Facebook Twitter

№ას-871-833-2014 28 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,ს-ი’’ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,დ. დ. ჯ-ა’’ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „ს-მა“ სარჩელი შეიტანა შპს „დ. დ. ჯ-ას“ წინააღმდეგ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2012 წლის 16 მარტს შპს „ს-სა“ და შპს „დ. დ. ჯ-ას“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ ვალდებულება აიღო მოპასუხისათვის მიეწოდებინა 800 ცალი ფეიბოქსის აპარატი. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა გადაეხადა ნასყიდობის საფასური. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დადგენილ ვადებში მოსარჩელე ვერ ახერხებდა მოპასუხისათვის პროდუქციის მიწოდებას, ხელშეკრულების პირობები მხარეთა მიერ რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ განისაზღვრა, რომ გამყიდველი მოპასუხეს მიაწვდიდა არა 800 არამედ 170 ფეიბოქსის აპარატს, რომელთა ხარისხი შეთანხმებული იყო მხარეთა შორის. ამასთან, დადგინდა, რომ მიწოდების საბოლოო ვადას შეადგენდა 2012 წლის 15 ოქტომბერი. მითითებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და სს „პ-ს“ შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ორგანიზაციის სასარგებლოდ გაიცა საბანკო გარანტია 200 000 ლარის ფარგლებში. საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ თუკი ბენეფიციარის მიერ მოხდებოდა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გამოთხოვა, პრინციპალი ვალდებული იყო გარანტისათვის გადაეხადა როგორც გაცემული თანხა, ასევე გაცემული თანხის 48 % წლიურად, 365 დღეზე გაანგარიშებით. მოსარჩელის განმარტებით, მან ხელშეკრულების დამატებითი პირობებით გათვალისწინებული 170 ფეიბოქსიდან მყიდველს ნაწილი მიაწოდა დადგენილ ვადაში, ხოლო ნაწილის დაგვიანება განპირობებული იქნა ფორს-მაჟორული გარემოებით - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ტვირთის დაკავებით. მიუხედავად ამისა, მყიდველმა ისარგებლა შპს „ს-ის“ მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიით და სს „პ-ისგან“ მიიღო 200 000 ლარი, რაც მისი განმარტებით, წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არსებობდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ამან გამოიწვია შპს „დ. დ. ჯ-ას“ უსაფუძვლო გამდიდრება, ხოლო შპს „ს-ს“ მიადგა ზიანი. გარდა ამისა, შპს „ს-ს“ სს „პ-თან“ დადებული საბანკო გარანტიის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელო - ბანკის მიერ საკუთარი ფულადი სახსრებიდან შპს „დ. დ. ჯ-ასათვის“ გადახდილი 160 000 ლარის წლიური 48%. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაკირებოდა აღნიშნული თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა კონკრეტულად მითითებული, თუ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების რომელი პირობა ან/და სამოქალაქო კოდექსის რა ნორმა იქნა დარღვეული შპს „დ. დ. ჯ-ას“ მიერ. ამასთან, დავის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

რაც შეეხება ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივად ფორსმაჟორული გარემოების დასახელებას, რაზეც მოსარჩელე აკეთებს აქცენტს, მოპასუხის აზრით, აღნიშნული არ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.

მოპასუხე ასევე არ ეთანხმება მოსარჩელეს პირგასამტეხლოს რაოდენობის ნაწილშიც და აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო არ ყოფილა შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან მოსარჩელეს ბრალეული ქმედებით მოპასუხეს

შეექმნა მნიშვნელოვანი პრობლემები სამეწარმეო საქმიანობაში და მიყენებული ზიანი გაცილებით აღემატებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოცულობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს „დ. დ. ჯ-ას“ შპს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 200 000 ლარის გადახდა, ასევე 160 000 ლარის წლიური 48%-ის გადახდა 2013 წლის 24 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ. დ. ჯ-ამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „დ. დ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ს-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 16 მარტს შპს „დ. დ. ჯ-ას” (მყიდველი) და შპს „ს-ს“ (გამყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება #.../.., რომლითაც გამყიდველმა აიღო ვალდებულება მყიდველისათვის გადაეცა უფლებრივად უნაკლო საკუთრების უფლება ხელშეკრულების დანართ „ა”-ში მითითებულ ნასყიდობის საგანზე, ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული საბუთები და ნივთობრივად უნაკლო ნივთი. მყიდველმა აიღო ვალდებულება გადაეხადა გამყიდველისათვის შეთანხმებული საფასური (ტ. I, ს.ფ. 19-27).

ხელშკრულების დანართ N„ა”-ს თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 800 ცალი ფეიბოქსი, რომლის სრული საფასურიც განისაზღვრებოდა 2 000 000 აშშ დოლარით. ამავე დანართის შესაბამისად, გამყიდველს 150 ცალი ფეიბოქსი უნდა მიეწოდებინა 2012 წლის 31 მაისამდე, 150 ცალი ფეიბოქსი - 2012 წლის 15 ივნისამდე, 150 ცალი ფეიბოქსი - 2012 წლის 30 ივნისამდე, 150 ცალი ფეიბოქსი - 15 ივლისამდე, 200 ცალი ფეიბოქსი - 2012 წლის 31 ივლისამდე (ტ. I, ს. ფ. 26).

2012 წლის 6 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები #....., რომლითაც ცვლილება შევიდა ხელშეკრულების დანართ „ა“-ში, დაზუსტდა ნასყიდობის საგნის სპეციფიკური ნიშნით აღწერა და ნასყიდობის საფასურის მოცულობა განისაზღვრა 2 220 000 აშშ დოლარით. ასევე დაზუსტდა გადახდის პირობები და ნასყიდობის საგნის ვარგისიანობის ვადა (ტ. I, ს.ფ. 28,29).

2012 წლის 12 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობებით #....., დაზუსტდა ნასყიდობის საგნის სპეციფიკური ნიშნით აღწერა, განისაზღვრა ვარგისიანობის ვადა. ცვლილება შევიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწოდების ვადასა და პირობებში. კერძოდ, მყიდველს 15 აგვისტოს 18 საათამდე უნდა მიეწოდებინა 180 ცალი ფეიბოქსი, 15 სექტემბრის 18 საათამდე - 200 ცალი ფეიბოქსი, 15 ოქტომბრის 18 საათამდე - 210, ხოლო 31 ოქტომბრის 18 საათამდე - 210 ცალი ფეიბოქსი (ტ. I, ს. ფ. 30, 31).

2012 წლის 26 მარტს შპს „ს-სა“ და სს „პ-ს“ შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა შპს „დ. დ. ჯ-ას“ და შპს „ს-ს“ შორის 2012 წლის 16 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამყიდველის ვალდებულებები. საგარანტიო თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 200 000 ლარით (ტ. I, ს. ფ. 33-35).

ხელშეკრულების 1.6. პუნქტით, საბანკო გარანტია ძალაში შედის პრინციპალის ანგარიშზე ავანსის სახით 200 000 ლარის ჩარიცხვის დღეს და მოქმედებს 2012 წლის 15 ივნისამდე (ტ. I, ს.ფ. 33).

ხელშეკრულებით პრინციპალმა აიღო ვალდებულება ჩარიცხული ავანსის თანხიდან ნაწილობრივ დაეფარა ვალდებულება გარანტთან. დასაფარი ვალდებულების ოდენობად განისაზღვრა 40 000 ლარი. დარჩენილ თანხაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბენეფიციარისათვის თანხის გადარიცხვიდან 31-ე დღეს ბანკი ცალმხრივად, პრინციპალისათვის შეტყობინების გარეშე იღებდა გადაწყვეტილებას გადაუხდელი თანხის სესხად დასმის პირობებზე (ტ. I, ს.ფ. 33-35). ამდენად, საბანკო გარანტიისათვის თანხების აკუმულირება მოხდა პრინციპალის მიერ მიღებული ავანსის თანხის და მისთვის სესხად მიცემული თანხების გაერთიანებით.

აღნიშნულის თანახმად, 2012 წლის 27 მარტს სს „პ-ის“ მიერ გაცემული იქნა საავანსო გადახდის გარანტია, რომელშიც მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი ვერ შეასრულებს 2012 წლის 16 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, გარანტი კისრულობს გამოუთხოვად ვალდებულებას, ბენეფიციარის პირველი წერილობითი მოთხოვნის წარმოდგენისთანავე აუნაზღაუროს ნებისმიერი თანხა 200 000 ლარის ფარგლებში (ტ. I, ს. ფ. 36).

საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით პერიოდულად ცვლილებები შედიოდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში. კერძოდ, 2012 წლის 15 ივნისს განხორცილებული ცვლილებით საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2012 წლის 15 ივლისამდე, 2012 წლის 17 ივლისის ცვლილებით - 2012 წლის 15 სექტემბრამდე, 2012 წლის 7 სექტემბრის ცვლილებით - 2012 წლის 15 ნოემბრამდე, ხოლო 2012 წლის 13 ნოემბერს განხორცილებული ცვლილებით - 2013 წლის 15 მაისამდე (ტ. I, ს.ფ. 37-40).

ამდენად, მითითებულ სუბიექტებს შორის შემდეგი პირობებით შედგა შეთანხმება საბანკო გარანტიაზე:

· პრინციპალი - შპს „ს-ი“ (გამყიდველი);

· ბენეფიციარი - შპს „დ. დ. ჯ-ა“ (მყიდველი), რომლის მოთხოვნის უფლებაც არის უზრუნველყოფილი;

· გარანტი - სს „პ-ი“;

· ხელშეკრულება, რომლიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველყოფაც მოხდა - ნასყიდობის ხელშეკრულება;

· ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც უზრუნველყოფილია გარანტიით - შპს „ს-ის“ (გამყიდველი) ნებისმიერი ვალდებულება (გარანტია არ მიჯნავს ვალდებულებებს);

· საგარანტიო თანხა - 200 000 ლარი;

· გარანტიის მოქმედების საბოლოო ვადა - 15.05.2013 წ.

2012 წლის 18 სექტემბერს შპს „დ. დ. ჯ-ას” და შპს „ს-ს” შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები N.-.../..-..

1. მხარეებმა გაითვალისწინეს რა შემდეგი პირობები:

1.1. მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება N.../.., რომლის მიხედვითაც გამყიდველს უნდა განეხორციელებინა მყიდველისათვის 800 ცალი ფეიბოქსის მიწოდება ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის შესაბამისად;

1.2. გამყიდველმა (შპს „ს-ი“) ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, დაარღვია ფეიბოქსების მიწოდების ვადები.

1.3. ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველი (შპს „დ. დ. ჯ-ა“) უფლებამოსილია უარი თქვას ფეიბოქსის მიღებაზე.

1.4. იმის გათვალისწინებით, რომ გამყიდველმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მხარეებს განზრახული აქვთ შეიტანონ ცვლილება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფეიბოქსების მიწოდების/მიღების ვადებსა და პირობებში (ტ. I, ს.ფ. 32).

2. მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ დამატებით პირობებზე:

2.1. გამყიდველი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალიწინებული ხარისხის 70 ფეიბოქსი მიაწოდოს მყიდველს არაუგვიანეს 2012 წლის 26 სექტემბრის 18 საათისა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის 90 ფეიბოქსი - არაუგვიანეს 2012 წლის 15 ოქტომბრის 18 საათისა.

2.2. ფეიბოქსების დარჩენილი ნაწილი მყიდველს უნდა გადაეცეს მისი წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (სრულად ან ნაწილობრივ/ეტაპობრივად წერილობით მოთხოვნაში მითითებული ოდენობების გათვალისწინებით).

2.3. ფეიბოქსების იმ ნაწილზე, რომელზეც მყიდველი არ წარუდგენს გამყიდველს წინამდებარე დანართის 2.2 პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით მოთხოვნას წინამდებარე დანართის ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, მყიდველი კარგავს მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გამყიდველის ვალდებულება მიაწოდოს მყიდველს ფეიბოქსები, რომელზეც არ ყოფილა წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა და მყიდველის ვალდებულება, მიიღოს აღნიშნული ფეიბოქსები ჩაითვლება ძალადაკარგულად, ხოლო ნასყიდობის საფასური შემცირდება შესაბამისი პროპორციით.

2.4. მყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ზემოაღნიშნული ფეიბოქსების მიღებაზე, თუ ფეიბოქსის მიწოდება განხორციელდა წინამდებარე დანართის 2.1 და 2.2. პუნქტებით განსაზღვრული პირობების დარღვევით. ამასთან, მყიდველი პასუხს არ აგებს აღნიშნული უარით გამყიდველისათვის მიყენებული ზიანის/ ზარალის ანაზღაურებაზე.

2.5. ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე დანართის შესაბამისად მიწოდების/მიღების ვადებსა და პირობებში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად მყიდველი არ კარგავს უფლებას წინამდებარე დანართის ძალაში შესვლამდე წარმოქმნილ მოთხოვნებზე (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად პირგასამტეხლოს, ზიანის/ზარალის მოთხოვნაზე) (ტ.I, ს.ფ. 32).

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების N.-.../..-. დამატებითი პირობებით ერთმნიშვნელოვნად იქნა გაცხადებული, რომ გამყიდველმა (შპს „ს-ი“) ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულის შესრულება, კერძოდ, დაარღვია ფეიბოქსების მიწოდების ვადები (ვერ იქნა მიწოდებული შეთანხმებული ოდენობის აპარატები განსაზღვრულ ვადებში), რის შემდგომაც მხარეები შეთანხმდნენ უკვე კორექტირებული რაოდენობის ფეიბოქსების მიწოდებასა და აღნიშნულის ვადებზე.

ამასთან, მხარეებმა ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით ცალსახად დააფიქსირეს, რომ წინამდებარე დანართის შესაბამისად მიწოდების/მიღების ვადებსა და პირობებში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად მყიდველი არ კარგავდა უფლებას წინამდებარე დანართის ძალაში შესვლამდე წარმოქმნილ მოთხოვნებზე (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად პირგასამტეხლოს, ზიანის/ზარალის მოთხოვნაზე).

პალატამ მიიჩნია, რომ 2012 წლის 18 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობებით N.-.../..-. მხარეებმა ორმხრივად დაადასტურეს გარანტიით უზრუნველყოფილი ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რაც თავისთავად საკმარისი საფუძველი იყო გარანტიის ამოქმედებისათვის.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბენეფიციარმა საერთოდ უარი არ თქვა ხელშეკრულებაზე და მცირე რაოდენობის ფეიბოქსების მიწოდებაზე განსაზღვრა ახალი ვადები, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული არ ცვლის უკვე დარღვეული ვალდებულებების სამართლებრივ შედეგებს.

პალატამ ასევე განმარტა, რომ ნასყიდობის დამატებითი ვადების განსაზღვრასთან ერთად გაგრძელდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაც. ის გარემოება, რომ დამატებით შეთანხმებული ვადების ნაწილიც დაირღვა შპს „ს-ის“ მიერ, სადავოდ არ გაუხდია არც თავად მოსარჩელე მხარეს.

უფრო მეტიც, სარჩელის საფუძვლად შპს „ს-ი“ მიუთითებდა იმ ფაქტს, რომ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. სწორედ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით მოითხოვდა მოსარჩელე შპს „დ. დ. ჯ-ასაგან“ უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის თანხის - 200 000 ლარის უკან დაბრუნებას.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიწოდების ვადის გადაცილება შეეხება არამარტო 2012 წლის 16 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 800 ერთეული ფეიბოქსის მიწოდების ვადებს, რის თაობაზეც ცალსახად მიეთითა კიდეც 2012 წლის 18 სექტემბერს გაფორმებულ დამატებით პირობებში, არამედ თავად 2012 წლის 18 სექტემბრის დამატებით პირობებში მოცემულ კორექტირებული რაოდენობის ფეიბოქსების მიწოდების ვადებსაც. კერძოდ, სარჩელში აღნიშნულია, რომ საბოლოოდ შეთანხმებული 170 ფეიბოქსიდან ნაწილი მიწოდებული იქნა ვადაში, ხოლო ნაწილის დაგვიანება გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ტვირთის დაკავებით (ტ. I, ს.ფ. 3, 6, 7).

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის საგნის მიღება-ჩაბარების აქტებით პალატამ დაადგინა, რომ შპს „დ. დ. ჯ-ას მიერ“ 24.07.2012წ. მიღებულია 18 ცალი ფეიბოქსი, 28.09.2012წ.- ერთი ფეიბოქსი, 05.10.2012წ.- ათი ფეიბოქსი, 08.10.2012წ. - ერთი ფეიბოქსი, 09.10.2012წ. – ხუთი ფეიბოქსი, 10.10.2012წ. - ოთხი ფეიბოქსი, 11.10.2012წ. - ოთხი ფეიბოქსი, 12.10.2012წ. - ოთხი ფეიბოქსი, 13.10.2012წ. - ოთხი ფეიბოქსი, 23.10.2012წ. - ექვსი ფეიბოქსი, 24.10.2012წ. – ოთხი ფეიბოქსი, 26.10.2012წ. - შვიდი ფეიბოქსი, 27.10.2012წ. - ერთი ფეიბოქსი, 06.11.2012წ. - ხუთი ფეიბოქსი, 07.12.2012წ. – 16 ცალი ფეიბოქსი (ტ. I, ს.ფ. 53-69).

იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 18 სექტემბრის შეთანხებით, რომლითაც საბოლოოდ განისაზღვრა ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადა, გამყიდველი ვალდებული იყო 70 ფეიბოქსი მყიდველისათვის მიეწოდებინა არაუგვიანეს 2012 წლის 26 სექტემბრის 18 საათისა, ხოლო 90 ფეიბოქსი - არაუგვიანეს 2012 წლის 15 ოქტომბრის 18 საათისა (ტ. I, ს.ფ.32), სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფეიბოქსების გარკვეული ნაწილის შეთანხმებული ვადის გასვლის შემდგომ მიწოდების ფაქტი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად შპს „ს-ი“ მიუთითებდა იმ ფაქტს, რომ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. სწორედ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით მოითხოვდა მოსარჩელე შპს „დ. დ. ჯ-ასაგან“ უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის თანხის - 200 000 ლარის უკან დაბრუნებას (იხ.: სარჩელი, ტ. I, ს.ფ. 1-18).

თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაადგინა და აპელანტს სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული არ აქვს, რომ მყიდველისათვის ნასყიდობის საგნის შეთანხმებულ ვადაში მიუწოდებლობა გამოწვეული არ იყო ფორს-მაჟორული გარემოებით.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ფორს-მაჟორული ვითარება გაუთვალისწინებელ მოვლენას გულისხმობს, რომელიც ვითარდება ხელშეკრულების მონაწილეთა ნებისაგან დამოუკიდებლად. ამიტომ, ასეთ ვითარებაში მოვალე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. დაუძლეველ ძალას მიეკუთვნება ყველა ის მოვლენა, როდესაც ვალდებულების შესრულება სცილდება ზოგადად ადამიანის შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, იმისათვის რომ ვალდებულების შესრულების ხელშემშლელი გარემოება მიჩნეული იქნეს დაუძლეველ ძალად, იგი საგანგებო და გარდაუვალ ხასიათს უნდა ატარებდეს. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ფორსმაჟორულ გარემოებას, ვინაიდან მოსარჩელეს შეეძლო განეხორციელებინა სხვა შეკვეთა და არ დალოდებოდა უკრაინის საბაჟოზე გაჩერებულ ტვირთის გადმოტანისათვის დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანასა და უკრაინის სასამართლოში დავის დასრულებას.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო უზრუნველყოფილი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რაც ქმნიდა საფუძველს ბენეფიციარს მოთხოვნა წარედგინა გარანტისათვის.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2013 წლის 13 მაისს, ანუ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში შპს „დ. დ. ჯ-ამ” (ბენეფიციარმა) მიმართა სს „პ-ს” (გარანტს) და მოითხოვა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის, 200 000 ლარის გადახდა. შპს „დ. დ. ჯ-ამ“ მიუთითა, რომ გარანტისაგან თანხის გადახდის მოთხოვნას საფუძვლად დაედო შპს „ს-ის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა მისაწოდებელი საქონლის დაგვიანებაში (ტ. I, ს.ფ. 44).

სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ სს „პ-მა” შპს „დ. დ. ჯ-ას” 2013 წლის 24 მაისს გადაურიცხა 200 000 ლარი, საიდანაც 40 000 ლარი იყო შპს „ს-ის” მიერ ანგარიშზე წინასწარ შეტანილი ავანსი, ხოლო 160 000 ლარი თავად ბანკის მიერ გადახდილი თანხა (ტ. I, ს.ფ.47). მოსარჩელე კი მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ 200 000 ლარი მის მიერ გარანტისაგან მიღებული იქნა უსაფუძვლოდ.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამავე კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

აღნიშნული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ კონდიქციური სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა დადგინდეს: არსებობდა თუ არა შესრულების მიღების საფუძველი.

სამოქალაქო კოდექსის 477-ე და 879-ე მუხლებზე დაყრდნობით პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, #.../.. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (და მასში შეტანილი ცვლილებებიდან და დამატებებიდან) წარმოშობილი გამყიდველის ვალდებულებები უზრუნველყოფილი იყო 2012 წლის 26 მარტის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით (და მასში შეტანილი ცვლილებებით და დამატებებით).

ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ რადგან დადგენილია პრინციპალის (გამყიდველის მხრიდან) ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, დგინდებოდა, რომ ბენეფიციარის მიერ გარანტისაგან გარანტიის ვადაში მოთხოვნილი 200 000 ლარი გარანტის მიერ გადახდილი იყო შესაბამისი საფუძვლით. ამდენად, არ არსებობდა კონდიქციური მოთხოვნის დაკმაყოფილების წინამძღვრები.

პალატამ დამატებით მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლზე (რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე) და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი.

შესაბამისად, თუ არსებობს დადგენილი ოდენობით თანხაზე შეთანხმებული საბანკო გარანტია და შეთანხმება მის გადახდაზე პრინციპალის მიერ ნებისმიერი ვალდებულების დარღვევისას, ასევე სახეზეა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა, გარანტს არ ევალება და არ აქვს უფლება შეაფასოს დარღვევის სიმძიმე და თავად განსაზღვროს დარღვევის თანაზომიერი თანხის ოდენობა ბენეფიციარისათვის გადასახდელად.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე გარანტმა მართებულად გასცა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა 200 000 ლარის ოდენობით და არ არსებობს ამჟამად ბენეფიციარისაგან ამ თანხის უკან მოთხოვნის საფუძველი. რადგან არ არსებობს ამ ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილების წინამძღვრები, საფუძველს მოკლებულია ასევე სარჩელი 160 000 ლარზე დარიცხული წლიური პროცენტის დაკისრების ნაწილშიც.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს „ს-მა“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი. კერძოდ, მოცემული დავა გამომდინარეობს პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობიდან, რომელიც ეხება ბენეფიციარის მიერ გარანტორისაგან საგარანტიო თანხის გამოთხოვას. დავის გადაწყვეტის საფუძვლად სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 879-ე და 881-ე მუხლებზე და ასკვნის, რომ არსებობდა, როგორც გარანტიის გამოთხოვის წინაპირობა (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა), ასევე მისი გამოთხოვის მართებულობაც.

სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ არსებობდა საბანკო გარანტიის გამოთხოვის საკმარისი საფუძველი. სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 18 სექტემბრის შეთანხმებით მხარეებმა ორმხრივად დაადასტურეს გარანტიით უზრუნველყოფილი ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რაც თავისთავად საკმარისი საფუძველი იყო გარანტიის მოქმედებისათვის. კასატორის აზრით, სასამართლოს მოცემული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში სადავოდ გამხდარი გარემოებებიდან. კერძოდ, სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის 2012 წლის 18 სექტემბერს დადებულ შეთანხმებაზე და დადგენილად მიიჩნევს შპს ,,ს-ის’’ მხრიდან ვალდებულების დარღვევას. მეტიც, მითითებას აკეთებს შეთანხმების 2.5. პუნქტზე, რომლის თანახმად, ,,ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე დანართის შესაბამისად მიწოდების/მიღების ვადებსა და პირობებში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, მყიდველი არ კარგავს უფლებას წინამდებარე დანართის ძალაში შესვლამდე წარმოქმნილ მოთხოვნებზე (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად პირგასამტეხლოს, ზიანის/ზარალის მოთხოვნაზე)“.

სასამართლომ სწორედ ამ ჩანაწერზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ბენეფიციარი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა გარანტიით გათვალისწინებული თანხა, მაგრამ არ გამოურკვევია, რაში გამოიხატებოდა შპს ,,ს-ის’’ მხრიდან ვალდებულების დარღვევა ან რა ოდენობით განისაზღვრებოდა იგი. შპს „ს-ი“ სწორედ იმ გარემოებას ხდიდა სადავოდ, რომ გარანტიის სახით გამოთხოვილი თანხა 200 000 ლარის ოდენობით არ არის შესაბამისობაში დარღვეულ ვალდებულებასთან, ხოლო თავის მხრივ, ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის მიწოდების ვადის გადაცილება არ იყო გამოწვეული გამყიდველის ბრალით. მეტიც, ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადების შეცვლას, ყოველ ჯერზე საფუძვლად ედო შპს ,,დ. დ. ჯ-ას’’ მიერ ახალი ტექნიკური პირობების წაყენება ანდა უკვე არსებული პირობების შეცვლა, რასაც ნასყიდობის ფასის კორექტირებაც მოჰყვა შედეგად. ამდენად, ვადაგადაცილებაზე საუბრისას, სასამართლოს მოპასუხის მოქმედებებიც უნდა შეეფასებინა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება შპს ,,ს-ის’’ მიერ ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილებასთან დაკავშირებით.

2012 წლის 12 ივლისს შპს ,,დ. დ. ჯ-ამ’’ და შპს ,,ს-მა’’ ხელი მოაწერეს ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებით პირობებს № .-.../... მასში მოცემულია დეტალური აღწერა, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ნასყიდობის საგნის ესა თუ ის დეტალი. ამასთან, შეთანხმდა ახალი ვადები, კერძოდ, 800 ცალი ფეიბოქსიდან 180 ცალი მყიდველს უნდა გადასცემოდა 2012 წლის 15 აგვისტომდე, 200 ცალი - 15 სექტემბრამდე, 210 ცალი - 15 ოქტომბრამდე, ხოლო დარჩენილი 210 ცალი - 31 ოქტომბრამდე.

2012 წლის 18 სექტემბერს მხარეებმა კიდევ ერთხელ შეიტანეს ცვლილება ნასყიდობის ხელშეკრულებაში. ვინაიდან 20 ფეიბოქსი მყიდველს უკვე მიღებული ჰქონდა, განისაზღვრა, რომ შემდეგი 70 ფეიბოქსი გამყიდველს მისთვის უნდა მიეწოდებინა 2012 წლის 26 სექტემბრამდე, ხოლო 90 ფეიბოქსი - არაუგვიანეს 2012 წლის 15 ოქტომბრისა (2.1. პუნქტი). რაც შეეხება დარჩენილ ოდენობას, მყიდველს უნდა გადასცემოდა მისი წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (სრულად ან ნაწილობრივ/ეტაპობრივად წერილობით მოთხოვნაში მითითებული ოდენობების გათვალისწინებით ) (2.2. პუნქტი). 2.3. პუნქტის თანახმად კი, ფეიბოქსების იმ ნაწილზე, რომელზეც მყიდველი არ წარუდგენდა გამყიდველს წერილობით მოთხოვნას წინამდებარე დანართის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში, მყიდველი კარგავდა მოთხოვნის უფლებას.

ამდენად, შპს ,,ს-ის’’ მიერ საბოლოოდ შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 170 ფეიბოქსით, საიდანაც ნაწილის მიწოდება მიმდინარეობდა მყიდველის დირექტივების გათვალისწინებით. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მისი ვადაგადაცილებით მიწოდება განაპირობა გამყიდველის ნებისაგან დამოუკიდებლად განვითარებულმა მოვლენებმა. შესაბამისად, მცდარია სასამართლოს დასკვნა იმის შესხაებ, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ნასყიდობის საგნის ვადაგადაცილებით მიწოდების საკითხი. დავის მიმდინარეობის ყველა სტადიაზე შპს ,,ს-ი’’ სადავოდ ხდიდა მყიდველის მხრიდან საბანკო გარანტიის გამოთხოვის საფუძვლიანობას სწორედ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ვადის გადაცილებით ვალდებულების შესრულებაში მას ბრალი არ მიუძღვოდა, რაც პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლად უნდა მიჩნეულიყო.

კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას ფორსმაჟორთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზე იყო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის ობიექტური გარემოება, როცა მხარე (შპს ,,ს-ი’’) მისგან დამოუკიდებელი მოვლენების გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას უზრუნველეყო დადგენილი წესით ვალდებულების შესრულება.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილად ის გარემოება, რომ საბაჟო წესების დარღვევის შედეგად მოხდა ტვირთის გაჩერება უკრაინის საზღვარზე. საქმეში წარმოდგენილი უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საბაჟო წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, ტვირთის გაჩერება განაპირობა შესაბამისი მოხელის არაკვალიფიციურმა და არაკეთილსინდისიერმა მოქმედებამ, რაც სხვა გარემოებებთან ერთად გამორიცხავდა შპს ,,ს-ის’’ ბრალეულობას ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადის დარღვევაში.

საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, რომ სახეზეა უზრუნველყოფილი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც ქმნიდა საფუძველს ბენეფიციარს მოთხოვნა წარედგინა გარანტისათვის. აღნიშნული მსჯელობა არ ემყარება ობიექტურად გამოკვლეულ გარემოებებს. კერძოდ, სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ შპს ,,დ. დ. ჯ-ას’’ დაუყოვნებლივ ეცნობა მისაწოდებელი ტვირთის საბაჟოზე დაკავების შესახებ. თუმცა, მოწინააღმდეგეს ეს ფაქტი არ ჩაუთვლია ვალდებულების დარღვვად და არც საბანკო გარანტიის გამოთხოვის საკითხი დამდგარა დღის წესრიგში. მეტიც, მას არც ალტერნატიული შესრულება მოუთხოვია კონტრაჰენტისაგან. მხოლოდ შპს „ს-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდგომ მოითხოვა შპს ,,დ. დ. ჯ-ამ’’ საბანკო გარანტიის გამოთხოვა. ამასთან, შპს ,,ს-ის’’ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ დღემდე ვერ დაასაბუთეს გამყიდველის მიერ დარღვეული ვალდებულების მოცულობა და მისი შესაბამისობა გამოთხოვილ საბანკო გარანტიასთან. ეს გარემოება არც სასამართლოს მიერ იქნა გამოკვლეული.

კასატორის აზრით, მოცემული დავის საკვანძო საკითხია - აქვს თუ არა პრინციპალს რეგრესის უფლება ბენეფიციარის მიმართ, თუკი ბენეფიციარმა ბოროტად ისარგებლა თავისი უფლებით და გამოითხოვა საბანკო გარანტია ამისათვის წანამძღვრების არარასებობის პირობებში, ანუ პრინციპალის მხრიდან ვალდებულების დარღვევისა და მისი ოდენობის განმსაზღვრელი მტკიცებულების არ არსებობის პირობებში. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით არ უმსჯელია. შესაბამისად, მასში ასახული დასკვნები არ ასახავს მხარეთა შორის არსებული დავის შინაარსს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-562-871-09).

2009 წლის 20 ოქტომბრის №ას-562-871-09 განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი:

სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით _ არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება _ ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის ეს დანაწესი უზრუნველყოფს საბანკო გარანტიის საიმედოობას და იმავდროულად, კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით, მაგრამ მხოლოდ საბანკო გარანტიით გარანტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში. ამასთან, კრედიტორის (ბენეფიციარის) მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად წარდგენილი პირობებით საბანკო გარანტიის არჩევა, ნიშნავს მის თანხმობას ამ პირობებზე, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს არსებულ პრაქტიკას და ზემოთ მოცემულ განმარტებებს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის 70% –5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ს-ს“ დაუბრუნდეს მის (საიდენტიფიკაციო კოდი: .....) მიერ 2014 წლის 13 აგვისტოს №150 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% –5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე