვანა;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით უსწორობის გასწორების შესახებ მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ა) 01.04.2015 წლის განკარგულებაში გასწორდა დაშვებული უსწორობა და მისი სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით - „განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად“; ბ) მოსარჩელის განცხადება დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 282-285);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებაზე, უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ (იხ. ტომი 2, ს.ფ. 5, 25);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით განუხილველად დარჩა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ 14.04.2015 წლის განჩინებაზე.
43. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ზემოხსენებული ნორმა გულისხმობს კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას, როგორც გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე, ასევე შესწორების შეტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზეც. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 14.04.2015 წლის განჩინებით, უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის ნაწილში, ამ განჩინების გასაჩივრების წესი დაადგინა სწორედ სსსკ-ის 260.2-ე მუხლის მიხედვით, ანუ მოსარჩელეს დაუდგინა განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის უფლება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული საპროცესო ნორმის მოთხოვნის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის ნაწილში 14.04.2015 წლის განჩინებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი, თავისი შინაარსით კერძო საჩივარს ხომ არ წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული განჩინება არამარტო მითითებული თვალსაზრისით, არამედ საერთოდ არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რატომ დარჩა ხსენებულ ნაწილში სააპელაციო საჩივარი განუხილველად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩიება დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმებისა და ამ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია (სსსკ-ის 420-ე მუხლი, 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი, 412-ე მუხლი).
44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.04.2015 წლის განჩინებაზე, რომლითაც, თავის მხრივ, არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
45. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 236-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მესამე ნაწილზე და განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანის უფლება, ასევე საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხოლოდ მოპასუხეს. მოსარჩელე, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთი უფლებით არ არის აღჭურვილი, შესაბამისად, დაუშვებელია მისი სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.04.2015 წლის განჩინებაზე.
46. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 10.07.02წ. #9/189 განჩინებაზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისათვის გამოსაყენებელი კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა სამოსამართლეო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება იმ თვალსაზრისით, რომ კონსტიტუციური წარდგინების აუცილებლობამდე სასამართლო დამოუკიდებლად მიდის და არა პროცესის მონაწილეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილების გზით“. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 19.2-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ საერთო სასამართლოს, არა უბრალო ვარაუდი, არამედ გამოსაყენებელი ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცების საკმარისი საფუძველი უნდა გააჩნდეს, რათა საქმის განხილვა შეაჩეროს და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. გასათვალისწინებელია, ასევე ისიც, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო არ არის ვალდებული, ამტკიცოს გამოსაყენებელი კანონის კონსტიტუციურობა, ვინაიდან მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კანონის კონსტიტუციისადმი შესაბამისობის ან შეუსაბამობის საკითხი.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც განუხილველად დარჩა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.04.2015 წლის განკარგულებაზე, ასევე, ამავე სასამართლოს 14.04.2015 წლის განჩინებაზე და საქმე ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს (სსსკ-ის 412-ე მუხლი), ხოლო, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გნჩინება უცვლელად უნდა დარჩეს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
48. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე, 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ მ. ... მ-აის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც განუხილველად დარჩა ა(ა)იპ მ. ... მ-აის“ სააპელაციო საჩივარი:
ა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 აპრილის განკარგულებაზე სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო პირის დაჯარიმებისა და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ;
ბ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებაზე უსწორობის გასწორების შესახებ მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. ა(ა)იპ მ. ... მ-აის“ სააპელაციო საჩივარი ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ სასამართლოს განკარგულებაზე და განჩინებაზე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გნჩინება დარჩეს უცვლელად;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. თოდუა
მომხსენებელი: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი